მთავარი » ეკლესია-მონასტრები

უშგულის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2011 ერთი კომენტარი | 9,364 ნახვა

უშგულის ლამარია

უშგული – ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი დასახლებაა საქართველოში (2 400მ), თავისუფალი სვანეთის განაპირა თემი, შხარას ძირში, მდინარე ენგურის სათავის ვიწრო ხეობაშია გაწოლილი. უშგული გამოირჩევა კოშკთა სიმრავლით – როგორც საზღვარი განსაკუთრებულად იყო გამაგრებული.
უშგული
უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს.

უშგულში შემორჩა ციხე-სახლი, საცხოვრებელი სახლის ყველაზე ადრინდელი ტიპი, აქვეა სახლი კოშკი, ცალკეული კოშკები, რომლებიც IX-XI საუკუნეებით თარიღდება.
აქ ერთმანეთის მიყოლებითაა ჩარიგებული უშგულის თემის სოფლები: მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი, რომელიც ყველაზე მაღალი სოფელია მთელ სვანეთში.

უშგულის ლამარია – IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე მდებარეობს. ის კოშკიანი გალავნითაა შემოზღუდული.
ლამარიას სვანები ღვთისმშობელს უწოდებენ. X საუკუნეში აგებული ეკლესია დარბაზული ტიპისაა. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი.
უშგულის ლამარია
ეკლესია მოხატული გახლავთ. აშენებისთანავე მოუხატავთ კანკელი. როგორც ჩანს, სვანმა ოსტატმა წმიდა მარიამის გამოსახვისას ტრადიციულ ხატწერას გადაუხვია. რადგან ღვთისმშობელს ხელი ლოყაზე კი არა, თავზე აქვს მიდებული. ასეა გადმოცემული მწუხარების გამომხატველი ცხოვრებისეული ჟესტი.

კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმიდა მხედართა – გიორგისა და თეოდორეს გამოსახულებები, რომელიც XII საუკუნით თარიღდება.

XIII საუკუნეში ეკლესია უკანასკნელად მოუხატავთ. წარწერები, რომელიც ეკლესიაში გვხვდება ისტორიული მნიშვნელობისაა. ის ეკლესიაში მისული მლოცველების მიერაა შესრულებული. ნაკაწრი წარწერები – გრიფიტები შესრულებულია ასომთავრული, ნუსხური, გარდამავალი მხედრული და მხედრული დამწერლობით. უმთავრესად შეწყალების ტექსტები გვხვდება.

ეკლესიაში შემორჩენილია ფრესკები, ასევე XIX საუკუნის რუსული სერობის ხატი.
ლამარიას ტაძარში უზარმაზარი სანათლავი დგას. ჩანს, ტაძარი მას გადააშენეს.

უშგულის ეტიმოლოგიას “უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა. ტაძრის ეზოში დგას ქვის დიდი სკამი. გადმოცემის თანახმად სწორედ ამ სკამზე მოკლეს ფუთა დადეშქელიანი.

28 აგვისტოს აქ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ღვთისმშობლის მოძინებას.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი