მთავარი » ქრისტიანობა

ვინ მოიხსენიება მოსახსენებელში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.07.2022 | 526 ნახვა

წირვის დროს ტაძრის საკურთხეველში მორწმუნენი გზავნიან მოსახსენებელს, რომელშიც მხოლოდ იმათ სახელთა ჩაწერა შეიძლება, ვინც მართლმადიდებელ ეკლესიაში არის მონათლული.

პირველი მოსახსენებელი არის – „ჯანმრთელობისათვის“. ცნება „ჯანმრთელობა“ ადამიანის მხოლოდ ფიზიკურ სიჯანსაღეს არ გულისხმობს, არამედ მის სულიერ მდგომარეობას, მატერიალურ კეთილდღეობასაც მოიცავს. და თუ ვლოცულობთ ისეთი კაცის ჯანმრთელობისათვის, რომელმაც მრავალი ბოროტება ჩაიდინა, ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მან შეცვალოს მისი შინაგანი მდგომარეობა და უფლის შეწევნით, ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი კაცი სიკეთისაკენ მოიქცეს.

ამ მოსახსენებელში უნდა ჩავწეროთ ყველა იმ ადამიანის სახელი, ვისაც ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ცხონებას ვუსურვებთ.

ღვთის სიტყვა გვასწავლის, რომ ადამიანმა მხოლოდ საკუთარი თავისთვის კი არ უნდა ილოცოს, არამედ სხვებისთვისაც. „ულოცევდით ურთიერთსა“ (იაკ. 5, 16). სწორედ ამ ერთიმეორისათვის ლოცვაზეა დამყარებული ქრისტიანული ეკლესია.

მაშინ, როცა ქვეყანას მირონცხებული მეფე მართავდა, ყველა პარაკლისი და მოსახსენებელი მისი მოხსენებით იწყებოდა, ვინაიდან მასზე იყო დამყარებული როგორც, საზოგადოდ, ქვეყნის, ასევე ყოველი მართლმადიდებლის ოჯახური კეთილდღეობა. დღეს კი მოსახსენებელში პირველად უნდა ვწერდეთ პატრიარქს, შემდეგ ეპარქიის მღვდელმთავარს, რომელიც უფლის წინაშე აღავლენს კიცვასა და წირავს მსხვერპლს მისთვის ჩაბარებული სამწყსოსათვის.

ასე გვასწავლის წმიდა წერილი: „ყოვლისა წინა, რაჲთა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის, მეფეთათვის და ყოველთა მთავართა, რაჲთა მშვიდობით და მყუდროებით ვცხოვნდებოდით ყოვლითა ღმრთისმსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთა ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ“ (1 ტიმ. 2, 1-4).

შემდეგ მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს სულიერი მოძღვრის სახელი, რომელიც თავისი სამწყსოს ქრისტიანულ ცხოვრებას წარმართავს, მათი სულის ცხონებისათვის ზრუნავს და მათთვის ლოცულობს უფლის წინაშე: „მოიხსენენით წინმძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა“ (ებრ. 13, 7).

შემდეგ იწერება მშობლების სახელები, საკუთარი სახელი, შემდეგ ოჯახის წევრთა, ახლობლებისა და ნათესავების სახელები. ყოველი ადამიანი უნდა ლოცულობდეს საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისათვის: „უკუეთუ ვინმე თვისთა და უფროისღა სახელულთა არა მოღვაწე იყოს, სარწმუნოებაჲ უარუყოფიეს და არს იგი ურწმუნოსა უძვირეს“ (1 ტიმ. 5, 8). ამის შემდეგ უნდა ჩაიწეოს იმ ადამიანთა სახელები, ვინც სიკეთეს გიკეთებენ, რათა მათ წინაშე ვალში არ დარჩეთ: „მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა… ნურარაიმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თვისი, მან სჯული აღასრულა“ (რომ. 13, 7-8).

დასასრულს, თუკი მოძულენი, მაწყინარნი, მოშურნენი ან, სულაც, მტრები გყავთ, ჩაწერეთ მათი სახელები მოსახსენებელში, ვინაიდან უფალმა ბრძანა: „გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მაწყევართა თქუენთა და კეთილს უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ“ (მთ. 5, 44). მტრისათვის ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. მრავალი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც საეკლესიო მოსახსენებელში მისი სახელის ჩაწერის შედეგად, ყოფილი მტერი კეთილის მსურველად ქცეულა.

მოამზადა ნათია თარაშვილმა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №49(202), 2002 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი