მთავარი » სხვადასხვა

ვიცით საკუთარი გვარის ისტორია?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.02.2010 598 კომენტარი | 467,060 ნახვა

გვარიგვარი ცოცხალი ისტორიაა, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელი. გვარიშვილობა კი ადამიანის ღირსების, მისი მაღალზნეობრიობის მაჩვენებლად გამოიყენება. პიროვნების თვისებებს ჩვეულებრივ გვარს უკავშირებენ და ამბობენ ესა და ეს კაცი კარგი (ან ცუდი) გვარიშვილია, გვარიშვილობას უქებენო. თუმცა, როგორც გვარების მკვლევარი იაკობ ახუაშვილი მიუთითებს, ადამიანების დაყოფა გვარიშვილობის მიხედვით არ არის მართებული ფორმა.

“25 000 გვარს შორის დღეს ყველაზე დიდი და გავრცელებული გვარია ბერიძე, მეორე ადგილზე კაპანაძეები, მესამე ადგილზე კი გელაშვილები არიან, მათ მოსდევს მაისურაძეებისა და კვარაცხელიების გვარები. ამასთან, გვარის გადაკეთება ნებისმიერ მსურველს არ უნდა შეეძლოს, ეს საკითი როგორც იქნა ამ ბოლო დროს დარეგულირდა” – აღნიშნა იაკობ ახუაშვილმა.

როგორია გვარების წარმოშობის ისტორია და რას აღნიშნავს ამა თუ იმ გვარის ძირი, “ამბიონი” ამ საკითხთან დაკაშირებით საქართველოს მამულიშვილთა კავშირ “გვარიშვილობის” ხელმძღვანელს, იაკობ ახუაშვილს გაესაუბრა, რომელიც 21 წელია, გვარების კვლევის საქმითაა დაკავებული. კავშირის “გვარიშვილობის” მიერ დღემდე 18 000 გვარია გამოკვლეული და მუშაობა კვლავ გრძელდება.

იაკობ ახუაშვილი: “ისტორიული წყაროების მიხედვით ადამიანები გორაებად ცხოვრობდნენ. დღეს რომ ვამბობთ გორი, გორა, ადრე მას გორაები ერქვა. როდესაც ადამიანები ამ გორებიდან ჩამოვიდნენ და დაიწყეს მიწიერი ცხოვრება, მესაქონლეობა, მემინდვრეობა და ა.შ. იქიდან შემორჩა სახელი გორა-გუარი-გვარი. თუმცა, თავდაპირველად გაჩნდა ადამიანთა სახელები. მსოფლიოში არც ერთი ადამიანი არ ყოფილა, ვისაც სახელი არ ჰქონდა. პირველი სახელი – მახარე, მშობლისმიერი საკუთარი სახელია. სახელების შემდეგ კი გაჩნდა გვარების საჭიროება. გვარი პირველად ადგილ-მდებარეობის, სადაურობის მიხედვით იწოდებოდა. ადამიანის სახელს დაურთეს ტოპონიმი, ადგილის სახელწოდება. ვთქვათ, იაკობ ცურტაველი. ცურტავი ადგილია, მას -ელი დაუმატეს და ცურტაველი გახდა. გვარი კეცხოველი კი კეჩხობიდან მოდის.

შესაძლებელია, გვარები ადრეც იყო, მერე გაქრა, მაგრამ პირველი გვარი, რომელიც ისტორიაშია დაფიქსირებული, ეს არის ქუენიფლეველი. ქვენიფნევი იყო სოფელი, შიდა ქართლში. ქუენიფლეველებიდან გამორჩეულია ბაბილა ქუენიფლეველი, რომელმაც მეექვსე საუკუნეში თავი გამოიჩინა ოვსებთან ბრძოლაში, დაამარცხა მომხვდური მტერი და უკუქცეული ოვსთა ლაშქარი საქართველოდან გააძევა. ქუენიფლეველები ბაბილას გამო გვარად ბაბილურები გამხდარან. შემოვიდა ახალი სუფიქსი, ური, ული-ეს არის მთიულების გვარების დაბოლოება.

VI ჩნდება ახალი გვარი ფარტაძე. ფარტაზი კოლხეთში ერისმთავარი იყო, ისტორიული პიროვნება. ივანე ჯავახიშვილის მიხედვით, სწორედ მისგან იწარმოა გვარი ფარტაძე. ძე-არის შობილი, მოვლენილი პიროვნება, რომელიც ოჯახის შვილია და მისი გამგრძელებელი. სუფიქსი –ძე უფრო ადრე გაჩნდა ჩვენს სინამდილეში, ვიდრე –შვილი. -შვილზე დაბოლებული ერთ-ერთი პირველი გვარი იყო არსლანიშვილი, დღევანდელი – ასლანიშვილი.

მას შემდეგ რაც საქართველო კუთხეებად, მხარეებად დაიყო, მეგრელებმა იმ მიზნით რომ ქართველებისა და ქართველურისგან განსხვავებულები ყოფილიყვნენ, გავრცელებული სუფიქსების ადგილას ჩასვეს, ახალი –ია, უა, სკუა, ყვა, სუფიქსები, რომლითაც მალე მთელი საქართველო დაიფარა. ყველა ერთად კი ესენი ნიშნავდა –ბა-ს, –ბაია.

საქართველოში VI საუკუნიდან შემოდის გვარებით ცხოვრება. “ქართლის ცხორების” პირველ ტომში აღნიშნულია, რომ ქართლში, ბიზანტიელებისა და რომაელების მიერ ჩატარდა გვარობითი აღწერა, რომლებმაც შეგროვილი მასალები თავიანთ სამშობლოში გაიტანეს და დღემდე მიუგნებელია. მაგრამ იქ წერია, რომ გვარობითი აღწერა VII საუკუნის I ნახევარში მოხდა. VII საუკუნეში ჩვენ უკვე გვაქვს გვარი გრძელისძენი, დღევანდელი – გრძელიძე. VII საუკუნიდან მოყოლებული, XVIII საუკუნემდე, სახელსა და მას მოყოლებულ სუფიქსებს, შვილი, ძე-ს შორის შუაში იჯდა ასო – . მაგალითად ასლანასშვილი, გიორგასშვილი, რომელიც უდეფისოდ იწერებოდა. ასეთ გვარებს სპეციალისტები, სანიან გვარებს ვუწოდებთ.

ტბეთის სულა მატიანე, ეს არის ერთ-ერთი პირველი ძეგლი, სადაც სულის მოსახსენებელში 377 გვარია წერილობით დაფიქსირებული.

რამდენად ხშირად ვხვდებით უკვე გამოკვლეულ გვართა ისტორიაში უზუსტობებს?

რასაკვირველია, გვარების კვლევას ცდომილება თან ახლავს. ხშირად თავადთა გვარების სია არ ემთხვევა სინამდვილეს, რადგან თავადის გვარის მატარებელი ყველა თავადი არ იყო, მაგრამ ეს საკითხი ნელ-ნელა გამოსწორდება. გამოვიკვლიეთ და შევისწავლეთ, როგორ გაჩდნენ ბაგრატიონები, რომ მას წინ უძღოდა არა ის 810 წელი, სადაც პირველი ბაგრატიონი გაჩნდა, არამედ ჩვენ მას ვიწყებთ უკვე ფარნავაზიდან. მერე ხდება მოსახლეობის სოციალური დიფერენციაცია. მეფეს თავისი დასაყრდენი უნდა ჰყოლოდა, ვისი მეშვეობითაც ის თავის საქმიანობას განაგებდა. მათ ვინც გამოეყო და დაწინაურდა, მთავრები დაარქვეს. ვახუშტი ბატონიშვილს ცალკე აქვს გამოყოფილი მთელი საქართველოს, სამეგრელოს, კახეთის, რაჭის, მესხეთ-ჯავახეთის მთავრები და ა.შ. მთავრებამდე გაჩნდა აზონაურები, ანუ აზნაურები. V საუკუნეში მათ ფართო და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოგვიანებით აზნაურების გავლენა ცოტა შემცირდა. თავადური კლასი კი XV საუკუნიდან გაჩნდა. ადრე გვარს იმის გამო აქცევდნენ ყურადღებას, რომ თუ თავადი იქნებოდი, მთავრები გეყოლებოდა და სხვებისგან განსხვავებით უპირატესობა გექნებოდა.

რატომ უნდა იცოდეს ადამიანმა საკუთარი გვარის ისტორია და რამდენად არიან დაინტერესებულნი მისი ცოდნით?

დღეს ადამიანები დაინტერესებულნი არიან საკუთარი გვარიის ისტორიით, გაიზარდა მომართვიანობაც, ხშირად გვიკავშირდებიან უცხოეთში მცხოვრები ქართველები. გვარში მთლიანობაა განივთებული, მთელი ჩვენი ცხოვრება. ეს არის ისტორიული ფენომენი. რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია გამოვიკვლიოთ ისტორიაც, ენათმეცნერებაც… გვარი ადამიანის და სოფლის სახელია. ყველამ უნდა გაიგოს, პირველ რიგში კი ხელისუფლებამ, რომ ყურადღება მიაქციონ გვარსა და გვარიშვილობას. თითოეული ადამიანი უნდა ეცადოს, შეისწავლოს საკუთარი გვარის ისტორია.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

598 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი