ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს ქართველთა ეკლესია
ძაუგის, ანუ ქ. ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია 1898 წელს ამოქმედდა.
ეკლესია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის იურისდიქციაში შედიოდა.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II ქრისტეშობის დღეს წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მოინათლა.
ეკლესია 1938 წელს დაიხურა.
1994 წლის სექტემბერში მისმა უწმინდესობამ ილია ll–მ ქართული სათვისტომო „ერთობისგან“ მიიღო წერილი ეკლესიის აღდგენისა და სკოლის ტერიტორიის მთლიანობის შენარჩუნებისთვის.
2008 წელს წმინდა ნინოს ეკლესიასთან არსებულს სკოლას 120 წელი შეუსრულდა.
„მთელი კავკავის ქართველების ყურადღება ამჟამად ეკლესიის საქმეზეა მიქცეული.
თვე ნახევარი იქნება, რაც აქაური ქართველები ეკლესიის აშენების საქმეს შეუდგნენ. ამისათვის საჭირო შეიქმნა ქართული სკოლის შენობის ნახევარი ეკლესიად გადაკეთებულიყო და სკოლისათვის შენობა მეორე მხარით აეშენებინათ…“- წერდა 1898 წელს გაზეთი „ივერია“.
ამჟამად სკოლის შენობა უკვე დახურულია და ამ დღეებში შელესვას დაუწყებენ. სკოლის ახალი შენობა წარმოადგენს ორ დიდ დარბაზს და ორ პატარა ოთახს ერთის მასწავლებლისთვის.
სკოლის შენობა ძველ შენობასთან შედარებით ყოვლის მხრით უმჯობესია.
ეკლესიისთვის კედლები უკვე ამოყვანილია და ამ ორ დღეში დახურვას შეუდგებიან.
ეკლესია ლამაზი და მშვენიერი გამოდის. კავკავის ქართველობას ამ ცოტა ხანში აუსრულდებათ დიდი ხნის გულის წადილი. ექნებათ ეკლესია და ეყოლებათ მღვდელი, რომელიც შეასრულებს ყოველგვარ ღვთისმსახურებას ხალხისთვის გასაგებ დედა ენაზედ.
დიდი შრომა გასწიეს სკოლის შენობის და ეკლესიის აგების საქმეში თავადმა იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძემ, ი. მოზდეკელოვმა, მ. ინასარიძემ, ნ. გუბნელოვმა, ი. შვილევმა და გ. ბარათაშვილმა, რომელნიც მუდმივ თვალყურს ადევნებდნენ შენობის საქმეს.
„წერილი კავკავიდან“.
„ივერია“, 1898წ. 24 ივლისი. #160,გვ.3.
“სასულიერო უწყებამ, სასულიერო სასწავლებლისთვის და პანსიონისთვის იყიდა ვლადიკავკავში მცხოვრები კონსტანტინე ენიკოლოფოვისა და წყალობა მამულოვის სახლი.
მიწა მდებარეობდა ქალაქ ვლადიკავკასში, გეორგიევსკის ქუჩის კუთხესთან, ვორონცოვის და ახალი გეორგიევსკის ქუჩებს შორის (ენიკოლოფოვის ძმის სახლის ადგილი აქ იყო).
საქართველოს მფარველის წმინდა გიორგის დღეობას, ამ თვის ათს, დეკანოზმა იოილ სამადაშვილმა გადაიხადა პარაკლისი, აიაზმის წყლით ასხურა სკოლისათვის დაქირავებულ სახლს. ეს სკოლა დაარსდა გიორგობის დღეს, 1888 წლის ნოემბერში.
(„ივერია“. 16.09.1888.# 241,გვ.3).
სკოლისთვის ყოველ წელს სწირავენ:
იოსებ ვასილის ძე მოზდოკელაშვილი 120 მან.
დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილი 100 მან.
მიხეილ ზაალის ძე ყიფიანი 75 მან.
ალექსანდრე ივანის ძე ივანეშვილი 75 მან.
(2000 მან. გადასახადი ჰქონდა სკოლას).
„ივერია“. 1890.#108,გვ.2–3.
კავკავის ქართულ სკოლასთან 1895 წლის 17 სექტემბერს საკვირაო სკოლა აკურთხეს. გალობდნენ „ქართული სკოლის მოწაფენი, მასწავლებლის ლ. ბოცვაძის ლოტბარობით…“
ქართული სკოლის გარდა ამ დღიდან მოქმედებდა საკვირაო სკოლაც.
სკოლაში ისწავლებოდა გალობა, ანგარიში, ქართული და რუსული ენები“.
“წმინდა ნინოს დღეს, 1895 წლის 14 იანვარს, კავკავის ძველ საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ აქაური ქართველები, რათა მშობლიურ ენაზე წირვა–ლოცვა მოესმინათ. წირვა მღვდელ ნესტორ ბაკურაძემ აღავლინა.
სკოლის დარბაზში პირველ ივნისს შედგა ქართველთა წლიური კრება, 1895 და 1896 წლების ანგარიში, განიხილეს სკოლის შენობის გაფართოების საკითხი. ასევე გადაწყდა ქართული ეკლესიის შენობის აგება.
სკოლის შენობის სივიწროვის გამო, გადაწყვიტეს , რომ სკოლის შენობას მიემატოს კიდევ ერთი მოზრდილი დარბაზი, რომელიც შემოწირულობების შეგროვებით აშენდებოდა. აშენება იკისრა პატივცემულმა ქართველმა იოსებ გრიგოლის ძე შვილევმა.
კავკავის წმინდა ნინოს ეკლესიაში მოხსენიებულია პირნი: თავადი გ. ორბელიანი, თერგის ოლქის უფროსის თანაშემწე, აგაპიტი ეპისკოპოსი, მასწავლებელი რაზმაძე, მღვდელი გიორგი ნათაძე.
„კავკავში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ეკლესია აქვთ, რომელიც აგებულია წმინდა ნინოს სახელზე. როგორც სხვაგან, აქაც 14 იანვარს დიდი ამბით დღესასწაულობენ.
კავკასიის სამხედრო კორპუსის ობერ–მოძღვრის ლავრენტი მიხაილოვსკის მოხსენებიდან 1848 წელს:
„ვლადიკავკასიის ციხე–სიმაგრის დიდი ეკლესიის გეგმა განიხილეს საქართველო–იმერეთის სინოდალურ კანტორაში და ცნობილია, რომ ეს ეკლესია გათვალისწინებულია, რომ აიგოს დიდი ზომისა და ხის ეკლესია…“
-გთხოვთ, ნესტეროვის ადრე შედგენილი გეგმა და ნახაზები გადმოგვიგზავნოთ,- წერს მოძღვარი მიხაილოვსკი საქართველო–იმერეთის სინოდს.
(ფონდი 138.საქმე#2. 14 მაისი. 1848წ. – 17 მაისი.1848წ.).
ვლადიკავკავის უფლის ფერისცვალების საკრებულო ტაძრის მოძღვარი იოილ სამადოვი მოხსენებით მიმართავდა საქართველო–იმერეთის სინოდალურ კანტორას, ტაძრის შეკეთების შესახებ და შესრულებას ადასტურებენ შესაბამისი აქტით.
ტაძრის წინამძღვარი იოილ სამადოვი.
დიაკვანი ლუკა ლუკიანოვი
მეფსალმუნე ტიტვინიძე
მეფსალმუნე იოსებ მაჭავარიანი
მეფსალმუნე ლუარსაბოვიჩი
(#31815, საქმე83,1874–1875წწ. 1875წ. , 16 თებერვალი).
საქართველო–იმერეთის სინოდალური კანტორა. საქმის აღწერის #585
სახლის შესყიდვაზე ვლადიკავკავის სასულიერო სასწავლებლისთვის.
(11 ნოემბერი, 1886წ. – 25 ოქტომბერი, 1892წ.)
კავკავის ქართველთა საეკლესიო სამრევლო კრების ოქმით, 1917 წლის 21 მაისს შედგენილია საეკლესიო ქონების სია. სამრევლოს გამგეობის სამსახურის ვადა განისაზღვრა სამი წლით. საეკლესიო ქონების სია ჩაბარდა სამრევლო გამგეობას.
კონსისტერიას 1916 წლის ღვინობისთვეში 29–ში მიუცია ქართველი მრევლისთვის ქართველ მიცვალებულთა დასასაფლავებლად ათას ორასი საჟენი მიწა. არსებული საკრებულო ტაძრის სასაფლაოს აღმოსავლეთით, ჩრდილოეთის კუთხეში.
სამრევლოს უნდა ეზრუნა როგორც ახალი, ისე ძველი სასაფლაოების მოვლაზე. საჭიროდ ჩათვალეს გაკეთებულიყო ორი ნიში: ერთი -ახალზე და მეორე -ძველზე, რომელთაც დაერქმეოდა რომელიმე წმინდანის სახელი და დაწესებულიყო დღესასწაული, როდესაც გადახდილ იქნებოდა პანაშვიდი. გაკეთებულიყო გზები.
ქართულ სკოლასთან 1898 წელს ამოქმედდა ეკლესია „წმინდა ნინო“.
გამოყენებული ლიტერატურა: ა) საქართველო – იმერეთის სინოდალური არქივის ჩანაწერები 1848–1884–1886 წწ.
უწმინდესი და უნეტარესი ილია II, სამი დღის ახალშობილი, ქრისტეშობის დღეს მოინათლა ძაუგის, ანუ ქ. ვლადიკავკაზის წმინდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში. ეკლესია ექვემდებარებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს. ნათლობის საიდუმლო შეასრულა არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკმა), კათოლიკოს–პატრიარქ კირიანის ყოფილმა მდივანმა, რომელიც შემდეგში ხელდასხმული იქნა წილკნის ეპისკოპოსად. ირაკლის, შემდგომში კი ილიას ნათლია იყო მონაზონი ზოილე (დვალიშვილი).
1938 წელს ვლადიკავკაზში გააუქმეს წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესია და დაიწყო მორწმუნე ქართველების დევნა.
მოამზადა ქეთი ჭელიძემ
საპატრიარქოს სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის განყოფილების მასალებზე დაყრდნობით
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.