მთავარი » ქრისტიანობა

წმ. ნინო – ქართული წირვა-ლოცვის მფარველი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.01.2021 | 216 ნახვა

ჩვენში წმინდა ნინოს შესახებ მრავალი დაწერილა და მომავალშიც დაიწერება. მრავალგზის ყოფილა აღწერილი, შესწავლილი და მხატვრულად შემკული მისი ცხოვრება, ღვაწლი და პიროვნება. მასზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი.

მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდში – ეგზარქოსების მმართველობის დროს, როდესაც ქართულ ეკლესია-მონასტრებში რუსულენოვანი წირვა-ლოცვა და გალობა ინერგებოდა, – როგორ მფარველობდა წმიდა ნინო საქართველოს სამოციქულო ეკლესიას. კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე თავის მოგონებებში წერს: „1905 წლის 14 იანვარს (ნინოობას) სასწავლებლის (იგულისხმება თბილისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელი) ეკლესიაში ქართულ ენაზე წირავდნენ (ერთადერთხელ წელიწადში)“.

აი, რას ვკითხულობთ ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და ლოტბარის – ზაქარია ჩხიკვაძის 1883 წლით დათარიღებულ პირად დღიურში, რომელიც იმჟამად თავად იყო სემინარიის სტუდენტი: „13 იანვარი – დღეს გამოვცხადდი კლასში. შემდეგ სადილი რომ ვჭამეთ, შევკრიბე შეგირდები და ქართულად ვაგალობე და ვასწავლე წირვის რიგი. რახან „რომელი ქრუვიმთა“ არ იცოდნენ, ბევრი ჯაფა დამჭირდა მომზადებაზედ. ახალი მონასტრული „წმიდაო ღმერთო“ დავასწავლე“. მეორე დღეს, ნინოობას იგი წერს: „დღეს დილითაც გავმართე სპევკა და როგორც იყო დავასწავლე რომელი ქერუვიმთა. წირვაზედ კარგად ვიგალობეთ. კინაღამ არ გამიფუჭეს რომელი ქერუვიმთა, მაგრამ მალე გავასწორეთ. წირვის შემდეგ სიონში წაველი და იქაც ქართულად იყო წირვა და უჩილიშჩელები გალობდნენ. კარგათ გალობდნენ და ბევრი ხალხიც იყო…“ (სტილი დაცულია – ნ.ღ.).

დავით მეფსალმუნის დარად ქართველთა გონიერმა გულმა ქნარს დაუკავშირა წმიდა ნინო; ინსტრუმენტს, რომელიც საეკლესიო გალობის სათავეებს ეხმიანება. „სულისა წმიდისა ქნარო ნინო“, რომელიც ქართველთა ლოცვაში ხატოვნად მუსიკალურ ინსტრუმენტადაა გააზრებული, ეგზარქოსობის პერიოდში მფარველად და მცველად ედგა ქართულ ენას, წირვა-ლოცვას, ქართულ გალობას.

ამდენად, 27 იანვარი, ნინოობა, ქართული ენის, წირვა-ლოცვისა და გალობის გადარჩენა-აღორძინების დღედაც შეიძლება გავიაზროთ. წმიდა ნინო კი მათ ერთ-ერთ მეოხად ღვთის წინაშე. „სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.

ნინო ღამბაშიძე
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №4, 2002 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი