მთავარი » ქრისტიანობა

მეფის ასულის ხსნა – წმ. გიორგის სასწაული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.09.2021 | 152 ნახვა

ხოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“, – უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ“.

უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა „აქაურობას გაეცალეო“. ხოლო წმიდა გიორგი ვეშაპის შესახვედრად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“. როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ“.

მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშევდრომებმა: „გვწამს, მამა და ძე და სული წმიდა“. წმიდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მეფეს დაუბრუნა. ქალაქის მაცხოვრებლების დაემხნენ წმინდანის წინ და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს. მაშინ წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომელიც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმიდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებაზე და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი,
თბილისი, 2003 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი