მთავარი » ქრისტიანობა

წესი და განმარტება ღამისთევის ლოცვისა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.03.2018 ერთი კომენტარი | 2,552 ნახვა

ღამისთევის ლოცვა სრულდება ყოველ შაბათსა და დღესასწაულის წინა საღამოს. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, ეს არის ლოცვა, რომელიც მთელი ღამე გრძელდება. left ქრისტიანობის უძველეს ხანაში წარმართებისგან დევნილ ქრისტეანთა ღვთისმსახურება სრულდებოდა ღამით, მტრისათვის შეუმჩნევლად. აღნიშნული მსახურება იწყებოდა გვიან საღამოს და თითქმის გათენებამდე გრძელდებოდა.

ღამისთევის ლოცვა მოიცავს დიდ მწუხრს, დიდ ცისკარსა და I ჟამნს. წესი მათი ღამით შესრულებისა დღეს ნაწილობრივ შეცვლილია: ისინი სრულდება საღამო ხანს, თუმცა ათონზე და ზოგიერთ სხვა მონასტერში იგი უცვლელი დარჩა.

დიდი მწუხრი

დიდი მწუხრი იწყება შემდეგნაირად: იღება აღსავლის კარი: მღვდელი საცეცხლურითა და დიაკონი ანთებული სანთლით შემოუკმევენ ტრაპეზსა და საკურთხეველს.

საცეცხლური მღვდლის ხელში სიმბოლურად ნიშნავს სული წმიდის მოქმედებას სამყროს შექმნისას, ანთებული სანთელი დიაკონის ხელში კი – ნათელს საღმრთო სიბრძნისას.

კმევის დროს მღვდელი და დიაკონი არაფერს ამბობენ, რაც ნიშნავს შემდეგს: როცა ღმერთი ქმნიდა სამყაროს, ადამიანი ჯერ კიდევ არ არსებობდა; იგი თავის ქმნილებათა შორის ყველაზე ბოლოს შექმნა ღმერთმა. კმევისას საკურთხეველი წარმოადგენს სამოთხეს, მღვდელი – ადამს, დიაკონი – ანგელოზს, ტრაპეზი – ცხოვრების ხეს.

დიაკონი გამოდის აღსავლის კარით ამბიონზე და ამბობს დიდი ხმით: „აღსდეგინ, მეუფეო გვაკურთხენ“. მღვდელი საცეცხლურით ტრაპეზის წინ გამოსახავს ჯვარის სახეს და ამბობს ღამისთევის ლოცვის ასამაღლებელს: „დიდება წმიდასა, ერთარსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა…“ ასამაღლებელს დაასრულებს და სამჯერ მოუწოდებს მორწმუნეებს ღვთის თაყვანისცემისაკენ. „მოვედით თაყვანი ვსცეთ მეუფესა…“ ამის შემდეგ გუნდი იწყებს 103-ე ფსალმუნის გალობას, რომელშიც უდიდესი მხატვრული სილამაზითაა აღწერილი შექმნა სამყაროსი და ადამიანისა: „აკურთხევს სული ჩემი უფალსა, უფალო ღმერთო ჩემო განსდიდენ ფრიად…“ აღნიშნული ფსალმუნის გალობისას მღვდელი და დიაკონი აკმევენ მთელ ეკლესიას.

ასეთი საზეიმო დასაწყისი ლოცვისა ჩვენ გვაგონებს სამყაროს შექმნას და სამოთხეში პირველი ადამიანების უცოდველ მდგომარეობას, როცა მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, თუ რა იყო შიში და სირცხვილი, და სპეტაკი გულითა და უსაზღვრო სიყვარულით ადიდებდნენ ქვეყნიერების შემოქმედს, რომლის ხატადაც თავად იყვნენ შექმნილნი.

კმევისას მღვდლისა და დიაკვნის მსვლელობა ეკლესიაში ნიშნავს ადამის სიარულს სამოთხეში ანგელოზთან ერთად.

მღვდელი და დიაკონი შედიან საკურთხეველში. მღვდელი გადასცემს საცეცხლურს, დიაკონი აქრობს სანთელს, აღსავლის კარი იკეტება; ყველაფერი ეს ნიშნავს ადამიანთა ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან განდევნას.

შეცოდებისა და ღვთის მართლმსაჯულების შეურცხყოფის შემდეგ ადამიანები ჩავარდნენ მწუხარებასა და გაჭირვებაში. ამიტომ ფსალმუნის შემდეგ იკითხება დიდი კვერექსი, სადაც ადამი მთელი კაცობრიობის სახელით ევედრება ღმერთს პატიებასა და შეწყალებას. დიდი კვერექსი არის გოდება – ტირილი ადამისა და მისის მოდგმისა სამოთხის დაკარგვის გამო. ამ დროს მღვდელი საკურთხეველში კითხულობს შვიდ საიდუმლო ლოცვას, რომლებშიც შესთხოვს უფალს, რომ შეისმინოს ჩვენი ვედრება, გვასწავლოს შიში და სიყვარული ღვთისა, დღენი ჩვენი ცხოვრებისა გაგვატარებინოს უცოდველად, ღირსნი გაგვხადოს აღთქმული სასუფევლის დამკვიდრებისა.

დახურული აღსავლის კარის წინ მდგარი მლოცველნი გამოხატავენ სამოთხის კარის წინ მდგარ ჩვენს შორეულ წინაპრებს, რომელნიც მწარედ დასტიროდნენ თავიანთ მძიმე მდგომარეობას. მწარე სინანული ცოდვით დაცემის გამო და იმედი ღვთის მოწყალებისა არის გამოხატული ფსალმუნებში, რომლებიც დიდი კვერექსის შემდეგ იგალობება: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა…“ წმ. ეკლესიის მიერ ეს ფსალმუნები იმიტომაა შეტანილი ღვთისმსახურებაში, რომ პირველი ადამიანების შეცოდების გახსენების შემდეგ მორწმუნეებს გაახსენოს ისიც, რომ ადამიანის ცხონება და გადარჩენა ღვთის მოწყალებაზეა დამოკიდებული, რომ ხსნას ადამიანი მიაღწევს მხოლოდ ღვთის ნების აღსრულების შედეგად.

მცირე კვერექსის შემდეგ იგალობება ფსალმუნებიდან გამოკრებილი საგალობელი: „უფალო ღაღად-ვჰყავ შენდამი, ისმინე ჩემი, მოხედენ ხმასა ლოცვისა ჩემისასა, ღაღადებასა ჩემსა შენდამი…“ ამ საგალობელში მოთხრობილია ძველი აღთქმის ეკლესიის ისტორია წინასწარ-მეტყველ მოსემდე. „უფალო ღაღად-ვჰყავის“ მუხლების შემდეგ იკითხება სადიდებლები, სადაც ლაპარაკია ეკლესიის ისტორიაზე წინასწარმეტყველ მოსეს შემდეგ, იმაზე, რომ ღმერთმა შეისმინა ხალხის ვედრება და მოუვლინა წინასწარ-მეტყველნი, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ კაცობრიობის მხსნელზე – მესიაზე. სადიდებლები მთავრდება ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებული მუხლით. მასში მოცემულია ქრისტიანული სწავლება იესუ ქრისტეს შობაზე ყოვლად წმიდა მარიამისაგან.

გაიხსნება აღსავლის კარი, რაც ნიშნავს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის მოსვლით სასუფეველის გაღებაზე. მღვდელი, რომელიც სიმბოლურად ქვეყნად მოსულ მაცხოვარს განასახიერებს, დიაკონთან ერთად გამოდის საკურთხეველიდან ჩრდილო კარით და დგება აღსავლის კარის წინ. სამღვდელო პირების ამ გამოსვლას ეწოდება მწუხრის „მცირე გამოსვლა“. სანთელი, რომელიც წინ მიუძღვის სამღვდელოებას, მოასწავებს მაცხოვრის წინამორბედს – იოანე ნათლისმცემელს, ჩრდილო კარიდან გამოსვლა და აღსავლის კართან მისვლა – ქრისტეს ქვეყნიური მსვლელობაა.

მიიღებს რა კურთხევას მღვდლისაგან, დიაკონი საცეცხლურით აღსავლის კარებში გამოსახავს ჯვარს და ამბობს დიდი ხმით: „სიბრძნით აღემართენით“. აქაც, როგორც ლიტურგიაზე, ასამაღლებელი „სიბრძნით“ განკუთვნილია მორწმუნეთა ყურადღების გასამახვილებლად მიმდინარე საღვთო მომენტთან დაკავშირებით. მღვდელი და დიაკონი შედიან საკურთხეველში და ემთხვევიან წმ. ტრაპეზს. მორწმუნენი მღვდლის საკურთხეველში შესვლას აღსავლის კარით წარმოიდგენენ როგორც უშუალოდ მაცხოვრის მობრძანებას და უდიდესი ღვთაებრივი სიხარულით ხვდებიან მას შემდეგი საგალობლით: „ნათელი მხიარული, წმიდისა დიდებულისა, უკუდავისა, მამისა ზეცათასა…“ ადარებენ რა მაცხოვარს სინათლეს, მორწმუნენი აღიარებენ, რომ მხოლოდ ქრისტეს მოძღვრებამ შესძლო კაცობრიობის წყვდიადიდან გამოყვანა და ჭეშმარიტ გზაზე დაყენება.

აღსავლის კარებში საცეცხლურით ჯვარის გამოსახვა ნიშნავს წინასწარმეტყველებას მაცხოვრის ჯვარზე წამებაზე, ხოლო ტრაპეზის მთხვევა მოასწავებს იმას, რომ იესუ ქრისტე ამაღლების შემდეგ დიდებით დაჯდება მამა ღმერთის მარჯვნივ, მაღალ დასაჯდომელთან მისვლა კი – ქრისტეს მეორედ მოსვლას ქვეყნიერების განსასჯელად. შემდეგ იგალობება დღის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებიც გამოკრებილია ფსალმუნებიდან. კვირის ყოველ დღეს აქვს თავისი წარდგომა, ამიტომაც იწოდება ისინი „დღის წარდგომებად“. წარდგომაში მოკლედაა ასახული შინაარსი და მნიშვნელობა აღსანიშნავი დღესასწაულისა თუ მნიშვნელოვანი შემთხვევისა. ასე მაგალითად, კვირაძალზე იგალობება: „უფალი სუფევს, მშვენიერებაი შე-იმოსა“, ე.ი. უფალი მეფობს, შეიმოსა დიდებით.

დიდ დღესასწაულებზე დღის წარდგომის შემდეგ იკითხება საწინასწარმეტყველონი ან გამორჩეული ადგილები ძველი და ახალი აღთქმის წიგნებიდან, რომლებშიც მოცემულია წინასწარმეტყველება ან განმარტება აღსანიშნი დღისა ან ქება დღესასწაულის წმინდანისა. თუ საწინასწარმეტყველო ძველი აღთქმიდანაა, მაშინ აღსავლის კარი იხურება, ხოლო თუ ახალი აღთქმიდან – რჩება ღია.

საწინასწარმეტყველოს შემდეგ სრულდება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები, რომელთა შორისაც იკითხება: „და ღირს მყუენ ჩუენ უფალო მწუხრსა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა…“ ამ ლოცვაში მორწმუნენი შესთხოვენ ღმერთს, რათა უშფოთველად და მშვიდად გაატარონ ღამე. თხოვნითი კვერექსის შემდეგ, იმ დროს, როცა მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც ითხოვს ღვთისაგან ზეციურ მადლს მორწმუნეთა დასაცავად ბოროტისაგან, მლოცველნი მოკრძალებით ხრიან თავს.

შემდეგ იკითხება სადიდებელნი „სტიქარონსა ზედა“. „სტიქარონი“ წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან „სტიხირარიონ“, რაც ისეთ საგალობლებს წარმოადგენს, რომლებიც უპირისპირონი არიან, ვინაიდან თვითონ წარმოადგენენ სძლისპირს და სრულდებიან სხვა საგალობლებისაგან განსხვავებულ, საკუთარ კილოზე. სტი-ქარონის საკითხავებში მოთხრობილია ეკლესიის ისტორია ბაბილონის ტყვეობის შემდეგ.

შემდეგ იკითხება წმ. სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონაი შენი მეუფეო…“ (ლუკა 2.29-32). ამ ლოცვაში მაცხოვრის ხილვით გახარებული მართალი სვიმეონი, დარწმუნებული კაცობრიობის გადარჩენაში იესუ ქრისტეს მხსნელი მადლის წყალობით ითხოვს ღვთისაგან ქვეყნიურ სიკვდილს. ლოცვაში გატარებულია აზრი ძველი აღთქმის მართალთა მოლოდინისა ქვეყნიერების მხსნელზე – მესიაზე. „აწ განუტევეს“ შემდეგ იკითხება დასაწყისი ლოცვები და იგალობება ტროპარი დღის წმინდანისა ან დღესასწაულის. ამას მოსდევს ლოცვა მართალ იობისა „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე…“ (იობი 1.21. ფსალმუნი 112.2). და იკითხება სამადლობელი 33-ე ფსალმუნი „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა…“

მწუხრი მთავრდება მღვდლის მიერ ხალხის კურთხებით: „კურთხევა უფლისა თქუენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა…“ აქ მწუხრს მოებმის ცისკარი.

დიდ დღესასწაულებზე ეკლესიაში საზეიმო განწყობილების შესაქმნელად, ღამისთევის ლო-ცვებში ჩართულია შუა ეკლესიაში შესასრულებელი მთელი რიგი ლოცვები და მოქმედებანი, რომელთაც ეწოდება ლიტია და პურის კურთხევა. სიტყვა „ლიტია“ ნიშნავს გაძლიერებულ ლოცვას (მართლაც „უფალო შეგვიწყალენს“ აქ გალობენ 40, 30 და 50-ჯერ). ლიტია სრულდება ეკლესიის უკანა ნაწილში კარებთან ახლოს. ძველად იგი სრულდებოდა იმ მიზნით, რომ მიეცათ უფლება საერთო ლოცვაში მონაწილეობის მიღებისა კათაკმეველთათვის და იმათთვისაც, ვინც მონანიებაში იყო და არ ჰქონდა ეკლესიაში შესვლის უფლება.

ლიტიაზე წმ. ეკლესია შესთხოვს უფალ ღმერთს ყოვლად წმიდა ღვთისმშობელისა და ყველა წმინდას ლოცვითა და შუამდგომლობით ღვთივდაცული ერის, პატრიარქის, სამღვდელოების, ერისკაცთა და ყველა მართლმადიდებელი ქრისტეანის შეწყალებასა და კეთილდღეობას, ტყვეთა განთავისუფლებას, სნეულთა განკურნებას, ქვეყნიერების დაცვას ცეცხლის, მიწისძვრისა და სხვა უბედურებათაგან. ლიტიას მღვდელი ამთავრებს ლოცვით: „მეუფეო მრავალმოწყალეო…“, რომელსაც მლოცველნი მოისმენენ თავდახრილნი. ამის შემდეგ სამღვდელოება გადაინაცვლებს შუა ეკლესიაში პატარა მაგიდასთან, რომელზედაც მოთავსებულია საკურთხებელი ხუთი პური, ხორბალი, ღვინო და ზეთი. პურის კურთხევით ვიხსენებთ მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურების სასწაულსა და ქრისტეანთა უძველეს ჩვევას ეკლესიაში პურის, ღვინისა და ზეთის მიტანისა, რომელიც ლოცვის შემდეგ უნაწილდებოდა მორწმუნეებს. ამიტომაცაა, რომ დღესაც ნაკურთხი პური ლოც-ვის დასასრულს ურიგდება მლოცველთ, ნაკურ-თხი ზეთი კი გამოიყენება ცისკარზე, წმ.სახარე-ბის წაკითხვის შემდეგ მორწმუნეთა საცხებლად.

სტიქარონის შემდეგ იგალობება „აწ განუტევე“, რასაც მოჰყვება დასაწყისი ლოცვები და ტროპარი დღისა, რომლის გალობის დროსაც დიაკონი სამჯერ შემოუკმევს მაგიდას საკურთხებელი პურით. ბოლოს მღვდელი კითხულობს პურის კურთხევის ლოცვას: „უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩვენო, რომელმან აკურთხენ ხუთნი პურნი…“ საღამოს ლოცვა მთავრდება მართალ იობის ლოცვით, 33-ე ფსალმუნითა და მღვდლის მიერ ხალხის დალოცვით.

დიდი ცისკარი

ღამისთევის ლოცვაზე ცისკარი იწყება მწუხრის დამთავრებისთანავე ექვსი ფსალმუნის კითხვით: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება„. ეს ის სიტყვებია, რითაც ბეთლემში ანგელოზნი ადიდებდნენ მაცხოვრის შობას. ე.ი.ცისკრის ეს ნაწილი აუწყებს მორწმუნეებს კაცობრიობის მხსნელის – მესიის განხორციელებას.

ფსალმუნებში ლაპარაკია იმ მტრობასა და დევნა-შევიწროებაზე, რითაც იყო გარშემორტყმული წინასწარმეტყველი დავითი; მაგრამ დავითის სახელის ქვეშ უნდა ვიგულისხმოთ თვით უფალი ჩვენი იესუ ქრისტე, ხოლო მის უბედურებათა ქვეშ – ყველა ის ტანჯვა-წამება, რაც ელოდა მომავალ მესიას.

ფსალმუნების კითხვისას მღვდელი კითხულობს თორმეტ საიდუმლო ლოცვას, რომლებშიც ჰმადლობს ღმერთს გასული ღამისათვის; შესთხოვს უფალს მართლმადიდებელ ქრისტიანთა გაძლიერებას, ცოდვათა მიტევებას, სარწმუნოებასა და სიყვარულს, ზეციური სასუფევლის დამკვიდრებას.

ფსალმუნების კითხვისას მღვდლის მიერ საიდუმლო ლოცვების კითხვა ნიშნავს იმას, რომ 30 წლამდე მაცხოვარი თუმცა ხალხში იყო, ხალხმა არაფერი იცოდა მის შესახებ. თვით ექვსი ფსალმუნის კითხვა მოასწავებს იოანე ნათლისმცემლის ქადაგებას შენანების შესახებ. ამიტომაცაა, რომ ამ ფსალმუნების კითხვისას ზოგიერთ ეკლესიებში ტაძარს ნაკლებად ანათებენ.

ექვსი ფსალმუნის შემდეგ იკითხება დიდი კვერექსი, რომლის შემდეგაც საზეიმოდ სრულდება მორწმუნეთა საცხონებლად განკაცებული ღმერთის – იესუ ქრისტეს სადიდებელი: „ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. ეს ადგილი ცისკრისა მოასწავებს იესუ ქრისტეს ნათლისღებასა და წმ. სამების გამოცხადებასაც. ამიტომაცაა, რომ ამ დროს ტაძარს უფრო მეტად ანათებენ.

„ღმერთი უფალის“ შემდეგ იგალობება ტროპარი. აღდგომის ტროპარებში იდიდება მაცხოვრის მიერ ჯოჯოხეთის დათრგუნვა და ძლევა სიკვდილისა. ტროპარის შემდეგ იკითხება დავითის ფსალმუნები გარკვეული წესით. მათი კითხვისას ძველად მორწმუნეთათვის დაშვებული იყო ჯდომა. ფსალმუნებში მოცემულია წინასწარმეტყველება ძველი აღთქმისა იესუ ქრისტეზე. კანონის შემდეგ იკითხება სტიხოლოგიები, სადაც უფრო გარკვევითაა ასახული მაცხოვრის წამება და სიკვდილი. სტიხოლოგიებს მოსდევს მცირე კვერექსი. ამის შემდეგ იწყება ყველაზე საზეიმო ნაწილი ცისკრისა. იხსნება აღსავლის კარი და შუა ეკლესიაში გამოსვენდება წმ. სახარება. ეკლესიას კიდევ უფრო მეტად ანათებენ. გუნდი იწყებს მე-19 კანონის გალობას: „აქებდით სახელსა უფლისასა, აქებდით მონანი უფალსა…“ ამ საგალობელს კიდევ უწოდებენ „ნეტარ არიანს“. მღვდელი და დაიკონი აკმევენ ეკლესიას.

აღსავლის კარის გაღება და წმ. სახარების გამოსვენება მოასწავებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას. მღვდლისა და დიაკვნის მსვლელობა ეკლესიაში კმევისას ნიშნავს ქრისტეს მოციქულებისა და მენელსაცხებლე დედების დიდ სიხარულს, გამოწვეულს იესუ ქრისტეს აღდგომით, წმ. სახარების შუა ეკლესიაში დასვენება კი იმას, რომ მაცხოვარმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, ამაღლებამდე, ორმოცი დღე დაჰყო დედამიწაზე და ეცხადებოდა ხალხს. დიდ დღესასწაულებზე აქებდითის შემდეგ ეკლესიის შუა ნაწილში სადღესასწაულო ხატის წინ სამღვდელოების მიერ იგალობება სადიდებელი დღესასწაულის ან წმინდანის საქებელად. აღდგომის ცისკარზე აქ სრულდება ტროპარები: „კურთხეულ ხარ შენ უფალო, მასწავენ მე სიმართლენი შენნი; გუნდნი ანგელოზთანი…“, რომლებშიც ლაპარაკია იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასა და მენელსაცხებლე დედებზე, რომელთაც გამოეცხადა ანგელოზი ღვთისა.

აღნიშნული ტროპარებისა და მცირე კვერექსის შემდეგ იგალობება იპაკო და ანტიფონი – სპეციალური მუხლები, სადაც შექებულია იესუ ქრისტეს მიერ ადამიანის გამოხსნა. ყველაზე ხშირად იგალობება IV ხმის I ანტიფონი: „სიყრმით ჩემითგან ფრიად მბრძვანან…“, რომელშიც ლაპარაკია იესუ ქრისტეს წყალობით მორწმუნეთათვის მოცემულ მხსნელ მადლზე.

ანტიფონების შემდეგ ითქმის საცისკრო ან დღესასწაულის წარდგომა, რასაც მოჰყვება წმ. სახარების კითხვა. აღდგომის საცისკრო სახარებები სულ თერთმეტია. ისინი იკითხება თანმიმდევრობით, კვირიაკების მიხედვით. მათში მოთხრობილია ქრისტეს აღდგომაზე და იმაზეც, თუ როგორ ეცხადებოდა იგი მოციქულებს აღდგომის შემდეგ. დღესასწაულებზე იკითხება დღესასწაულის სახარება.

მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის სადი-დებლად მორწმუნენი გალობენ შემდეგ საგალობელს: „აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ…“ თუ დღესასწაული დაემთხვა უბრალო დღეს, მაშინ აღნიშნული საგალობელი არ იგალობება. მის ნაც-ვლად სრულდება დღესასწაულის საგალობელი.

დიაკონი ამბიონზე მაცხოვრის ხატის წინ კითხულობს ლოცვას: „აცხოვნე ღმერთო ერი შენი…“ მღვდლის ასამაღლებლის შემდეგ მორწმუნენი ემთხვევიან შუა ეკლესიაში დასვენებულ ხატსა და წმ. სახარებას. აქ ხდება ზეთის ცხებაც. მორწმუნეთა ზეთის ცხებისას მღვდელი ამბობს: „სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ამინ“, ე.ი. წმ. სამების სახელით სცხებს მორწმუნეებს ნაკურთხ ზეთს და გამოსთქვამს იმის მტკიცე რწმენას, რომ სარწმუნოებით მისი მიმღებელნი მიიღებენ კურნებას, შვებას.

ზეთის ცხების დამთავრების შემდეგ წმ. სახარება შესვენდება საკურთხეველში, აღსავლის კარი იკეტება. იწყება სძლისპირების კითხვა. მთელი კანონი, ანუ რიგი საეკლესიო საგალობლებისა რომელიმე წმინდანისა თუ დღესას-წაულისადმი განკუთვნილი, შესდგება ცხრა სძლისპირისაგან. თითოეული სძლისპირი თავის მხრივ შესდგება ტროპარებისაგან. შესდგება ტროპარებისაგან, რომლებშიც მოცემულია ეკლესიის ისტორია და ჩვენი პირადი ქება ღვთისა და წმინდანებისა. III, VI და IX სძლისპირების შემდეგ იკითხება მცირე კვერექსი. რადგან IX სძლისპირი განკუთვნილია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, ამიტომ აღნიშნული სძლისპირის წინ დიაკონი აღამაღლებს საცეცხლურს ღვთისმშობლის ხატის წინ და ამბობს ასამაღლებელს: „ღვთისმშობელსა დედასა ნათლისასა, გალობით ვადიდებდეთ“. მგალობელნი აქებენ ყოველდ წმიდას შემდეგი საგალობლით: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა…“ ჩასართავით: „უპატიოსნესსა ქერუბინთასა…“

სძლისპირების შემდეგ სამჯერ იგალობება: „წმიდა არს უფალი ღმერთი ჩვენი“ და იკითხება განმანათლებელი, რომელშიც გატარებულია აზრი იმისა, რომ მორწმუნენი გონებით უნდა განათლდნენ, განსპეტაკდნენ უფალი ღმერთის ღირსეულად სადიდებლად. ამას მოსდევს 148-ე, 149-ე და 150-ე ფსალმუნების კითხვა: „ყოველი სული აქებდით უფალსა, აქებდით უფალსა ცათაგან, აქებდით მას მაღალთა შინა…“ ამ ფსალმუნებში წინასწარმეტყველი დავითი მოუწოდებს ყველას და ყველაფერს ღვთის სადიდებლად, რადგან ადამიანის ცოდვით დაცემა მთელი სამყაროს წუხილიცაა. იგივე აზრია გატარებული აქებდითის სადიდებლებშიც.

იხსნება აღსავლის კარი და მღვდელი ხელაპყრობილი ღაღადებს: „დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი“. მღვდლის ამ სიტყვებს გადავყავართ ქრისტეანობის უძველეს ხანაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმას, რომ ძველად ღამისთევის ლოცვა გრძელდებოდა მზის ამოსვლამდე. მღვდელი მორწმუნე ერის სახელით მადლობს ღმერთს ახალი დღის დადგომასა და მზის ნათელის ხელახალი ხილვისათვის. ხილული ნათელის ქვეშ მორწმუნენი გულისხმობენ სარწმუნოებრივ-ღვთაებრივ ნათელსაც, რომელსაც ეზიარნენ იესუ ქრისტეს წყალობით. გუნდი გალობს მეუფე დიდების სადიდებელს: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა…“, რომელსაც დაასრულებს წმიდა სამების საგალობლით: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ“. ამ საგალობლით ქმნილება ადიდებს შემოქმედს, როგორც ანგელოზნი, ისე ადამიანები, როგორც ზეციური, ისე ქვეყნიური ეკლესიები ადიდებენ ქვეყნიერების შემოქმედს.

აღნიშნულის შემდეგ იგალობება დღესასწაულის ტროპარი, ხოლო აღდგომის დღეს – ტროპარი აღდგომისა კენტი ან ლუწი ხმის მიხედვით: I, III, V და VII ხმაში იკითხება: „დღეს ცხოვრება არს ყოვლისა სოფლისა…“, ხოლო II, IV, VI და VIII ხმაში: „აღსდეგ საფლავისაგან და ჯოჯოხეთისა საკრეველნი შე-მუსრენ…“ ამ ტროპარებში ლაპარაკია ქრისტეს აღდგომასა და იმ სიძნელეებზე, რომლებიც გა-დახდათ მოციქულებს ქრისტიანობის ქადაგებისას.

შემდეგ სრულდება მრჩობლი და თხოვნითი კვერექსები. ცისკარი მთავრდება დიდი ჩამოლოცვით, სადაც ყოვლად წმიდა ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების შუამდგომლობით შესთხოვს მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს მორწმუნეთა შეწყალებასა და ცხონებას. აღსავლის კარი და კრეტსაბმელი იხურება.

ცისკარს მოებმის I ჟამნი, რითაც მთავრდება ღამისთევის ლოცვა.

„ლოცვანი და განმარტებანი„, თბილისი, 2000 წ.

წყარო: http://www.orthodoxy.ge


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.