მთავარი » სხვადასხვა

ნიკოლოზ ვაჩეიშვილის პასუხი უკანასკნელ პერიოდში ბაგრატის ირგვლივ დასმულ კითხვებზე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.06.2012 2 კომენტარი | 2,836 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ვაჩეიშვილი ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს პასუხობს.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გარშემო მრავალი მიკერძოებული შენიშვნა გამოითქმის. საპირისპიროს ამტკიცებს რეალობა – არსებული პროექტი და მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოები. დაინტერესებული ადამიანებისთვის (და ასეთი, ბუნებრივია, ძალზე ბევრია) ქვემოთ მოგვყავს რეალური მონაცემები, რაც ადასტურებს რომ პირიქით, ის რაც ვითომ “გამორჩათ” რესტავრატორებს – მათი უმთავრესი შრომის საგანია.

ბაგრატი

თითქოსდა “არ იყო მხედველობაში მიღებული არქეოლოგიური ფენები”…

მე-20 საუკუნის შემდგომ, ბაგრატის ტაძარზე სამუშაოების განახლებული ეტაპი 2005 წელს დაიწყო. ფიზიკური ინტერვენციების დაწყებამდე მოხდა ძეგლის სრული არქეოლოგიური შესწავლა, სრულად გაითხარა, დოკუმენტირდა, აიზომა, სტრატიგრაფიულად აიგეგმა და ლაზერული სკანერით დასკანერდა მთელი ინტერიერი. მსგავსი ხარისხის დოკუმენტირება, ამგვარი მრავალფენიანი და ინტენსიური არქეოლოგიის გათვალისწინებით, ბევრ ძეგლს არა ქვს მსოფლიოში. ამ მასალაზე დაყრდნობით დაიგეგმა მათი ინტერიერში, იატაკის ქვეშ პრეზენტირება. (იხ. ქვემოთ).

თითქოსდა “რკინა-ბეტონის ძელების მიერ განადგურებულ იქნა არქეოლოგიური ფენების დიდი ნაწილი”

ტაძრის გამაგრებისთვის აუცილებელმა რანდკოჭებმა, ქართველი არქეოლოგებისა და კონსტრუქტორების დიდი მონდომებით, გაიარეს არქეოლოგიური ინტენსიური ფენების ქვეშ, დანაკარგის მინიმალიზაციისთვის, მათი მაქსიმალურად გადასარჩენად. აღნიშნული არქეოლოგიური ფენების პრეზენტირება ინტერიერში ინ სიტუ იგეგმება პროექტის II ეტაპზე, დასავლეთ ნაწილში სამუზეუმო-საექსპოზიციო სივრცესთან ერთად, რაც ერთიანობაში წარმოგვიდგენს ბაგრატამდელი და მისი აღმშენებლობის მრავალსაუკუნოვან, უწყვეტ ისტორიას.

ბაგრატი

თითქოსდა ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაო არ იყო დაფუძნებული არსებული ქსოვილის/ტექსტურის კონსერვაციაზე,..

ტაძრის სხეული (თითოეული ქვა, ბზარი, პროფილი და სხვა) სამუშაოების დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2005-2006 წლებში აიზომა ხელახლა (ლაზერული სკანერითაც და ტრადიციულად, თარაზოთი და ჭოკებით, სიზუსტისათვის), მეტიც, კედლების შიგნით უხილავი სიცარიელეების დასადგენად და სამკურნალოდ გამოყენებულ იქნა უნიკალური მეთოდი-გეორადარით დიაგნოსტიკა, შემოწმდა X-XI და XX საუკუნეების კედლების შიდა სტაბილურობა, სიცარიელეების რაოდენობა და კვადრატული მეტრობით სკურპულოზულად დახასიათდა. ეს ადგილები იქნა პირველ რიგში ნამკურნალები – ინექტირება, დამაგრება, კონსერვაცია, ისე, რომ საგრძნობლად გაუმჯობესდა სიძველის ფიზიკური მდგომარეობა. დღეს როცა ტაძარს ვუყურებთ, მის სხეულში მთავარი სწორედ ეს ნაწილებია – ძველი, XI საუკუნის არქიტექტურა. ასე, რომ ტყუილია იმის მტკიცება ძველი კედლები დაანგრიეს და დაფარესო.

თითქოსდა უგულვებელყოფილია ჩვენს მიერვე პროექტირებისას მოპოვებული 400 ჩამოცვენილი ქვა და რესტავრაციაში გამოყენებულია მხოლოდ ორი

2005-2006 წლებში საპროექტო კვლევამ აჩვენა მიმობნეული და ახლადმოპოვებული 400-ზე მეტი ქვის თავდაპირველი მდებარეობა თავდაპირველ ტაძარში. სამუშაოების პრინციპული საკითხი იყო (და არის) მათი დაბრუნება თავდაპირველ ადგილას.
ამ 400-მდე ჩუქურთმიანი და საკვანძო არქიტექტურული ინფორმაციის მატარებელი ქვა ბრუნდება არა მხოლოდ ახალ, არამედ XX საუკუნის ნაწილებშიც, სადაც იმ დროისათვის ამ ქვათა ადგილმდებარეობა დაუდგენელი და შესაბამისად, ადგილმიუჩენელი იყო. ამ ქვათა წყალობით დადგინდა გუმბათის სარკმლების რაოდენობა, კედლის სისქე, მამკობი თაღნარის პროპორცია და მოხაზულობა და სხვ. აღდგენა ამ ფასდაუდებელ ინფორმაციას დაეფუძნა. ამგვარად, ტყუილია იმის მტკიცება ძველი ქვები არ გამოუყენებიათო.

ახალი ქვით მოპირკეთებამ დაფარა ავთენტური ქვის წყობის უმეტესი ნაწილი.

პირიქით, პროექტში ნათლად ჩანს, რომ ახალი ნაწილები ემსახურება ძველის წარმოჩენას, მათ პრეზენტირებას, როგორც ვიზუალურად, ისე კონსტრუქციულად. ძველი ქვის წყობა, როგორც თავდაპირველი, ასევე მე-20 საუკუნის რეკონსტრუქციის დროინდელი, ინტგეგრირებული, წარმოჩენილი და დაკონსერვებულია რეაბილიტირებულ კედლებში. მითუმეტეს, რომ იუნესკოს რეკომენდაციების შესაბამისად ინტერიერი გაულესავი რჩება და დამთვალიერებელს ექნება საშუალება სრულად იხილოს ბაგრატის არქიტექტურის ყველა ფენა, უძველესიდან უახლესის ჩათვლით.

თითქოსდა ორიგინალური ქსოვილის/ტექსტურის მოპირკეთება თანამედროვე ქვით რკინა-ბეტონის საფუძველზე შეუქცევად აზიანებს ორიგინალური/ისტორიული სტრუქტურის ავთენტურობას და, ასევე, მოსპობს ყოველგვარ ისტორიულ მტკიცებულებას წარსული ინტერვენციებისა, რომელიც ისტორიის ნაწილს წარმოადგენს.

პირიქით, სამუშაოები მიმართულია იმისკენ, რომ შენარჩუნდეს ძველი ტექსტურა/ქსოვილი და რომ ახალ ნაწილებში მკაფიოდ გამოიყოს ხნოვანი, კონსერვირებული და გამაგრებული XI საუკუნისა და XIX-XX საუკუნის ჩარევები და რომ ბაგრატის ტაძარი წარმოადგენს ერთგვარ “ქრონოლოგიურ მუზეუმს” X-XI, XIX და XX საუკუნეების ერთიან მთელს, XXI საუკუნეში დამატებული ორი კომპონენტით – 1994 წელს იუნესკოს მიერ მოწონებული გეზით უეჭველი მოხაზულობების აღდგენისა (აღმოსავლეთი მხარე) და, იქ, სადაც მოხაზულობები ბუნდოვანია, არქეფაქტები კი მცირერიცხოვანი – იმიტაციის თავიდან ასაცილებლად – თანამედროვე კონსტრუქციებით შევსებით (დასავლეთი მკლავი).
სწორედ სიძველის შესანარჩუნებლად, დასაცავად და წარმოსაჩენად ტაძრის სრულ სხეულში განხორციელდა ბაგრატის რესტავრაციის პროექტი, ძველის მიჩქმალვა და არაფრად ჩაგდება რომ გვდომოდა ახალ ტაძარს ავაშენებდით. ბაგრატის პროექტით მოხდა საუკუნოვანი ისტორიისა და მომავლის დაკავშირება.

ჩვენ ვთვლით, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო ექსპერტების ძალისხმევამ და მაღალმა ხარისხის თანამშრომლობამ შექმნა პრეცედენტი დაძლეულიყო დილემა: “ნანგრევის კონსერვაცია” (მას დღესაც ყავს მომხრეები, რომლებიც თვლიან რომ ნანგრევად უნდა დარჩენილიყო მტრის მიერ დაქცეული ტაძარი) თუ ძველის ხარჯზე რეკონსტრუქცია-განახლება. ბაგრატის პროექტმა აჩვენა, რომ შესაძლებელია მესამე, ძალზე რთული გზის გავლა – მრავალმხრივი, რთული ამოცანის გადაჭრით – ძველის შენარჩუნება, კონსერვაცია, პრეზენტირება ახალში, აღდგენილი საეკლესიო ფუნქციით. ამ ამოცანათა გადაჭრით ბაგრატის ტაძარი, ვფიქრობთ, მსოფლიოში გამორჩეული პრეცენდენტია.

ბაგრატი

რატომ ლიფტი?

ადამიანების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, როდესაც “კომპეტენტურად” საუბრობენ დიდ და შუშებიან ლიფტზე ტაძარში.
როგორც ცნობილია, ბაგრატის ტაძრის გარეთ, არასატაძრო სივრცეში, რომელიც ოდითგანვე საერო ფუნქციის იყო და ძველად აქ ტუალეტიც (!) იყო გამართული, დაგეგმილია მოეწყოს კიბე, რომელიც საკმაოდ მაღლა, მე-3 სართულის დონეზე ავა და მიმსვლელთ შეიყვანს ტაძრის მინაშენში (არც ესაა სატაძრო სივრცე), აქ დაგეგმილია მცირე ექსპოზიციის მოწყობა ტაძრის ისტორიის წარმოსაჩენად. სწორედ ამ კიბის შუაში უნდა ჩადგეს მცირე ელევეტორი-ლიფტი, რომელიც გარედან არც წაიკითხება, სამაგიეროდ მიმსვლელთ ძალზე გაუადვილებს სიმაღლეზე ასვლას. კათოლიკურ ტაძრებს რომ თავი დავანებოთ, ლიფტი არსებობს მართმადიდებლურ ტაძრებშიც (მაგალითად.; მოსკოვის “ხრისტოს სპასიტელის” დიდ ტაძარში), ბაგრატის ტაძრის შემთხვევა არც კანონიკურ და არც ესთეტიკურ კრიტერიუმებს არ არღვევს, იგი პრაქტიკულიცაა და ყველასთვის გამოსადეგი იქნება (განსაკუთრებით ხნოვანი ხალხისთვის)

რატომ ლითონის პატრონიკე დასავლეთ მკლავში?

ტაძრის ჭურვებით აფეთქებამ ეს ნაწილი განსაკუთრებით დააზარალა. მისგან მხოლოდ მცირე ფრაგმენტები შემოგვრჩა, ნახაზებზე კი მოხდა მისი სავარაუდო, ძველთან მიახლოვებული აღდგენა. მაგრამ საშიშროება შეიქმნა ის “ვითომ ძველი” გამოსულიო, გამხდარიყო ნატყუარი, იმიტირებული ბუტაფორია. ვცადეთ კიდეც და აქ დავდგით ქვის სვეტები – ეფექტი იყო თეატრალური, ფუყე დეკორაციის, განსხვავებით ტაძრის სხვა ნაწილებისგან, სადაც ძველი ქვაც მეტია და მოხაზულობებიც ტრადიციულ-კანონიკური (მაგალითად აფსიდები და კონქები). იუნესკომაც გაგვაფრთხილა – თანამედროვე ნაწილებს უნდა ემჩნეოდეს რომ თანამედროვეაო. იმის გამო, რომ პატრონიკე ტაძრის საერო ნაწილია (მასზე მეფეები და მათი ოჯახი, დიდებულები და ზოგჯერ მგალობლებიც იდგნენ), გადაწყდა გაგვეკეთებინა ძველთან თავსებადი, თანამედროვე მსხვილი (ქვებთან კარგად შეფარდებული) მასალით, იმისათვის რომ თავისი სადა, მაგრამ მკაფიო და მოკრძალებული მოხაზულობით ჩაეწეროს ინტერიერში. როგორც უპრეტენზიო, მაგრამ ლამაზი. XXI საუკუნის ნაწილი (ნაცვლად ძველის იმიტაციისა). ეს კომპონენტი ტაძარის შიდა სივრცეს უფრო ცხადსა და მიმზიდველს გახდის.

ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოები, დარწმუნებული ვართ მეცნიერული მიდგომითა და საბუთიანობით, ძველისადმი პატივისცემითა და ახლის შესრულების ხარისხით სანიმუშო გახდება.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მამუკა says:

    ჩემი აზრით, მთავარი არ არის იუნესკო ამოიღებს თუ არა ბაგრატის ტაძარს სიიდან, არამედ სასიხარულოა ის არის რომ ამდენი საუკუნის შემდეგ აღსდგა საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და მღველმსახურება გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის მიერ აგებულ საკათედრო ტაძარში

    • ანა says:

      დარწმუნებული ხართ რომ აღსდგა? ნამყოფი ხართ ბაგრატში და გეამაყებათ რაც იქ ჩაიდინეს? მე ძალიან მრცხვენია რომ ქართველებმა და არა უცხოელებმა ასეთ დღეში ჩააგდეს როგორც თქვენ აღნიშნეთ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო. ჯალალედინიც კი შეიწყნარებდა ასეთ ისტორიის მატარებელ ძეგლს და დატოვებდა რომ შემდგომ ჩვენს მომავალ თაოაბს ეამაყა. ეხლა რა არის საამაყო ლითონის კიბე რომელიც მოხუცებს ემსახურება თუ 21 საუკუნისათვის შესაფერისი იატაკი, როემლიც ფარავს იმ ისტორიულ იატაკს რომელზეც ოდესღაც კვლავ როგორც თქვენ აღნიშნეთ საართველოს პირველი მეფე დადიოდა? სირცხვილია და ძალიან მტკივნეულია რომ თვითონ ქართველები არ ვუფრთხილდებით ჩვენს ისტორიას. თუ თანამედროვე ძეგლი გინდოდათ და ასეთი მაღალ ტექნოლოგიებს ფლობდით დაგეტოვებინათ ბაგრატი და აგეოთ ანალოგიური ტაძარი ყველა თანამედროვე ნიუანსის გამოყენებითა და ნორმების დაცვით.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი