მთავარი » ჯანმრთელობა

უძილობა – გადატვირთული ცხოვრების შედეგი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.07.2011 3 კომენტარი | 11,917 ნახვა

უძილობააჩქარებული ცხოვრების რიტმი, სტრესი, დაძაბულობა, გადაღლილობა, უარყოფითი ემოციებით გამოწვეული მდგომარეობა… ექიმები ერთხმად ამბობენ, რომ სწორედ ეს არის ბოლო დროს გახშირებული პრობლემის მიზეზი, რასაც უძილობა ჰქვია.

ყველაფერი, რაც ნერვული სისტემის დაძაბვას, აღგზნებას იწვევს, მშვიდ ძილს უშლის ხელს, იქნება ეს დიდი ხნით კომპიუტერთან ჯდომა თუ ტელევიზორის ყურება. ღამით ძილის დარღვევას არასწორი კვებაც უწყობს ხელს. დღის განმავლობაში ან ძილის წინ სიგარეტის მოწევა, დიდი რაოდენობით კოფეინის ან შოკოლადის მიღება, ასევე შეიძლება გახდეს უძლობის მიზეზი. უძილობა ნევროზის ერთ–ერთი სიმპტომი ან მისი მომასწავებელი ნიშანია.

უძლობის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა ეგზოგენური ფაქტორიც იყოს. ორგანოების პათოლოგია: ენდოკრინული დაავადებები, ტვინის ორგანული დაავადებები, ფსიქიური და სომატური დაავადებები, ტკივილი, გარე არასასურველი პირობები (ხმაური, ტენიანობა), ძილის ჰიგიენური დარღვევა, სინდრომები, რომელიც ძილში ვლინდება, ფსიქოტროპული პრეპარატები.

ადამიანს ღამით ჩვეულებრივ 7–8 საათი უნდა ეძინოს. დღის ძილი კი ღამისას არ ცვლის.

არსებობს ნორმალური ძილის ორი სტადია: ნელი ძილი, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა 4 სტადიად(1 სტადია შეესაბამება ზერელე ძილს და მე–4 სტადია – ყველაზე ღრმა ძილს). ნელი ძილის დროს კუნთების ტონუსი შენარჩუნებულია და ადამიანი ხშირად იცვლის პოზას, სწრაფი ძილის დროს კი კუნთთა ტონუსი დაკარგულია, გამონაკლისია თვალის გარეთა კუნთები და ცხვირ–ხახის ზოგიერთი კუნთი.

ნელი ძილი თავის ოთხივე სტადიას შორის იცვლება ასაკის შესაბამისად. ბავშვებში ძილის დიდი ნაწილი მოდის სწრაფ ძილზე, მოზარდებში კი სწრაფი ძილი იკავებს მთელი ძილის 20%–ს. ადამიანი სწრაფი ძილის დროს ნახულობს სიზმრებს.

ძილის დარღვევა, პირობითად, შეიძლება დაიყოს 4 ძირითად დიდ ჯგუფად: 1) ჩაძინების გაძნელება (ინსომნია): 2) ჭარბძილიანობა (ჰიპერსომნია); 3) ძილ–ღვიძილის ციკლის დარღვევა და 4)დარღვევები, რომლებიც წარმოიშობა ძილში (პარასომნია).

უძილობა(ინსომნია) შეიძლება გამოხატული იყოს სხვადასხვაგვარად: ჩაძინების გაძნელებით, ძილში გაღვიძებით ან დილით ძალიან ადრე გაღვიძებით.

ნანა გელენიძე (ნევროპათოლოგი): „უძილობა ადამიანის ფსიქოტიპზეც არის დამოკიდებული. არიან ნაკლებად აღგზნებული ადამიანები და უფრო აღგზნებულები. კვებასაც მნიშვნელობა აქვს. დიდი რაოდენობით ყავისა და შკოლადის მიღება ძილის დარღვევას იწვევს. მიზეზის დადგენა ყველა შემთხვევაში მაინც ინდივიდუალურად ხდება. გადაბმულად რამოდენიმე ღამე უძილობა ადამიანს არ ძალუძს. ეს შეიძლება სიკვდილის მიზეზიც გახდეს“.

გარდა პრეპარატებისა და ექიმების ჩარევისა კიდევ არსებობს გზა ავადმყოფობის დასამარცხებლად – ეს არის ლოცვა.

ავადმყოფობისას როცა ექიმს მივმართავთ, ღვთისაგან უნდა ვითხოვოთ კურთხევა მკურნალობაზე და მთლიანად მივენდოთ უფლის ნებას. მაშინ ლოცვით, ქრისტესმიერი მარხვით, მოწყალების გაცემითა და სხვა კეთილი საქმეებით შეგვიწყალებს მაცხოვარი და გვაჩუქებს განკურნებას.

უამრავი ადამიანი განკურნებულა ლოცვით, მარხვითა და ზიარებით განუკურნებელი სენისგანაც კი, ამიტომ არ მოიკლოთ ეს მადლი.
სნეულების დასამარცხებლად ლოცვის კითხვას თავისი წესი აქვს: ლოცვისას, სურვილისამებრ, შეიძლება წაიკითხოს ან მხოლოდ ტროპარ–კონდაკი, ან ვრცელი წესი, რომელიც ასეთი თანმიმდევრობით სრულდება: ჯერ გაჭირვების ან ავადმყოფობის შესაბამისი წმიდანის საზოგადო ტროპარ–კონდაკი, შემდეგ სახარება, სადიდებელი და სავედრებელი ლოცვა.

წიგნში “ვის ვევედროთ ავადმყოფობისა და გაჭირვების დროს” სწორედ ის ტროპარ–კონდაკებია მოცემული, რომელიც სნეულების დროს განკურნებაში ეხმარება ადამიანს. აქვეა ტროპარი, რომლითაც უძილობის დროს მივმართავთ ღირს ალექსანდრე სვირელს:

ტროპარი, ხმა 1. “უდაბნოსა მოქალაქედ და ხორცითა ანგელოზად, და სასწაულთა მოქმედად გამოჩნდი, ღმერთ–შემოსილო მამაო წმიდაო ალექსანდრე, მარხვისა, მღვიძარებისა და ლოცვისა მადლო ზეცით მოიგე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებით შენდა მოილტვიან, დიდებაი, რომელმან მოგცა შენ ძალი, დიდებაი, რომელმან გვირგვინოსან–გყო შენ, დიდებაი, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.”

ადამიანის ჯანმრთელობას უძილობა ბევრ პრობლემას უქმნის. ის ღამის ძილის გარეშე დიდი ხანი ვერ ძლებს, ამიტომ ექიმები გვირჩევენ დაძინებამდე ნახევარი საათით სუფთა ჰაერზე გასეირნებას, თბილი შხაპის მიღებას, საძინებელი ოთახის განიავებას და რაც მთავარია, სასარგებლოა ერთი და იგივე დროს დაძინება.

ჯანმრთელი ცხოვრების წესი ამ პრობლემის გადაჭრის საწინდარია.

ანა შეშაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი