მთავარი » დღესასწაულები

წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედოფალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.09.2011 5 კომენტარი | 14,476 ნახვა

2 სექტემბერს დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმიდა ნაწილთა სპარსეთიდან გადმოსვენება აღინიშნება.

წმ. ქეთევან დედოფალიწმიდა ქეთევანი აშოთან მუხრანბატონის ასული დაახ. 1570 წელს დაიბადა. მორწმუნე ქეთევანი კახეთის მეფის, ალექსანდრეს უფროს ვაჟზე, დავითზე დააქორწინეს. მეფე ალექსანდრეს კიდევ ორი ვაჟიშვილი ჰყავდა – გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე ბავშვობიდანვე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა და რჯულიც გამოცვლილი ჰქონდა.

ალექსანდრე მეფე მონაზვნად აღიკვეცა ალავერდის ტაძარში. ტახტზე დავითი ავიდა, მაგრამ ოთხ თვეში, 1602 წელს კახეთის ახალგაზრდა მბრძანებელი მოულოდნელად გარდაიცვალა. დაქვრივებულ ქეთევანს დარჩა ქალ-ვაჟი – თეიმურაზი და ელენე. ალექსანდრე კვლავ სამეფოს დაუბრუნდა. ქვეყნის არეულობისა და სხვადასხვა საშიშროების გამო ქეთევანმა თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.

შაჰ-აბასმა როგორც კი დავითის სიკვდილი და ალექსანდრეს დაბრუნება შეიტყო, თავის კარზე აღზრდილ გამაჰმადიანებულ კონსტანტინე-მირზას უბრძანა, წასულიყო კახეთში, მოეკლა მოხუცებული მამა, ღვიძლი ძმა გიორგი და თვითონ ასულიყო კახეთის სამეფო ტახტზე.

გამხეცებულმა კონსტანტინე-მირზამ შეასრულა ბრძანება, შემდეგ მამისა და ძმის მოკვეთილი თავები, ვითარცა ძვირფასი ძღვენი, “მამობილს” გაუგზავნა, მათი გვამები კი აქლემს აჰკიდა და ალავერდს გააგზავნა დასამარხად. ქეთევანმა პატივით დაკრძალა მამამთილისა და მაზლის ცხედრები.

სისხლში გასვრილმა კონსტანტინემ ქეთევანს ცოლობა სთხოვა: “შეგირთავ ცოლად და შენც მორჩილ მექმენ, რამეთუ ესრეთ არს წესი და ჩვეულება სჯულად მაჰმადისაო”.

ქეთევანმა კახეთის დიდებულები იხმო, ყოველივე აუწყა და უთხრა: თუ სარწმუნოებისა და ქვეყნის ღირსებას ვერ დავიცავთ, ქართლში დავბრუნდებიო. დიდებულებმა ერთგულება შეჰფიცეს დედოფალს, შეიკრიბნენ, მიუვარდნენ სჯულისა და ტრადიციების შემგინებელს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა ურწმუნო კონსტანტინეს გვამი გვარისათვის შესაფერისი პატივით დაკრძალა, შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, მეფედ თეიმურაზი დაემტკიცებინა. მანამდე კი, დროებით, თვითონ იტვირთა სამეფოზე ზრუნვა.

შაჰ-აბასი შეშინდა: კახეთი განმიდგება, ქართლს შეუერთდება და საბოლოოდ დავკარგავო და 1606 წელს მეფედ დაამტკიცა თეიმურაზი და დიდი პატივით დააბრუნა საქართველოში.

გაიხარა წმიდა დედოფალმა შვილის ხილვით, მთელმა სამეფომ კი – ქრისტიანი უფლისწულის დაბრუნებით. მეფე იკურთხა და ქვეყანაში დროებით სიმშვიდემ დაისადგურა. ახალგაზრდა ხელმწიფემ გურიელის ასული ანა შეირთო. მეფე-დედოფალს ორი ვაჟი და ერთი ასული – ლევანი, ალექსანდრე და თინათინი შეეძინათ. მალე ანა დედოფალი გარდაიცვალა. შაჰის იძულებით თეიმურაზმა ლუარსაბ II-ის და, ხორეშანი შეირთო, შაჰმა კი ხორეშანის და – ელენე მოიყვანა ცოლად. ასე ცბიერებით “დაუმოყვრდა” იგი ქართლ-კახეთის სამეფოს, ნამდვილად დამოყვრებულ ქართლსა და კახეთს შორის კი მუდმივად თესავდა განხეთქილების ღვარძლს.

შაჰ-აბასმა 1614 წელს ელჩი გამოუგზავნა თეიმურაზს და ერთგულების ნიშნად შვილი სთხოვა მძევლად. იცოდა თეიმურაზმა შაჰის ვერაგობა, მაგრამ დიდებულების იძულებით უმცროსი ვაჟი, ალექსანდრე მაინც გაგზავნა სპარსეთში, თან დედაც – წმიდა ქეთევანიც გააყოლა: “ჰგონებდა პატივისცემასა დედისასა შაჰ-აბასისაგან”. შაჰმა ჯერ უფროსი შვილი, ლევანი ითხოვა, შემდეგ კი თეიმურაზსაც შეუთვალა: რადგან ამისთანა ერთგული კაცი ხარ, შენც მოდი და მნახეო”.

ყველასათვის ნათელი გახდა შაჰის სურვილი: მას სურდა კახეთის სამეფო კარისთვის ერთად მოეყარა თავი და ერთიანად შეემუსრა. დრო აღარ ითმენდა. თეიმურაზი და ლუარსაბი შეითქვნენ და გაერთიანებული ძალებით სძლიეს ჟალეთში დაბანაკებულ მტერს.

შემდგომ დაიწყო ქართლის ცხოვრების უსაშინლესი პერიოდი. კახეთის დასალაშქრად გამზადებულმა შაჰ-აბასმა მძევლები – წმიდა ქეთევანი და მისი შვილიშვილები – შირაზს გაგზავნა, თვითონ კი კახეთს შეესია. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გადაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. უსჯულოებმა ცეცხლს მისცეს კახეთი. სამასი ათასზე მეტი ქართველი სპარსეთში გადაასახლეს, გაუდაბურებულ ქვეყანაში კი ულუსები ჩამოასახლეს.
შირაზს გადასახლებიდან ხუთი წლის შემდეგ შაჰმა ქეთევანს ჩამოაშორა თეიმურაზის ძენი, ისპაჰანს წაიყვანა და დაასაჭურისა. ალექსანდრემ ტანჯვას ვერ გაუძლო და გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა. სამშობლოს ხვედრით შეძრწუნებული წმიდა დედოფალი, რომელმაც შვილიშვილების უბედურება არ იცოდა, შირაზის მმართველის, გათათრებული ქართველის, იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. ნაქართველარი თათარი დიდი პატივით ეპყრობოდა ქეთევანს და ამბობდა, დიდად საპატიო სტუმარი არისო ჩვენი, ის კი არ გახლავთ ტყვე, ჩვენ თვითონა ვართ მისი ტყვეებიო. მისი ბრძანებით წმიდა დედოფალს არ უმხელდნენ, თუ რა საშინელი ბედი ეწიათ ბატონიშვილებს – ლევანსა და ალექსანდრეს.

ათი წელი იტანჯებოდა დედოფალი “საპატიო” ტყვეობაში. მარხვით, ლოცვით, ქვაზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. მაინც მხნედ იყო, უვლიდა, ზრუნავდა და ზედ დაჰფოფინებდა თავის სამწყსოს – მის გამგებლობაში მყოფ ოციოდე ქართველს.
ხედავდა გულმრისხანე შაჰი, რომ “უდრეკ იყო დედოფალი”, ისევ წმიდა სამებას სასოებდა კახეთის მანათობელი ვარსკვლავი, ჯვარცმულ მაცხოვარს ავედრებდა თავის ჯვარცმულ ქვეყანას და ემზადებოდა დიდი მისიისათვის.

უსჯულო აბასმა გადაწყვიტა, რჯული გამოეცვლევინებინა ქეთევანისათვის. მისი უზნეობა და თავხედობა იქამდეც მივიდა, რომ ცოლობა სთხოვა ზნესრულ დედოფალს და ეს მოხდა სწორედ იმ დღეს, როცა წმიდანმა თავისი შვილიშვილების ბედი შეიტყო.
შაჰმა იმამ-ყული-ხანს შეუთვალა: “ქეთევან დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენ და თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოკალიო”. შეძრწუნდა უნდილაძე, მოციქულის პირით შეუთვალა: “ბერი დედაკაცი არის და ახლა ეს არ გათათრდება, რას აქნევ ამის გათათრებას, თქვენთვის სირცხვილი არისო მისი სიკვდილი”. შაჰ-აბასი გაბრაზდა, ბრძანების სასწრაფოდ აღსრულება უბრძანა შირაზის ხანს. ნაქართველარი შეევედრა დედოფალს, სხვის დასანახად მაინც აღიარე მაჰმადი, გულში კი ქრისტიანად დარჩიო. წმიდა ქეთევანმა შორს დაიჭირა უნდილაძის ნათქვამი და წამებისთვის განემზადა: “მეუფეო ქრისტე, სიტყუაო ღვთისაო, არა შუენოდა მხევლისა შენისად უარის ყოფაჲ შენი, ნუ მიმცემ ეშმაკსა მხევალსა შენსა”.
ხალხით გაჭედილ მოედანზე გაიყვანეს ქართველთა სათაყვანებელი დედოფალი, რომელსაც მგლოვიარე ქართველები მიაცილებდნენ. ჯალათებმა მოამზადეს სპილენძის ქვაბები, დაანთეს ცეცხლი, შეაწყვეს შიგ შანთები გასახურებლად და სადღესასწაულოდ შემოსილი დედოფალი კოცონის წინ დააყენეს. მხოლოდ ერთი რამ ითხოვა წმიდა მოწამემ: „დედის ნაშობნი ხართ თქვენც, ნუ შეურაცხმყოფთ სიშიშვლით”.

უსჯულოებმა ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს ქართველთა წმიდა დედოფალი: გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს თავზე, მარწუხებით დააგლიჯეს მკერდი, გავარვარებული შამფურები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს და ზედაც ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წმიდა სულმა დატოვა ნაგვემი სხეული. გამძვინვარებულმა ჯალათებმა ნადირთა სათრევად დააგდეს წმიდა დედოფლის გვამი, მაგრამ ღმერთმა მოავლინა სასწაული – წმიდანის ნეშტს ნათელი დაადგა.

როგორც კი დასრულდა ქეთევან დედოფლის წამება, უფალმა განადიდა წმიდანის გვამი. ურიცხვი ხალხის თვალწინ, რომელიც შეკრებილი იყო მოედანზე, სამი ბრწყინვალე სვეტი ჩამოეშვა ციდან და წამებულის გვამს დაადგა. იმამ-ყული-ხანის ბრძანებით, წმიდა ქეთევანის გვამი ტომრით ქალაქს გარეთ გაიტანეს და სადღაც, ერთ უწმინდურ ადგილზე წინასწარ ამოთხრილ ღრმა ორმოში დაფლეს.

პორტუგალიელი ავგუსტინელი მისიონერები დიდხანს ეძებდნენ ქეთევან დედოფლის საფლავს, ამბობდნენ, ნეტავ ვინ იქნება ისეთი ბედნიერი, რომელიც მიაგნებს ქეთევან დედოფლის საფლავს, ამოიღებს მას საფლავიდან და ასეთი ძვირფასი საგანძურით გაამდიდრებს თავის მონასტერსო?!

ასეთი ბედნიერება წილად ხვდა მამა ამბროსიო დუშ ანჟუშს. 3 თვისა და 13 დღის შემდეგ მიაგნო რა ქეთევან დედოფლის საფლავს, სპარსეთის ტყვეობაში მყოფ ორ პორტუგალიელთან ერთად დაიწყო ორმოს ამოთხრა, მაგრამ დედოფლის ნეშტი ისე ღრმად იყო ჩამარხული, რომ იმ ღამეს ორმო ბოლომდე ვერ ამოთხარეს. გათენებისას ისინი იძულებული გახდნენ, შეეწყვიტათ თხრა, რომ ვინმეს არ შეენიშნა. ღამით კვლავ განაგრძეს მუშაობა, მიაღწიეს ქეთევან დედოფლის ნეშტამდე და ამოიღეს იგი. აქ მხოლოდ ძვლებიღა იყო შემონახული, ხორცი კი – თითქმის მთლიანად დამწვარი. “ხორცის მთელი ნაწილი შერჩენილი იყო მხოლოდ მარჯვენა მკლავზე და მარცხენა ფეხზე,” – შენიშნავს ამბროსიო დუშ ანჟუში, რომელსაც ეხმარებოდა მეორე პორტუგალიელი მორჩილი ძმა პედრო დუშ სანტოში. მათ გაწმინდეს ძვლები და ერთ ყუთში ჩააწყვეს. ყუთი წაიღეს და დაასვენეს ავგუსტინელ მისიონერთა მონასტერში შირაზში. “უქმნეს ლუსკუმაი და მრავალთა სულნელთა უკმევდნენ”. დედოფლის წმიდა ნაწილები მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს თავისი წმიდა დედის თავი მკლავთან და სხვა ნაწილებთან ერთად, რომლებიც ალავერდის მონასტერში ინახებოდა.

წმ. დიდმოწამე ქეთევანის წმ. ნაწილი დავანებულია სამთავროს წმ. ნინოს წმიდანთა ნაწილებიან ხატში, აგრეთვე ქ. თბილისის სიონსა და ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში დაბრძანებულ წმ. ქეთევანის ხატებში.

მოამზადა ქეთი ჭელიძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • აბელი says:

    ნეტავ ეს ისტორია თუ წაუკითხავთ იეღოველებსა და სხვა გადაჯიშებულ ქართველებს?

  • ნატალია says:

    არ დამეზარება არაერთხელ გითხრათ მადლობა ასეთი მნიშვნელოვანი გვერდის შექმნისთვის.თქვენი ყოველი სტატია ძალიან საჭირო ცნობებს აწვდის მკითხველს,ეს გვერდი ყველა სხვა მსგავსი საიტებისგან იმითაც გამოირჩევა რომ აქ წამოჭრილი საკითხები ახლოსაა ჩვენს პრობლემებთან.უღრმესი მადლობა თქვენ!

  • ნანა says:

    გმერტმა მოგვივლინოს კიდევ მსგავსი წმინდანები,ეგებ რამე ესჰველოს წალსჰი გაწყვეტილ ქვეყანას

  • basti says:

    natalias vetanxmebi

  • მაკო says:

    ქეთევან დედოფლისნაირი წმინდა პიროვნებები გვიმრავლოს გმერთმა…მისი ღვაწლი დაუფსებელია…იგი უდაოდ დედაა საქარტველოსი და მას უცხოელები ასე აფასებენ-“ქეთევან ქართველი , ანუ გაუტეხელი სიმტკიცე…”

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.