მთავარი » კულტურა

ვეფხისტყაოსნის თანამედროვე გადამწერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.08.2011 3 კომენტარი | 8,333 ნახვა

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ის უნიკალური საგანძურია, რომელიც ჩვენი ერის სიამაყეს წარმოადგენს. ვეფხისტყაოსანისაუკუნეების განმავლობაში ის არაერთმა ადამიანმა გადაწერა და სწორედ ამ გზით მოაღწია ჩვენამდე. სულ “ვეფხისტყაოსნის” 162 ხელნაწერი და 32 ფრაგმენტია შემორჩენილი. მათგან უადრესი XVI საუკუნით თარიღდება. თითოეული მათგანი მისი გადამწერის ან მფლობელის სახელით მოიხსენიება. ცნობილია ზაზასეული, წერეთლისეული, თეკლასეული და სხვა ხელნაწერები. მართალია, დღეს პოემის უამრავი გამოცემა არსებობს, მაგრამ ხელნაწერები თავის ღირებულებას არ კარგავს. ჩვენს რეალობაშიც მოიძებნება ადამიანი, რომელმაც უკვდავი პოემის საკუთარი ხელით გადაწერა და ამ ფორმით თაობებისათვის გადაცემა გადაწყვიტა. “ამბიონი” დღეს სწორედ ასეთ პიროვნებას გაგაცნობთ.

მაგლონი კუპატაძე ამჟამად “ვეფხისტყაოსნის” მესამე ეგზემპლარზე მუშაობს. განსაკუთრებული სილამაზითა და სიზუსტით გამოყვანილი ასოებით პოემის ახალ ეგზემპლარს უკვე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის წერს. ცენტრის დირექტორმა ბუბა კუდავამ თავად სთხოვა, რომ “ვეფხისტყაოსანი” სპეციალურად ცენტრისთვის კიდევ ერთხელ გადაეწერა. “როცა ბუბა კუდავამ ჩემი ნამუშევარი ნახა, აღფრთოვანება გამოხატა და მითხრა, რომ ასეთი ნამუშევრის ადგილი სწორედ ჩვენთან არისო. ის ეგზემპლარი ჩემი შვილისთვის გადავწერე და ამიტომ ვერ დავუტოვე, მაგრამ დავპირდი, რომ მათთვისაც გადავწერდი,” – იხსენებს კალიგრაფი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კი იმ კონკურსის წყალობით მოხვდა, რომელიც საუკეთესო კალიგრაფების გამოვლენას ემსახურებოდა.

მაგლონი კუპატაძე ფინალისტების რიცხვში აღმოჩნდა და განათლების პროფესიული სინდიკატის რჩეულის ტიტულიც მიიღო.ვეფხისტყაოსანი ამ ტიტულის გარდა, ის ესთეტიკური ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის “საუკეთესო შემოქმედის” გამარჯვებულის ტიტულსაც ფლობს.

პროფესიით გეოგრაფი უკვე 20 წელზე მეტია პედაგოგიურ საქმიანობას თერჯოლის პირველ საჯარო სკოლაში ეწევა. ასეთი განსაკუთრებული კალიგრაფია კი მშობლიური საზანოს სკოლაში ჩამოუყალიბდა. გამორჩეული ხელწერის პატრონმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტა, რომ შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა საკუთარი ხელით გადაეწერა. პირველი ეგზემპლარის შექმნას ხუთი თვე მოანდომა, პირველს მეორე მოჰყვა… ორივე მათგანი შვილებს უსახსოვრა. “წერა ჩემთვის სიამოვნებაა, ძალიან მამშვიდებს. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც ერთ თავს ვამთავრებ და ახალი უნდა დავიწყო, მე თვითონაც მაინტერესებს, როგორი ორნამენტები გამომივა ხოლმე. თავდაპირველად მხოლოდ შავი კალმით ვწერდი, სხვა ფერის შერევას ვერიდებოდი, მაგრამ ახალ ეგზემპლარს წითელი ფერით ვაფორმებ და მგონი უფრო ლამაზი გამოდის. ძირითადად არდადეგების დროს ვწერ, სწავლის პერიოდში ნაკლები თავისუფალი დრო მრჩება,” – ამბობს ქალბატონი მაგლონი.

“ვეფხისტყაოსნის” გარდა საკუთარი ხელით გადაწერა მათეს სახარებაც. ახლა კი, შვილის თხოვნით, სხვადასხვა ლოცვებსაც თავისი გამორჩეული ხელწერით წერს. სამომავლოდ კი გეგმავს, თავისი საყვარელი მწერლებისა და პოეტების ხელნაწერი წიგნები შექმნას. ქართველი კალიგრაფის ტიტული მისთვის საამაყო და საპატიოა, ახალი ჯილდოები კი მუშაობისთვის მეტ სტიმულს აძლევს.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • აბელი says:

    ღმერთმა დაგლოცოთ ქალბატონო მაგლონი, თქვენ დიდ ქართულ საქმეს აკეთებთ.

  • დალი says:

    როგორც ხელნაწერებია მშვენიერი,ისეა მშვენიერი თავად პიროვნება.
    არ დაგლეოდეს წარმატებები საყვარელო ადამიანო.ვამაყობ,რომ პირველი სკოლის პედაგოგი ხარ.

  • თეა says:

    გამახარა სტატიამ. მინდა თქვენს შესახებ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს, გაიგოს რა დიდი ნიჭისა და სიყვარულის მატარებელი ქალბატონი ბრძანდებით საყვარელო მასწავლებელო.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი