მთავარი » საზოგადოება

ვინ დარჩება სოფელში?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2018 2 კომენტარი | 1,857 ნახვა

“ამბიონის” რეპორტიორი
აჭარის მაღალმთიანი სოფლიდან

მიხვეულ-მოხვეული გზების გავლის შემდეგ თვალწინ გადაიშლება ხეხილის ბაღებში ჩაფლული სახლები, რომელთაც გარს აკრავს სასოფლო-სამეურნეო მიწები…
left ბაღში მოხუცები დაფუსფუსებენ, ხოლო გოგია შინაურ ფრინველს ბოსტნიდან აფრთხობს, სახლებისგან ცოტათი მოშორებით ბოსლები და ნალიები დგას, სოფლის თავში მოედანი, სადაც ბავშვების ჟრიამულის ხმა გაისმის, აქვე ფანჩატური დგას სადაც სამუშაოსგან დაღლილი ადამიანები ხან პოლიტიკაზე საუბრობენ, ხან – ბაზარში პროდუქტის ფასებზე, ზოგი კი ხვალინდელ დღეს გეგმავს… ეს ის სოფელია, სადაც თითოეული ჩვენგანი სიამოვნებით ვიცხოვრებდით, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ეს ნოსტალგიაა სოფელზე. იმ სოფელზე, სადაც სიცოცხლე ჰყვავის, დღეს კი ბევრი სოფლის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

დღეს ყველა ცხოვრების გაადვილებაზე ფიქრობს, არც მიკვირს, მაგრამ ცხოვრების გამარტივებად არ მიმაჩნია, ადამიანი სოფელში კარმიდამოს რომ მიატოვებს, ქალაქში ქირით ცხოვრობს და სოფლიდან მოხუცების გაგზავნილი პენსიით პურს ყიდულობს, რათა შემწვარ კარტოფილს და ჩაის დააყოლოს…

გულსატკენია როცა სოფელში მამლის ყივილი აქა-იქ ისმის, საკვამურიდან კვამლი ერთი-ორი სახლიდან ამოდის, წისქვილის ხმა ყურებს რომ არ აჭრუებს და მკივანა ხარის ხმა ბანს რომ არ აძლევს მთებს.
არ ვარ ექსპერტი რომ მიზეზ-შედეგზე ვისაუბრო, ჩემს გულისტკივილს ვამბობ ხმამაღლა და დამნაშავესაც ჩვენში ვპოულობ. თუ ბებიას თვის ბოლოს პენსიას ვთხოვთ, იმის კითხვაც შევძლოთ, ბაღის დამუშავების დრო როდისაა დასახმარებლად ამოვალო…

right ცოტანი ვართ სოფელში დარჩენილი და ვინც ვართ დღეს, ხვალ ვემზადებით წასასვლელად. გუშინ ვესილე ბებოც წავიდა ზამთრობითო, გვითხრა და გაზაფხულზე ამოვალო, ველოდებით…

გუშინ გოდორს ქსოვდნენ მეზობლები… იმედის ნაპერწკალი გამიჩნდა, სოფლის ხვალინდელი დღისა. მაგრამ დღეს სოფელში შვიდი მოსწავლეა, ერთი მეთორმეტე კლასელი, რამდენი სექტემბერიც არ უნდა მოვიდეს პირველკლასელი არ გვეყოლება, რადგან სოფელში ბალღის ტირილი არ ისმის…

ხვალინდელი დღე თუ არ შევიცვალეთ ჩვენ და დამოკიდებულება არ შევცვალეთ ცხოვრებისადმი ზემოდან, სოფელში მოხუცი ადამიანები დარჩებიან აქა-იქ, უკეთეს შემთხვევაში თვის ბოლოს შვილიშვილები მოაკითხავენ…

წელიწადში ერთხელ მიტოვებულ საფლავებს მოინახულებენ შვილები და აცრემლებულები დატოვებენ ბალახით აბიბინებულ კარმიდამოს, შვილიშვილებს კი მანქანის სარკმლიდან მოუყვებიან თავიანთ სოფელსა და მოგონებებზე სანამ თვალს მოეფარება სოფელი, მერე კი არაფერი… სანამ არ მოვა ხელახალი შემოვლის სურვილი და დრო.

მელანო ებრალიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი