მთავარი » ქრისტიანობა

“ვთქვი: უფალო, იესო ქრისტე, მისი ლოცვით მილხინე მე და მყისვე განვიკურნე”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.05.2021 | 2,955 ნახვა

წმიდა ზოსიმე პალესტინელის სწავლანი

შეწევნისათვის ღვთისა და სიმდაბლისათვის

ერთხელ ძმებმა ნეტარ მამას ჰკითხეს, როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არ განვრისხდეთ, როცა სხვები გვამცირებენ და შეურაცხგვყოფენო? ბერმა უპასუხა: ვინც თავის თავს სხვებზე უმდარესაც თვლის, ის არ აღშფოთდებაო. როგორც თქვა წმიდა პიმენმა: თუ თავი შენი არარაობად მიგაჩნია და შეურაცხადად, ჰპოვებ სულის სიმშვიდეს. ერთმა ძმამ, – განაგრძო ნეტარმა მამამ – ჩემთან მყოფმა და ჩემგან სქემის მიმღებელმა, რის გამოც მე ის ტვირთად მაწვა, ვინაიდან ასაკით მეტად ახალგაზრდა იყო და უმწეო, მითხრა მე: მამაო, ძალიან მიყვარხარ შენ. ხოლო მე ვუპასუხე: მე ჯერ ვერავინ ვპოვე, რომ ისე ვუყვარდე მასა, როგორც მე მიყვარს იგი. ეხლა მაგ სიყვარულისა მჯერა, მაგრამ საკმარისია შეგხვდეს უსიამოვნება რაიმე ჩემგან, რომ შენ არ დარჩე ისეთივე, როგორიც ახლა ხარ. ხოლო მე, რაც არ უნდა მოაწიო ჩემზედა, არ შევიცვლები შენი სიყვარულისაგან.

არ გასულა ბევრი დრო მას შემდეგ და არ ვიცი, რის გამო, იწყო ჩემზე მრავალი ბოროტის თქმა, ცუდისაც კი. მე ყოველი მესმოდა, მაგრამ არ ვეპასუხებოდი, გულში კი ვამბობდი: ეს წამალია იესოსაგან გამოგზავნილი ჩემი უბადრუკი სულის საკურნებლად, სწორედ ასეთისაგან უნდა მიიღო დიდი სარგებელი. მე ყოველთვის ჩემს სათნომყოფელად მიმაჩნდა იგი და ვამბობდი, რომ ჭეშმრიტად კეთილისმყოფელია იგი ჩემი. ხოლო იმას, ვინც მის სიტყვებს მაუწყებდა, ვეუბნებოდი: ჩანს, კარგად მიცნობს, იცის ყოველივე ბოროტი ჩემი, ისიც არა ყოველი, რადგანაც დაფარული უამრავია ჩემში და ამიტომაც განმიკითხავს.

რამოდენიმე ხნის შემდეგ ის შემთხვევით შემომხვდა კესარიაში, მომიახლოვდა და ჩვეულებისამებრ მეამბორა. მე კი ისე დავიჭირე თავი, თითქოს ჩვენს შორის არაფერი მომხდარიყოს. მაშინ იგი ჩამივარდა ფეხებში, შემომეხვია და თქვა: შემინდევ, მამაო, ღვთის გულისათვის, რამეთუ მრავალი ბოროტი ვთქვი შენს შესახებ. მე კი ვეამბორე მას და ალერსიანად ვუთხარი: ძალიან მიყვარხარო რომ მითხარი, მე გიპასუხე, რომ ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ვეყვარებოდი ისე, როგორც მე მიყვარს და რაც არ უნდა მოხდეს, ამ აზრზე ვიქნები მეთქი ყოველთვის, რადგანაც შეუცვლელია ჩემი სიყვარული. დაე, იცოდე, რომ მე ყველაფერი ვიცი, რაც შენ სთქვი ჩემზე, მაგრამ ვერაფერმა მაიძულა, იგივე მეთქვა მეც შენზე, პირიქით, ვამბობდი, რომ რასაც ის ამბობს, ჭეშმარიტებაა და ამბობს სიყვარულით. მე ყოველთვის მიმაჩნდი ჩემიანად და არ გტოვებდი ლოცვებში მოუხსენებლად და უფრო მეტად რომ დავამოწმო ჩემი სიყვარული, გაგიმჟღავნებ: ერთხელ, როცა ძალიან ამტკივდა თვალი, შენ გაგიხსენე, ზედ პატიოსანი ჯვარი გამოვისახე და ვთქვი: უფალო, იესო ქრისტე, მისი ლოცვით მილხინე მე და მყისვე განვიკურნე.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი