მთავარი » საზოგადოება

უსინათლო ბავშვები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.01.2010 2 კომენტარი | 3,347 ნახვა

“ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ რაღაც შეეზღუდათ”

202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონშიდღეისათვის საქართველოში უსინათლო ბავშვთა ოფიციალური სტატისტიკა დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ 202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში, რომელიც ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ ორმოცდაათამდე მოზარდი სწავლობს, თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად მეტია. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოება არ არის მზად, ეს ბავშვები სრულფასოვან ადამიანებად მიიღოს. მათ კი ყველაზე მეტად ხალხთან ურთიერთობა ესაჭიროებათ. საოცრად კეთილები, გულწრფელები, შრომისმოყვარეები, განათლებულები და კონტაქტურები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობა კომპიუტერს არის მიჯაჭვული, მათ ბრაილის შრიფტით წიგნის კითხვა ყველაფერს ურჩევნიათ. აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობენ. სწავლობენ, ვარჯიშობენ, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობენ. გოგონები საოჯახო საქმესაც ეუფლებიან.

202-ე უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მშენებლობა 1889 წელს დაწყებულა და 1890 წელს დამთავრებულა. ინიციატორი და სულისჩამდგმელი, შემდგომში კი პირველი დირექტორი ნინო აბაშიძე-ბუგაევსკაია ყოფილა. მან 31 წლის განმავლობაში I ჯგუფის უსინათლო ინვალიდ აღსაზრდელებს უპატრონა.

პანსიონის მშენებლობის პერიოდში თურმე იკვლებოდა საქონელი, უკრავდა სასულე ორკესტრი, იყო საერთო მხიარულება… გამვლელსა და გამომვლელს სუფრაზე იწვევდნენ და მომავალ ნორჩ მობინადრეებს ალოცვინებდნენ. შენობის ეზოსაც საინტერესო ისტორია აქვს. აქ საქართველოს ერის შვილები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები, მწერლები იყრიდნენ თავს და საჭირბოროტო საკითხებს წყვეტდნენ. ტიციან ტაბიძისა და მისი უახლოესი მეგობრების სულიერი განტვირთვის ადგილადაც სწორედ ეს მიდამო იყო ამორჩეული. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” სკოლა-პანსიონის დირექტორს, ქ-ნ თამარ მერებაშვილს გაესაუბრა.

– ქალბატონო თამარ, როგორია სკოლა-პანსიონის სასწავლო გეგმა?

– სწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით ხორციელდება. ვასწავლით ბრაილის შრიფტით. სკოლაში ფუნქციონირებს ხალხური სიმღერების გუნდი, გვყავს ფოლკლორული ანსამბლი. ასევე ძალიან ბევრი ხალხური საკრავების ინსტრუმენტი გვაქვს. ჩვენი ბავშვები ჩაირიცხნენ მუსიკალურ სასწავლებლებში. აქ ჭადრაკის, შაშის წრეც არის. ვასწავლით კულინარიასაც. ამისთვის, გერმანიის საელჩოს დაფინანსებით, გაკეთდა სპეციალური ოთახი შესანიშნავი აღჭურვილობით და მინდა გითხრათ, გაკვეთილებზე დიდი ხალისია: ამზადებენ საჭმელს, სწავლობენ ნამცხვრის გამოცხობას, შემდეგ მიირთმევენ… გვაქვს დარბაზი, სადაც განთავსებულია ტრენაჟორები და აქაც ძალიან უყვართ ყოფნა.

– თვითონ ბავშვებს როგორი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი დეფექტის მიმართ?

– თავიანთი დეფექტის მიმართ კარგი, რეალური მიდგომა აქვთ. ბუნებრივად აღიქვამენ დაავადებას და არავის ადანაშაულებენ ნაკლში. ეს კი, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, პოზიტიური განწყობაა. კარგად იციან, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ რაღაც შეეზღუდათ.

– თუმცა უნდა ვაღიაროთ, ზოგჯერ ჩვენი საქციელი ამ ფაქტს ეწინააღმდეგება… უნარშეზღუდული ბავშვების დისკრიმინაცია ხომ არ ხდება?

– ყოფილა შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ადამიანის საქციელს ბავშვებისათვის გული უტკენია. მაგალითად, პატარები ზოოპარკში სამარშრუტო ტაქსით წავიყვანეთ. როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა გაიგო, ისინი უსინათლოები არიან და მასწავლებელს ზოოპარკის დასათვალიერებლად მიჰყავდა, მათ მიმართ დამოკიდებულება ასე გამოხატა: “ზოოპარკში ნეტა რა უნდა ნახონ, თუ ბრმები არიანო”. მეორე დღეს გაკვეთილზე ვკითხე ბავშვებს, თუ რა არ მოეწონათ. ერთხმად მიპასუხეს: “მარშუტკა, მას!”…

თამარ მერებაშვილირასაკვირველია, ასეთი ნეგატიური განწყობა და არასასურველი ემოციების გამოხატვა, ჯერ, საერთოდ, გამოხატვა და მერე, მითუმეტეს, საჯაროდ, ძალიან დამამცირებელია. პირველ რიგში, საზოგადოების იმ ნაწილსაც შეურაცხყოფს, რომელსაც ნორმალური დამოკიდებულება აქვს ამ ბავშვების მიმართ და მეორე რიგში, თვითონ პატარები გრძნობენ თავს უხერხულ სიტუაციაში. თუმცა ამ ფაქტს სიტყვა “დისკრიმინაციას” მაინც ვერ ვუსადაგებ. ეს უფრო საზოგადოების არცოდნა და მოუმზადებლობაა. ამისათვის კი საჭიროა ბავშვების ხშირი კონტაქტი სოციუმში. შეიძლება ვიღაცამ ემოცია გამოხატოს, მაგრამ ამ ემოციამ უსინათლო გააღიზიანოს. უბრალოდ, საზოგადოების ქცევა მათ მიმართ არ არის დახვეწილი.

– რამდენად დაცულები არიან საზოგადოებასთან ურთიერთობაში?

– საზოგადოებასთან ურთიერთობაში დაცულები არიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო ბილეთებს სპეციალურად ბრაილის შრიფტით ამზადებენ და ბავშვები თავისუფლად გადიან მისაღებ გამოცდებზე. განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებულ ოლიმპიადებში მონაწილეობენ და იმარჯვებენ კიდეც. მათ ჩვენზე მეტად შეუძლიათ ძალიან ბევრი რამ და ის, რომ მხედველობითი შეფერხება გააჩნიათ, ბევრს არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ, სხვა სენსორული გრძნობები აქვთ საკმაოდ მკაფიოდ განვითარებული, ბევრად უკეთესად, ვიდრე ჩვენ. მაგალითად, მეხსიერება. შესანიშნავად მუშაობენ ინტერნეტში, გააჩნიათ ინფორმაციის დამახსოვრების დიდი უნარი და სერიოზული კონტაქტები სხვა ქვეყნის უსინათლო ბავშვებთან. ძალიან მიხარია, რომ მათ ამბიციაც გაუჩნდათ, დაწერონ პროგრამები. მოიფიქრეს უსინათლო ბავშვთა თამაშები. ეს კი საკმაოდ სერიოზული მიღწევა და უნარია!

– რამდენად პრობლემატურია უსინათლოთა დასაქმება?

– დღეს ჩვენი ქვეყანა უსინათლოთა დასაქმებაზე ფიქრობს. ამ მხრივ, სახელმწიფოში უკვე შეინიშნება წინგადადგმული ნაბიჯები. საჭიროა ტელევიზიის, გაზეთისა თუ ჟურნალის მეშვეობით მათი შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოდ გაშუქდეს.

ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს, მაკოსა და გოდერძისაც გაესაუბრა.

უსინათლო ბავშვები14 წლის მაკო: “დავდივარ აქ და ვსწავლობ ისევე, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები და ვაკეთებ ყველაფერს. ყველაზე მეტად მიყვარს მეგობრებთან ყოფნა. თბილისის “ნორჩ პიანისტთა” კონკურსში ორჯერ მივიღე მონაწილეობა და ორჯერვე დიპლომი ავიღე. მინდა, გამოვიდე მუსიკოსი და ინგლისური ენის სპეციალისტი. ვოცნებობ როიალზე და მესამე თაობის მობილურზე”.

14 წლის გოდერძი: “აქ კარგია. მყავს მეგობრები, საუკეთესო მასწავლებლები. ძალიან კმაყოფილი ვარ. ყველაზე მეტად კითხვა მიყვარს. სამწუხაროდ, ბრაილის შრიფტით აღარ გვაქვს წიგნები, ამიტომ კომპიუტერის მეშვეობით ვკითხულობ. მომავალში პროგრამისტობას ვაპირებ. უკვე დავიწყე კომპიუტერული პროგრამების სწავლა და აუცილებლად განვახორციელებ ჩემს მიზანს. მომწონს კონკურსებში მონაწილეობის მიღება. პირველი იყო კონკურსი “ბალავარი”. რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვე, რადგან ტესტს სხვები მიკითხავდნენ და ეს საკმაოდ ძნელია. ახლახანს მე და მაკო ვიყავით კონკურსში “Exchange Program” და მეორე ტურში გავედით”.

და ბოლოს, აი, რას მოუწოდებს მაკო უსინათლო ბავშვების მშობლებს: “მოიყვანონ შვილები ჩვენთან, რადგან აქ არის ყველანაირი საშუალება, რომ შეისწავლონ ბევრი რამ. არ ჩაკეტონ სახლში, გამოიყვანონ გარეთ და მოახდინონ ინტეგრირება”. გოდერძი კი პატარებს ურჩევს: “აუცილებელია კითხვა, ასევე კომპიუტერის სწავლა. იკითხეთ ზღაპრები, რადგან ზღაპრის გმირების სახით უფრო მეტი მეგობარი გეყოლებათ”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • მაკა says:

    მაინტერესებს არის თუ არა უსინათლო ბავშვებისთვის ბაღი

  • ქეთი says:

    მეგობრებო, ვარ 12 წლის უსინათლო გოგონას დედა. მესამე წელია რაც ამ პრობლემას შევეჯახეთ. თავში სიმსივნის გამო დაკარგა ბავშვმა მხედველობა. გვქონდა ურთულესი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ. საფრთხე ემუქრებოდა ბავშვის სიცოცხლეს, რის გამოც წამოვედით საფრანგეთში. ბავშვი დადის მცირედმხედველთა საზოგადოებაში სადაც ასწავლიან ბრაილის შრიფტს, თეთრი ხელჯოხის მოხმარებას და სხვა უნარებს, რაც მისთვის საჭირო და აუცილებელია. ძალიან დიდ ყურადღებას და სითბოს იჩენენ მის მიმართ, მაგრამ ენის ბარიერის გამო განიცდის ბავშვებთან კომუნიკაციის ნაკლებობას. მეც ძალიან ბევრი უნარი მაქვს შესასწავლი რომ სათანადოთ შევძლო ჩემი შვილის გვერდით დგომა და დავეხმარო ცხოვრებასთან გამკლავებაში. იქნებ არის რაიმე ორგანიზაცია, ან საზოგადოება, ან ჯგუფი სადაც ამ პრობლემის მქონე ადამიანები ან მშობლები იქნებიან გაერთიანებული. ძალიან გთხოვთ თუ არსებობს რაიმე ასეთი მეც გამაწევრიანეთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი