მთავარი » ქრისტიანობა

“შვილო, ხალხი შენზე ამბობს, წიგნის კითხვას ჭკუიდან გადაუყვანიაო და გთხოვ, ნუ ივლი ყოველ კვირას ეკლესიაში და ნუ ბუტბუტებ ასე ხატებთანო”…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2017 | 1,975 ნახვა

მამა სერაფიმე დანელია სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი სერაფიმე დანელია: “ბოლო დროს ძალზე იშვიათად და რამდენიმე წუთით თუ შევიხედავ წიგნების სამყაროში. არადა იყო დრო, როცა იქ ვცხოვრობდი და ვწუხდი, თუკი რამდენიმე წუთით იძულებული ვიყავი რეალურ სამყაროს დავბრუნებოდი…

დედა ბიბლოთეკრად მუშაობდა და ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა საღამოობით ჩავკეტილიყავი ბიბლიოთეკაში და დაბინდებამდე მეკითხა წიგნები…

როგორ გადმოგცეთ იქ გატარებული წუთების მშვენიერება და ჯადოსნურობა, წიგნების განუმეორებელი სურნელება, სიჩუმეში ფურცლების შრიალი…

წიგნები თითქოს პიროვნებებია, თავიანთი სახელით, ისტორიით, დასაწყისით და დასასრულით…

წიგნებით გადატვირთულ თაროებს შორის ისე დგახარ, როგორც ჭრელი საზოგადოების შუაგულში და თითოეულ მათგანს ხელის ჩამორთმევით ესალმები. ისინი გიყვებიან თავიანთ შესახებ და ცდილობენ თავი მოგაწონონ. არიან მათში, როგორც საზოგადოებაში, გარეგნულად ბრჭყვიალა და მყვირალა სახეები იაფფასიანი შინაარსით, არიან უბრალო სამოსით შემოსილები, – გაცნობის წუთიდან რომ აღგაფრთოვანებენ და ისეთი იდეოლოგიური ტიპებიც, შავსა და მუქ ყავისფერ ყდა-სამოსში რომ გამოწყობილან და მათკენ გახედვაც გეზარება…

აქ მთელი სამყაროა. სამყარო, სადაც ყველაზე მეტად გხიბლავს ის, რომ აქ შენი თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას და შეგიძლია ვინც მოგეწონება მას ჩაკიდო ხელი და შენთან წაიყვანო… ოღონდ ჩუმად, ისე რომ დედამ არ გაიგოს…

წიგნი ლოგინში, წიგნი ჭამის დროს…ყანაშიც კი… დედა ბრაზდებოდა: ,,ჭკუიდან არ გადაგიყვანოს ამდენი წიგნის კითხვამ,” – მეტყოდა ხოლმე და ერთხელაც, ქალაქიდან ჩამოსული ხატებთან მლოცველი რომ დამინახა, შემომტირა: “შვილო, ხალხი შენზე ამბობს, წიგნის კითხვას ჭკუიდან გადაუყვანიაო და გთხოვ, ნუ ივლი ყოველ კვირას ეკლესიაში და ნუ ბუტბუტებ ასე ხატებთანო”…

… ბოლო დროს ძალზე იშვიათად და რამდენიმე წუთით თუ შევიხედავ წიგნების სამყაროში. მაგრამ გულით მუდამ ერთ სურვილს დავატარებ: ძველებურად კვლავ ჩავიკეტო სადმე და ვიყოთ იქ მხოლოდ მე და წიგნები…”

წიგნიდან “მომეფერე უფალო”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.