მთავარი » ქრისტიანობა

უძღები შვილის კვირა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.02.2017 13 კომენტარი | 19,742 ნახვა

12 თებერვალი

მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესია უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს. უძღები შვილის კვირა დღეს ტაძრებში სახარებიდან ის ადგილი იკითხება, სადაც უფალი უძღები შვილის დაბრუნებაზე საუბრობს. უძღები შვილი ამ იგავით ეკლესია გვამზადებს დიდი მარხვისათვის და მოგვიწოდებს, განვეშოროთ ცოდვებს, როგორც უძღები შვილი და მივაშუროთ და ვევედროთ მას, ვისგანაც მან შენდობა მიიღო.

უძღები შვილის იგავის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი.

მამა გიორგი სანამაშვილი: “ვიცით, რომ სახარება ყოველთვის ალეგორიებით, იგავებით საუბრობს. ბუნებრივია, ოჯახის უფროსი, მამა აქ მოიაზრება, როგორც მამა ღმერთი. ორი ძე კი კაცობრიობის ორი ხაზია ზოგადად, რადგან უფლისთვის ყველა ადამიანი არის შვილი. შესაბამისად, ზოგი ღმერთამდე მიდის და ზოგი – ვერ მიდის. ზოგი მონანულია, ზოგი კი – უნანელი, არ ნანობს. ქრისტე სახარებაში ამბობს, რომ ცოდვილს კი არ ვსჯი, არამედ – უნანელსო. ყველა ადამიანი ცოდვილია და ცოდვისაგან გამოსვლის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნება უნდა ნანობდეს თავის ცოდვას, რათა ყველაფერი მიეტევოს მას.

უძღები შვილის იგავი მოგვითხრობს სწორედ იმ ჭეშმარიტების შესახებ, რა ჭეშმარიტებასაც ატარებს თავად ღმერთი, როგორც შემოქმედი კაცობრიობისა და სრულიად სამყაროსი. როდესაც უმრწემესი ძე მივა მამასთან და სთხოვს, გაუყოს მას სამკვიდრებელი და განუტევოს იგი, მშობელი ასეც მოიქცევა. როდესაც ვაჟი თავის წილს აიღებს სამკვიდრებლიდან, ის მოინდომებს ამ წუთისოფლისეულ ნეტარებაში განცხრომით ცხოვრებას, გაფლანგავს ქონებას მეძავებთან, მემრუშეებთან, მოთამაშეებთან, მემთვრალეებთან და ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც მას შემოეძარცვება ყოველივე, დადგება ღორის მწყემსად, სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს მიეკედლება, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვს. თან გულში ფიქრობს: რაღა სხვას ვემსახურები აქ. მოდი, მივალ მამასთან და კი არ ვეტყვი, რომ მისი ძის რანგში ამიყვანოს ისევ და ხარისხი მომანიჭოს, არამედ ვთხოვ, როგორც ერთი მუშათაგანი, ისე მაქციოსო. და სწორედ ამ განწყობით ბრუნდება მამასთან. მას სინდისი გაეღვიძა. სინდისის ხმა, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის საღვთო ხმა ადამიანში. სამწუხაროდ, ხშირად პიროვნება იმას ვერ აცნობიერებს, რომ სინდისს თვითონ იკლავს საკუთარ თავში. სინდისი ერთხელ გამხელს, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ შემდეგ აღარ გამხელს. ადამიანზე, რომელსაც სინდისი აღარ ამხელს, ამბობენ, რომ სინდისი – დამწვარი, შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს, უსინდისოაო. სინდისმა აღძრა ძე, რომ მისულიყო მამასთან. სახარებაში მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია აღწერილი: როდესაც ძეს დაინახავს მშობელი დაბრუნებულს ოჯახში, მას არც აცლის მისი სამკვიდრებლის ეზოში შემოსვლას, არამედ შორიდან გამოეგებება მას და ჩაიკრავს გულში. წარმოიდგინეთ ორი მდგომარეობა: მონანული ძე მოდის, მაგრამ მამა თავად მიიჩქარის ძის შესახვედრად. ე.ი. ჩვენ თუ გადავდგამთ ერთ ნაბიჯს ღმერთთან, უფალი ორ ნაბიჯს გადმოდგამს ჩვენთან და ბუნებრივია, მაცხოვარი დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ადგილი სახარებაში, სადაც იესო ქრისტე ამბობს: ნამდვილი მწყემსი ის არის, რომელსაც 100 ცხვრიდან ერთიც რომ ჩაუვარდეს ორმოში, 99-ს დატოვებს და მხოლოდ იმ ერთის საძებნელად წავა და როგორც კი მას ამოიყვანს ორმოდან, უშველის და დააბრუნებს ფარაში, დიდი სიხარულით უხარია შემდეგშიო. ამ ცხვარში, რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი მოიაზრება. მწყემსი თავად უფალია. მაცხოვარი სახარებაში ამბობს: მე ვარ მწყემსი კეთილი, რომელი შემომიდგეს მე, ვაქციო ერთ სამწყსოდ და ერთ მწყემსადო. ანუ ვიქნები ერთი მწყემსი და ისინი – ჩემი სამწყსოო.

როდესაც ძე ბრუნდება სახლში, მამა მსახურებს სთხოვს, უმზადონ მას სერი ანუ ვახშამი და ამბობს ასეთ სიტყვებს: მოიღეთ ბეჭედი და შეაცვით თითსა მისსა და მოიღეთ სამოსელი პირველი და შემოსეთ მას, რომ დაკარგული იყო და ვიპოვე, მკვდარი იყო და გაცოცხლდაო. ძალზე მნიშვნელოვანია სამოსელი პირველის გამოძახილი. სამოსელის შესახებ სწავლება სხვაგანაც გვხვდება. როდესაც ღადარინელთა ქვეყანაში მაცხოვარი განკურნავს ეშმაკეულს, იქ თავის მოწაფეებს ეუბნება: მოიღეთ პირველი სამოსელი და შეაცვით მასო. ბუნებრივია, რომ პირველი შესამოსელი, ანუ ახალი, უხმარი შესამოსელი მოციქულებს არანაირად არ ექნებოდათ, ვინაიდან მაცხოვარი სამქადაგებლო მოღვაწეობას ეწეოდა, მოციქულებიც, შესაბამისად, მასთან ერთად მოგზაურობდნენ. მაცხოვარი მოწაფეებს მოუწოდებს: როცა მიხვიდეთ საქადაგებლად, ნუ წაიღებთ ნუცა ოქროსა, ნუცა ვაშკარანსა, ნუცა სამოსელსა მეორესა, არამედ რაც გმოსავთ, იმით იმსახურეთ და იქადაგეთ და მუშა ღირსია თავის სასყიდლისაო. აქ ეუბნება, რომ სამოსელი პირველი მოუტანონ მას.

გავიხსენოთ კიდევ ასეთი პარალელი: როდესაც ადამი და ევა სამოთხიდან გამოიდევნებიან, დაკარგავენ იმ პირველ მდგომარეობას, მათ შემოეძარცვებათ სამოსელი პირველი. ღმერთი მათ აცვამს საქონლის ტყავს და ასე უშვებს სასუფევლიდან. ე. ი. რა უნდა მოვიაზროთ აქ? რა არის სამოსელი პირველი? ეს არის ის უცოდველი და პირველადი მდგომარეობა, რა პირველად მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ადამიანი ცოდვით დაცემამდე. როდესაც უძღები შვილი მამასთან ბრუნდება, მშობელი მას რაიმე მდაბიურ ადგილს კი არ მიუჩენს მიუხედავად იმისა, რომ, ბუნებრივია, განაწყენებულია, რადგან ძემ მისი სამკვიდრებელი ბოლომდე დახარჯა და მას უკვე წილი აღარ აქვს, არამედ კვლავ თავის წიაღში ძეობილობას ანიჭებს. მამის გულმოწყალება და სიყვარული დიდია ძის მიმართ და აი, რა თქმა უნდა, ასე გაუმასპინძლდება და კვლავ ძეობილობის ხარისხში აიყვანს თავის უმრწემეს ძეს.

სახარებიდან ისიც ვიცით, რომ მეორე, უფროსი ძე, რომელიც ამ დროს ყანაში მუშაობდა, გაიგებს ამ მდგომარეობას, რაც ოჯახში ხდება და იკითხავს, რა ამბავიაო. შენი ძმა დაბრუნდაო, უპასუხებენ. რომ შევა და ნახავს, მამას უსაყვედურებს. გულისტკივილით ეტყვის: მამაო, დღენიადაგ შენთან ვიყავი და შენ ჩემთვის არ დაგიკლავს ზვარაკი ჭამებული. არც ასეთი სერი მოგიმზადებია არასდროს და ამან, რომელმაც მთელი თავისი ქონება გაფლაგა მრუშობაში, მემთვრალეობასა და სხვადასხვა სიყალბესა და ამ წუთისოფლისეულ სიამტკბილობაში, მას ასეთ დახვედრას უწყობო. მამა კი მიუგებს: შვილო, შენ დღენიადაგ ჩემთანა იყავ და ამის საჭიროება არ არსებობდა, მაგრამ ეს იყო მკვდარი და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და ვიპოვეთო. წმიდა მამები ორი ძმის პარალელს მოიაზრებენ, როგორც ძველი და ახალი აღთქმის ეკლესიას. ფაქტია, რომ აქ არის კაცობრიობის ორი კატეგორია: რომლებიც ღმერთთან არიან დღენიადაგ და შრომობენ და რომლებიც ღმერთს გაემიჯნებიან რაღაც პერიოდში და ბოლოს უკან ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, სასყიდელი ორივეს იგივე აქვს. მართალია, უფალს დაკარგულის დაბრუნება უფრო მეტად უხარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან დრტვინვა და გულსწყრომა უნდა გამოიწვიოს იმ ადამიანისა, რომელიც უკვე ღმერთთანაა და ეკლესიის წიაღში. უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი, რომელიც ემბაზის შვილად იწოდება, ანუ მონათლულია ყრმობის ასაკიდანვე, მას უკვე მოეთხოვება პასუხი საეკლესიო ცხოვრებაზე, ანუ როდესაც პიროვნება ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოში იღებს მონაწილეობას, შესაბამისად, იგი სხვა დანარჩენ საიდუმლოებებსაც უნდა აღასრულებდეს. პირობითად, ახალი აღთქმის ეკლესიაში არსებობს 7 საიდუმლო. შესაბამისად, ნათლისღების შემდეგ თითოეულ საიდუმლოს უნდა აღვასრულებდეთ: აღსარების საიდუმლოა, ზიარების, ჯვრისწერის… რა თქმა უნდა, ყველას მღვდლობის საიდულო არ მოეთხოვება, მაგრამ დანარჩენ საიდუმლოებებში კი უნდა იღებდეს ადამიანი მონაწილეობას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არავის ეპატიება არაეკლესიური ცხოვრება, ეკლესიის ხარჯზე რაღაცის კეთება. ლოცვა და შრომა ერთად შეზავებული ნაყოფის გამომღებია. მხოლოდ შრომა არაფრის მომცემია, თუ მას არ ახლავს ლოცვა და არც ლოცვაა რამის მომცემი, თუ შრომა არ ახლავს, თუნდაც საკუთარ თავთან.”

მამაო, უფროსი ძმის დრტვინვა და უკმაყოფილება რისი მაჩვენებელია? რა იგულისხმება შეფარვით ამაში?

უფროსი ძე გაკვირვებულია მამის კაცთმოყვარეობით, რადგან ის არ მოელოდა ასეთ მიმტევებლობასა და სულგრძელებას მშობლისაგან. მას ჰგონია, რადგან მამას არ განეყო და მშობელთან დარჩა, მხოლოდ მას ერგება ეს პატივი. არასიჯანსაღეა, როცა ადამიანს ასეთი წარმოიდგენა აქვს: ვინც ეკლესიაშია, აღსარებას ამბობს და ეზიარება, მხოლოდ ის გადარჩება და ვინც არაეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, მასთან სუფრასთანაც კი არ ჯდება. თან არც კი ცდილობს, რომ ამ პიროვნებას დაელაპარაკოს, სწორი გზა და ქრისტესმიერი სიყვარული დაანახოს. ვიცით, რომ უფალმა ყველაზე დიდი სიყვარული აჩვენა მოწყალების მაგალითიდან გამომდინარე. განართხა რა ჯვარზე ხელნი, მთელი სამყარო გულში ჩაიკრა და თავისკენ მიიზიდა.

რატომ გადაწყვეტს უმცროსი ძე მამასთან განშორებას და ცალკე ცხოვრებას?

ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანმა საკუთარი თავი გამოსცადოს. ხშირად გვემართება ადამიანებს ასეთი რამ: გვინდება თავგადასავლები, გვიყვარს დამოუკიდებლობისაკენ მისწრაფება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ვართ ამისთვის მზად. წარმოიდგინეთ, 6-8 წლის ბავშვმა რომ მინდომოს მშობლების სახლიდან წასვლა. ის ხომ არ არის მოწიფულ ასაკში, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს ცხოვრება?! რა თქმა უნდა, დადგებოდა დრო, როცა მამა ძმებს თავისი ნებით გაუყოფდა სამკვიდრებელს და განუტევებდა. ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ არ ნიშნავდა იმას, რომ ისინი მამისაგან განყოფილები იქნებოდნენ. უმრწემესმა ძემ კი განყოფა, დამოუკიდებლობა და თავისით რაღაცის მიღწევა მოინდომა, მაგრამ აღმოჩნდა, ის ძალა, მადლი ღვთის ხატებისა და მსგავსებისა, რაც კი მამამ თან გაატანა, ძემ ლაფში ამოსვარა. თუმცა ისიც ცნობილია, რომ სინანულის შედეგად ღმერთმა კვლავ აღადგინა იგი.

ადამიანებს ყოველთვის გვაქვს განცდა, გავექცეთ რაღაცას. თუნდაც გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ თაობათა შორის მუდამ დაპირისპირება და გაუგებრობაა. შვილებს ხშირად არ ესმით მშობლების და პირიქით. უფროსებს ჰგონიათ, რადგან ისინი მშობლები არიან, ყველაფერში მართლები არიან და შვილი უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდეს მათ. რა თქმა უნდა, დედ-მამის მორჩილებას ღვთის 10 მცნებაში მესამე ადგილი უჭირავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მშობელი ყოველთვის მართალია. მან შვილს უნდა მოუსმინოს, შვილი კი, ბუნებრივია, პატივს უნდა სცემდეს მამასა და დედას, რადგან კურთხევისამებრ, კეთილი ეყოს მას ქვეყანაზე და იყოს დღეგრძელი.

რას გვასწავლის ეს იგავი?

ეს იგავი ძალიან მნიშვნელოვან რამეს გვასწავლის, უპირველეს ყოვლისა კი იმას, რომ ღმერთის გარეშე არაფერი ხდება ამ წუთისოფელში. მამისგან განყოფით, ანუ ღვთისაგან განცალკევებით პიროვნება იღუპება. უფლის გარეშე ადამიანის ცხოვრება ყოვლად დაუშვებელი და წარმოუდგენელია. როდესაც ვინმე გადაწყვეტს, რომ ღმერთს განეყოს, უფალს გული სტკივა, მაგრამ ნებისიერ პიროვნებას თავისუფალი არჩევანის, აზროვნების უფლება აქვს, რაც მაცხოვარმა მიანიჭა მას და რაშიც მდგომარეობს ხატება და მსგავსება ღვთისა. უფალი უშვებს ადამიანს და უფრო მეტიც, აცდის, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს.

ეს იგავი კაცთმოყვარებას, მოწყალებას, მიმტევებლობას გვასწავლის. ხშირად მესმის ასეთი რამ, რომ შვილმა რაღაც დააშავა და დედასა თუ მამას არ შეუძლია, რომ აპატიოს მას. ყველაზე ამაზრზენი ხდება ის ფაქტი, რომ დღეს გვხვდება ასეთ მაგალითები: დედამ პირადი ცხოვრება რომ მოიწყოს მეგობარ მამაკაცთან, შვილს ტოვებს. შვილი არ ემორჩილება მის აღვირახსნილ ცხოვრებას და დედა ეუბნება, რომ შეუძლია წავიდეს მისგან, ანუ დედა შვილის ბედნიერებისათვის კი არ ზრუნავს, არამედ – საკუთარი კეთილდღეობისათვის. ავიწყდება, რომ თავისი პირადი ბედნიერება გვერდით უნდა გადადოს, მხოლოდ შვილისთვის იფიქროს და მისი კეთილდღეობისათვის იცხოვროს და არა – პირადი.

ამ იგავით ღმერთს ადამიანები მარხვაში, სინანულში შეჰყავს და დააფიქრებს, თუ როგორ უნდა იცხოვროს და ეს მარხვა როგორ გალიოს. მხოლოდ იმით, რომ, ვთქვათ, მარტო საკვები აკრძალოს, ან ძალდატანებით იკითხოს კანონები და შეასრულოს? მხოლოდ იმიტომ, რომ ხმამაღლა იძახოს, რომ ის მარხვაზეა და კარგი ტონია დღეს მოძღვრის ყოლა? არა! უპირველეს ყოვლისა, ეს იგავი სიყვარულს, სულგრძელებას, თავმდაბლობას გვასწავლის. უმრწემეს ძეს შეეძლო, ამპარტავნებიდან გამომდინარე ხელი ჩაექნია, მეღორედ ყოფილიყო, ოღონდაც მამასთან არ მისულიყო. ეს მისი ამპარტავნება იქნებოდა და ამით საბოლოოდ დაიღუპებოდა, რადგან ამპარტავნება ცოდვის დედაა. მან ისევ სიყვარულითა და თავმდაბლობით გამოასწორა თავისი დანაშაული და დაუბრუნდა მამის წიაღს. ვისურვებდი, რომ ყოველი ადამიანი დაბრუნებოდეს დედა ეკლესიის ვიწრო და წმიდა წიაღს.

როგორ უნდა მოვემზადოთ ამ კვირაში მარხვისათვის და რა ცვლილებები ხდება ლოცვებსა თუ საკვების მიღების დროს?

აღდგომის მარხვის პირველ და ბოლო კვირაში მძიმე მარხვაა, მაგრამ რადგან უწმიდესი თავის ეპარქიაში აკურთხებს მარხვას, შესაბამისად, მის კურთხევას უნდა დაემორჩილოს მრევლიც. უნეტარესი უცხიმო მარხვას არ აკურთხებს, ეს მხოლოდ სამონასტრო ტიპიკონი გახლავთ. ამ მარხვის შენახვა შინაარსითაც მნიშვნელოვანია. საკვების შეზღუდვაზე უმთავრესი ზნეობრივი მარხვაა. დიდ მარხვაში ლოცვებიც იცვლება. ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმოა კრიტის ეპისკოპოს ანდრიას, ანუ წმიდა ანდრია კრიტელის კანონები, რომელიც მე, პირადად, და დარწმინებული ვარ, ეკლესიის წიაღში მყოფ ნებისიერ ადამიანს განსაკუთრებულად უყვარს. წმიდა ანდრია ასე იწყებს თავის გლოვას: ვინაი ვიწყო გლოვა საქმეთა ჩემთა, ანუ რომელი დასაბამ იყო ჩემი ცოდვების გამო ქრისტე, არამედ შენ შემიწყალე, ვითარცა სულგრძელ ხარ… ამ კანონების კითხვა ღრმად მნიშვნელოვანია.

ღმერთმა დაგლოცოთ, დალოცოს თქვენი ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” და წარმატება მოგცეთ!

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.