ვიკა ურიდიას ხატწერა
“ხატწერა სიხარულის მომნიჭებელია”
„ჩემთვის ყველაზე ბედნიერი იყო ის დღე, როდესაც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მომიწონა ნამუშევრები“, – ამბობს ხატმწერი ვიკა ურიდია, რომლის ხატებსაც საქართველოსა თუ საზღვარგარეთის მრავალ ეკლესია-მონასტერში შეხვდებით. მის მიერ დაწერილი წმინდა დავით წინასწარმეტყველის დიდი ხატი პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ათონის მთაზე წააბრძანა. ვიკა მადლიერია უფლის, მისი მოწყალების, ბედნიერებისათვის, რომელსაც ფიქრობს, რომ არ იმსახურებს. თავს ხატმწერად არ მიიჩნევს, ბევრჯერ უფიქრია, უნდა წერდეს თუ არა ხატებს, ბევრი რამ არ მოსწონს ნამუშევრებში, ბევრი შენიშვნა და კრიტიკა აქვს საკუთარი თავის მიმართ. თუმა, ერთი რამ დანამდვილებით იცის – სურს გულით წეროს და სულის მცირე ნაწილი მაინც ჩადოს თითოეულ ხატში. თუ როგორ შეისწავლა ხატწერა, მისი შემოქმედების შესახებ „ამბიონს“ ესაუბრა.
ვიკა ურიდია: “დაახლოებით 11 წლის წინ ხატწერის შესწავლის სურვილი გამიჩნდა, ამიტომ გადავწყვიტე მივსულიყავი კომპეტენტურ პედაგოგთან, რომელიც ამ საქმეს შემასწავლიდა. ახლობლის რჩევით მივაკითხე ხატმწერ გიორგი ეგნატაშვილს, რომელიც უწმინდესის კურთხევით ასწავლიდა ხატწერას და 2006 წელს დავიწყე მასთან სკოლა-სტუდიაში სიარული. მადლობელი ვარ გიორგის, რომ მაზიარა ამ დიდ მადლს. იგი არა მარტო პედაგოგია, არამედ საუკეთესო მეგობარი და პიროვნება. მისმა პიროვნულმა თვისებებმა განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება ხატწერისადმი.
ჩემი პირველი ხატი სწავლის დაწყებიდან 1 თვეში დავწერე, ეს იყო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი. უბედნიერესი ვიყავი და სიხარულით მომქონდა სახლში, ვერ ვიჯერებდი თუ რამხელა ბედნიერება მარგუნა უფალმა. ჩემი დაწერილი პირველი ხატი ჩემი ოჯახის სალოცავი კუთხის ბინადარია. მას შემდეგ ბევრი რამ უკეთ ვისწავლე და განსხვავებასაც ვამჩნევ სხვა ხატებთან შედარებისას.
ხატწერას ადრე ბევრად უფრო დიდ დროს ვუთმობდი და უფრო ბევრ ხატს ვწერდი. როდესაც ხატს ვწერ, მაქვს უდიდესი მოწიწება და პატივისცემა იმ წმინდანის მიმართ, რომლის ხატსაც ვწერ. მუშაობის პროცესში ვგრძნობ დიდ სიმშვიდეს და წმინდანის განსაკუთრებულ შემწეობას, თითქოს ამ პროცესში არც ვიღლები… დაღლა მოდის უფრო მოგვიანებით, როდესაც ხატის წერას ვამთავრებ. მაგრამ იმ გრძნობას, რომელიც ხატის დაწერის შემდგომ მეუფლება, ვერანაირ გრძნობას ვერ შევადარებ. ამავე დროს, არასოდეს ვარ კმაყოფილი ჩემი დაწერილი ხატებით, სულ მაქვს უკმაყოფილების გრძნობა და შენიშვნები საკუთარ თავთან.
ყოველთვის ვევედრები დედა ღვთისმშობელს, რომ ჩაიბაროს ჩემი მარჯვენა და სულიერი, სათნო და მეტყველი ხატები დამაწერინოს“.
როგორია ხატწერის პროცესი?
თითოეული წმინდანის სახის გამოსახვისას უფალი და თავად ეს წმინდანი გეხმარება და გიადვილებს ხატწერის პროცესს. რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ ამ წმინდანის ცხოვრება, მისი ტროპარ-კონდაკი და ლოცვით და ვედრებით შეუძლებელს შეაძლებინებს ადამიანს. ეს პროცესი ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, ერთგვარად სიხარულის მომნიჭებელიც.
ხატის ფერების შერჩევისას ხატმწერი ემყარება კანონიკას. იგი თავის თავში ითვალისწინებს წმინდა მამების მიერ დადგენილ კანონებს, რომელთა მიხედვითაც თითოეულ ფერს თავისი დატვირთვა აქვს; მაგალითად დედა ღვთისმშობლის შესამოსელი იხატება ლურჯი ან მეწამული ფერით. მოწამე წმინდანები – წითელი მოსასხამით. ხატის წარწერა კეთდება ძველი ქართული ანბანითა და ქარაგმებით.
ხატის წერა დიდ სულიერებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. ხატმწერი კანონიკის ჩარჩოებშია მოქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხატმწერი იცავს კანონიკას, მათი ხელწერა განსხვავდება ერთმანეთისაგან. ამასთანავე, ხატის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წმინდანის თვალებსა და ხელებს. ამიტომაცაა თითოეული ხატი განუმეორებელი და ინდივიდუალური.
ხატწერის შესასწავლად საკმარისია ძლიერი სურვილი, კურთხევა მოძღვრისგან, ეკლესიური ცხოვრება, სულიერება და ცოტა ნიჭი…
თუ კადნიერებაში არ ჩამომართმევთ, ერთი რამ ვიცი საკუთარი მაგალითიდან. სამედიცინო განათლება მაქვს, ხატვაზეც არასოდეს მივლია, სწორ ხაზსაც ვერ ვავლებდი, მაგრამ იმხელა სურვილი მქონდა ხატწერის შესწავლისა, რომ უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება და გამხადა ღირსი ამ უდიდესი მადლისა, შემაძლებინა ხატების წერა, ასზე მეტი ხატი მაქვს მისი მადლით დაწერილი.
ხელოვნებისადმი მიდრეკილება თუ გქონდათ?
ბავშვობიდან, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ვქმნიდი გამხმარი ყვავილებისგან, თევზის ფხებისგან სხვადასხვა კომპოზიციას, ბევრ გამოფენაშიც მიმიღია მონაწილეობა, პერსონალური გამოფენაც მქონდა.
შემდეგ, უფრო მოგვიანებით, ხატწერის შესწავლამდე რამდენიმე წლით ადრე, შევისწავლე ტიხრული მინანქარი და მისი ტექნიკა შარდენზე, ქალბატონ ია გიგოშვილთან, უსაყვარლეს და უთბილეს ადამიანთან.
აქ შევძელი ტიხრული მინანქრის შესწავლისა და ნამუშევრების შექმნის სურვილის რეალიზება. თავიდან ვქმნიდი ნაკეთობას თავისუფალ თემაზე, ხოლო მას შემდეგ, რაც ხატწერა შევისწავლე, გავბედე და დავიწყე ხატების შექმნა ტიხრული მინანქრის ტექნიკით.
ხატი კანონიკას ემყარება, ხატმწერმა უნდა იცოდეს იკონოგრაფია, ლაქ-საღებავების შერჩევის ტექნიკა, ოქროს ფონის დადება-დამუშავება.
როგორ შეაფასებთ თანამედრვე ხატწერას?
თანამედროვე ხატმწერი უფრო მეტადაა უზრუნველყოფილი სამუშაო მასალებით, პიგმენტებით, ფუნჯებით… დღეს უფრო მეტადაა განვითარებული ტექნიკა, არსებობს კომპიუტერი, შეგვიძლია ხატის ასლების გაკეთება მისი მეშვეობით. დღეს უფრო გაადვილებულია ხატმწერობა ვიდრე ადრე.
ადრე ხატმწერები ძირითადად ბერები იყვნენ, რომლებიც მონასტერში ცხოვრობდნენ და მათ მიერ შექმნილი ხატები უდიდესი სულიერებით გამოირჩეოდა. ხატწერის კანონიკა თაობიდან თაობას მათი წყალობით გადაეცემოდა და დღემდე ჩვენამდე მოაღწია. ბერების დიდი მადლისა და წმინდა ცხოვრების შედეგად დაწერილი ძველი ხატები უდიდესი სულიერებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად სათნო და მეტყველია.
წარსულში ვინაიდან ხატის ასლები არ არსებობდა, ხატმწერი ბერები მიდიოდნენ ტაძარში, სადაც აკვირდებოდნენ ფრესკებს და ხატებს და მათ იმახსოვრებდნენ, შემდეგ თავად წერდნენ. ასე იქმნებოდა ერთმანეთისგან განსხვავებული ხატები. ხატმწერი ბერები უდიდესი მოწიწებით, ლოცვა-მარხვით ქმნიდნენ ხატებს.
ძველი საუკუნეების ხატები ბევრად უფრო სულიერია, ვიდრე დღეს შექმნილი, მათ საუკუნეებს გაუძლეს და უდიდესი მაგალითია ყველა ხატმწერისთვის.
ვიკა დამწყებს ხატმწერებს ურჩევს, არ დაბრკოლდნენ, არ შეშინდნენ, იცოდნენ, რომ უფალი მათ არ მიატოვებს ასეთი კეთილი საქმის კეთებისას და შეუძლებელს შეაძლებინებს.
თეონა ნოზაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.