მთავარი » საზოგადოება

ჭაქვინჯის ციხე – კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ახალი ძეგლი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2017 | 1,474 ნახვა

ჭაქვინჯის ციხე — ციხესიმაგრე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში, მდინარე ჭანისწყლის ნაპირას, მაღალ მთაზე.

კომპლექსის შემავალი ნაგებობებია: ციტადელი, კოშკი და გვირაბი, პალატი და ეკლესია.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 17.03.2017 ბრძანება №2/24-ის საფუძველზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

ჭაქვინჯის ციხე

ჭაქვინჯის ციხის აშენების თარიღი შეიძლება განისაზღვროს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით – IV-V საუკუნეებით. ციხის არქოლოგიური და არქიტექტურული ანალიზი ამაზე მიუთითებს.

ისტრიულ წყაროებში იგი XVII საუკუნიდან იხსენიება. ეს ცნობები ძალზე ცოტას გვაძლევს, რადგან ციხემ იარსება თხუთმეტი საუკუნე და ამ ხნის განმავლობაში მას ცხოვრების დიდი გზა ექნებოდა გავლილი.

შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XII-XIV საუკუნეებში. ძლიერი მტრის დარტყმებმა ციხე მეტად დააზიანა.

მომდევნო საუკუნეებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებასაც. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI საუკუნიდან.

ბოლო პერიოდის ციხის ისტორია დაკავშირებულია დადიანებთან. სამეგრელოს მთავარი დადიანის რეზიდენცია ზუგდიდში იყო, მაგრამ უმცროსი შტოს წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სხვადასხვა ადგილებში. ერთი ასეთი იყო ჭაქვინჯი.

ჭაქვინჯის ციხისთვის მაღალ მთებში ადგილი ისე მოხერხებულადაა შერჩეული, რომ იქ მჯდომი ძალიან დიდ მანძილზე ზვერავდა. შორს, ქვემოთ კოლხეთის დაცემული დაბლობი მოჩანს მზიან ამინდში, საღამოჟამს, ზღვაც კი აირეკლება.

ჭაქვინჯის ციხე ციხის ქვემოთ ფერდობი ნელ-ნელა ეშვება მდინარე ჭანისწყლისაკენ. ციხეზე გზა ამჟამად სამხრეთიდან ადის, მაგრამ ძველად იგი ციტადელს დასავლეთიდან ადგებოდა. იქვე იყო მცირე კარი, ხოლო ქვედა ციხის ეზოში ჭიშკარი უფრო ზემოთ, წყაროს მიდამოებში უნდა ყოფილიყო.

ციხე ძლიერ დაზიანებულია. ნანგრევებში არამცთუ თავდაპირველი სახის დადგენა, არამედ ზოგჯერ კედლების მიმართულების გარკვევაც შეუძლებელია.

1968-69 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ციხე ძირითადად შედგება ორი ნაწილისაგან – ერთია ციტადელი და მეორე მასთან დაკავშირებული ქვედა ციხე დიდი ფართობით. ციტადელი მაღლობზე დგას, ხოლო მასზე მობმული ციხის დიდი ეზო მდებარეობს ჩრდილოეთით, რთულ რელიეფზე, მეორე ნაწილიდან თითქმის აღდგა გალავნის მოხაზულობა, ხოლო ფაქტიურად დარჩენილია ბოლო კოშკის ნაშთი, ჩრდილო განაპირას და ჩრდილო-აღმოსავლეთით, საიდანაც გამოდიოდა გვირაბი. აქვე უნდა აღინინიშნოს, რომ ჩრდილო-დასავლეთის მონაკვეთში მდებარე წყარო ჩართული იყო გალავანში.

ციხის განხილვამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ აქ ძირითადად სამი ქრონოლოგიური ფენაა – ადრეშუასაუკუნეებისა, განვითარებული შუასაუკუნეებისა და გვიანშუასაუკუნეებისა.

ციტადელის ტერიტორიის მთლიანი გათხრის შემდეგ სამშენებლო ფენები გაიმიჯნა. ციტადელი განლაგებულია გრძელ, ელიფსურ გორაზე. მშენებლებს კარგად გაუთვლიათ რელიეფის თავისებურება. ძნელად მისადგომ მხარეებზე გალავნებით დაკმაყოფილებულან, ხოლო ჩრდილოეთით, სადაც ადვილი მისადგომებია, გალავანში სამი კოშკი ჩაურთავთ. ყველაფერი ეს შეიძლება დათარიღდეს ეგრისის სამეფოს საწყისი პერიოდით – IV-V საუკუნეებით. ამ ფენამ საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ იცვალა სახე, მხოლოდ ძირითადის შენარჩუნებით.

შესამჩნევი რეკონსტრუქცია განიცადა ციხემ XII-XIV საუკუნეებში. ძლიერი მტრის დარტყმებმა ციხე მეტად დააზიანა. აშენდა ციტადელის აღმოსავლეთის ბოლოში ერთი კოშკი, ხოლო ჩრდილოეთის შუა კოშკი ხელახლა იქნა აგებული. იმავე ხაზზე მდებარე განაპირა კოშკები შესამჩნევად გადაკეთდა.

მომდევნო საუკუნეებში მტრის შემოსევები ხშირდება, რაც იწვევს ციხის დაზიანებასაც. დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს XVI საუკუნიდან.

ამ ეპოქის სარესტავრაციო და დამატებითი სამუშაოები თითქმის ყველგან ჩანს. განსაკუთრებით ეს ემჩნევა სამხრეთით, გალავნის ხაზს, XVI-XVII საუკუნეებშია დამატებული სათოფეებიანი ფენა.
ციხის ქვედა, ჩრდილოეთის მონაკვეთი, საკმაოდ რთული და დიდი ფართობისა ყოფილა. სამწუხაროდ, თითქმის მოსპობის გამო, მის შესახებ ბევრი ვერაფერი ითქმის. ცხადია, რომ იგი განკუთვნილი იყო გარნიზონის სამოქმედოდ.

ციხის ქვედა ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთში მდგარი კოშკი აგებულია გვირაბთან ერთად, საიდანაც გვირაბი ადის ციტადელის კარამდე. აქედან მალულად იმოძრავებდნენ მეომრები და გარემოცვის შემთხვევაში, კოშკიდან გამოსულები, მოულოდნელად მტერს თავს დაესხმოდნენ. ეს ხერხი ახალი არ არის, იგი ხშირად გვხვდება ანტიკურ და შუა საუკუნეების ციხეებში. თავისთავად კოშკი და გვირაბი აგებული ჩანს XV და XVI საუკუნეებში.

გათხრებმა ციტადელის ეზოში გამოავლინა პალატი და ეკლესია. არის რამდენიმე ნაგებობის ნაშთი, მაგრამ მათი გეგმის აღდგენა შეუძლებელია. ქვევრებიც ბლომად იყო ეზოში.
პალატი სამხრეთის გალავანთანაა. მისგან დარჩენილია ერთი მეტრის სიმაღლის კედლები. მას შესასვლელი ჩრდილოეთის კედლის ცენტრში ჰქონია. პალატის გეგმა გრძელი ოთხკუთხედია. მის ცენტრში ორი სვეტი დგას. ეტყობა, მათზე გადადიოდა თაღები, რომლებიც კამარებს იმაგრებდნენ. პირველი სართული დამხმარე უნდა ყოფილიყო. მეორე სართული საცხოვრებლად იქნებოდა განკუთვნილი. საერთო მონაცემებით პალატი IX-X საუკუნეებით თარიღდება.

ეკლესია – ციტადელის აღმოსავლეთის მონაკვეთში, გარნიზონისა და შიგ მცხოვრებთათვის დარბაზული ეკლესია აუგიათ. იგი გარედან თლილი ქვის კვადრებით ყოფილა შემოსილი. სამხრეთის ფასადზე დეკორატიული თაღებიცაა გამოყენებული. ეკლესია XII-XIV საუკუნეთა მიჯნით თარიღდება.

ჭაქვინჯი შუა საუკუნეების ერთ-ერთი საიმედო ციხე იყო. იგი მრავალი საუკუნე ემსახურებოდა სამშობლოს დაცვას.

ჭაქვინჯის ციხე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი