მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა დიდმოწამე ეკატერინე (+305-313)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2017 4 კომენტარი | 33,091 ნახვა

ახალი სტილით 7 დეკემბერი წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს (+305-313) ხსენების დღეა

სავედრებელი ლოცვა წმიდა ეკატერინეს მიმართ

ჰოი, წმიდაო ეკატერინე, ქალწულო და მოწამეო, ჭეშმარიტო სძალო ქრისტესო! გვედრით შენ, მრჩობლისა მადლისა მეოხებითა, მითვე წინასწარ აღგჭურვა რა სიძემან შენმან, უტკბილესმა იესუმ, ვითარცა მტანჯველის საცთურთა შემარცხვენელმან, სიბრძნითა შენითა ორმეოცდაათი რიტორის მძლეველმა და ზეციური მოძღვრებით მათმა დამრწყულებელმა, ჭეშმარიტი სარწმუნოების ნათლისაკენ წარმართე სვლაი მათი, ეგრეცე ჩვენთვის გამოითხოვე ღმრთაებრივი სიბრძნეი ესე, რაითა ჯოჯოხეთის მტანჯველისა ხრიკთა დამარღვეველნი, სოფლიურ და ხორციელ საცდურთა მომძულებელნი, ღირს ვიქმნეთ ღმრთაებრივი დიდებისა და ჩვენი წმიდა, მართლმადიდებელი სარწმუნოების გასავრცელებლად, მის ღირსეულ ჭურჭლად ქცეულნი, ზეციურ კარავსა შინა, შენთანა ვაქებდეთ და ვადიდებდეთ უფალსა და მეუფესა ჩვენსა, იესუ ქრისტეს, უკუნითი უკუნისამე, ამინ!

წმიდა ეკატერინე ახალი სტილით 7 დეკემბერი წმიდა დიდმოწამე ეკატერინეს (+305-313), წმიდა მოწამე ავგუსტას, წმიდა მოწამე პორფირი სტრატილატისა და 200 მხედარნის (+305-313) ხსნების დღეა. ისინი ქრისტიანობის აღიარებისა და მისი ერთგულებისათვის მოწამეობრივად აღესრულნენ.

გონიერებით შემკულ ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასულ დიდმოწამე ეკატერინეს ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა.

რჩევა-დარიგების მისაღებად ეკატერინე დედამ, ფარულმა ქრისტიანმა ასული სულიერ მამასთან, ქალაქის მახლობლად, განკრძალულ გამოქვაბულში მოღვაწე წმიდა მოძღვართან მიიყვანა, რომელმაც დაარიგა წმიდანი, უთხრა, რომ ის იცნობდა მასზე აღმატებულ ჭაბუკს და გამომშვიდობებისას ხატი გადასცა, რომლზეც ყოვლადწმიდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში გახლდათ გამოსახული.

მხურვალედ ლოცვისა და წრფელი გულით აღვლენილი წმიდანის ვედრება შესმენილ იქნა – მის წინ საღვთო ჩვენებით ყოვლადწმიდა ქალწული წარდგა, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს სთხოვდა, შეეხედა მათ წინ მუხლმოყრილი ქალწულისთვის, მაგრამ ყრმამ პირი აარიდა ასულს. დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა და ნათლობის წესი აღასრულა. მაშინ წმიდა ეკატერინეს სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმიდა ქალწულს. როცა ეკატერინეს გამოეღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი – ოქროს ბეჭედი უბრწყინავდა.

მალევე მას შემდეგ, რაც ქრისტიანობაზე მოექცა ეკატერინე, ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე ამ დროს იმპერატორი მაქსიმინე (305-313) ჩავიდა. მსხვერპლად ადამიანებსაც სწირავდნენ, დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს. ქრისტეს მოწამეებისადმი წმიდა სიყვარულითა და მათთვის ხვედრის შემსუბუქების სურვილით აღძრულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უღმრთო იმპერატორ მაქსიმინეს მიმართა. ნეტარმა ვინაობა განაცხადა, დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა: “მე ვარ სამეფო ასული, – უპასუხა წმინდანმა – სახელად მქვია ეკატერინე. უწინ მე დიდი სიყვარულით ვმეცადინეობდი სხვადასხვა მეცნიერებაში: შევისწავლე რიტორთა თხზულებები, ფილოსოფია, გეომეტრია, ახლა ამ ყველაფერს არაფრად ვაგდებ, როგორც ამაოსა და უსარგებლო საქმეს, გავხდი სძალი უფალ ქრისტესი, რომელმაც თავის წინასწარმეტყველ ესაიას პირით თქვა: „წარვწყმიდო სიბრძნე ბრძენთა და გულისხმის-ყოფა გულისხმიერთა დავფარო“ (ეს. 29,14).”

ქალწულის სილამაზემ მეფე მოხიბლა. იმპერატორმა იმპერიის ორმოცდაათ ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა, მაგრამ ეკატერინემ სიტყვიერ პაექრობაში დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. ნეტარმა ქალწულმა ჯვარი გადასახა აღმსარებლებს, რის შემდეგაც მათ ახოვნად იდეს თავს სიკვდილი ქრისტესთვის – იმპერატორის ბრძანებით მარტვილები ცეცხლში გამოწვეს. იმპერატორმა საწამებლად შეაგდო ნეტარი, შემდეგ კი საპყრობილეში გამოამწყვდია. დედოფალმა ავგუსტამ, რომელსაც ბევრი სმენოდა წმიდა ეკატერინეს შესახებ, მისი ხილვა მოიწადინა.წმიდა ეკატერინემ მოსულებს ქრისტიანული სწავლება განუმარტა და მათაც ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი.

მეორე დღეს მარტვილი სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამებით დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა და ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვა, თუმცა უშედეგოდ. წმიდანი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ იხილეს, დედოფალმა ავგუსტამ და მხედართუფროსმა პორფირიმ ორას მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. ბოლოს კი დადგა მისი ჯერიც. იმპერატორი მაქსიმინე ისევ შეეცადა ქალწულის ცთუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ ქრისტეს ერთგული რჩებოდა. მეფემ ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქალწულისთვის. აღსასრულის წინ წმიდა ეკატერინემ შემდეგი ლოცვა წარმოთქვა:

უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო! მადლობელი ვარ შენი, რომ მოთმინების ლოდზე დასდევ ფერხნი ჩემნი და წარმართე სვლანი ჩემნი. აწ გამომიწოდე უწმიდესი ხელნი შენნი ოდესღაც ჯვარზე მიმსჭვალული და მიიღე ჩემი სული, მსხვერპლად მოძღვნილი შენი სიყვარულისთვის. გაიხსენე, უფალო, რომ მე ხორცი და სისხლი ვარ და არ დაუშვა, რომ სასტიკმა განმკითხველებმა საშინელ სამსჯავროზე უმეცრებაში ჩადენილი ჩემი ცოდვები წარმოაჩინონ. არამედ განბანე ისინი სისხლით, რომელსაც დავსთხევ შენთვის და ქმენ, რომ ეს სხეული, შენი გულისთვის ტანჯვისგან ნაიარევი და მახვილით განკვეთილი, იყოს უხილავი ჩემი მტრებისა და მდევნელებისაგან. მოხედე, უფალო, შენი სიმაღლიდან დამსწრე ადამიანებს და გაუნათე გონება შენივე შეცნობისათვის, მიუტევე მათ, რომლებიც ჩემი მეოხებით მოუხმობენ შენ წმიდა სახელს და აღავსე სიკეთით, რათა ყველანი უგალობდნენ შენს დიდებას უკუნითი უკუნისამდე.

ლოცვის დამთავრებისას წმიდანმა ჯალათს მიმართა, აღესრულებინა განაჩენი. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმიდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. VI საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკვლიეს უფლის სათნომყოფლის პატიოსან თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.