მთავარი » კულტურა

ვახტანგ ტატიშვილის ცხოვრების ფურცლები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.01.2010 | 2,639 ნახვა

მომღერალმა საკუთარ ცხოვრებას თვალი “ამბიონთან” ერთად გადაავლო

ვახტანგ ტატიშვილიადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მას განვლილი ცხოვრება ტკბილად და საინტერესოდ ახსენდება, ყველასათვის საყვარელმა, ანსამბლ “ივერიის” მომღერალმა და მსახიობმა, ვახტანგ ტატიშვილმა, თავისი ცხოვრების თითოეული ეტაპი ჩვენთან ერთად გადაფურცლა და გაიხსენა.

ვახტანგ ტატიშვილი: ბავშვობასთან დაკავშირებით, პირველი რაც მახსენდება, ომის დამთავრება იყო, დაახლოებით ოთხ წლამდე ვიყავი. ბავშვები ყვიროდნენ ომი გათავდა, ომი გათავდაო, დამთავრდას ნაცვლად, მეგონა, რომ ღომი გათავდა და ვფიქრობდი, რა გვეშველება ღომი თუ გათავდა-მეთქი ისედაც შიმშილობა იყო. მერე დედიკომ დამამშვიდა ღომი კი არა ომი დამთავრდაო. ეს ფაქტი იმდენად ღრმად მაქვს გონებაში ჩაბეჭდილი, რომ პირველად სულ ეს მომდის გონებაში. კიდევ მახსოვს ჩემი ბიძის სახე, რომელიც 21 წლის გარდაიცვალა. სულ ვცდილობ, ჩემი დაბადება გავიხსენო ხოლმე, მაგრამ რაც არ უნდა ვეცადო, ვერ ვიხსენებ. (იცინის)

– სად გაატარეთ ბავშვობის წლები?

– ბავშვობა ზღვაზე მაქვს გატარებული, ჯერ ცურვა ვისწავლე და მერე სიარული, ერთი წლის უკვე ვცურავდი, ვცხოვრობდი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, ჩემი მშობლები იყვნენ მეცნიერები, ბოტანიკოსები და მუშაობდნენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, იქ გავიზარდეთ მე და ჩემი და-ძმა. მახსოვს გვიჭირდა, ხან ტყემალს ვჭამდით, ხან კარალიოკს, ხან მანდარინს, სეზონის მიხედვით, რასაც გვიშლიდნენ ბოტანიკურ ბაღში, მაგრამ მე მაინცდამაინც ზემოთ უნდა ავსულიყავი ხეზე, არადა, ქვემოთაც ვარდებოდა ხილი.

– როგორი მოსწავლე იყავით?

– სკოლაში ოცდაოთხ კილომეტრ ნახევარში დავდიოდი, მახინჯაურში, რუსული სკოლა იყო. კარგად ვსწავლობდი და სულ რაღაც ღონისძიებებში ვღებულობდი მონაწლეობას, ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ხშირად ვმღეროდი. ძალიან მიყვარდა ტექნიკური საგნები. სულ სცენაზე გამოვდიოდი, ბაღიდან მოყოლებული.

– დროის დაბრუნება და რაიმეს შეცვლა თუ გინატრიათ როდესმე?

– მაინცდამაინც არა, მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებაში ვცხოვრობდით, ყველაფერი ტკბილად და სასიამოვნოდ მახსენდება. მახსოვს, კანფეტი რაღაც სასწაული იყო ჩემთვის, ტორტი და ნამცხვარი საერთოდ არ მახსოვდა მაშინ. პირველად რომ გავსინჯე ძეხვი, დღემდე მახსოვს მისი გემო.

ახალგაზრდობა და პირველი სიყვარული

– დამთავრებული მაქვს ფიზიკა-მათემატიკური. პირველ კურსზე ვიყავი, მაშინ სტუდ-ქალაქში ვცხოვრობდი, რადგან ბათუმიდან ვიყავი ჩამოსული და იქ ვნახე პირველად ტელევიზორი, პატარა ეკრანი ჰქონდა, მაგრამ ვის ადარდებდა, ყველა იმას ვუყურებდით, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა გადაცემა იყო. თუ ფეხბურთი იქნებოდა, ხომ საერთოდ. დავდიოდი ფეხბურთზე, მაშინ ბილეთების შოვნაზე დიდი ამბავი იყო, ბილეთები რომ მეყიდა ბარქაიას სიაში ვიყავი ჩაწერილი. 1981 წელს დიუსელდორფში ვიყავი წასული, მაშინ მსოფლიო თასი მოვიგეთ, საქართველოდან სულ სამოცი კაცი იყო, სულ არჩეულები, ისეთი “ბლატი” უნდოდა იქ რომ მოხვედრილიყავი, მე ეს შევძელი და წავედი. ეს დიდი სიხარული იყო.

– როგორ მოხვდით დიდ სცენაზე?

ივერია– ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, ჯემალ ბაღაშვილი და “ბუთხუზი” ბასილაია გავიცანი. პუშკინში ვსწავლობდით და კვარტეტი გვქონდა. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, მეცხრე სკოლაში ვასწავლიდი ფიზიკას და გამომიძახეს ჯარში, ორი წლით. ჯარში ყოფნისას ჯემალმა მომწერა წერილი, ჩამოდი და ერთად ვიმღეროთო და ჯარიდან ჩამოსვლის მერე ასე თვითშემოქმედებით მოვხვდი ფილარმონიაში და ვმღეროდი ტრიოში “ლილე”, ჯემალ ბაღაშვილთან და მარეხ გოძიაშვილთან ერთად.

– როდის შეგიყვარდათ პირველად?

– 16 წლის ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი, ჩემი კლასელი შემიყვარდა, ლიუდა ერქვა. კარგად მახსოვს ხელი რომ მოვკიდე, კინაღამ გული წამივიდა, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ ვაკოცე და მაშინ ხომ საერთოდ, ძალიან მაგრად ვღელავდი.

– მას შემდეგ თუ გინახავთ, რაც სკოლა დაამთავრეთ?

– ვნახულობდი, თუმცა იშვიათად, ლიუდა რუსი იყო და მერე რუსეთში წავიდა საცხოვრებლად. ამას წინათ მითხრეს, რომ ცუდად იყო, ახლა არ ვიცი ცოცხალია თუ, არა.

– შემდეგი სიყვარული თუ გახსოვთ?

– (იცინის) სტუდენტობისას ხან ერთ გოგოსთან დავდიოდი და ხან – მეორესთან, ანუ სიყვარულები არ მელეოდა, თუმცა ქალებთან არასდროს არ ვყოფილვარ მატყუარა.

ოჯახი

– როდის დაოჯახდით და სად გაიცანით თქვენი მეუღლე?

– 30 წლის ვიყავი, როდესაც ცოლი შევირთე, ჩემი მეუღლეც მღეროდა უცხო ენათა ინსტიტუტის ანსამბლში. უკვე ვფიქრობდი ცოლის მოყვანაზე და ჩემმა “ივერიის” ბიჭებმა მითხრეს, კარგი გოგოა და ყურადღება მიაქციეო. მეც დავაკვირდი, მომეწონა და მოვიყვანე ცოლად. დიდ ხანს არ ვხვდებოდით, რადგან იქამდეც ვიცნობდით ერთმანეთს. ჩემმა მეგობრებმაც შეგვიწყვეს ხელი, ჩემზე უთხრეს, კარგი ბიჭიაო და მასაც მოვეწონე. ცოლი რომ მოვიყვანე ისეთ ასაკში ვიყავი, რომ უკვე გავლილი და შესწავლილი მქონდა სიყვარულის ამბები, პრაქტიკულადაც და თეორიულადაც. 30 წლისას რომ მოგყავს ცოლი, ეს უკვე სერიოზული გადაწყვეტილებაა და იცი რასაც აკეთებ.

– რამ მოახდინა თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება?

– უფრო იმ სიყვარულებმა, სანამ ცოლს მოვიყვანდი, ასევე საზღვარგარეთის ამბებმა. შემდეგ უკვე ცოლის მოყვანაც შთამბეჭდავად მახსოვს. შვილების და შვილიშვილების შეძენა დაუვიწყარი სიხარულია ჩემთვის. ამათ რომ ვუყურებ, არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს ცხოვრებაში, პირიქით, ნელ-ნელა უფრო პროგრესისკენ მიდის ჩემი ცხოვრება.

“ივერია”

– “ივერიაში” მისი დაარსების დღიდან ვარ. 1968 წელს შევქმენით, თავიდან კვარტეტი ვიყავით: მე, ჯემალ ბაღაშვილი, ალექსანდრე ბასილაია და გოგი ლეონიძე. შემდეგ გაიზარდა ჩვენი ანსამბლი, შემოგვიერთდნენ: თემურ წიკლაური, მისი მეუღლე, გოჩა ლორია, მანანა თოდაძე, თამუნა ამონაშვილი, თემურ თათარაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, სოსო პავლიაშვილი…

– როდესმე თუ დამუქრებია “ივერიას” დაშლის საშიშროება?

– უამრავი წინააღმდეგობა გვქონდა, გვიშლიდნენ ბევრ რამეს, ყველაფერს თამამად ვერ ვამბობდით, მაშინ იყო კულტურის განყოფილება, იქიდან მოდიოდა კაცი და ატარებდა “პრასმოტრს”, მისთვის უნდა გვენახებინა ყველაფერი. ტექსტებში არ უნდა ყოფილიყო ნახსენები ეკლესია და მსგავსი რაღაცეები. გვქონდა სიმღერა, სადაც ნახსენები იყო “შენს სახეზე მალოცვინებდა”, რაც აგვიკრძალეს. თუმცა, ჩვენ მაინც გავიტანეთ. ამაში დაგვეხმარა ერთმანეთის სიყვარული, რადგან “ივერიელები” ერთი ოჯახივით ვიყავით.

– სცენაზე გაუთვალისწინებელი შემთხვევები ბევრი გქონიათ?

– ხანდახან, ერთი თვის განმავლობაში, ერთი და იგივე კონცერტი რომ გვქონდა, გვბეზრდებოდა და იმპროვიზაციას მივმართავდით.

გასტროლებზე

– საინტერესოდ მახსენდება ჩვენი გასტროლები, პირველ რიგში იმიტომ, რომ კომუნისტების დროს ადვილი არ იყო საზღვარგარეთ სიარული. ეს უფრო მეტად მიმზიდველს ხდიდა ჩვენს გასტროლებს. თუმცა, ამით მატერიალური გამდიდრება არ მიგვიღია.

ნოსტალგია

– ძალიან მენატრება ახალგაზრდობა. ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ ჩემი მეგობრები ნელნელა მიდიან. უამრავი ახლობელი გარდაიცვალა და ძალიან მწყდება გული მათზე.

ნათია გვირჯიშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი