მთავარი » ჯანმრთელობა

ჭარბწონიანობა ბავშვებში – პრობლემები და მათი მოგვარების გზები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.10.2016 ერთი კომენტარი | 4,918 ნახვა

ბავშვთა ასაკში ჭარბი წონის გავრცელების ზუსტი სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს, თუმცა ბავშვთა ენდოკრინოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ჭარბწონიანი ბავშვების რიცხვი ბოლო წლებში საკმაოდ გაზრდილია არა მარტო საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. ჭარბწონიანი რა იწვევს ჭარბწონიანობას და რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას მან მოზარდს? გვესაუბრება ბავშვთა ენდოკრინოლოგი თამარ მაჭარაშვილი (სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”):

“ჭარბწონიანი ბავშვების ზუსტი სტატისტიკა ვერც იარსებებს, რადგან ყველა მათგანი არ მიმართავს ექიმს. თუმცა, ენდოკრინოლოგთან მომართვის ყველაზე ხშირი მიზეზი მაინც ესაა. ბავშვები აღნიშნავენ სხეულის მასის ზრდას, რომელიც, მათივე აზრით, არ ემორჩილება დიეტას. თუმცა ის შეზღუდვები, რასაც ბავშვები თავს უწესებენ, დიეტა არაა, ეს უფრო არასწორი კვებაა, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს წონის მატების მიზეზი. ტენდენცია ჭარბწონიანობის ზრდის, ნამდვილად შეინიშნება, უმეტესწილად პუბერტულ, სქესობრივი მომწიფების, პერიოდში. გოგონები უფრო ხშირად მიმართავენ ექიმს. მიზეზი კი უხშირესად არის კვების დარღვევა, სწრაფი კვების ობიექტები, სადაც საკვები გამოირჩევა ნახშრწყლებისა და ცხიმების დიდი შემცველობით და მაღალი კალორიულობით. უნდა აღინიშნოს, რომ ჭარბი წონის გავრცელება მატულობს უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებშიც.

დავამატებ, რომ არსებობს მემკვიდრული წინასწარგანწყობა, კონსტიტუციური ტიპი, რომელიც, თავის მხრივ, განსაზღვრავს სიმსუქნის ტიპსაც და ასევე დაავადებები, რომლებიც შეიძლება გახდეს სიმსუქნის მიზეზი. მაგ.: ჰიპოთირეოზი. ყველაზე ხშირად დედები მოდიან თხოვნით, რომ გამოვიკვლიო მათი შვილები ამ კუთხით.”

რა სხვაობაა ჭარბწონიანობასა და სიმსუქნეს შორის და არსებობს თუ არა წონის სტანდარტი მოზარდებში?

არსებობს ცნება სხეულის მასისი ინდექსი (სმი), რომლის მიხედვითაც: სმი 18-დან 25-კგ/მ2 არის ნორმალური მასა, სმი 25-დან 30 კგ/მ2 არის ჭარბი წონა და ამის ზემოთ, უკვე სიმსუქნის დიაგნოზი ისმება. პატარებში, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ადრე, და ახლა უკვე 10 წლამდეც, ეს შეფასება არ გამოიყენება. ამ შემთხვევაში ვიყენებთ სპეციალურ მრუდებს, ბავშვის ფიზიკური განვითარების შესაფასებლად.

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ჭარბმა წონამ მოზარდს?

ჭარბი წონა არის სიმსუქნის განვითარების წინა პირობა. სიმსუქნე კი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის განვითარებით. ეს ხდება ბავშვთა ასაკშიც. ხშირად, როცა ვეკითხები მშობელს, თუ გაუზომავს წნევა ან გლიკემია ანუ სისხლში შაქრის შემცველობა ბავშისათვის, უკვირთ – „ეს ხომ ბავშვია, ექიმო?!“ სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რომ ბავშვია და ამ ასაკშიც შეიძლება გაუჩნდეს მსგავსი პრობლემები. მნიშვნელოვანია გამოვყოთ პუბერტული ანუ სქესობრივი მომწიფების პერიოდი. სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს პუბერტატის დაგვიანება და სხვა უფრო სერიოზული დარღვევები.

როგორ უნდა კონტროლდებოდეს მშობლების მხრიდან ბავშვის ჭარბწონიანობა და რამდენად მნიშვნელოვანია წონის კონტროლი ადრეულ ასაკშივე?

მოდით, ამ კითხვაზე პასუხს დავიწყებ იქიდან, შეიძლება თუ არა მისი გამოსწორება. რა თქმა უნდა, რომ შეიძლება. ჭარბი წონა არის ის მდგომარეობა როდესაც სწორი კვებითა და ფიზიკური დატვირთვის გაზრდით, იოლად მიიღწევა მასის ნორმალიზება, და შენარჩუნებაც არაა ძნელი. სხვა შემთხვევაში, სიმსუქნის განვითარებას და მის უყურადღებოდ, უმკურნალოდ დატოვებას, მოყვება ის გართულებები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება მშობლების როლს, თუ ბავშვი, განსაკუთრებით თინეიჯერი, თავს იგრძნობს დაჩაგრულად, დისკრიმინირებულად, (მას უკრძალავენ მისთვის საყვარელ საკვებს) ის უცილებლად გამოთქვამს პროტესტს. ამიტომ ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ სიმსუქნესთან ბრძოლაში (ეს ნამდვილად მძიმე ბრძოლაა, დამეთანხმებით) ბავშვები არ უნდა დავტოვოთ მარტო. ოჯახის ყველა წევრი უნდა იკვებებოდეს ერთნაირად, სასურველია, რომ საკვების მიღება, შაბათ-კვირას მაინც, იყოს ერთგვარი რიტუალი, ოჯახური სადილი და მსგავსი. ეს ეხმარება ბავშვს ფსიქოლოგიურად. პატარებთან ხშირად ვურჩევთ დედას „რესტორნობანა ითამაშოს“, შესთავაზოს ბავშვს ბოსტნეულის კერძები (რომლებიც მათ საშინლად არ უყვართ), ლამაზად აწყობილი, ლამაზ თეფშებზე და ა.შ. არ უნდა დავივიწყოთ ფიზიკური აქტიურობა, ფეხით სიარული, სხვადასხვა სახის თამაშები პატარებთან ერთად, ცურვა, ველოსიპედი და ა.შ.

უფროსებს მოსწონთ ე.წ. მსუქანი ბავშვები, ხშირად თავად აძალებენ საკვების გადამეტებით მიღებას. რა რჩევებს მისცემთ მოზარდებს და მათ მშობლებს, რომ თავიდან აიცილონ ჭარბი წონის პრობლემა?

დიახ, ეს განსაკუთრებით ბებიებს უყვართ, ლოყაწითელი შვილიშვილები. სიმსუქნე არ არის ჯანმრელობის მაჩვენებელი, პირიქით. სწორი კვება ითვალისწინებს არა მარტო საკვების შედგენილობას, არამედ კვების სწორ ჯერადობას. სასუსნავები კვებასა და კვებას შორის, დიდი შეცდომაა.

გავიმეორებ იმას, რაც უკვე ვთქვი. მშობლებმა შვილებთან ერთად უნდა მიიღონ ეს მოცემულობა და შეუწყონ ხელი მათ, ჭარბ წონასთან ბრძოლაში. ხშირად დედები ჩემგან ელიან, რომ დავუნიშნავ რაიმე პრეპარატს მადის დასაქვეიებლად და ა. შ. ვატყობ, რომ ის რჩევები, რასაც ვაძლევ, არ იწვევს მათ ნდობას. არა და უმნიშვნელოვანესია, რომ აღიარონ პრობლემა და ზუსტად შეასრულონ ყველა მითითება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • Nato says:

    დიდი მადლობა ქალბატონ თამარს კონმპეტენტური რჩევებისთვის. ჩემს ბავშვს ჰქონდა მიდრეკილება ჭარბწონიანობისკენ, დროულად მივაქციეთ ყურადღება და პრობლემაც მოგვიგვარდა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი