ვანის ქვაბები
ვანის ქვაბების გამოქვაბულთა კომპლექსი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშია. იგი ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის რაიონში, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. ვანის ქვაბები მეუდაბნოეობის ხანაშია დაარსებული. ამ უძველეს ქვაბთა ჯგუფში დღემდე დაცული ეკლესია VIII საუკუნით თარიღდება.
IX-XI საუკუნეებში უდაბნოს ცენტრში წმინდა გიორგის ტაძარი და ქვაბსენაკების ახალი ჯგუფი გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნეში, 1191 წლამდე, ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი იყო. 1191-1204 წლეებსი ვანის ქვაბები მეფის ხელში გადავიდა. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213წწ.) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია. 1186-1191 წლეებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა და ძვირფასი ხატებით შეამკო წმინდა გიორგის ტაძარი, მის გვერდით ააგო საგვარეულო ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა. მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბებს 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიპიკონი “ვაჰანის ქვაბთა განგება”. 1256-1283 წლებში ააშენეს წმინდა გიორგის კარიბჭე, სამრეკლო და დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV-XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა, ხოლო 1576 წელს ოსმალებმა დაარბიეს ეს ადგილები, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა.
ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები, და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩენილია სამი ტრასის წყალსადენი და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.ოვალური კლდის უბეში ტერასულადგანლაგებული ქვითკირის ზღუდით გამაგრებული სენაკები მონასტრის წინ ჩაკეტილ შიდა ეზოს ქმნიან, კომპლექსის ცენტრია წმინდა გიორგის გუმბათოვანი ტაძარი, მოჩუქურთმებული ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვეა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს ორნამენტირებული ქვები. იმავე ტერასაზე, კარიბჭის ჩრდილოეთით, ქვითკირის დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასაზე, ქვაბსამარხი და ქვის სახლები სამ სართულადაა განლაგებული. სამონასტრო ანსამბლში, სამონაზვნო სენაკებს შორის, სემორჩენილია შემდეგდროინდელი საცხოვრებელი, სამეურნეო და დამხმარე სადგომები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეპიგრაფიკული ძეგლები, მათ შორის იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა. ვანის ქვაბების დასავლეთით, მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. აღსანიშნავია XII საუკუნის ქართული ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ნამუშევრები, მათ შორის სამი ვერცხლის თასი.
ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. კლდეში ჩაშენებული პატარა ეკლესიის ბოლო სართულის კედლებზე შემორჩენილია XV საუკუნის მეორე ნახევარში აქ შეხიზნულ ქალთა მიერ მელნით შესრულებული მხედრული წარწერები, რომელთა ავტორები არიან: გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი და სახვანი. პროზაულ წარწერებთან ერთად გვხვდება ლექსებიც. ქალებს ზეპირად წაუწერიათ ძველი ქართული პოეზიის ნიმუშები: ფრაგმენტი “ვეფხისტყაოსნიდან”- ორი სტროფი ნესტანის წერილისა და “როსტომიანის” ერთი სტროფი (ამ ნაწარმოებთა უძველესი ნიმუშები), სასულიერო და საერო ხასიათის პოეზია, აქვეა ლირიკული და ხალხური ლექსებიც. წარწერებში აღბეჭდილია იმჟამინდელ ქართველთა ლიტერატურული და კულტურული დონე.
წყარო: http://eparchy-batumi.ge
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.