მთავარი » ეკლესია-მონასტრები

ველტყევის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.02.2013 ერთი კომენტარი | 5,369 ნახვა

ველტყევის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი მდებარეობდა რაჭის ქედზე, რაჭასა და იმერეთს შორის, უმშვენიერეს ადგილას, ველტყევის ანუ კვეშლევის მთაზე, ზღვის დონიდან 1730 მეტრზე, დღევანდელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ სხვავიდან 10 კმ-ის, ველტყევის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერი ხოლო საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხვიდან დაახლოებით 8 კმ-ის დაშორებით. იგი იწოდებოდა აგრეთვე, როგორც “სხვავის მონასტერი”, “ნათლისმცემლის უდაბნო”, “რაჭის უდაბნო”, ზოგჯერ “უდაბნოს ეკლესიადაც” მოიხსენიებდნენ. მონასტერმა ფუნქციონირება XIX საუკუნის ბოლოს შეწყვიტა, XX საუკუნეში კი სულ მიივიწყეს.

“ტაძარი ნაწილ-ნაწილ ინგრეოდა. ხის სენაკები კი უფრო ადრე განადგურებულა. ახლა იგი თითქმის მთლიანად მიწასთანაა გასწორებული. ესეც არ აკმარეს და 2011 წელს უცნობმა განძისმაძიებლებმა რამდენიმე ადგილი გადათხარეს. მონასტრის წინამძღვრის საფლავს წარწერიანი ფილა გადააცალეს. რა უნდა იპოვნონ იქ? თუ წინაპართა მიერ ლოცვით გაჯერებულ ლოდებს განძად არ მივიჩნევთ და მოწიწებით არ შევეხებით, იქ სხვა ნივთიერი განძი არაა. სულიერი განძი კი თვით იმ წმინდა სავანის არსებობის ისტორია და საუკუნეთა მანძილზე იქაური უმშვენიერესი ბუნების ფონზე ზეცად აღვლენილი ლოცვაა,” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას მწერალმა გივი ჩიღვინაძემ, რომელიც ამჯერად ველტყევის მონასტრის ისტორიაზე გვესაუბრა.

გივი ჩიღვინაძე: “ეს ადგილი ტყით შემოზღუდული ველია და ამიტომაც ჰქვია ველტყევი. ტოპონიმი – ველტყევი კომპოზიტია, შედგება ორი ნაწილისაგან – ველი და ტყეები. უფრო საინტერესოა მეორე სახელწოდების, კვეშლევის ეტიმოლოგია. შეფარვით ამ ტოპონიმშიც ველი ფიგურირებს. რაჭის ქედის ამ მონაკვეთზე ტყით შემოზღუდული ველი ძალზედ დაწეულია, ჩაღრმავებულია, მეტად დაბლაა ირგვლივ მდებარე ტყეებთან შედარებით, თითქოს მათ ქვეშაა. ამის გამო, მისთვის ქვეშველი უწოდებიათ. ეს სიტყვაც ორი ნაწილისაგან შედგება ქვეშ და ველი. სიტყვის მეორე ნაწილში მოხდა ბგერათა გადასმა, ბგერა გადავიდა წინ, ხოლო – უკან. შემდეგ წინა ნაწილში -ს მაგიერ გაჩნდა . ესე იგი, მივიღეთ: ქვეშველი > ქვეშლევი > კვეშლევი.”

როგორი იყო ველტყევის მონასტრის ტაძარი და ვინ გვაწვდის ცნობებს მის შესახებ?

გიორგი ბოჭორიძის აღწერით, რომელმაც ველტყევის მონასტერი 1929 წელს მოინახულა, იგი ერთნავიანი ბაზილიკა იყო, დასავლეთით მიდგმული ჰქონდა საქალებო. XVIII საუკუნეში რაჭის ერისთავის როსტომის შეწევნით იქვე არსებული კლდის ქვისაგან ახალი ტაძარი აუგიათ. ამის შესახებ გვამცნობდა დასავლეთის შესასვლელის თავზე არსებული წარწერა: “ქ. მე თვითმპყრობელმან ლიხთ რაჭისამან ერისთავმან როსტომ აღვაშენე უდაბნო ველტყევისა, ეკლესია ნათლისმცემლისა, განსაძლიერებლად და წელმრავლობისა”. გიორგი ბოჭორიძე მიიჩნევდა, რომ მონასტერი როსტომ ერისთავის ზეობამდე (1750-1769) არსებობდა. მის აზრს იზიარებს პროფ. თამაზ ბერაძე, რომელმაც მიაკვლია 1740 წლის ორ საბუთს, რომელშიც ყიფიანთა და იაშვილთა საგვარეულოები თითო ყმას სწირავენ ველტყევის მონასტერს. იგი იმოწმებს სხვა დოკუმენტსაც, სადაც ველტყევის მონასტერთან დაკავშირებით როსტომ ერისთავამდე მიმდინარე ამბებია აღწერილი და გრიგოლ რაჭის ერისთავია (1731-1743) მოხსენიებული. თამაზ ბერაძეს ველტყევის მონასტერი IX-XI საუკუნეებში დაარსებულად მიაჩნია. იგი აღნიშნულია ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზეც.

ამ სავანესთან რაჭისა და ზემო იმერეთის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზები გადიოდა. ამის გამო მონასტრის ბერებსა და მორჩილებს ზამთარში განსაკუთრებული მოვალეობა ეკისრებოდათ – თოვლიან გზებს წმენდნენ, ნამქრითა და დიდი თოვლით შეწუხებულ მგზავრებს შველიდნენ, მონასტერში ღამეს ათევინებდნენ და მერე სამშვიდობოს ისტუმრებდნენ.

აქვე გაუთევია ზაფხულის ერთი წვიმიანი ღამე პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიის მიერ მოვლინებულ ცნობილ გერმანელ მეცნიერს, ექიმსა და ბუნებისმცოდნეს იოჰან ანტონ გიულდენშტედტს, რომელმაც 1771-1772 წლებში მთელი საქართველო მოიარა. რაჭაში, სოფელ სხარტალში მას იმერეთის მეფე სოლომონ I შეხვდა, რომელიც გულწრფელად იყო დაინტერესებული უცხოელი მეცნიერის გამოკვლევებით და ყოველმხრივ უწყობდა ხელს. სხარტალიდან სოლომონ მეფემ გიულდენშტედტს და მისი ექსპედიციის წევრებს სამი თავადი გააყოლა. ველტყევის მონასტერში მეცნიერმა და მისმა თანმხლებმა პირებმა 1772 წლის 19-20 ივლისის ღამე გაათიეს. იგი წერს: “სხარტალიდან ერთი საათი მივდიოდით ჩრდილო-აღმოსავლეთით უდაბნომდე (განდეგილთა საყუდელი), სადაც ჩვენ გავათიეთ წვიმიან ღამეში. ეს არის ნამდვილი უდაბნო, სადაც 6 მოხუცი ბერი, რათა ღმერთს ემსახურონ, ნამდვილად მკაცრ ცხოვრებას ეწევა… დგას ქვიტკირის პატარა ეკლესია, რამდენიმე საჟენი სიმაღლის ხის პატარა სახლებით. გარშემო სულ ხშირი წიფლის ტყეებია, ადგილი მაღალია”. მეორე დღეს, გიულდენშტედტი და მისი თანხმლები პირები მრავალძლისაკენ გამგზავრებულან.

რა ქონებას ფლობდა ველტყევის მონასტერი?

ველტყევის მონასტერი მეტად მდიდარი იყო. საქართველოს ეროვნული არქივის ერთი საბუთის მიხედვით, რომელსაც ეწოდება “მოკლე აღწერა რიცხვსა ეკკლესიის ყმათა და ეკლესიის შემოსავალსთასა რაჭის მაზრასა შინა”, მას ყმა-გლეხები ჰყავდა შემდეგ სოფლებში: სხვავაში, ველევში, სამთისში, შქმერში, ფარახეთში, ჯინჭვისში, ლიხეთში, ძირაგეულში, ჩორჯოში, ბარეულში, იწაში, ხიმშსა და ქედისში. სულ ეკუთვნოდა 41 კომლი, 178 მამაკაცი. შესდიოდა 231 ვერცხლის მანეთი წელიწადში. საკუთარი ვენახებიდან და ყანებიდან იღებდა 106 ჩაფ ღვინოს, 150 ბათმან პურს, სიმინდს ან ქერს.

ველტყევის მონასტერს გლეხებს და მამულებს სწირავდნენ მეფე და თავად-აზნაურები: მაგალითად, 1792 წელს იმერეთის მეფე სოლომონ II სწირავს ლიხეთში მცხოვრებ ერთ კომლს – გოგსაძე გოგიტელას და ნასყიდელას, 1784 წელს იმერეთის სამეფოს სარდალი პაპუნა წერეთელი და მისი ძმები სწირავენ როსტომ ერისთავის შვილის ლომინის ყოფილ სასახლეს სოფელ სხვავაში, 1760 წელს დავით მერაბის ძე წულუკიძე სწირავს რამაზიკ კერესელიძის ბეგარას.

გარდა ამისა ველტყევის მონასტრის გარემომცველი ბუნება მრავალ სიკეთეს იძლეოდა. იმავე მინდორზე წყარო და პატარა ტბაა. მოშორებით, აღმოსავლეთით, კლდის ძირიდან გამოედინება პატარა მდინარე ფასკნარა. მასზე წმიდა მამებს წისქვილი ჰქონიათ გამართული (იმ ადგილს სოფელ მოხვის მცხოვრებნი დღესაც “ბერების ნაწისქვილარს” ეძახიან). ფასკნარასა და დევის ტბაში მრავლად იყო კალმახი. მიმდებარე მინდორსა და ტყეებში მრავალგვარი სოკო და მთისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის მხალეული მოდის. იქვე ვრცელი მოცვნარია, მოცხარი, ჟოლო და სხვა კენკრაც იშოვება.

ველტყევის მონასტერის რომელი წინამძღვრებია ცნობილი?

საფლავი ვაჟა გობეჯიშვილი წიგნში “რაჭის მონასტრები” ასახელებს ველტყევის მონასტრის რამდენიმე წინამძღვარს: იღუმენი ანტონი (აბაშიძე) – 1770-1806 წ.წ., არქიმანდრიტი პანტელეიმონი – 1806-1841 წ.წ., მღვდელმონაზონი იოტასი – 1841-1848 წ.წ., არქიმანდრიტი ნიკოლოზი (ნიჟარაძე) – 1855-1861 წ.წ., მღვდელმონაზონი მაკარი (ჯაფარიძე) – 1861-1871 წ.წ.
1871 წელს გარდაცვლილა ველტყევის მონასტრის ბოლო წინამძღვარი მაკარი (ჯაფარიძე), მას ამ სავანეში 61 წელი გაუტარებია და იქვეა დაკრძალული.

სად გადაიტანეს მონასტრის გაუქმების შემდეგ საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები, რა ბედი ეწია მიტოვებულ ტაძარს?

1871 წელს მონასტერი გაუქმდა და საეკლესიო ნივთები და ხელნაწერები ჭელიშის მონასტერში გადაიტანეს. ველტყევის უდაბნოში ბევრი ხელნაწერი წიგნი ყოფილა. ჭელიშის მონასტრის ყოფილი არქიმანდრიტი, სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაიაწმიდა ამბროსი აღმსარებელი წერდა: “უმრავლესობა ჭელიშის მონასტერში დაცული ხელნაწერებისა გადმოუტანიათ სხვავიდან, სხვავის ან ველტყევის უდაბნოს გაუქმების შემდეგ, მაგრამ ახლა ძნელია დანამდვილებით ითქვას, რომელი ან რამდენი მათგანი ეკუთვნოდა სხვავის უდაბნოს”. 1919-1920 წლებში რაჭაში მოგზაურობისას ექვთიმე თაყაიშვილს – წმიდა ექვთიმე ღვთისკაცს ზემო სხვავაში უნახავს ახალი გუმბათიანი ეკლესია. “იმაშია გადმოტანილი ხის კანკელი სხვავის ყოფილი მონასტრიდან (საჩხერის გზაზე, მთაში),” – აღნიშნავს მეცნიერი. ჭელიშის მონასტრის ხატებს შორის კი ასახელებს ველტყევის მონასტრიდან ჩამოტანილ იოანე ნათლისმცემლის ხატს. იმავე ხატს გიორგი ბოჭორიძეც აღწერს, როგორც ველტყევის მონასტრის სიძველეს.

1885 წელს გაზეთ “დროების” რამდენიმე ნომერში მწვავე კამათი გაიმართა ველტყევის გაუქმებული მონასტრის მდგომარეობასთან დაკავშირებით. № 26 – ში დაიბეჭდა “ნ. მ-შვილის” წერილი. ავტორი სოფელ სხვავაში ყოფილა და იქ მისთვის უამბნიათ ველტყევის მონასტრის შესახებ, თუ როგორ ეხმარებოდნენ ადრე მისი ბერები და მორჩილები ზამთარში გაჭირვებილ მგზავრებს და რა მდგომარეობაში ყოფილა მიტოვებული სავანე იქ დაყენებული მცველის გამო, რომელსაც მონასტერი დუქნად უქცევია. იმავე გაზეთის № 39-ში, 20 თებერვალს დაიბეჭდა იმერეთის ეპისკოპოსის კანცელარიიდან მისული პასუხი, სადაც აღნიშნული ფაქტი უარყოფილია. ამას მოჰყვა 1-ელ მარტს სვიმონ ბაქრაძის წერილი, რომლის ბაბუა და ბებია თვით ამ მონასტერში ყოფილან დაკრძალული. იგი უკმაყოფილოა მონასტრის მცველის გამართლებით და იქ ჩატარებული შემოწმებით, ითხოვს, გამოძიება კომპეტენტურ პირებს მიენდოს. იმავე წლის 6 მარტს კი იბეჭდება კანცელარიის საქმის მწარმოებლის წერილი, რომელშიც ავტორი აღნიშნავს, რომ წინა პასუხი იმერეთის ეპისკოპოსის კანცელარიას არ ეკუთვნის. `ნ. მ-შვილის~ და სვიმონ ბაქრაძის წარმოდგენილ ფაქტებს კი ვერ უარყოფს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ამბის შემდეგ საუკუნეზე მეტმა განვლო. მიტოვებული ველტყევის მონასტერი დაინგრა, ორი წლის წინ კი უცნობმა პირებმა გადათხარეს. ამის შესახებ შევატყობინე როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ისე ამბროლაურის გამგეობის კულტურის განყოფილებას, მაგრამ დღემდე ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა მისი მონახულება და მდგომარეობის შესწავლა. საეკლესიო და ისტორიულ ძეგლებს მეტი ყურადღებით და პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. ველტყევში უმნიშვნელოვანესი მონასტერი იყო და უკვე დროა, მის აღდგენაზე ვიზრუნოთ.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მამა ავთანდილ გიორგობიანი says:

    ეს მონასტერი დიდ როლს ასრულებდა იმ ისტორიულ გზა–სავალზე, რომელიც რაჭა–ლეჩხუმ–სვანეთს გარე სამყაროსთან აკავშირებდა წარსულში. თუ გავიხსენნბთ (ს)ხუვავის ფუნქციას მუხამეშ–გილგამეშის ეპოსიდან, მაშინ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე „ცოცხალი კაცის ქვეყანა„ ამ ჭიშკარით (უღ.ჭიშკარა) უკავშირდებოდა „მსოფლი ცივილიზაცის აკვანს„. ამ უძველესმა გზა–სავალმა თავის ფუნქცია დაკარგა მამისონის გზის გაყვანის დაწყებისთანავე. საჩხერიდან–მესტიამდე ეს გზამუზეუმი „ფუსტელთა გზათ„ იწოდებოდა, რომელიც ასრულებდა თეოღირებულებების ევაკუაცის როლს შორეული წარსულიდან. უკანასკნელად ეს ფუნქცია მან შეასრულა 1819–1820 წ.წ. საეკლესიო ომის დროს.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი