მთავარი » ქრისტიანობა

ვნების კვირის ხუთშაბათი – ქადაგება – 21.04.2022

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.04.2022 | 517 ნახვა

21 აპრილს, ვნების კვირის ხუთშაბათს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი).

„ ქრისტეს მიერ საყვარელნო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის ვნების კვირის ხუთშაბათი. ეს დღე თავისი მნიშვნელობით უტოლდება ათთორმეტთაგან დღესასწაულს, იმიტომ რომ აღინიშნება უდიდესი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში – წმინდა ზიარების, წმინდა ევქარისტიის საიდუმლოების დადგინება, რომელიც აღასრულა უფალმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც აიღო პური და ღვინო, მისცა თავის მოწაფეებს, აკურთხა და ეს პური და ღვინო გარდაიქმნა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად, რომელსაც ჩვენ ვეზიარებით. თქვენ გახსოვთ, უფალმა ბრძანა, რომ ეს არის მისი ხორცი ჭეშმარიტი, ეს არის მისი სისხლი და გვიანდერძა ჩვენ, რომ ეს აღვასრულოთ მის მოსახსენიებლად და ჩვენი სულების საცხონებლად.

მას შემდეგ, სულიწმიდის მადლით, ეკლესიის მიერ აღსრულებული ყოველი ლიტურგია არის მონაწილეობა აი, იმ საიდუმლო სერობაზე. ჩვენი ყოველი წირვა არის ჩვენი ყოფნა საიდუმლო სერობაზე უფალ იესო ქრისტესა და მოციქულებთან ერთად. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთში დრო არ არის. აი, ჩვენ სულიწმიდის მადლით გადავლახავთ დროსაც, სივრცესაც და ამიტომ მიიჩნევა, რომ ის ლიტურგია არის ერთი მხოლოდ, რომელიც აღსრულდა იესო ქრისტეს მიერ უდროობაში, ზედროულია ის წირვა. ამიტომ იყო, რომ მოციქულებიც ეზიარებიან ქრისტეს სისხლსა და ხორცს, სანამ იგი ჯერ კიდევ ჯვარს ეცმებოდა და მკვდრეთით აღდგებოდა, სწორედ იმიტომ, რომ დროის მიღმიერია, ზედროულია.

აი, ასეთი საოცარი მოვლენაა და ჩვენ როდესაც ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ჩვენ ვეზიარებით თვით მაცხოვარს, იესო ქრისტეს, როგორც მან ბრძანა, რომ „რომელი სჭამდეს ჩემს ხორცსა და რომელი სვამდეს ჩემს სისხლს, იგი ჩემშია და მე მასში“. ჩვენ ვეზიარებით იესო ქრისტეს სულს, ვეზიარებით იესო ქრისტეს სხეულს ჩვენი სხეულითაც და ჩვენი სულითაც. ეს არის უმჭიდროესი კავშირი, თანაზიარება, ჩვენ წილმქონენი ვხდებით მისი ღვთაებისა. ასეთი საოცარი მოვლენაა. როგორც ამბობს პეტრე მოციქული, რომ „ჩვენ ვართ მოწოდებულნი საღვთო ბუნებასთან თანაზიარებისთვის“, აი, ეს სრულდება წმინდა ზიარების დროს.

ამ მოვლენას ასევე ზიარება ეწოდება იმიტომ, რომ ჩვენ იესო ქრისტეში ერთმანეთსაც ვეზიარებით, რადგან ერთსა და იმავე სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ერთმანეთისთვისაც, ანუ ჩვენ ისევე, როგორც უფალ იესო ქრისტესთან ვართ, თუ შეიძლება ასე ითქვას, თანამესხეულენი მისი, წმინდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ ჩვენც მისი სხეული ვხდებით, – ასევე ერთმანეთის თანაზიარნიც ვხდებით, როგორც ერთმანეთის ასოები, ვხდებით ჩვენ. ასეთია ეკლესიის სწავლება. ამიტომ არის ქრისტიანული სწავლება სიყვარულზე სრულიად გამორჩეული და განუმეორებელი. და, რა თქმა უნდა, ეს ერთობა უფალთან თუ ჩვენ არ დავარღვიეთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი მოუნანიებლობით, იწყება ამავე მიწიერ ცხოვრებაში და გრძელდება მარადიულად უკუნითი უკუნისამდე.

აი, ასეთი საოცარი მადლი და ნიჭი მოგვეცა უფლისგან. ამიტომ ეწოდება ამ საიდუმლოს ევქარისტია, რაც ნიშნავს როგორც მადლს, ნიჭს, ასევე – მადლიერებას.

მე ორიოდე სიტყვით მოგახსენეთ, რაში მდგომარეობს ეს დიდი მადლი, მაგრამ ჩვენი მადლიერება რაღაა? რა შეუძლია ადამიანს, რომ მიართვას ღმერთს? ჩვენ რაც გვაქვს ამქვეყანად ჩვენი თავის ჩათვლით, ყველაფერი ღვთისგან არის. ნუთუ პური და ღვინოა ის, რასაც ჩვენ მივართმევთ უფალს? პურიც და ღვინოც უფლისაა, ჩვენი თავიც, ჩვენი სულიც, ჩვენი სხეულიც უფლისა არის. მაშ, რა არის ის, რაც მხოლოდ ჩვენეულია, რაც შეიძლება, რომ მივართვათ ჩვენ ღმერთს მადლიერების ნიშნად?

ამაზე წმინდა მამები, მათ შორის – წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, წერენ, რომ არის ერთადერთი რამ, რაც უფალს არ შეუძლია. ეს არის, აიძულოს თავის ქმნილებას, შეიყვაროს ღმერთი, იმიტომ რომ ადამიანის სიყვარული, ეს არის თავისუფლების უმაღლესი გამოხატულება და ვიმეორე, ღმერთს არ შეუძლია, გვაიძულოს ჩვენ, რომ შევიყვაროთ ღმერთი.

როგორც მოგეხსენებათ, ამის შესახებ იესო ქრისტემდე მრავალი საუკუნით ადრე ჯერ კიდევ წმინდა მეფე დავით მეფსალმუნე წერდა და მსჯელობდა. იგი ამბობს ასეთ სიტყვებს: „რა მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი მომაგო მე?“ თვითონვე სცემს პასუხს ამ შეკითხვას და ამბობს, რომ „სასმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო და ლოცვანი ჩემნი მივცე უფალსა წინაშე ყოვლისა ერისა“. ასეთ სიტყვებს ამბობს იგი.

ამიტომ არის, რომ ამ დიდ საიდუმლოებას, უდიდეს მოვლენას ეწოდება ევქარისტია – მადლიერება, რომ თუ ადამიანი იღებს აი, ამ დიდ ნიჭს დიდი სიხარულით, სრული მადლიერებით, მაშინ მას ეძლევა თვითონ ღმერთი, ღმერთის ბუნებასთან თანაზიარება, საღმრთო სიყვარული და ღმერთის ცხოვრებაში მონაწილეობა. აი, ასეთი აღმატებული და საოცარი სწავლება არის ჩვენი სარწმუნოებისა.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

თუ ჩვენ ასეთი სრულყოფილი მადლიერებითა და სიხარულით მივეახლებით წმინდა ზიარებას, მაშინ ჩვენი მონაწილეობაც ევქარისტიაში იქნება ჭეშმარიტი და მადლიერების სრული გამოვლინება; და მართლაც ვიქნებით მონაწილენი წმინდა ევქარისტიისა; თუ ჩვენ გვექნება ასეთი მოკრძალება და მოწიწება, რომლითაც მივეახლებით წმინდა ბარძიმს, მაშინ წმინდა სისხლი და ხორცი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი იქნება ჩვენთვის არა სასჯელად თუ დასასჯელად, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა, ამინ!

მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვა და ლოცვა-კურთხევა და განსაკუთრებით აღვნიშნო ის, რომ მის მრავალ დამსახურებასა და ღვაწლს შორის, დიდ აღმშენებლობით მოღვაწეობასთან ერთად, ალბათ უმთავრესი არის სწორედ ის, რომ მან ააღორძინა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ეკლესიაში ევქარისტიული ცხოვრება. იგი ამას ყოველთვის ანიჭებდა და ანიჭებს უდიდეს მნიშვნელობას. აი, ამისთვის განსაკუთრებულად მინდა მეც და ჩვენ ყველამ ერთად მას მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ დღევანდელი დღე,” – აღნიშნა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი