მთავარი » ეკლესია-მონასტრები

წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.12.2010 6 კომენტარი | 6,719 ნახვა

წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიაწმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესია თბილისში, სვანეთის უბანში, ტერენტი გრანელის ქუჩაზე მდებარეობს. ისტორიულად ცნობილია, რომ ამ ტერიტორიაზე გერმანელთა სასაფლაო იყო. გარკვეული დროის შემდეგ სასაფლაოს ადგილზე გერმანული ეკლესია დაფუძნდა (ამჟამინდელი ტაძრიდან ცოტა მოშორებით). ადგილი კი, სადაც ახლა ტაძარია, უფუნქციო გახლდათ და როგორც უბნის მაცხოვრებლები ყვებიან, ნაგავსაყრელადაც კი იყო ქცეული. ტაძარი რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და საკმაოდ დიდი ენერგია და ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ეს ადგილი ქცეულიყო სულიერების ერთ-ერთ ოაზისად, რასაც ეკლესია ჰქვია.

“დილით, სახლიდან გამოსულს, რკინიგზა ბეტონის ფილებით გადაკეტილი დამხვდა. ვიდექი და ნაგავსაყრელად ქცეულ, გახრიოკებულ გორას შევცქეროდი, გულდამძიმებულს ჩემგან დამოუკიდებად და ჩემდა გასაოცრად აღმომხდა: “აქ მე ეკლესიას ავაშენებ”. ასე იშვა ჩემში ამ გორაზე ტაძრის აშენების იდეა. მე ამ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ, თორემ იდეაც და აშენებაც უფლის ნებაა.

აშენებამდე საკმაოდ დიდი ბიუროკრატიული გზა იყო გასავლელი. 2003წლის 21 ოქტომბერს, სამშაბათ დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მიერ ტაძრის ასაშენებლად ცარიელი მიწა იკურთხა და ჯვარი დაესვა.

ტაძარი თავიდანვე წმინდა მეფე არჩილ და ლუარსაბის სახელობის უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდში უბანში ერთი კარგი კაცის კარგი შვილი გარდაიცვალა, სახელად არჩილი. მის მამას სურვილი გასჩენია, მის სახელზე ტაძარი აეშენებინა.

უწმინდესმა მკითხა, რა აზრის ვიქნებოდი, ტაძარს სახელი რომ შესცვლოდა. ჩემი სურვილი და ქმედების აზრი ღვთის სადიდებელი სახლის აშენებაა, უწმინდესო, ვისი სახელობის გახდება, უფლის ნებაა და თქვენი კურთხევა როგორიც იქნება, მას დავემორჩილები-მეთქი, ვუთხარი. უწმინდესი განმარტოვდა და გამოსულმა ბრძანა: “ტაძარს ეწოდოს წმინდა მეფე დემეტრე თავდადებულის და ყველა წმინდა მეფეთა სახელი.” – იხსენებს ტაძრის აღმშენებელი და უბნის მკვიდრი, ვახტანგ ნაბახტეველი.

ეკლესიატაძრის მშენებლობა ნელ-ნელა დაიწყო უფლის ნებითა და უწმინდესის კურთხევით. მამა მალხაზს (ყიფიანი) მოგვიანებით დაევალა დაუმთავრებელ ტაძარში ყოვლკვირეულად პარაკლისი აღესრულებინა.

მამა მალხაზი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი): “2006 წლის 21 ნოემბერს უწმინდესის კურთხევით ტაძარი აკურთხა და წირვა აღასრულა ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორემ. ტაძრის კურთხევისას მობრძანდა უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც პარაკლისი გადაიხადა.

ამ დღეს მოხდა ჩემი დადგინება ამ ტაძარის წინამძღვრად და მას შემდეგ აქ აღვასრულებ ღვთისმსახურებას. ტაძარში ასევე მსახურობს მამა ნიკოლოზი (გუგუსიანი). ადრე კოდორში აღასრულებდა წირვას. ტაძარი, სადაც ის მსახურობდა, რუსების მიერ ნასროლი ბომბით დაინგრა და შეიძლება ითქვას, მიწასთან გასწორდა. მას შემდეგ ჩვენთან მსახურობს.

ეს ტერიტორია გასხვისების ზოლში იყო. არ მომხდარა მსგავსი პრეცენდენტი, რომ რკინიგზას გასხვისების ზოლში მყოფი მიწა დაეთმოს და პრივატიზირება მომხდარიყოს ამ მიწისა. უფლისმიერი სასწაული იყო, რომ მიწა წითელ ხაზებში მოექცა და საპატრიარქოს დაუმტკიცდა. ესეც აღმშენებლის დამსახურებაა.

პირველ რიგში, ტაძარში ისეთი სამუშაოები ჩატარდა, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო. ღვთის სადიდებლად აშენდა დიდი გალავანი, სამრეკლო, სანათლავი, სამღვდელო სახლი, მოწესრიგდა ეზო. ტაძარი დღესაც იხატება ცნობილი ხატმწერის, დავით ხიდაშელის მიერ. დასავლეთის მხრიდან ამშვენებს ჩასმული ფილა, რომელსაც აწერია: ,,ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ, შენ ვითარცა ღმერთმან შეგვინდევ. მაშენებელი წმინდისა ესე ტაძრისა: მონა ღვთისა ვახტანგი და ძმანი მისნი.’’

ტაძარში კვირაში ორჯერ – სამშაბათს და ხუთშაბათს აღესრულება პარაკლისები. სამშაბათს სრულდება ღვთისმშობლის პარაკლისი. პანტანასას ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ტაძარშია დაბრძანებული, საბერძნეთიდანაა ჩამობრძანებული. ის ქართველმა ხატმწერმა ნინო ბათიაშვილმა დაწერა. ხატი განსაკუთრებით შემწე და მფარველია ონკოლოგიური სნეულებით დაავადებული ადამიანებისათვის და ბევრი სასწაული და კურნება აღესრულება. ხუთშაბათობით კი სრულდება წმ. დემეტერე თავდადებულის პარაკლისი. ტაძარი უწმინდესის კურთხევით არის ასევე ნარკომანიასთან ბრძოლის ერთ-ერთი რეაბილიტაციის ცენტრი. გვიწევს ურთიერთობა სხვადასხვა სნეულებით (ნარკომანია, ალკოჰოლოზმი, სხვადასხვა ფსიქოლოგიური გადახრები) შეპყრობილ ადამიანებთან.

მამაო, რას გვეტყვით მრევლის შესახებ?

ამ ტაძარში დადგინებამდე ვმსახურობდი ივერიის ღვთისმშობლის ეკლესიაში და პერიოდულად მიწევდა საჩხერის რაიონში წირვა-ლოცვის ჩატარება. შემდეგ ვარანცოვზე, წმინდა ნინოს ეკლესიაში გადმოვედი. წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ტაძარში მრევლი უმთავრესად უბნის მაცხოვრებელია, მაგრამ ნაწილი სხვადასხვა ეკლესიებიდანაც გადმომყვა. ამ უბანში ადრე ტაძარი არ იყო და მოსახლეობა სულიერ სიტყვას, ღვთის სადიდებელ მსახურებას მოკლებული გახლდათ, გარკვეულ სულიერ შიმშილსაც კი გრძნობდა. მალე ჩვენი ტაძრის მახლობლად კიდევ ერთი მეფეთა ტაძარი იკურთხა. ორმა ტაძარმა დიდი სულიერი ძვრა გამოიწვია ადგილობრივ მაცხოვრებელთა შორის. მრევლსა და მოძღვრებს შორის ერთსულოვნებას ჩაეყარა საფუძველი.

ცოცხალი ურთიერთობა მოძღვარსა და მრევლს შორის გამოიხატება გულწრფელ და მეგობრულ, უბრალო ურთიერთობებში. შეძლებისდაგვარად, ეწყობა სხვადასხვა მოლოცვითი გასვლები, რაც მრევლის კიდევ უფრო მეტად დაახლოებასა და გაცნობას უწყობს ხელს.

მოგეხსენებათ, ტაძარი უდაბნოში ის ანკარა წყაროა, რომლიდანაც განუზომლად და შეუკავებლად მოედინება წყარო ანკარა. მისი მეშვეობით ყველა მწყურვალ ადამიანს შეუძლია წყურვილის გრძნობა მოიკლას.

ტაძრის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტაძრის მშენებლობას აქვს საფუძველი ჩაყრილი…

მშენებარე2010 წლის 15 მაისს უწმინდესის კურთხევით სამშობლოსათვის წამებული წმ.დიმიტრი ყიფიანის სახელზე გაიჭრა საძირკველი. სიმბოლურიცაა და უფლის განგებაცაა, რომ დემეტრე მეფე თავდადებული იმ საუკუნის მოწამე და თავდადებულია, დიმიტრი ყიფიანი კი, შეიძლება ითქვას, XIXს-ის ახალ დემეტრე თავდადებულად იწოდება. ერთი – მონღოლურ წყობას, მეორე კი რუსების იმპერიალურ ზრახვებს შეეწირა. ამ ორი წმინდანის ერთობა კიდევ უფრო გვაერთიანებს, გვაერთსულოვნებს და მეტი კეთილი საქმის საკეთებლად აღგვძრავს. სამომავლოდ სურვილი მაქვს, აქ აშენდეს საეკლესიო სკოლაც. ტაძარი მორწმუნე მრევლის შემოწირულობებითა და ძალისხმევით შენდება. ქველმოქმედი და სპონსორი არ გვყავს. ღვთის სადიდებლად საკეთებელი ბევრია. ღმერთმა მოგვცეს ძალა, შესაძლებლობა და ენთუზიაზმიც საიმისოდ, რომ დაწყებული საქმე, რომელსაც შეჭიდებული ვართ, ბოლომდე გავიტანოთ და გვირგვინი დავადგათ.

ტაძარს თავისი ფუნქცია, დანიშნულება ყოველთვის გააჩნდა. მაგრამ დღევანდელ დღეს, როცა ქვეყანაზე ათასი უზნეობა, უხამსობა მრავლდება, მნიშვნელოვანია ადამიანები ღვთის სიტყვას, ეკლესიის მცნებას ისმენდნენ, იყვნენ მორჩილებაში და მორჩილი იყვნენ იმ სწავლებისა, რომელსაც მოძღვარი ეკლესიაში ამბიონიდან ქადაგებს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი