მთავარი » კულტურა

ვერონეზეს მხატვრობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2012 ერთი კომენტარი | 7,761 ნახვა

“ვერონეზე იყო უდიდესი ფერმწერი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია… პაოლო ვერონეზე მან შექმნა ბუნებრივი ტონების ჰარმონია ნაცვლად იმისა, მოეხდინა აკადემიური შუქჩრდილის ხელოვნური მონაცვლეობა”.

თეოფილ გოტიე

იტალიური აღორძინების თვალსაჩინო წარმომადგენლის, პაოლო კალიარი – ვერონეზეს (1528-1588წწ.) შემოქმედება მნახველს ხუთ საუკუნეზე მეტია აჯადოებს. მისი ხელოვნებისთვის განმსაზღვრელი გამოდგა ქალაქ ვერონაში გატარებული წლები. მხატვრის ფერწერა ოპტიმიზმითაა აღსავსე. მან ახალი შტრიხებით გაამდიდრა იმდროინდელი მხატვრობა. ამჯერად, ყურადღებას მის რამდენიმე ტილოზე შევაჩერებთ.

“ქორწილი კანაში”

1562-63 წწ.-ში ვერონეზემ სან ჯორჯო მაჯორეს მონასტრის სატრაპეზოსთვის შექმნა დიდი ტილო – “ქორწილი კანაში”. მხატვარმა ტილოზე 15 თვე იმუშავა და 138 ფიგურა დახატა. ნახატზე ასახულია ლხინი, რომელზეც, სახარების მიხედვით, ქრისტემ პირველი სასწაული მოახდინა: რადგან ღვინო საკმარისი არ იყო სტუმრებისთვის, წყალი ღვინოდ გადააქცია. შესაბამისად, ბიბლიურ ტექსტში ეს ქორწილი არც ისე მდიდრული უნდა ყოფილიყო, ვერონეზემ კი დახატა დიდებული წვეულება, სადაც უხვად არის ღვინო. ტილოზე წარმოდგენილი თითოეული ფრაგმენტი სრულყოფილია.

ქორწილი კანაში

სურათის ცენტრში, წინა პლანზე მუსიკოსების ჯგუფს ვხვდებით, რომლებშიც ვერონეზემ ცნობილი ვენეციელი მხატვრების პორტრეტები უკვდავყო. ვიოლენჩელოზე უკრავს ტიციანი. მას წითელი ლაბადა აქვს მოსხმული. ფლეიტაზე უკრავს ბასანო, ვიოლა დი გამბაზე კი – ტინტორენტო, თეთრ სამოსში გამოწყობილი მუსიკოსი თავად პაოლო ვერონეზეა. ფერმწერები თავიანთი ხელოვნებით ფონს ქმნიან.

“ქორწილი კანაში” აღორძინების ხელოვნებისთვის სრულიად ახალი ტიპის ფერწერას ქმნის. მასში გამოიყოფა ჯგუფური პორტრეტის, ისტორიული კომპოზიციისა და რელიგიური ჟანრების სინთეზი.

წმიდა გიორგის მოკვდინება

“წმიდა გიორგის მოკვდინება”

საინტერესოა ვერონეზეს ტილო “წმიდა გიორგის მოკვდინება”. ტილო თითქოს მიწიერ და ზეციურ ნაწილებადაა გაყოფილი. სურათის ქვედა ნაწილში მოქმედება მიწაზე ხდება. ქრისტიანობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმიდანს საშინელ სასჯელს უწყობენ და საწამებლად ამზადებენ. საყურადღებოა ნახატზე წარმოდგენილი ადამიანების აღტაცებული, დაფიქრებული სახეები. ცხენები სევდიანი თვალებით უყურებენ ბრბოდ ქცეულ ადამიანებს… წმიდა გიორგის თვალები კი ზეცისკენ არის აღპყრობილი, სადაც ის ღვთისმშობელსა და წმიდანთა დასს ხედავს. პატარა ანგელოზს კი მისთვის გამზადებული გვირგვინი უჭირავს ხელთ.

სურათი მკვეთრ ფერებშია წარმოდგენილი და გარკვეულწილად, ამაღლებული განწყობაც იგრძნობა.

“ლხინი ლევის სახლში”

ვერონეზეს გრანდიოზულ ტილოს “ლხინი ლევილის სახლში” თავდაპირველად “საიდუმლო სერობა” ერქვა. მხატვარს მისი დახატვა ვენეციის წმიდა იოანესა და წმიდა პავლეს მონასტრისთვის წინამძღვარმა შეუკვეთა. ვერონეზეს ნამუშევარს 1571 წელს ხანძრის დროს განადგურებული ტიციანის იმავე თემაზე დახატული ტილო უნდა შეეცვალა.

მოგვიანებით მხატვარი წმიდა თემის მეტად “თავისუფლად” დახატვისთვისაც დაკითხეს და მისი “შესწორება” უბრძანეს. ვერონეზემ ამ დროს შეუცვლა ტილოს სახელწოდებაც.

ლხინი ლევის სახლში

ნახატზე დიდი ადგილი ეთმობა არქიტექტურისა და ვენეციისთვის დამახასიათებელი ნაგებობების წარმოჩენას, რაც ამაღლებულ იერს აძლევს სურათს. წვეულების სტუმრებს თავისუფლება აქვთ მინიჭებული…

იესოს ნათლისღება და გამოცდა

“იესოს ნათლისღება და გამოცდა”

ვერონეზემ ტილოზე “იესოს ნათლისღება და გამოცდა” ორი მნიშვნელოვანი თემა გააერთიანა. მხატვარმა ურთულესი განწყობა: სულიერი მწუხარება და სიხარული გადმოსცა. მაცხოვრის სახე საოცრად მეტყველია. სულიწმიდა, სინათლეში გახვეული მტრედი, თავისი სხივით ავსებს მაცხოვარს. სურათის მეორე ნაწილი, ქრისტეს უწმინდურისგან გამოცდა, სრულიად განსხვავებული კომპოზიციური ნამუშევარია.

“ჯვარცმა”

“ჯვარცმა” ორმოცზე მეტ დიდ და ოცზე მეტ პატარა ფიგურას მოიცავს. მარცხენა ნაწილში ჯვარცმასთან გამოსახული მარიამ მაგდალინელი და ღვთისმშობელი ამ ეპიზოდს დასრულებულ სახეს აძლევენ.

ჯვარცმა

აქვე არიან ადამიანები, რომლებიც გრძნობებს ვერ უმკლავდებიან, ცენტრალურ ნაწილში კი – მიმავალი ცხენოსნები. მარჯვენა კუთხეში დაუნდობელი ჯავშნოსანი მხედარი ცხენს აჩერებს. მისი ცხენის ფლოქვებქვეშ მალე ადამიანი გაითელება. “ჯვარცმა” ერთიანი და ჰარმონიული სურათია.
პაოლო კალიარი – ვერონეზე სიცოცხლეშივე აღიარეს და დააფასეს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი