მთავარი » სოფლის მეურნეობა

ვაშლის ბაღის გაშენება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.06.2021 | 709 ნახვა

ნაკვეთის მომზადება დასარგავად

დარგვამდე ნიადაგის მომზადებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და როგორც წესი იწყება გაშენებამდე რამდენიმე თვით ადრე. ნიადაგის ზედაპირის მოსწორების შემდეგ, საჭიროა ნიადაგის ღრმად დამუშავება 40 – 60 სმ-ზე, საპლანტაჟე გუთნის ან ღრმა „ჩიზელების“, „რიპერების“ გამოყენებით. დარგვამდე, ნიადაგის ანალიზის შესაბამისად, ხდება მინერალური სასუქებით განოყიერება. ასევე, ორგანული სასუქების (გადამწვარი ნაკელი, კომპოსტი და სხვა) დამატება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ნაყოფიერებას და ტენის შეკავების უნარს. ნიადაგის მომზადების აუცილებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს დარგვამდე რამდენიმე თვით ადრე.

ნერგების შერჩევა

სამრეწველო დანიშნულების ვაშლის ბაღის გაშენებისთვის რეკომენდებული დასარგავი მასალაა ერთწლიანი ან ორწლიანი ნერგი. როგორც წესი, ვაშლის ნერგის ხარისხი დამოკიდებულია შტამბის დიამეტრზე, ფესვთა სისტემაზე და ტოტების რაოდენობაზე. დასარგავად შერჩეული ნერგი უნდა იყოს სულ მცირე 1.2 – დან 1.8 მეტრამდე სიმაღლის, უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა და სწორი ღერო. შტამბის დიამეტრი ფესვის ყელიდან 10 – 15 სმ-ის სიმაღლეზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12-15 მმ-ს. შედარებით პატარა ზომის ნერგის დარგვის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ მის ჩამოყალიბებას უფრო მეტი დრო და ზრუნვა სჭირდება. დატოტვილი ნერგებით ბაღის გაშენებისას ფერმერი უფრო ადრე მიიღებს მოსავალს; ასეთი ტიპის ნერგის ფორმირებაც გაცილებით მარტივია. განსაკუთრებით მიზანშეწონილია ე.წ. „კნიპ-ბაუმის» ტიპის დატოტვილი ნერგების დარგვა, რომელსაც საყვავილე კვირტები უკვე ჩასახული აქვთ სანერგეში და მსხოიარობას დარგვიდან მალე იწყებენ. დაუტოტავი ნერგი მისაღებია, როდესაც ხდება ნახევრად ინტენსიური ბაღების გაშენება.

დარგვა

დარგვის დროს სასურველია ორმო ამოღებული იყოს ბაღის გაშენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ორმოს დიამეტრი უნდა შეადგენდეს 40-50 სმ-ს, ხოლო სიღრმე – 30- 40 სმ-ს. მაღალი სიხშირის ინტენსიური ბაღების გაშენებისას მიმართავენ ნერგების 30-40 სმ-იან ტრანშეებში დარგვას. დარგვის წინ ნერგებს ათავსებენ მზისგან დაცულ ადგილზე და/ან ფესვების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, აფარებენ სველ ტილოს. დარგვის წინ ნერგი უნდა შემოწმდეს და დაზიანებული ფესვის ბოლოები ზომიერად დამოკლდეს. ფესვებს ორმოში კარგად შლიან. ფესვებს შორის სიცარიელე რომ შეივსოს, საჭიროა მიეყაროს ფხვიერი მიწა და ფეხით მიეტკეპნოს. მიწის მიყრისას ნერგი აწევ-დაწევით, ფრთხილად უნდა შეირხეს. ნამყენი ადგილი თავსდება ნიადაგის ზედაპირიდან 10 -15 სმ-ის სიმაღლეზე, M9 საძირეზე, MM106 საძირეზე – 3-5 სმ-ის სიმაღლეზე. დარგვის შემდეგ უმჯობესია სარის შედგმა და ნერგის მიბმა. ნამყენი ადგილის სიმაღლე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირით განპირობებული ზრდის ხარისხზე. თუმცა, არ არის რეკომენდებული, რომ დამყნობის ადგილი ნიადაგის დონეზე 10 სმ-ზე მეტ სიმაღლეზე მოექცეს.

დარგვის შემდგომი ღონისძიებები

დაუტოტავი ნერგის ცენტრალური ლიდერი უნდა დამოკლდეს 100 -120 სმ-მდე. ნაგალა საძირეზე დამყნობილი (მაგალითად, M.9 და B.9) ძლიერ დატოტვილი 2 წლიანი ნერგის ცენტრალური ლიდერი და გვერდითი ტოტები არ მოკლდება.

წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი / SRCA




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი