მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

წინასასკოლო მზაობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.02.2022 | 318 ნახვა

რა არის წინასასკოლო მზაობა?

ლიკა ჩიტაძე (კლინიკური ნეიროფსიქოლოგი): წინასასკოლო მზაობა მოიაზრებს ბავშვის ასაკობრივად განსაზღვრულ დამოუკიდებლობას, მომწიფებულობას, მოსმენის უნარს, მუშაობასა და თამაშს სტრუქტურირებულ სასწავლო გარემოში, რაც თავისთავად უზრუნველყოფს ბავშვის ბაღიდან სკოლაში მარტივად და წარმატებულად გადასვლას. წინასასკოლო მზაობა მოიაზრებს არა მარტო ბავშვის სასკოლო მზაობას, არამედ ოჯახისა და სკოლის მზაობას მის მხარდასაჭერად და მისაღებად.

წინასასკოლო მზაობის ფუნდამენტური ნაწილებია: ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და ემოციური განვითარება. წინასასკოლო მზაობის ჩამოყალიბებას შესაძლებელია ადრეული ეტაპიდანვე შეეწყოს ხელი. ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რამდენად არის ჩართული ბავშვი ისეთ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს იმ ბაზისური უნარების განვითარებას, რომელიც შემდგომში პასუხისმგებელია აკადემიური უნარების განვითარებაზე. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ მაგ. თუ ბავშვს შეუძლია თავისი სახელისა და გვარის დაწერა, ათამდე დათვლა, ფერების ცნობა ეს ის საკმარისი უნარებია, რომლებიც საჭიროა წინასასკოლო მზაობისთვის, თუმცა წინასასკოლო მზაობა თავისთავად უნარების უფრო ფართო დიაპაზონს მოიცავს. გარდა ბაზისური უნარებისა, ასევე იგულისხმება მაგ. თავის მოვლის უნარი (მაგ. ბავშვს ათვისებული უნდა ჰქონდეს ტუალეტის ჩვევა, შეეძლოს ლანჩის ყუთის გახსნა), ყურადღების კონცენტრაციის უნარი, ფიზიკური უნარები (მზაობა, რომ ბავშვს შეეძლოს გამართულად ჯდომა საგაკვეთილო პროცესის დროს), ემოციური რეგულაცია, მეტყველების უნარი, თამაში და სოციალური უნარები.

რატომ არის მნიშვნელოვანი წინასასკოლო მზაობა?

წინასასკოლო მზაობის განვითარება საშუალებას აძლევს მასწავლებლებს სამომავლოდ უფრო გააფართოვონ და განავითარონ ბავშვების უნარები უფრო სპეციფიკურ ასპექტში. როცა აღნიშნული ბაზისური უნარები ბავშვს სკოლაში შესვლამდე განვითარებული და მომწიფებული აქვს, მას უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლია უკვე აკადემიური უნარების ათვისება. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ წინასასკოლო მზაობა, სკოლაში გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან. როცა ბავშვს სთხოვენ ისეთი აქტივობის შესრულებას, რომლისთვისაც მისი გარკვეული უნარი არის მოუმწიფებელი, ის აწყდება სირთულეებს აკადემიურ სფეროში, რაც ბავშვის ქცევასა და ემოციურ სფეროზე ნეგატიურად ისახება.

რა არის წინასასკოლო მზაობის შემადგენელი ნაწილები?

თვითრეგულაციის უნარი: ბავშვს უნდა შეეძლოს მოიპოვოს, შეინარჩუნოს და შეცვალოს ემოცია, ქცევა, შეეძლოს ყურადღების კონცენტრაცია და აქტიურობის დონის შენარჩუნება, რომელიც საჭიროა კონკრეტული დავალებისთვის, ან სიტუაციისთვის.

სენსორული გადამუშავების უნარი: ბავშვს როგორც გარემოში, ისე საკუთარ სხეულში, უნდა შეეძლოს სენსორული სტიმულაციის გადამუშავება, რომელიც გავლენას ახდენს შემდეგ უნარებზე: მაგ. ყურადღების კონცენტრაციაზე, დასწავლაზე, მერხთან ჯდომაზე, ფანქრის ჭერაზე, მასწავლებლის მოსმენაზე.
რეცეპტული ენა (მიმართული მეტყველების გაგება): მაგ. მასწავლებლის ინსტრუქციების გაგება. სხვის მიერ წაკითხული მარტივი ამბის შინაარსის გაგება.

ექსპრესიული ენა/მეტყველება:ბავშვს უნდა შეეძლოს ყველასთვის გასაგებად მეტყველება. ამბის გამართული, თანმიმდევრული თხრობა. სურათის აღწერა. სიტყვის ფონოლოგიური ანალიზი (სიტყვაში ბგერების გარჩევა) და სინთეზი (სიტყვაში ბგერების გაერთიანება).

არტიკულაცია: სიტყვაში ბგერების მკაფიოდ გამოთქმის უნარი.

აღმასრულებელი ფუნქციონირება:მაღალი დონის აზროვნების და ფიქრის უნარი. აღმასრულებელი ფუნქციები გულისხმობს რაიმე ამოცანის წინაშე აღმოჩენის, ან ახალ სიტუაციაში ყოფნის დროს მოქმედების გეგმის შემუშავებას, ამ გეგმის შესრულებისთვის საჭირო სტრატეგიების ჩამოყალიბებას და შემდეგ საკუთარი თავისთვის უკუკავშირის მიცემას, თუ დასახული გეგმა რამდენად ეფექტურად შესრულდა. აღმასრულებელი უნარების კატეგორიაში გადის იმპულსის კონტროლიც (იმპულსის შეკავების უნარის განვითარებისთვის აუცილებელია, ბავშვმა საკუთარი მოთხოვნის დროში გადავადება შეძლოს). შესაბამისად, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს ბავშვის ქცევა, შეძლოს დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და აგრეთვე, მან შეძლოს ყურადღების კონცენტრაცია, მნიშვნელოვანია ამ უნარების გავარჯიშება.

მუშა მეხსიერება: რომელიც გულისხმობს დავალების შესრულების პროცესში შუალედური ინფორმაციის დამახსოვრებას, სანამ სხვა მოქმედებას ახორციელებს ბავშვი.

აზროვნება: კატეგორიზების უნარი.

ემოციური განვითარება/რეგულაცია: ემოციის აღქმის უნარი, ემოციის ინტეგრაციის უნარი, ემოციის გაგების უნარი და ემოციის რეგულაციის უნარი (მაგ. ბავშვის საპასუხო რეაქციები ცვალებად გარემოზე).

სოციალური უნარები: სხვებთან რეციპროკულ ინტერაქციაში ჩართვის უნარი (ვერბალურად და არავერბალურად), სხვებთან კომპრომისზე წასვლის უნარი, სოციალური ნორმების გაგების და შესრულების უნარი.

დაგეგმვის და თანმიმდევრულობის უნარი: თანმიმდევრული, რამდენიმე საფეხურიანი დავალების ან აქტივობის შესრულების უნარი, განსაზღვრული პასუხის მისაღებად (მაგ. „ამოჭერი და ჩასვი“ დავალებები, მარტივი არითმეტიკული სავარჯიშოები).

თვითმოვლის უნარები: დამოუკიდებლად ჩაცმის უნარი, ტუალეტის ჩვევა.

მსხვილი მოტორიკა: შეეძლოს წონასწორობის შენარჩუნება, სირბილი, ხტუნვა, ბურთით თამაში.

ნატიფი მოტორიკა: შეეძლოს თითების და ხელის ნატიფი მოძრაობა, ხატვა, გაფერადება, გამოძერწვა, ფურცლების დაჭრა, თასმის შეკვრა.

როგორ უნდა შეამჩნიოთ, რომ ბავშვი არ არის მზად სკოლისთვის?

თუ ბავშვს გარკვეული პრობლემები აქვს წინასასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, ის შეიძლება:

ადვილად ღიზიანდებოდეს, როცა მის მიმართ გარკვეული მოლოდინები ჩნდება.
უჭირდეს ყოველდღიურ აქტივობების დროს ინსტრუქციების შესრულება.
მშობლების დახმარებას ითხოვდეს თვით მოვლის აქტივობებში (მაგ. ჩაცმა).
არ ქონდეს ტუალეტის ჩვევა ათვისებული.
უჭირდეს აქტივობებში იმდენი ხნით ჩართვა, რამდენიც მის თანატოლებს შეუძლიათ.
იყოს სოციალურად მოუმწიფებლები (მაგ. არ შეეძლოს გაზიარება, თამაშის წესების ცვლილებასთან შეგუება).
არ ჰქონდეს კარგად განვითარებული რეცეპტული ენა და/ან ექპრესიული ენა/მეტყველების უნარები.
უჭირდეს თავისი ქცევის შედეგების განსაზღვრა.
არ ინტერესდებოდეს წიგნებით, ან ისეთი აქტივობებით, რომლებიც მაგიდასთან ჯდომას მოითხოვს.
ვერ ახერხებდეს თანატოლებთან ნორმალურად ურთიერთობას.
ჰქონდეს თამაშის შეზღუდული უნარი (ვერ ახერხებდეს თამაშის გამრავალფეროვნებას).
იყოს რეზისტენტული ახალი აქტივობების შესრულებისას და/ან საჭიროებდეს გარედან დაგეგმვას თუ როგორ გამოიმუშაოს/განავითაროს ახალი უნარი.
იყოს რეზისტენტული სხვების მხრიდან სწავლებაზე.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა ბავშვისთვის წინასასკოლო უნარების განვითარებისთვის?

მშობლების მოლოდინები: სასურველია გაზარდოთ მოლოდინები ბავშვის თვითმოვლის აქტივობებზე, როგორიცაა ჩაცმა, ტუალეტის ჩვევა, კვება, სახლიდან გასვლის წინ მომზადება. ამ აქტივობების შესასრულებლად დაეხმარეთ მხოლოდ ვერბალური მითითებებით და არა ფიზიკურად.

სოციალური უნარები: წაახალისეთ ბავშვი, რომ გაიცნოს თანატოლები და ჩაერთოს მათთან გარკვეულ თამაშებში, სადაც სოციალურ ინტერაქციას ხელი შეეწყობა მშობლების მხრიდან.

ადრეული მომზადება: დაიწყეთ ბავშვის შემზადება სკოლისთვის 4 წლის ასაკიდან, სკოლაში წასვლის მოლოდინებზე, მისაღებ ქცევაზე საუბრით, შეეცადეთ ჩართოთ ბავშვი ისეთ აქტივობებში, რომლებიც მაგიდასთან ჯდომას მოითხოვს.

კოლაბორაცია: ბავშვის ბაღის მასწავლებელთან გასაუბრების შედეგად, შეეცადეთ აღმოაჩინოთ ბავშვის სუსტი მხარეები, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს.

მხედველობითი სტრატეგიები: გამოიყენეთ თვალსაჩინოება (მაგ. სურათებიანი ცხრილები), რომ ბავშვმა ადვილად აღიქვას თავისი დღის რუტინა, როგორც სახლში, ისე საბავშვო ბაღში.

ახალ გარემოსთან შეგუება: შეამზადეთ ბავშვი სასკოლო ექსკურსიებისთვის: წაიყვანეთ ბიბლიოთეკაში, ზოოპარკში, საშოპინგო ცენტრში და ყურადღება გაამახვილეთ კონკრეტული გარემოში მისაღებ ქცევაზე. შეგიძლიათ მიიყვანოთ ბავშვი სკოლის სათამაშო ზონის ადგილას, დაათვალიერებინოთ სკოლის საპირფარეშო, საკლასო ოთახი.

რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს წინასასკოლო მზაობის არ ქონამ?

ბავშვს შესაძლოა ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს სკოლის, სწავლის, მასწავლებლის მიმართ.
შესაძლოა გამოიწვიოს თანატოლების უარყოფა და სოციალური იზოლაცია.
დაბალი აკადემიური მოსწრება, რომელიც გამოწვეულია ბაზისური უნარების მოუმწიფელობით და ამასთან თანდართული ემოციური და ქცევითი სირთულეებით.
აღნიშნული მდგომარეობა სტრესულია ასევე ბავშვის მშობლებისთვის და მასწავლებლისთვის.

რა სახის თერაპიებია რეკომენდებული აღნიშნული პრობლემის დროს?

ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია.
ოკუპაციური თერაპევტის კონსულტაცია.
მეტყველების თერაპევტის კონსულტაცია.

“თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი”
მისამართი : გ. ქუჩიშვილის ქ.4




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი