მთავარი » კულტურა

”იერუსალიმიდან რომ ჩამოვედი, საშინელი სინანულის განცდა დამეუფლა…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.06.2010 ერთი კომენტარი | 2,549 ნახვა

ვაჟა მანია”ჯეოსტარის” მეშვეობით ვაჟა მანიამ უამრავი ადამიანის სიყვარული დაიმსახურა. მისი თქმით, ეს არის ყველაზე საუკეთესო პროექტი ნიჭის გამოსავლენად. ”ჯეოსტარის” წყალობით საშუალება მიეცა, ჩასულიყო იერუსალიმში და მოელოცა წმინდა ადგილები. ასევე, გაუჩნდა შანსი, ისწავლოს ინგლისში და უფრო მეტად ასიამოვნოს გულშემატკივარი. სწამს, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და მის განგებას ვერავინ აღუდგება წინ. ამიტომ ცდილობს, ყოველი საქმე მოძღვრის ლოცვა-კურთხევით წამოიწყოს, რადგან სჯერა, როცა მისი სულიერი მამა თვლის, რომ სწორ გზას ადგას, უფრო ნაკლებ დაბრკოლებას შეხვდება და მეტადაც გაუმართლებს.

ინტერნეტ-ჟურნალი ”ამბიონი” ვაჟა მანიას ესაუბრა და სცადა გაერკვია, რამდენად ეკლესიურად ცხოვრობს დღეს უკვე საკმაოდ წარმატებული მომღერალი.

ვაჟა მანია: ”ეკლესიაში ყოველთვის დავდიოდი, მაგრამ მხოლოდ 4 წელია, რაც, როგორც ჩემი მამაო იტყოდა, ამ ჯვრის ტვირთვა, ანუ მოძღვართან მისვლა და მარხვის შენახვა გადავწყვიტე. თავდაპირველად ნუცუბიძეზე პატარა სამების ტაძრის მრევლი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი მოძღვარი, მამა დავითი თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ ეკლესიაში გადაიყვანეს, მეც გამოვყევი, რადგან ის ჩემთვის ძალიან ახლობელია, სულიერი მამაა და სხვანაირად ვერც მოვიქცეოდი. სადაც არ უნდა წასულიყო, მეც თან გავყვებოდი.

მოძღვართან შენი გადაწყვეტილებითა და სურვილით მიხვედი თუ ვინმემ გირჩია?

– მოძღვრის ყოლის მოთხოვნილება სულ მქონდა, მაგრამ გავლენა ჩემმა მუსიკის პედაგოგმა, ირინა ებრალიძემ მოახდინა, რომელმაც გამოთქვა სურვილი, მისი ჯგუფის წევრები მამაოსთან მივსულიყავით. მეც მაშინვე დიდი სიხარულით გადავდგი ეს ნაბიჯი. ზოგს უჭირს და იმიტომ მიდის მოძღვართან, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა, უბრალოდ, ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს ყველაზე სწორი გზა იყო.

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყე?

– ყველასთვის იცვლება რაღაც, ვინც ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, რადგან თუ აცნობიერებ, რისთვის იწყებ ეკლესიურ ცხოვრებას, ხვდები, რომ, გარკვეულწილად, ეს რთულიცაა და ბევრ რაღაცაზე მოგიწევს უარის თქმა… მოგიწევს კი არა, უნდა თქვა კიდეც, რადგან ეს საჭიროა და ისევ შენთვის იქნება სასარგებლო და სიკეთის მომტანი.

შენი აზრით, რატომ არის აუცილებელი მოძღვრის ყოლა?

– აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ყველას უნდა გვყავდეს მოძღვარი, სულიერი მამა, დავდიოდეთ ეკლესიაში, ვმარხულობდეთ, ვეზიარებოდეთ. ზოგს ერთულება და იმიტომ არ ცხოვრობს ეკლესიურად. ეს, რა თქმა უნდა, არასწორად მიმაჩნია.

როგორი ურთიერთობა გაქვს შენს მოძღვართან?

– ძალიან თამამი არ ვარ, ცოტა არ იყოს, მერიდება და ტელეფონზე რეკვით ხშირად არ ვაწუხებ. როცა ეკლესიაში მივდივარ, მაშინ ვნახულობ, ვუყვები ჩემს შესახებ, იმაზე, რაც მაწუხებს, რჩევას ვეკითხები… თავდაპირველად, როცა ქადაგებებს დავესწარი, მეგონა, რომ მამა დავითი მკაცრი იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ძალინ საყვარელი, თბილი ადამიანი აღმოჩნდა. ისეთი სიყვარულით ექცევა ყველას, რომ იქ სიმკაცრე უკვე საჭირო აღარ არის. პირველ რიგში, მამა დავითი ჩემი მეგობარია და ასეთი ურთიერთობა, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ამართლებს. ერთ ფაქტს გავიხსენებ: მამა დავითს ორი ნომერი აქვს, მაგთის და ჯეოსელის და ”ჯეოსტარზე” ორივე ნომრიდან მიმესიჯებდა. მეუღლე ეუბნებოდა, რომ მაგთიდან არ იგზავნებოდა ესემესები, მაგრამ პასუხობდა: არა უშავს, მაინც გავგზავნიო…

რას ნიშნავს შენთვის მოძღვრის ლოცვა-კურთხევა?

– მოძღვრის ლოცვა-კურთხევას უდიდესი მადლი აქვს. ამის გარეშე შეიძლება რაღაც არ გამოგივიდეს. მართალია, უფალს როგორც სურს, ისე იქნება ყველაფერი და ღვთის ნებას წინ ვერავინ აღუდგება, მაგრამ როცა მოძღვრის ლოცვა-კურთხევა გაქვს და ის თვლის, რომ სწორ გზას ადგახარ, უფრო ნაკლებ დაბრკოლებას შეხვდები და, შესაბამისად, მეტადაც გაგიმართლებს.

ვაჟა მანიათუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა მისი კურთხევა არ შეგისრულებია?

– იყო რაღაც, რაც ვერ შევასრულე და ძალიან ვინანე კიდეც. მას შემდეგ, თუ რამეში არ გამიმართლა, კურთხევის შეუსრულებლობას დავაბრალე. ყოველთვის ვცდილობ, მამაოს რჩევა გავითვალისწინო და ამის მიხედვით გადავდგა ნაბიჯი.

შენი ცხოვრების თანამგზავრის შერჩევისას თუ მიაქცევ იმას ყურადღებას, რამდენად ეკლესიურად ცხოვრობს?

– რა თქმა უნდა, მივაქცევ ამას ყურადღებას, რადგან დიდი სურვილი მაქვს, მომავალში ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახი შევქმნა. იქ, სადაც სიყვარულია, ყველაფერი კარგადაა. მინდა, რომ ჩემს ოჯახში სითბო, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევდეს, მყავდეს ბევრი შვილი…

სასწავლებლად ინგლისში აპირებ წასვლას… ხომ არ გეგმავ იქ დარჩენას და საერთოდ, რა აზრის ხარ ქართველებზე, რომლებიც სამშობლოში აღარ ბრუნდებიან?

– დარჩენას არ ვაპირებ ნამდვილად, რადგან ძნელია შენი სამშობლოსაგან, მეგობრებისა და ახლობლებისაგან შორს ყოფნა. ვიცი, ნოსტალგია არ მომასვენებს. იქ იმდენი ხანი დავრჩები, რამდენიც სწავლისთვის იქნება საჭირო. ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ჩემს გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუო და მომავალში კიდევ უფრო მეტად ვასიამოვნო. როცა რაიმეს უცხოეთში შეიძენ, რეალიზებას კი სამშობლოში მოახდენ, ჩემი აზრით, ამაში ცუდი არაფერია. ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ისეთ უბედურ დღეშია, რომ აქ ვერაფერს გააკეთებ. ზოგი სიზარმაცის გამო ამბობს, რომ თუ ხელშემწყობი არ გყავს, ვერაფერს მიაღწევ. ვფირობ, ასე არ არის. თუ მოინდომებ და ყველას დაანახებ, რომ მაგარი ხარ, ყველაფერს შეძლებ.

წარმოშობით აფხაზეთიდან ხარ. როცა შენი ოჯახი დევნილად იქცა, სამწლინახევრის იყავი. რამდენად მტკივნეულია შენთვის ის ფაქტი, რომ ადგილი, სადაც დაიბადე, დღეს ჩვენ აღარ გვეკუთვნის?

– რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი, როგორც ყველა ქართველი. იქ ხომ ჩემი სახლია?! მართალია, საკმაოდ პატარა ვიყავი და ბევრს არც სჯერა, მაგრამ კარგად მახსოვს იქ გატარებული პერიოდი, როგორ ვერთობოდი, ბაღში როგორ ვცელქობდი… ამიტომ უფრო მეტად მენატრება და იმის განცდა, რომ დღეს ის ადგილი ჩემი არ არის, გულს მტკენს. ჩემთვის დიდი ბედნიერება იქნება იქ დაბრუნება.

რას ნიშნავს შენთვის ისეთი წმინდა ადგილის ნახვა, როგორიც იერუსალიმია? ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობ: ”იქ არის ყველაფერი, რაც ადამიანს გამოაფხიზლებს და ბევრ რამეზე დააფიქრებს”. შენ რა მხრივ გამოგაფხიზლა და რაზე დაგაფიქრა იქ სტუმრობამ?

ვაჟა მანია ისრაელში– იმ სიწმინდეებიდან, რაც იერუსალიმშია, ადამიანზე იმხელა მადლი გადმოდის, რომ ზოგის ცხოვრება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, ზოგი კი დააფიქროს, რომ არასწორად იქცევა დ სინანული გაუღვივოს. როცა მივემგზავრებოდი, კარგად ვაანალიზებდი, სადაც მივდიოდი… რომ ყველაზე მადლიანი ადგილის ნახვის ღირსი ვხდებოდი და იმ სიწმინდეებს უნდა შევხებოდი, სადაც ქრისტე ჯვარს აცვეს, სადაც დაასვენეს… იერუსალიმიდან რომ ჩამოვედი, საშინელი სინანულის განცდა დამეუფლა. ორი კვირა არაფერი არსებობდა ჩემთვის. არ ვიცოდი, რა მინდოდა, რისთვის ვიყავი, რას და რატომ ვაკეთებდი აქამდე და რის გაკეთება მინდოდა… ლოცვების კითხვის დროს უნებურად მომდიოდა ცრემლები და ვტიროდი. იერუსალიმის ნახვა ყველა ადამიანის ცხოვრებაში უძვირფასესი საჩუქარია. მართალია, დღეს ამ განცდამ გადამიარა, რადგან ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებას დავუბრუნდი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ის მცირე პერიოდი ჩემს ცხოვრებაში იყო.

ამბობ, რომ როცა მუსიკოსობა გადაწყვიტე, ბევრი დაბრკოლება შეგხვდა. რა დაბრკოლებები გამოიარე?

– როცა საქმეს წამოიწყებ, ყოველთვის შეიძლება მოხდეს ისე, რომ ან არ გაგიმართლოს გარკვეულ ეტაპზე, ან ისე ვერ გააკეთო რაღაც, როგორც საჭიროა. ამ დროს ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო. როცა მუსიკოსობა გადავწყვიტე, წინააღმდეგობა მშობლებისგანაც მქონდა, რადგან ბევრს ჰგონია, მუსიკოსობა მეორადი პროფესიაა, რომ ამით თავს ვერ ირჩენ, მითუმეტეს, საქართველოში. ამას დაემატა ისიც, რომ სერიოზულად რაც მივუდექი ამ საქმეს, სახლში ვეღარ მხედავდნენ. დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე გასული ვიყავი. სულ მეკითხებოდნენ, რისთვის მინდოდა ეს პროფესია, მივაღწევდი თუ არა რამეს… ანალოგიურად, ამ დროს საკუთარ თავშიც გიჩნდება ეჭვი, იქნებ ისინი მართლები არიან… პირველ რიგში, ეს ეტაპია გადასალახი. როცა რაღაცას გულით მოინდომებ და სერიოზულად მოკიდებ ხელს, არ არსებობს, რომ არ გამოგივიდეს… მართალია, თავიდან არ მიმართლებდა და გარკვეული პერიოდი ხელიც კი ჩავიქნიე, მაგრამ გვერდში მყავდნენ ადამიანები, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ მე ეს გამომივიდოდა და ამას შევძლებდი. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის. ისევ ძალას ვიკრებდი და თავდაუზოგავად ვცდილობდი მიზნამდე მისვლას. იმედი გამიცრუა იმ ფაქტმაც, რომ გამოცდებს თუ ჩავაბარებდი, ამერიკაში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად ყველაზე კარგ უნივერსიტეტში ბერტლიში. ეს ჩემი ოცნება იყო და მართლა თავი მოვიკალი, სერიოზულად მოვემზადე, მაგრამ საელჩოში რომ მივედი, აღარ გამიშვეს ამერიკაში გამოცდების ჩასაბარებლად… თუმცა არც ერთი დაბრკოლების შემდეგ არ გავჩერებულვარ. ყოველთვის ძალას ვიკრებდი და ბრძოლას ვაგრძელებდი. ღმერთი ხედავს ჩემს მონდომებას და მჯერა, რომ გამიმართლებს.

ჩემი მოძღვარი სულ მეუბნება: რაც გაქვს, უნდა გასცე და ეს უნდა გააკეთო სწორად. რა ნიჭიც უფალმა გიბოძა, უნდა განავითარო და არ დაკარგოო… მეც ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები მისი კურთხევის შესრულებას.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • გიორგი says:

    არა რააა ეწვი არ მეპარებოდა რომ მაგარი ინტერვიუ გამოვიდოდა ბოლოსდაბოლოს ჩემს კაბინეტში ჩაიწერა და :D :D :D :D სურათებიც ზუსტად ისინი შეგირჩევიათ რაც ყველაზე მეტად მინდოდა

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი