მთავარი » ქრისტიანობა

წმიდა ცოტნე დადიანი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 12.08.2018 20 კომენტარი | 38,166 ნახვა

წმიდანის ხსნების დღე 12 აგვისტოა.

ცოტნე დადიანის რწმენა, სიყვარული და თავდადება თითოეული ქართველისთვის გმირობისა და ერთგულების მაგალითია. ქვეყნისთვის თავდადებული მამულიშვილი XIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ცოტნე დადიანითამარის მმართველობის ოქროს ხანის შემდგომ, ქვეყანას უმძიმესი ჟამი დაუდგა. ის მონღოლთა ბატონობის უღელქვეშ იტანჯებოდა. მონღოლებმა აღწერეს 11-დან 60 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცი. ყოველგვარი პირუტყვი, ყანა, ბაღი, ბოსტანი, ვენახი და ყველაფერზე ცალ-ცალკე დიდი გადასახადი დააწესეს. ყაენმა ფულადი სახით 50 ათასი ოქროს გადახდაც მოითხოვა. დაწესდა სამხედრო ბეგარაც, რაც ყოველწლიურად მრავალი ათასი ქართველი ჭაბუკის მონღოლთა ომებში მონაწილეობას ითვალისწინებდა.

მონღოლტა ბატონობა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ქართველობა მაინც არ გატყდა. ქვეყნის ერისთავები კოხტასთავზე შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდნენ მტერს. დათქვეს დრო, როცა თავიანთი ჯარებით ჯავახეთში შეგროვდებოდნენ და მტერს ეკვეთებოდნენ. კოხტასთავიდან ყველაზე ადრე ცოტნე დადიანი და კახაბერ კახაბერის ძე გამოემგზავრნენ, რათა დასავლეთ საქართველოში დროულად შეეკრიბათ ლაშქარი და ჯავახეთში გადაეყვანათ. შეთქმულები მოღალატემ გასცა… თათრები ქართველ დიდებულებს თავს დაესხნენ, შეიპყრეს და სომეხთა ქალაქ ანისში წაიყვანეს.

შეკრების მიზეზად ქართველები მონღოლთათვის ხარკის აკრეფას ასახელებდნენ. მონღოლებმა კი მათ არ დაუჯერეს: მთავრები გააშიშვლეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მშიერ-მწყურვალნი, პაპანაქება სიცხეში დატოვეს. ასეთი დამამცირებელი სასჯელით ცდილობდა მტერი შეთქმულების მხილებას.

ცოტნე დადიანი დათქმულ დროს თავისი ლაშქრით გამოცხადდა და როდესაც შეიტყო თავზარდამცემი ამბავი, “მწუხარე იქმნა უზომოდ,” ჯარი უკან გააბრუნა, თავად კი იქ გაემგზავრა, სადაც დატყვევებული წარჩინებულები ჰყავდა მტერს. ანისში, სასიკვდილოდ განწირული თანამოძმეების ხილვისას, ცოტნე ცხენიდან ჩამოხტა, სამოსელი გაიხადა და გვერდით მიუჯდა მათ. გაკვირვებულმა მონღოლებმა ცოტნეს მოსვლის მიზეზი ჰკითხეს. “ჩვენ ყოველნი ამად შევიკრიბენით, რათა განვაგდოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანებაი თქუენი აღვასრულოთ – ეს იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგვრაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს, მეცა მათ თანა მოვკუდე, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო”, – უპასუხა ცოტნემ. მისმა საქციელმა მონღოლებიც კი შეძრა და გააოცა. “ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ და შენდა მინდობილ ვართ”, – უთხრეს მათ ცოტნეს და ყველანი გაათავისუფლეს.

საყურადღებოა, რომ ცოტნე დადიანი თავისი ფეხით ეახლა დაუნდობელ მტერს, ალბათ, მას რწმენაც ჰქონდა, რომ მოხდებოდა ის, რაც მოხდა და თავისი გაბედულებით იხსნიდა თანამოძმეებს. ამგვარი რწმენაც ხომ ღვთისგან რჩეულ ადამიანებს ეძლევათ.

1259 წლის მონღოლების წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში ცოტნე დადიანის სახელი აღარ ჩანს. ვარაუდობენ, რომ ამ დროისათვის იგი უკვე გარდაცვლილი იყო.

ცოტნე დადიანს ქართველი ერი ყოველთვის წმიდანის ტოლფას პატივს მიაგებდა. მისი გმირობა ყოველთვის იყო მაგალითი -სარწმუნოების სიყვარულისა. 1999 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს ეკლესიის სინოდმა ცოტნე დადიანი წმიდანად შერაცხა.

ცოტნე დადიანი მშობლებთან ერთად ხობის ეკლესიის უძველეს ფრესკაზეა გამოსახული.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

20 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი