ჭადრაკი სკოლის ერთ-ერთი სასწავლო საგანი გახდება
ჭადრაკი ინტელექტუალური თამაშია. მისი მეშვეობით მკაფიოდ ვლინდება ადამიანის პიროვნების ხასიათის თავისებურებანი.
ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი (“თეთრი” და “შავი” ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი).
ყოველი ფიგურა “დადის” გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ “თეთრები”, სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის დაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში ჩაგდება, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა, ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ჭადრაკში მთავარი ფიგურა მეფე გახლავთ და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება თამაშის დამთავრებას ნიშნავს.
რამდენადაა დღეს საქართველოში ჭადრაკის მხრივ დაინტერესება, როგორ უვითარებს ადამიანს გონებრივ შესაძლებლობებს და რა არის ჭადრაკის მიზანი? ამ თემებზე “ამბიონს” საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი ჭადრაკში მამაკაცთა შორის – ხვიჩა სუპატაშვილი ესაუბრა:
“საქართველოში ჭადრაკის მიმართ ყოველთვის იყო დაინტერესება და იმედია, მომავალშიც არ შეწყდება ეს ტენდენცია. საკმაოდ ნიჭიერი თაობა მოდის. მწვრთნელებიც არ იშურებენ ძალ-ღონეს, რომ გამოზარდონ თაობები, იყოს ისეთი ცვლა, როგორიც ქართულ ჭადრაკს ეკადრება”.
რამდენად ავითარებს გონებრივ შესაძლებლობებს?
ევროპარლამენტში გარი კასპაროვის წინადადების განხილვისას დაისვა საკითხი ჭადრაკის სკოლებში შეტანის შესახებ. ჩვენმა განათლების მინისტრმა დადებითად შეაფასა და სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ჭადრაკს შეისწავლიან სკოლებში, როგორც ერთ-ერთ სასწავლო საგანს.
ჭადრაკი ადამიანს გარკვეული ასაკიდან უვითარებს წინხედვისა და სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარს. მოჭადრაკე, განსხვავებით ჩვეულებრივი ადამიანისაგან, რამდენიმე ნაბიჯით წინ ხედავს საგნებისა და მოვლენების განვითარებას. როგორც ჭადრაკში არის რამდენიმე სვლით გათვლა წინ, ისე ხდება შემდეგ ცხოვრებაში. გარდა ამისა, გამოუმუშავებს ბრძოლის, აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციისა და გამარჯვებისკენ სწრაფვის შესაძლებლობებს.
როგორ ხდება მათი შერჩევა?
ბავშვს, პირველ რიგში, მონაცემების მიხედვით ვარჩევთ. ჭადრაკი როდესაც სკოლებში დამკვიდრდება, როგორც საგანი, იმედი მაქვს, ბევრი ტალანტი წარმოჩინდება. თვითონ ექნება სურვილი ბავშვსაც და მშობელსაც, სერიოზულად დაკავდეს ჭადრაკით და იგი არ განიხილება, როგორც სკოლის აუცილებელი საგანი.
ეწყობა თუ არა ტურნირები?
უმეტესად ქალთა ტურნირები ეწყობა. მსოფლიო საჭადრაკო ასოციაცია „ფიდეს“ ეგიდით წელს ორი ძლიერი ტურნირი ჩატარდა. ეს იყო მსოფლიო პირველობა ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში. შეიძლება ითქვას, რომ ელიტარული ტურნირი გახლდათ.
წინა წელს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა, სადაც ნანა ძაგნიძემ გაიმარჯვა.
ქალთა და მამაკაცთა ტურნირები ცალ-ცალკე ეწყობა?
არის შერეული მომენტებიც. როდესაც საერთაშორისო, ე.წ. ღია ტურნირები ტარდება, შეზღუდვა არ არის და ყველას აქვს მონაწილეობის უფლება – რეიტინგიანსაც და ურეიტინგოსაც. იქ ქალი და მამაკაცი ერთად თამაშობს.
ძირითად ტურნირებს, რასაც მსოფლიო პირველობის ციკლი ჰქვია, გრამპრის უწოდებენ. აქ ქალთა შორის ტურნირები ცალკე ტარდება, ხოლო მამაკაცთა შორის – ცალკე.
თეა სულაბერიძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
mari