მთავარი » ქრისტიანობა

წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება ჰეროდეს მიერ ბეთლემში მოწყვეტილი ყრმების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 14.03.2017 | 3,430 ნახვა

yrmebi

11 იანვარს ეკლესია იხსნებეს – ათოთხმეტ ათასთა ჩვილთა მოწამეთა – ჰეროდეს მიერ ბეთლემს მოწყვეტილთა.

ეკლესიის მნათობის – წმინდა იოანე ოქროპირის ქადაგება, რომელიც მან სახარების იმ მუხლის განმარტებიასას წარმოთქვა, სადაც ვკითხილობთ: „მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყჳდა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან“ (მათე 2,16).

წმინდა იოანე ოქროპირი

„მათეს სახარების განმარტება“

გულისყური მოაპყართ ჩემს სიტყვებს, რადგან ბევრი განუსჯელად მსჯელობს ამ ბავშვების შესახებ და მათი მოწყვეტის უსამართლობა აშფოთებთ; ზოგი მორიდებით გამოთქვამს ეჭვებს, ზოგიც – საკმაოდ უტიფრად. მავანთა უტიფრობა რომ განვაქარვოთ და სხვათა ეჭვები გავფანტოთ, ამ საკითხზე ჩემს განმარტებას შემოგთავაზებთ.
თუკი გასაკიცხია ის, რომ ყრმათა მოწყვეტა დაუშვა საღმრთო განგებულებამ, მაშ პეტრეს დამცველი მეომრების სიკვდილის გამოც იგივე უნდა ითქვას. როგორც აქ, უსჯულო ჰეროდემ ვერ მოიძია რა ღვთაებრივი ყრმა და სხვა ყრმები მოსწყვიტა ბეთლემში, ასევე იქაც, გაანთავისუფლა რა ანგელოზმა პეტრე ბორკილებისაგან და გამოიხსნა საპატიმროდან, თავისი უსჯულო წინაპრის სახელითაც და ხასიათითაც მსგავსმა ტირანმა, პეტრეს მაგიერ მისი მცველი მეომრები დასაჯა სიკვდილით.

რა არისო ეს ნათქვამი? – იტყვის ვინმე – ეს ხომ საკითხის გადაჭრა კი არა უფრო გართულებაა!

დიახ, ეს მეც ვიცი. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მსგავსი საკითხები ერთიანად განვმარტო. მაშ, რა არის ამ საკითხის გამნარტება? მე ასე ვიტყვი, რომ ქრისტე კი არ იყო ჩვილების სიკვდილის მიზეზი, არამედ, – მეფის სისასტიკე. შესაბამისად, პეტრე კი არ იყო მეომართა სიკვდილის მიზეზი, არამედ, – ჰეროდეს უგუნურება. უგუნურება, რადგან ამ უკანასკნელს გამოთხრილი კედელი ან გატეხილი კარი რომ ენახა, მაშინ მეომრებს მათი დაუდევრობის გამო დასჯიდა, მაგრამ რადგანაც ყველაფერი სათანადო წესრიგით იყო დაცული, – კარი დაკეტილი, ბორკილები კი ისევ ხელებზე ესხათ მცველებს (სიფრთხილისათვის პეტრე მცველებს თავიანთ ხელებზე ყავდათ მიბმული), მას რომ საღი განსჯის უნარი ჰქონოდა, უდავოა, მიხვდებოდა, რომ ეს საქმე ადამიანის ხელით არ იყო აღსრულებული, არამედ საღმრთო და სასწაულმოქმედი ძალის მიერ, რომლის წინააღდგომა შეუძლებელია. ამ მოვლენას მასში მოწიწების გრძნობა უნდა გაეჩინა. ღმერთმა სწორედ ამისთვის აღასრულა ამგვარად ეს ყოველივე. მცველების დასასჯელად კი არა, არამედ ამ საშუალებით უნდოდა თვით მეფე მიეყვანა ჭეშმარიტებამდე. ხოლო თუკი ის ურძნობი აღმოჩნდა, განა ავადმყოფის დაუდევრობა, ბრძენი მკურნალის სულს უნდა დააწვეს, რომელმაც მისდა სასიკეთოდ ყოველგვარი ღონე იხმარა?!
იმავეს თქმა შეიძლება ყრების მოწყვეტის შესახებ.

რად განრისხდები ჰეროდე, მოგვების მიერ მოტყუებულო, ვერ გულისხმა-ყავ, რომ სასწაულებრივი იყო შობა და საღმრთო ყრმა იყო შობილი?! განა შენ არ მოიწვიე მღვდელმთავრები და მწიგნობრები?! განა მათ არ დაიმოწმეს წინასწარმეტყველთა უწყებული ბეთლემში საღმრთო მეუფის შობის შესახებ?! განა არ ნახე, რომ დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტველები სრულდებოდა, არ გესმა, რომ ვარსკვლავიც კი ემსახურებოდა მოგვებს? არ შეგარცხვინა ბარბაროსთა მოშურნეობამ? არ განგაცვიფრა მათმა კადნიერებამ? არ შეგაძრწუნა გასაოცარმა წინასწარმეტყველებამ? ყოველივე ამის შემდეგ, როგორ ვერ გააცნობიერე, რომ მოგვების მიერ შენი მოკიცხვა მათი სიცრუით კი არ ხდებოდა, არამედ საღმრთო ძალით, რომელიც ყველაფერს განაგებს? მაგრამ, თუკი მოიკიცხე მოგვთაგან, რა დააშავეს უმანკო ჩვილებმა?
ყოველივე ასეა, – მეტყვი შენ, ამ საქმის გამომეძიებელი, – გამოააშკარავე, რომ ჰეროდე უწყალო და სისხლისმსმელია და გამართლება არ აქვს, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერი გითქვამს იმაზე, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა უმანკო ჩვილების სიკვდილი? დავუშვათ, რომ ჰეროდე უსჯულო იყო და განიზრახვიდა ამ ბოროტ საქმეს, სამართლიანმა ღმერთმა რაღატო დაუშვა ეს?
ამ კითხვაზე პასუხისას იმავე წესსა და კანონზე მიგითითებთ, რასაც მუდმივად ვამბობთ ეკლესიაში. იმ საყოველთაო კანონზე, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რადგანაც ის ყველა ამდაგვარ კითხვებს სცემს პასუხს. რა წესი და კანონია ეს? ის, რომ „ბევრია მავნებელი, ხოლო ვნებული არცერთი“. ამ სიტყვების გაგება, რომ გაგიადვილდეთ, ახლავე განგიმარტავთ მას. მრავალი ადამიანია მავნებელი: ზოგი კაცს კლავს, ზოგი დევნის, ზოგი სცემს და სხვა უამრავ ცუდს უკეთებს ადამიანები ადამიანს. ასეთი მავნებელი ბევრია სამყაროში, მაგრამ მათგან ვნებული არცერთი! რადგან, თუნდაც მოგვკლან, გვდენონ, გვაწამონ ანდაც სხვა რაიმე ბოროტი მოაწიონ ჩვემზე, უფალი ამით ან ცოდვების მოტევებას მოგვანიჭებს, ანდაც გვირგვინით დაგვაჯილდოვებს.
gvtismshobeli
ჩემი სიტყვები უფრო გასაგები, რომ გახდეს, მაგალითებით განვმარტავ. წარმოვიდგინოთ მონა, რომელსაც თავისი ბატონის ძალიან დიდი ვალი აქვს. ამ მონას თავს დაესხნენ ყაჩაღები და მისი ქონების მცირედი ნაწილი წაართვეს. ბატონს (რომლის ვალიც აქვს მონას) შეუძლია ამ ყაჩაღების დაკავება და დაყაჩაღებულის უკან გამორთმევა, მაგრამ მათ საქმეში არ ჩაერევა და დაუშვებს ყაჩაღების მიერ მონის ქონების მცირედი ნაწილის მისაკუთრებას. მონას კი, ზარალისა და მწუხარების სანუგეშოდ მიუტევებს და აღარ გამოართმევს თავის ძალიან დიდ ვალს, რომელიც მონას ემართა, უფრო დაიახლოვებს და იმაზე უკეთეს მდგომარეობაში ამყოფებს რაც მანამდე ქონდა. ამ ყველაფერის შემდეგ ევნო რაიმე ამ მონას? განა უფრო დიდი სარგებელი არ მიიღო ამ განსაცდელის შემდეგ? დიახ, ყველასთვის ნათელია, რომ ასეა. ჩვენც ასეთივე სარგებელს მივიღებთ თუკი მოთმინებით შევხდებით ჩვენზე მოწევნულ განსაცდელებს. ამ სოფელში ჩვენი ტანჯვითა და განსაცდელებით ან ცოდვები წარგვეხოცება, ანდა, თუკი ცოდვები არ გვაქვს, ნეტარებით დავაჯილდვდებით და ბრწყინვალე გვირგვინს მივიღებთ უფლისაგან, ისმინე რას წერს პავლე კორინთელებს, მეძავი დედაკაცის შესახებ: „მიცემად ეგევითარი იგი ეშმაკსა სატანჯველად ჴორცითა, რაჲთა სული ცხონდეს..“ ( I კორინთ. 5,5).
იმისთვის, რომ სიტყვა უფრო დავუახლოვოთ ჩვენი გამოძიების საგანს, გავიხსენოთ დავითის საქციელი მას შემდეგ, რაც მასზე აღმდგარი სემეი სწყევლიდა, ქვებს ესროდა და მის უბედურებას დასცინოდან. დავითმა შეაჩერა მისი მოკვლის მსურველი მხედართმთავარი და უთხრა: „ …თავი დაანებეთ, იწყევლებოდეს, უფალს ასე უბრძანებია, ვინძლო მოხედოს უფალმა ჩემს გასაჭირს და დღევანდელი მისი წყევლის სანაცვლოდ სიკეთე მომაგოს უფალმა“ (2 მეფ. 16,11-12), და ფსალმუნშიც ამბობს: „იხილენ მტერნი ჩემნი, რამეთუ განმრავლდეს და სიძულილით ამაოდ მომიძულეს მე და შენ მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“ (ფს.24. 19,18). ლაზარემაც იმიტომ მიაღწია სიმშვიდეში განსვენებას, რომ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მრავალი ჭირი, უბედურება და შეურაცხყოფა დაითმინა. ამგვარად, არაფერი ევნების ადამიანს მასზე მოწევნული შეურაცხყოფებითა და განსაცდებელით, თუკი ახოვნად და მოთმინებით შეხვდება და გადაიტანს მას, ამისთვის უფრო დიდ სარგებელს მიიღებს, გინდაც ღვთის მიერ იყოს ეს განსაცდელი მოვლენილი, გინდა ეშმაკის მიერ იტანჯებოდეს და თუნდაც ადამიანის მიერ ევნებოდეს.
გასაგებია, – იტყვი შენ, – ეს ყველაფერი ზრდასრულების მიმართ, რომელთაც მრავალად სცოდეს, მაგრამ რას იტყვი იმ ჩვილებზე, რომელთაც ასე უდროოდ მიიღეს სიკვდილი, მათ ხომ არაფერი ბრალი არ ქონდათ? რა ცოდვა ქონდა მათ, რომელიც ამ განსაცდელით უნდა აღხოცილიყო, ისეთი, რომ თავიანთი სისხლით ჩამოერეცხათ? ამაზე ხომ დასაწყისშივე ვთქვი: თუკი ციდვები არ ქონდათ, დაჯილდოვდებიან ბრწყინვალე გვირგვინებით და მათზე მოწევნული ჭირნი და განსაცდელნი მათთვის სასუფევლის კარიბჭის გამღებელი იქნება. რა ევნო და რა დააკლდა ამ ყრმებს, რომელთაც მსწრაფლ მიაღწიეს მშვიდ ნავსაყუდელს?!
შეიძლება თქვა: ვინ უწყის, რომ ეცოცხლათ, ბევრ მათგანს იქნებ სათნოებანი მოეხვეჭა და დიდი სულიერებისათვის მიეღწია. გეტყვი, რომ ესეც არამცირედი იყო, რადგან ისინი ქრისტესთვის მოწყდნენ და წამებისა გვირგვინი მიიღეს. იმასაც ვიტყვი, რომ თუკი რომელიმე მათგანი მართლაც მიაღწევდა დიდ საზომს და სათნოებებს მოიხვეჭდა, არ დაუშვებდა მათ ნაადრევ სიკვდილს უფალი. რადგან თუკი ღმერთი უშვებს მათ სიცოცხლეს, რომელნიც მთელ ცხოვრებას ბოროტებაში ატარებენ, სულგრძელობს მათზე და მათ მოქცევას ელოდებია, მაშინ მითუმეტეს არ დაუშვებდა იმ ბავშვების სიკვდილს, რომელთაც დიდი საზმომისათვის უნდა მიეღწიათ.
ეს არის ჩვენი განმარტებანი ყრმების მოწყვეტის შესახებ და სხვა ამგვარ საკითხებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ამით სრულად ვერ ამოვწურავთ საკითხს. უღრმესი და ამოუწურავია ღვთის განგებულება და მის შესახებ სრულად უწყის მან, ვინც ყოველივე ამგვარად განაგო, – ღმერთმა. ასე, რომ მას მივანდოთ ამ საიდუმლოს სიღრმისეული ხედვა. ჩვენ კი სახარების შემდგომი სიტყვების გააზრებისკენ ვისწრაფვოთ და სხვებზე მოწევნული განსაცდელებიდან ვისწავლოთ ჩვენი მომავალი განსაცდელების ღირსეულად ტვირთვა. რადგან დიდი განსაცდელი მოიწია მაშინ ბეთლემში, როდესაც ბავშვებს დედის მკერდიდან წყვეტდნენ და ეს უმანკო არსებები უწყალო და მტავრალი ჯალათების ხელით განიგმირებოდნენ.
ვინ შეიძლება გამოხატოს სიტყვით ამ საქმის სიმწარე, მწუხარებისა და ტირილის სიმრავლე და დედების, მამებისა და ბავშვების ვერმოსასმენი, უიმედო გოდების ხმა? – დედ-მამა შვილთა დასტიროდეს, სიკვდილის გზაზე შედგომილნი ჩვილები კი სუნთქვაშეუკავებლად ბღაოდნენ. ვინ შეიძლება სიტყვით გამოხატოს იმ მტარვალი ჯალათების სისასტიკე? – ერთი ხელით თვალებდაბინდებულ დედას მკერდიდან გლეჯენ ჩვილებს და მეორე ხელით მახვილს უმანკოების სისხლით ჰღებავენ. დედები ხელებით ჩვილებს ჩაბღაუჭებიან, გულზე იკრავენ და მახვილს თვითონ უშვერენ თავებს, რათა არ იხილონ თავიანთი შვილების სიკვდილი. როგორ შეიტკბობენ თავიანთ წიაღში წითლადშეღებილ შვილებს. გავეშებულ ჯალათებს დედანიც მრავალგზის დაუკლავთ თავიანთ შვილებზე და ერთ მდინარედ მიედინებოდა დედათა და შვილთა სისხლი. ჰეროდემ რაკი ორ წლამდე ახალშობილების მოკვდინება ბრძანა. ბევრისთვის შვილის სიკვდილის სიმწარე გამორმაგდა, რადგანაც მრავალთ ორი შვილი ჰყავდა…
მორწმუნენო, რომლებსაც ეს სიტყვები გესმით, სულმოკლეობას ნუ გამოიჩენთ. ესენი ღვთის ნათლის ღირსნი შეიქმნენ. ხოლო უსჯულო ჰეორდემ კი უმძიმესი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე, სიკვდილამდეც მრავალი სიმწარე ერგო. ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ აღმოიკითხოთ იოსების (ფლავიუსი) ისტორიიდან.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. „წმ. იოანე ოქროპირი – „თარგმანებაი მათეს სახარებისაი“ წიგნი I. თარგმანი წმ. ეფთვიმე მთაწმინდელისა. გამომცემლობა „ბეთანია“. თბილისი 2014 წელი. (ძვ. ქართ.)
2. წმ. იოანე ოქროპირი, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი – „განმარტება სახარებისათვის წმინდისა მოციქულისა და მახარებელისა მათესი“. ტომი I. გამომცემლობა „ალილო“. თბილისი 2009 წ. (ახ. ქართ.)


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი