მთავარი » ქრისტიანობა

ვის აწყობს ევთანაზია?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.12.2009 9 კომენტარი | 15,383 ნახვა

ევთანაზია პირველად 70-იან წლების დასაწყისში ჰოლანდიაში გაჩნდა. ევთანაზია ნიშნავს ავადმყოფის თხოვნით მისთვის სიკვდილის დაჩქარებას, გარკვეული ქმედებებით ანუ უმოქმედობით.

ევთანაზიაეკლესიის დამოკიდებულება ევთანაზიის მიმართ უარყოფითია, რადგან ეს მკვლელობაა. ევთანაზიის მოთხოვნით გარდაცვლილი ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს, რადგან იგი თვითმკვლელია. მკვლელია ექიმი, რომელიც ასევე ვერ დაიმკვიდრებს სასუფეველს.

მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “რა არის ევთანაზია? ბერძნულიდან ეს ითარგმნება როგორც “კეთილი სიკვდილი”. ევთანაზია ოდითგანვე ცნობილია. მაგალითად, სპარტაში კლავდნენ სუსტ და სნეულ ახალშობილებს. ზოგიერთი პირველყოფილი თემის წეს-ჩვეულებით კლავდნენ ან სადმე ტოვებდნენ მოხუცებს, რომლებიც ზედმეტ ბარგს წარმოადგენდნენ.

ეს ველური, ბარბაროსული წესი მეოცე საუკუნეში სიცოცხლისუნარიანი ხდება, თანაც ამას ადგილი აქვს არა ამაზონისა და აფრიკის ჯუნგლებში, არამედ “ცივილიზებულ” დასავლეთში. პირველად ევთანაზია მეოცე საუკუნის ფაშისტურ გერმანიაში იქნა შემოღებული, ახლა კი ოფიციალურად ჰოლანდიაში გამოიყენება. უკვე საკანონმდებლო დონეზე მიიღეს ავსტრალიაშიც და ალბათ მალე სხვა ქვეყნებშიც დაკანონდება.

ევთანაზიის წინააღმდეგ გამოდიან მსოფლიოს ქრისტიანული კონფესიები და სიცოცხლის დამცველი ორგანიზაციები. სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი ორგანიზაცია არ არსებობს.

ევთანაზიას “სიკვდილის კულტურა” უწოდეს. ეს არის არა მხოლოდ იდეებისა და შეხედულებების განსაკუთრებული ერთობა, რომელიც ამართლებს მკვლელობას, არამედ ეს არის დასავლური ცივილიზაციის მიერ შობილი აზროვნების განსაკუთრებული ტიპი, მენტალიტეტი, რომლის საფუძველშიც თავისუფლების ცრუ გაგება დევს. ჭეშმარიტი თავისუფლება უფალთან ყოფნაა.

ევთანაზიის მომხრეები ამბობენ: ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. თუ ის სიცოცხლით დაიღალა, მაშინ ექიმები მას უნდა “დაეხმარონ”, უმტკივნეულოდ მოკვდეს. მათი აზრით, ეს უფლება კანონმდებლობით უნდა იყოს განმტკიცებული.

იურისტები კი “სიბრალულით” მკვლელობას დიდი უნდობლობით ეკიდებიან, რამეთუ ამ ტერმინის ქვეშ შეიძლება ჩამოიწეროს ბევრი სხვა რამ, მაგალითად: მშობლები ან ახლობლების მკვლელობა მემკვიდრეობის მიღების გამო. წერილობითი თანხმობა “მსუბუქ სიკვდილზე” არავითარი ძალის მქონე არ არის, რამეთუ ის შეიძლება ხელიდან იყოს გამოგლეჯილი ავადმყოფის გაუაზრებელი ან თუნდაც გააზრებული მდგომარეობის დროს.

ტერმინოლოგიურად ევთანაზიას ორ ნაწილად ყოფენ: ნეგატიურ, ანუ პასიურ ევთანაზიად – “დავაცადოთ სიკვდილი” და აქტიურ, ანუ ნამდვილ ევთანაზიად – “დავეხმაროთ სიკვდილში”. ეს დაყოფა არცთუ ისე უწყინარია. იგი ექიმებს აყენებს ცრუ დილემის წინაშე: ან თქვენ ხართ ჰუმანური, თანაუგრძნობთ მოყვასს და აქედან გამომდინარე უნდა გადააბიჯოთ შეუძლებელს და მოკლათ, ან არადა თქვენ ადამიანის თანაგრძნობაზე უფრო მაღლა აყენებთ აბსტრაქტულ დოგმებს და გულგრილად უყურებთ მის ხანგრძლივ ტანჯვას.

მოდით, განვიხილოთ ამ სატანური პროცედურისადმი მართლმადიდებლური მიდგომა. რატომ უშვებს ღმერთი ადამიანის ტანჯვას? რა აზრი დევს მასში? ეს საჭიროა ადამიანის საუკუნო სიცოცხლისათვის მოსამზადებლად. როცა სხვა არაფერი აღარ მოქმედებს ტკივილმა და განსაცდელმა შეიძლება გამოასწოროს ადამიანი, მიიყვანოს სინანულამდე და აღსარებამდე. ტკივილი და განსაცდელი, განსაკუთრებით სიკვდილის წინ, წმენდს ადამიანს ცოდვებისგან და ამდაბლებს მას. რა ხდება მაშინ, როცა ექიმი კლავს ავადმყოფს? სული მიდის ამ ქვეყნიდან მოუმზადებელი და თუ ავადმყოფი თვითონ თანხმდება ევთანაზიაზე, თვითმკვლელობის ცოდვითაც მძიმდება, ხოლო ექიმი, რა თქმა უნდა, ამ დროს ჯალათია.

თანამედროვე საზოგადოება თავისი არსით ანტიტრაგიკული გახლავთ, ის გაურბის ყოველგვარ ლაპარაკს სიკვდილთან დაკავშირებით. ცდილობს, მიაჩუმათოს წამება და სიკვდილი თვით ქრისტესიც კი. მაგრამ სიკვდილი ხომ უსაჭიროესი, ცხოვრების არსთან დამაკავშირებელი ელემენტია. სიკვდილის ხსოვნა სიბრძნეა და მისი მოახლოება ადამიანის თავის თავთან დაბრუნებას ნიშნავს. ე.ი. ადამიანს აქვს უფლება შეიცნოს თავისი გარდაცვალება. სიკვდილის ეტაპი შეიძლება დაიტვირთოს სულისთვის სასარგებლო მოულოდნელი შემეცნებებით, რომელთაც თან მოაქვთ სინანული, მიტევება, მოყვასთან და მტრებთან შერიგება, მთელი გასული ცხოვრების გადაფასება და ღვთის წინაშე აღსარება.

აქედან გამომდინარე ევთანაზია ღვთის იმ მცნების დარღვევაა, სადაც წერია: “არა კაც კლა”, რაც ადამიანს არ აძლევს ცხონების და გადარჩენის საშუალებას, თან შეურაცხყოფს უფლისგან დადგენილ მცნებას სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ.

ვის აწყობს ევთანაზია? სულიერი გააზრებით ევთანაზია დემონს სჭირდება ადამიანის სულების დასაღუპად. აქედან გამომდინარე ევთანაზიის მომხრეთა საქმიანობა სატანიზმია. მატერიალური თვალსაზრისით კი ევთანაზიის მიღმა დგას სადაზღვევო კომპანიათა მსხვილი კაპიტალი. ადამიანი მთელი თავისი სიცოცხლე იხდის დაზღვევაში ფულს და კომპანია ვალდებულია, ავადმყოფობის დროს მას სამედიცინო დახმარება გაუწიოს. სადაზღვევო შენატანები დიდი ფულია. დასკვნა ნათელია.

ხშირად სვამენ კითხვას, არის თუ არა ევთანაზია ადამიანის მართვადი სუნთქვის აპარატიდან გამორთვა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ტვინი უკვე მკვდარია და ეს დასტურდება სამედიცინო კონსილიუმის გამოკვლევის შედეგით და არავითარი შანსი არ არსებობს ადამიანის გადარჩენისა, ამ შემთხვევაში აპარატი უნდა გამოირთოს და ეს ცოდვა არ არის”.

ირაკლი დვალიძე (იურისტი): “რომში 1950 წლის 4 ნოემბერს მიღებული კონვენციის მეორე მუხლი პირდაპირ გვეუბნება, რომ ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული. ამ საკითხზე ყველაზე დიდი დავაა, თუ რას ნიშნავს სიცოცხლის უფლება. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ბუნებითი უფლება, რომელიც სახელმწიფოს მიერ არ არის მოცემული, ანუ თანდაყოლილია. დილემა სწორედ ამაშია, რომ თუკი ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ასევე გააჩნია სხვა უფლებები, როგორიცაა ღირსებისა და პატივის უფლება. აქ არის კოლიზიური ვითარება. ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც მისი პატივისა და ღირსების შემლახველი არ იქნება. სახელმწიფო ადამიანს ევთანაზიის უფლებას არ აძლევს, რომელიც ტკბილ, უშფოთველ სიკვდილს ნიშნავს. თუკი სახელმწიფოს არ მოუცია ჩემთვის სიცოცხლის უფლება, მაშინ რა უფლება აქვს მას შეზღუდოს სიცოცხლის შეჩერების უფლება. ანუ, გამოდის, რომ სახელმწიფო “სიცოცხლის მოვალეობას მაკისრებს”, მაგრამ რა უფლება აქვს სახელმწიფოს დააწესოს სიცოცხლის მოვალეობა, როდესაც ეს უფლება მისი დადგენილი არ არის, ეს არის ბუნებითი უფლება.

სხვათა შორის, სტრასბურგში ევთანაზიის საკითხზე რამდენიმე საქმე განიხილებოდა და სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებაში არ ჩანს, უნდა ჰქონდეს თუ არა ევთანაზიის უფლება კონკრეტულ პიროვნებას. ეს საკითხი სტრასბურგის სასამართლომ ღიად დატოვა და თქვა, რომ ყველა სახელმწიფომ თავისი შეხედულებიდან გამომდინარე კანონმდებლობაში უნდა ჩადოს, აქვს თუ არა უფლება მოქალაქეს სიცოცხლე ხელოვნური გზით შეიმოკლოს, იმიტომ რომ ეს არის ფილოსოფიური, რელიგიური და წმინდა სამართლებრივი პრობლემა.

საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა და ამიტომ რაც არ უნდა იყოს, არც ერთი მოტივით არ შეიძლება თვითმკვლელობა. ბუნებრივია, რელიგიური კუთხით ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლე არ შეიძლება ადამიანმა ხელოვნურად შეაჩეროს.

თუ წმინდა სამართლებრივად დადგება საკითხი, შეიძლება ევთანაზია ბოროტად გამოიყენონ, განსაკუთრებით უმწეობაში მყოფი პირების მიმართ. საერთოდ, ევთანაზია გაცილებით ფართო ცნებაა და ეს მარტო საავადმყოფოებში არ შეიძლება განხორციელდეს. მაგალითად, როდესაც დაჭრილია ჯარისკაცი და მისი გადარჩენის შანსი არ არის და შეიძლება ტყვედ ჩავარდეს, აქვს თუ არა მეგობარს უფლება მას სიცოცხლე მოუსწრაფოს? პრობლემატურია, რომ ამ უფლების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს.

საბჭოთა კავშირის დროს კანონდებლობაში იყო ასეთი შენიშვნა, რომ თუკი ასეთი მძიმე ვითარება ჰქონდა პიროვნებას, იგი პასუხისგებისგან უნდა გათავისუფლებულიყო, ანუ მკვლელობისთვის სასჯელი არ ეკისრებოდა. ეს უფლება ძალიან ბევრმა ბოროტად გამოიყენა, რის გამოც შემდეგ გაუქმდა.

ევთანაზია შეიძლება იყოს ნებაყოფლობითი, იძულებითი, პირდაპირი, არაპირდაპირი, მაგრამ ყველაზე მთავარია პასიური და აქტიური ევთანაზია.

პასიური ევთანაზია გულისხმობს, რომ ჩვენ ხელოვნურად კი არ ვერევით სიცოცხლის შეჩერებაში, არამედ უბრალოდ, უკანასკნელ ტერმინალურ სტადიაზე მყოფი პაციენტის მკურნალობას აღარ ვაგრძელებთ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ავადმყოფისთვის მედიკამენტების მიწოდება აღარ ხდება.

როდესაც პიროვნება სუნთქვით აპარატზეა მიერთებული და გამორთავ აპარატს, რადგან მისი გადარჩენის შანსი აღარ არსებობს, ამას პასიური ევთანაზია ჰქვია. პასიური ევთანაზია შეუძლია თვითონ პიროვნებას, თუ ის საღ გონებაზეა და თქვას, რომ დაანებეთ ჩემს მკურნალობას თავი. ამას ამბობს “პაციენტთა უფლებების შესახებ” კანონის 24-ე მუხლი.

რაც შეეხება აქტიურ ევთანაზიას, ეს დასჯადია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლით, თუმცა ეს შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობად ითვლება”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

9 კომენტარი »

  • nana modebadze says:

    aucilebelia aseti temebis ganxilva

  • ზურაბ ვარაზი says:

    ევთანაზია მკვლელობაა!უნდა გამოირიცხოს ,რომ კანონმა მედიცინის მუშაკს დაავალოს ადამიანის მკვლელობა ნებისმიერი, თუნდაც “ჰუმანური”მოტივით.უნდა განვითარდეს პალიატიური მზრუნველობა,რათა ადამიანს შეუმსუბუქდეს ტანჯვა, მოეხსნას ტკივილი,მომზადდეს სულიერად და ფსიქოლოგიურად,რათა დარჩენილი დღეები ღვთის რწმენითა და სასოებით გაატაროს.მორწმუნე ადამიანს ესმის გარდაცვალების არსი და მთელი ცხოვრება ემზადება ამისათვის.ღმერთს ვებარებოდეთ!!!

  • ვახო ელისაბედაშვილი says:

    კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამგვარი ქმედების. ევთანაზია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაკანონდეს ჩვენს ქვეყანაში!!!!!!!

  • khato abuladze says:

    კარგი იქნებოდა ,უფრო ამომწურავი და გარკვეული პასუხი ყოფილიყო,ვერ გავიგე-,,ხშირად სვამენ კითხვას, არის თუ არა ევთანაზია ადამიანის მართვადი სუნთქვის აპარატიდან გამორთვა. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის ტვინი უკვე მკვდარია და ეს დასტურდება სამედიცინო კონსილიუმის გამოკვლევის შედეგით და არავითარი შანსი არ არსებობს ადამიანის გადარჩენისა, ამ შემთხვევაში აპარატი უნდა გამოირთოს და ეს ცოდვა არ არის”-?!

  • ნიკა says:

    ადრე მამაომ ქადაგებისას თქვა, გოლგოთაზე მიმავალი ავაზაკისთვის ვინმეს საწამლავი რომ მიეწოდებინა და “გადაერჩინა” ჯვარცმის ტკივილებისგან დაღუპავდა მის სულს და თავისასაცო,ეს მაგალითი პასუხს სცემს ჩემი აზრით ,მაგრამ მაინც ძალიან რთული საკითხია

  • მარიამ ინჯგია says:

    ჩემი აზრით, ერთდერთი პრობლემა ამ საკითხში არის ის, რომ დაკანონების შემდეგ ევთნაზია შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული. რელიგიური ხედვა ამ საკითხში ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არის ის, ვინც რელიგიურ შეხედულებებს არ ითვალისწინებს და არც ის ვიცი სწორი იქნება თუ არა, ჩვენ ამის შესახებ მას ქადაგება დავუწყოთ. ალბათ მაინც თავის გადასაწყვეტია იცოცხლოს თუ მოკვდეს ან თუ გნებავთ სამოთხეში მოხვდეს თუ ჯოჯოხეთში, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, ევთანაზია გარდა იმისა რომ შეიძლება ბოროტად იქნას გამოყენებული ხომ არ შეუწყობს ხელს ქვეყანაში სიკვდილიანობის გავრცელებას ხომ შეიძლება ამ ხერხს ჯანმრთელებმაც მიმართონ? ეს კი უკვე დემოგრაფიული პრობლემა იქნება, რაც უკვე სახელმწიფოს და ნაკლებად ეკლესიის საზრუნავი შეიძლება გახდეს.

  • achiko says:

    evtanazia aris tu ara saqartveloshi dashvebuli kanonit??

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი