მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. ჯვრის გამოჩინების ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.07.2012 ერთი კომენტარი | 4,313 ნახვა

“სამარადისოდ სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძრისთვის შეწირული მამული…”

წმ.ნიკოლოზის ეკლესიათბილისში, დღევანდელი წმ. დავით აღმაშენებლის გამზირის დასაწყისში, მდინარე მტკვართან არსებული კუნძულის მიმდებარე ადგილს სოფელი “კუკია,” ანუ “ახალსოფელი” ეწოდებოდა, სადაც ეგზარხოს ვარლამ ერისთავის კურთხევით, ძველი ნაეკლესიარის ნანგრევებზე მღვდელ პეტრე იმნაძის მიერ 1814-1816 წლებში “წმ.ჯვრის გამოჩინების” ეკლესია აიგო.

მოძღვრის, პეტრე იმნაძის ცნობით, “სოფელი კუკია” საეკლესიო მფლობელობის ქვეშ მყოფი, სამარადისოდ სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძრისთვის შეწირული მამულია, ხოლო “წყლისპირი ეკლესია მცხეთის სობოროსადმი შეწირული გრამოტითა საქართველოს მეფის ალექსანდრესითა.”

პლატონ იოსელიანი ცნობით, 1856 წელს “წმ. ჯვრის გამოჩინების” ტაძრის ნანგრევებზე ახალი, “წმ.ნიკოლოზის” გუმბათიანი ეკლესია აიგო. 1936 წელს წმიდა ნიკოლოზის ტაძრის ადგილზე საცხოვრებელი სახლები ააშენეს.

ვარდიკო არაბული (ხელოვნებათმცოდნე, საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის მთავარი სპეციალისტი):

“2010 წლის იანვრის თვეში საპატრიარქოში შემოვიდა წერილი, რომელიც შეეხებოდა წმ. მეფის დავით აღმაშენებლისა და სოსო წერეთლის ქუჩების გადაკვეთასთან კინოთეატრ “კოლხეთად” გადაკეთებულ ეკლესიასა და მიმდებარე ეზოს კარიბჭით. წერილის ავტორები ითხოვდნენ, შესწავლილიყო ეკლესიის ისტორია, რადგან მოსალოდნელი გახლდათ ეკლესიის ნგრევის ზონაში მოყოლა.

ადგილზე შესწავლით გამოვლინდა, რომ ნამდვილად ძველი დარბაზული ეკლესიაა კინო “კოლხეთად” გადაკეთებული. არის დამხრობა აღმოსავლეთ-დასავლეთით. სამშენებლო მასალაა: ქართული აგური, შერჩეული ქვა კირ-დუღაბზე. სამივე კარისა და სარკმლების საპირე მრგვალი პროფილირების ქვის ლილვებითა და ქართული ჯვრებითაა შესრულებული. ქართული აგურითაა ნაწყობი შეისრული თაღები და კედლის წყობა. ეკლესიის ჩრდილოეთით ორსართულიანი კარიბჭეა. პირველი სართულის გუმბათქვეშა სივრცე გადალესილია, ხოლო მეორე სართულის ფასადზე ეკლესიის გეგმაა აგურის ლილვებითა და მაღალი თაღედებით გამოსახული. ტაძრისა და კარიბჭის კედლებზე მიშენებულია “საცხოვრებლები”, საწყობები, წყლის აუზი.

ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ 1828 წელს დიდუბიდან მოსახლეობა მდინარე მტკვარზე არსებულ კუნძულთან მდებარე “სოფელ კუკიაში” გადასახლდა, იგივე “ახალსოფელში” და ამავე წელს “კუკია” დედაქალაქს შემოუერთდა. დასახლების საზღვარი, მდინარის სანაპირო ფლატე მისდევდა დღევანდელი წმ. დავით აღმაშენებლის გამზირის ხაზს. 1814-1816 წ.წ. აქ რამდენიმე საყდრის არსებობა დასტურდება:
1. საყდარი კარიბჭით
2. ჯვარი პატიოსნის გამოცხადების ეკლესია
3. კვირაცხოველი
4. საყდარი ქვისა, კრამიტით დახურული, საკურთხეველი ნაკურთხი “მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის” სახელზე და ტრაპეზი “იოანეს” სახელზე.

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე ცინცაძე აღნიშნავდა: “მღვდელ პეტრე იმნაძეს, გადმოყვანილს დიდუბიდან, თან წამოუბრძანებია ღმრთისმშობლის ხატი (გადმოცემით წმიდა თამარ მეფის დროის) და ჯვარიპატიოსნის ტაძარში დაუბრძანებია”.

საყდარი კარიბჭითა და მთავარანგელოზთა ეკლესია ისტორიულ საბუთებში საყდრებად მოიხსენიება. მდებარეობენ ჯვარიპატიოსნის (შემდეგ განახლებული გუმბათიანი “წმ. ნიკოლოზი”) ეკლესიის დასავლეთითა და სამხრეთით, მდინარე მტკვრის სანაპიროსთან. 1814-1816 წ.წ. მღვდელ პეტრე იმნაძეს ძველი საყდრის ნანგრევებზე “ჯვარი პატიოსნის გამოცხადების” ტაძარი და დასავლეთის მხარეს, მდინარე მტკვრის სანაპიროსთან მდებარე ეკლესია აღუდგენია, ძველთა სასაფლაოსთვის გალავანი შემოუვლია და ტაძართან ერთად კარიბჭეც განუახლებია. აღდგენის პარალელურად მოძღვარი პეტრე იმნაძე გადმოგვცემს: “ჩუღურეთში მცხოვრები ქართველების საყდარი “კვირაცხოველი” აშენებულია ძველთაგან მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძრის ყმის იოსების მამისა ქართველისა და გზისქუემოთი ადგილიც იმისი ყოფილა და იმის ამოწყვეტის უკან საყდარი თუმც ოსმალო დაუქცევია, მაგრამ გარშემო ადგილი არის მიჩემებული სასაფლაოდ კუკიის მცხოვრებთა ქართველთაგან”.

პეტრე იმნაძის ცნობით, სოფელი “კუკია” სამარადისოდ საეკლესიო მფლობელობის ქვეშ მყოფი, სვეტიცხოვლის კათედრალური ტაძრისთვის შეწირული მამულია და დამტკიცებულია საქართველოს მეფე ალექსანდრეს სიგელით: “…ხოლო წყლისპირი ეკლესია მცხეთის სობოროსადმი შეწირული გრამოტითა საქართველოს მეფის ალექსანდრესითა”.

“ეკლესიანი თვისთა შესახვედრის ყმითა და მამულითა იპოებიან სრულსა მფლობელობასა ქუეშე სასულიეროთა მთავრისათა,…”
“რომელ არცაღა მათ თავადთა და აზნაურთა ძალუძს ვითარმე შეხებად, რომელნიცა ყოფილან დღეისამდე საკუთრებასა ქვეშე ეკლესიათასა.…”

1814 წელს საქართველოს სასულიერო დიკასტერიამ ნება დართო პეტრე იმნაძეს, “გალავანი შეავლოს დასავლეთის მხარეს ,რადგან ეკლესია იგი არის მცირე კარის ბჭისა, ისიც შვიდი ადლი ადგილი…” და შემდეგ განსაზღვრულია ზომები: “სამხრეთისაკენ რაც არი ადგილი მტკვრის პირამდინ, რადგან ეს ადგილი განხილვისაებრ დიკასტერიისა არა შეადგენს უმეტესსა ზომასა 10-სა ადლისასა,…” “ხოლო გალავნისთვის 12 ადლი ადგილი ყოველ მხარეს… და ეს განზომილება უნდა იყოს ქართული გალატოზის ადლით, რომელსაც მაზანდარი ადლი ეწოდების”.

მიზანშეწონილი იქნებოდა არქეოლოგიური შესწავლა და ეკლესიის თავდაპირველი ფუნქციის აღდგენა”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ხათო says:

    უფალო შეგვიწყალე
    შეგვაძლებინე დავიბრუნოთ ყოველი დაკარგული და აღვადგინოთ ყოველი დანგრეული სადიდებელად შენდა უფალო

    აქ კომენტარები არ არის …მარტო აიდი ბარათების შესახებ არის კომენტარები მრავლად… რა იყო ადამიანებო ეს არ გაწუხებთ? კიდევ ვერ ხვდებით რა არის მნიშვნელოვანი???

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი