მთავარი » ქრისტიანობა

ჭირისუფლის ვალი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.10.2009 23 კომენტარი | 25,273 ნახვა

ის, რისი ცოდნაც თითოეულს გვმართებს.

საფლავითანამედროვე ეპოქაში არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან თუ როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანს დაკარგავენ.

სამძიმარზე მისული ადამიანები, ისედაც გონებააბნეულ ჭირისუფალს, საკუთარ “ბრძნულ” იდეებს სთავაზობენ. ზოგი ამბობს, რომ მიცვალებულს სახეზე ცხვირსახოცი უნდა ეფაროს. ზოგმა ისიც კი არ იცის, რომ მიცვალებულის სასახლე, აღმოსავლეთის მხარეს უნდა იყოს და გარდაცვლილის თავთან რისი დადგმა არის საჭირო. სოფლად ჭირისუფალი ქირაობს (?) ადამიანებს, რომლებიც მიცვალებულს “საკადრისად” დაიტირებს. ასეთი მაგალითები ჩვენს პრაქტიკაში ბევრია.

ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს მის გაქრობას, ეს არის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. კაცი მიწისგან არის ღვთის მიერ შექმნილი და ისევ მიწას უბრუნდება, სული კი უფლისკენ მიდის. სამწუხაროდ, ყველა ადამიანის სული უფალს ვერ უახლოვდება, ვინაიდან აზროვნებით ხორციელ და წარმავალ ღირებულებებზე უფრო მეტად ვართ მიჯაჭვულნი, ვიდრე მარადიულზე. ეს კი იწვევს ადამიანის სულის განშორებას უფალთან. მატერიალურზე მიჯაჭვული სული კაცისა შორდება უფალს და მიდის წარსაწყმედელში, ანუ ჯოჯოხეთში.

სიკვდილის მომენტში ადამიანი განიცდის შიშს, დაქანცულობის მძიმე გრძნობას, ეშმაკთან ბრძოლით დამძიმებულ-აფორიაქებული სული ვერ გადის ამქვეყნიდან და მოძღვარი ეხმარება განსვლის ლოცვების კითხვით, რომელშიც შედის ფსალმუნები და ჩანართი რამდენიმე მოძღვრის.

სხეულიდან სულის გამოსვლისთანავე სულს ხვდება მფარველი ანგელოზიცა (რომელიც მას ნათლობისას მიეცა) და ბოროტი სულიც (ეშმაკი).

“ამბიონი” ესაუბრება სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზს, მამა გიორგი სანამაშვილს: “ეკლესიური სწავლების მიხედვით, გარდაცვალების შემდგომ ადამიანის სული გადის საზღვრებს. ის, ვინც ამ წუთისოფელში ღვთისნიერად და სიკეთით ცხოვრობდა, უფალი საზვერეების ხვედრს უმსუბუქებს და მიჰყავს სასუფევლისაკენ, მაგრამ, თუ ადამიანი მიწიერ საზრუნავს იყო მიჯაჭვული, მისთვის საზვერეების ხვედრი მძიმდება და უფალთან მიახლოება ძნელდება.

მონათვლის შემდეგ მინიჭებული მფარველი ანგელოზი ადამიანს იცავს საზვერეებისგან და უფალთან აკავშირებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს მფარველ ანგელოზს ხშირად უყურადღებოდ ვტოვებთ.

ეკლესიის მიერ დადგენილი წესის თანახმად, მიცვალებულს ვუხდით პანაშვიდს (გარდაცვლილის სულის საოხად ღვთისადმი აღვლენილ ლოცვას) გარდაცვალებიდან პირველ, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეებში. დასაფლავების დღეს (დილით ან წინა ღამეს) მოძღვარმა წესი უნდა აუგოს მიცვალებულს.

ადამიანის სხეული სულიწმინდის მადლის ჭურჭელს წარმოადგენს. გარდაცვლილის, სხეულს სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება.

გარდაცვალებულ ადამიანებს (ერისკაცს, სამღვდელოს) სხვადასხვაგვარად უგებენ წესს და განსხვავებულ ლოცვებსაც უკითხავენ. საერო პირის გარდაცვალების დროს ხდება მიცვალებულის განბანვა, ნიშნად სისპეტაკისა. განიბანება მისი სხეული და შეიმოსება სუფთა ტანისამოსით (შესაბამისად იმისა, თუ რა თანამდებობის პირი იყო, ვინაიდან სამოსელი გვიჩვენებს ადამიანის მდგომარეობას), ამის მერე კი სრულდება წესის აგება. წესის აგება დაკავშირებულია ადამიანის სულიერ ცხონებასთან. აღევლინება სავედრებელი ლოცვა, რომ უფალმა აცხონოს გარდაცვალებულის სული. ეკლესიის წმინდა მამათა კანონებისა და საეკლესიო კრებების მიერ არის შემუშავებული მიცვალებულისათვის განსაკუთრებული მზრუნველობა წესის აგების სახით”.

მიცვალებული გარდაცვალებიდან 5-6 დღის განმავლბაში უნდა დაიკრძალოს (მომზადდეს მოკრძალებული ქელეხი). გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში მორწმუნე ადამიანები მიცვალებულს უნდა უკითხავდნენ ფსალმუნს, რითაც მის სულს შეუმსუბუქებენ მდგომარეობას. ფსალმუნის კითხვა ნუგეშია ჭირისუფლისთვისაც.

მამა გიორგი: “მიცვალებულს თავთან სანთელი უნდა დავუნთოთ, ასევე უნდა დავუდგათ ხორბლით სავსე ჭიქა და კანდელი, რომელიც ჩაუქრობლად უნდა ენთოს. კანდელი სულიწმიდის მადლია, ხორბალი კი – აღდგომის სიმბოლო. მიცვალებულის დასაფლავებიდან მე-40 დღეს, როცა მიწა გადასწორდება სიმბოლურად ხორბალს მოაპნევენ, რათა იქიდან ჯეჯილი, აღდგომის სიმბოლო, აღმოცენდეს.

პავლე მოციქული ამბობს – დათესვის ხრწნილებით და აღსდგების უხრწნელებით, დაეთესვის გინებით და აღსდგების დიდებით, დაეთესვის ხორცი ფშვინვიერი და აღსდგების ხორცი სულიერი”.

რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი განიცდის ახლობლის გარდაცვალებას და წუხილს გლოვით გამოხატავს. ხშირია შემთხვევა, როცა ახლობლები მრავალი წლის (ან მთელი ცხოვრების) მანძილზე არ იხდიან შავ სამოსს.

მამა გიორგი: “შავი სამოსი (ძაძა) გლოვის სიმბოლოა. უნდა გვახსოვდეს, რომ მიცვალებულს ცრემლი შვენის და არა გაუთავებელი ურვა. ადამიანმა სამოსი შეიძლება ატაროს 40 დღე, მაქისმუმ – 1 წელი. შემდგომ კი ყოვლად დაუშვებელია. ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რომ გლოვას თავისი დრო გააჩნია. მთავარია ადამიანი გულში გლოვობდეს, ძაძას გულში ატარებდეს, თორემ გლოვის გამოხატულებად შავი სამოსის ტარება დაუშვებელია წლისთავის შემდგომ.

გარდაცვლილ ადამიანს საფლავში რაიმე ნივთის ჩაყოლება წარმართობის გადმონაშთია და საშინელ ცოდვად ითვლება. უმჯობესია, თუ ჭირისუფალი გარდაცვლილის ნივთებს დაურიგებს შეჭირვებულებს. ადამიანმა უნდა იცოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია ლოცვა და მოწყალების გაცემა. ლოცვის გარეშე ღვთის გულის მოგება წარმოუდგენელია. მორწმუნე ადამიანს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რომ ლოცვა საუბარია ღმერთთან.
ეკლესიაში წირვის დროს პურისა და ღვინის სახით აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა, ადამიანი შემოაგზავნის სეფისკვერს როგორც ცოცხლების, ასევე, მიცვალებულთათვის. მღვდელი წირვის დროს სეფისკვერიდან ამოიღებს ორ ნაწილს, ერთს შემწირველთათვის, მეორეს – ვინც შემოსწირა და დებს ფეშხუმზე – სპეციალურ ლანგარზე, როდესაც ღვინო სისხლად გარდაიქმნება და ტარიგი – ხორცად, წმინდა ნაწილს ბარძიმში ჩაასვენებს და სთხოვს უფალს: მოიხსენე, უფალო, ყოველი აქ მოხსენებული, მოიხსენე შემომწირველნი და რომელთათვის შემოსწირეს”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

23 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი