მთავარი » სხვადასხვა

“უსახელოური”

ჟურნალისტი: | გამოქვეყნებულია: 11.03.2014კომენტარი არაა | 1,582 ნახვა

ქართული ვაზის ერთ–ერთი უნიკალური ჯიში „უსახელოური“ ლეჩხუმის ენდემური ვაზის ჯიშია.

„უსახელოურისგან“ მზადდება განსაკუთრებული გემური თვისებებით გამორჩეული, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, ინტენსიურად შეფერილი, შინაარსიანი, ენერგიული, სასიამოვნო არომატის ღვინოები. მისი შეფერილობა ბროწეულის ფერია.

ღვინოს დაგემოვნებისას აქვს სხვადასხვა ხილის არომატი, კერძოდ, მწიფე შინდის, ღვინო რომელიც უფრო მომატებულადაა. გააჩნიაძალიან ჰარმონიული გემო და მაღალი გემური მაჩვენებელი.

ზუბი–ოყურეშის „უსახელოური“ თავისი გემური მაჩვენებლებით და ასევე შეფერილობით სრულიად განსხვავდება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ნაწარმოები ყურძნისაგან დამზადებული ღვინოებისაგან.

ლევან უჯმაჯურიძე (ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, ს.მ.მ. დოქტორი):

“ვაზის ჯიშის „უსახელოურის“ სახელწოდება სოფელ „უსახელოდან“ მოდის, რომელიც ცაგერის რაიონში მდებარეობს. ძირითადად შემდეგ სოფლებშია გავრცელებული: ზუბი, ოყურეში, ისუნდერი, ოფიტარა, მახურა, ლაჩაფეტა, ლაძგვერი– ეს ყველა ცაგერის რაიონის სოფლებია. ამასთანავე, ერთეული ძირების სახით გვხვდება ამბროლაურის რაიონში, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და საკოლექციო ნაკვეთებში. მაგრამ, განსაკუთრებული ხიბლი, ჯიშური ნიშანთვისებების მკვეთრი გამოხატულება, რომლითაც „უსახელოური“ გამოირჩევა სხვა ჯიშებისგან, გამოხატულია ზუბი–ოყურეშის მიკრო ზონაში.

როდესაც შაქრიანობის შემცველობა არის 23–26% და 6–8 % -მჟავიანობა, მაშინ უნდა მოიკრიფოს. მისგან, ასევე, შეიძლება ვაწარმოოთ სუფრის მშრალი ღვინოები, რა შემთხვევაშიც შაქრიანობა უნდა იყოს 20–22 % და მჟავიანობა -8–9 %.

რაც შეეხება მოსავლიანობას, შესაძლებელია ჰექტარზე 6-დან 8 ტონამდე ყურძნის წარმოება. აუცილებლად ჯანსაღი ნერგისაგან უნდა იყოს მოყვანილი და გათვალისწინებული ის ნიადაგური პირობები, რომელ ნიადაგზეც ხდება ვაზის კულტივირება.

განსაკუთრებულად მიმღებია სოკოვანი დაავადებების მიმართ, ამიტომ უნდაჩავატაროთ მცენარეთა დაცვის ქიმიური ღონისძიებები, თანამედროვე ტიპის პრეპარატებით წამლობა რეგენერაციის მთელი პერიოდის განმავლობაში.
სხვა ჯიშისაგან მას გამოვარჩევთ თავისი ამპელომეტრიული მაჩვენებლებით, რაც გამოიხატება მის ხუთნაკვთიან ფოთოლზე. ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია, ზედა მხარე- ბადისებურად დანაოჭებული. აქვს საშუალო ზომის მტევანი. რბილობი შეფერილი არაა, საღებავი ნივთიერებები ძირითადად“უსახელოურის” კანშია. ასევე, მისი გარჩევა ხდება ბოტანიკური ნიშან-თვისებებით.

„უსახელოური“ ერთ–ერთი უნიკალური ვაზის ჯიშია საქართველოში იმდენად, რამდენადაც მისი ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული გემური თვისებებით. მისი შეფერილობა არის ბროწეულის ფერი, სრულიად განსხვავებული სხვა წითელყურძნიანი ვაზის ჯიშებისაგან. შეფერვა, გემური თვისებები და ღვინის ორგანოლეპტიკა მის უნიკალურობას განაპირობებს, მაგრამ ეს ბუკეტი შემკულია იქ, საიდანაც ეს ჯიშია წარმოშობილი, კერძოდ, ზუბი–ოყურეშის მიკრო ზონაში გაშენებულ ვენახებიდან ნაწარმოები „უსახელოური“ თავისი გემური მაჩვენებლებითა და ასევე, შეფერილობით სრულიად განსხვავდება დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ნაწარმოები ყურძნისაგან დამზადებული ღვინოებისაგან, ამასთანავე, საკოლექციო ნაკვეთებში გაშენებული ყურძნის ღვინოებისაგან.

საგურამოს (ჯიღაურა) საკოლექციო ნაკვეთში გვავს გაშენებული ეს ჯიში. შეფერილობით, გემური თვისებებით ის ჩაჯდა იმ პარამეტრებში, რაც უნდა ახასიათებდეს თვითონ „უსახელოურის“ ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოს, მაგრამ ის არ გახლავთ იმ გემური ნიშან–თვისებებით შემკობილი, როგორიც ეს ზუბი–ოყურეშის მიკროზონაშია. საბედნიეროდ, არიან პიროვნებები, რომლებიც დაკავებულები არიან „უსახელოურის“ ვაზის ჯიშის აღდგენით ამ რეგიონში. მათ შორის ვარ მეც. 5 ჰექტრამდე გავაშენეთ „უსახელოურის“ ვაზი ახალი ტექნოლოგიით, ვაზის მწვანე ნამყენი ნერგის საშუალებით. ეს გახლავთ ინტენსიური ტექნოლოგია, როდესაც ვაზის ნამყენი ორანჟერეის პირობებში გამოგვყავს ტოტ–ნეშომპალიან ქოთნებში და დამყნობის წელს ხდება ადგილზე მისი პოლიეთილენის ან ტოტ–ნეშომპალიანი ქოთნებით გადარგვა. ერთი თვის თავზე შედის ვაზი მსხმოიარობაში. ეს აპრობირებული ტექნოლოგიაა და გამოიყენება ისეთი იშვიათი ვაზის ჯიშების გასამრავლებლად, რომლის სანერგე მასალაც დეფიციტს წარმოადგენს საქართველოში და დღესაც წარმატებით გამოიყენება. თუმცა ეს ტექნოლოგია ეკონომიურ მახასიათებლებთანაა დაკავშირებული.

ჯიშის უნიკალურობა და მისი უნიკალური ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები განაპირობებს მის ფასს.ძალიან მცირეა მისი ვენახები. აქედან გამომდინარე, როდესაც სიმცირეა, მოთხოვნილება მეტია, ფასიც, შესაბამისად, მაღალია.
ვფიქრობ, უნდა გაშენდეს მეტი რაოდენობით იმ ზონაში, სადაც ის ავლენს თავის ნიშან- თვისებებს და რაც მთავარია, უნდა გაშენდეს აპრობირებული სარგავი მასალით.

სადაც გაშანებულია უსახელოური, არაა სწორი რელიეფი და ის ექსპოზიციაც განსაკუთრებულ როლს თამაშობს მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

ფერმერებს „უსახელოურის“ ვაზის მოვლა – მოყვანა რთულ პირობებში უხდებათ, მაგრამ სადაც უსახელოური უნდა მოდიოდეს, იქ უნდა მოვიყვანოთ და ვაწარმოოთ მისგან ის ღვინო, რასაც ჭეშმარიტად ნამდვილი „უსახელოური“ ჰქვია“.

ლევან ომანაძე (“ხომლის მარანის” დირექტორი):

“უსახელოური საქართველოს ყველაზე იშვიათი და ძვირფასი ვაზის ჯიშია, რომელიც თითქმის გადაშენებული იყო.
ვაზი თავის საუკეთესო თვისებებს ლეჩხუმში, მდინარე ცხენისწყლის ხეობაში, ხვამლის მთის ფერდობზე ავლენს, კონკრეტულად, სოფლების: ოფიტარას, ლაძგვერიას, ოყურეშის, ისუნდერისა და ზუბის გარკვეულ ფერდობებზე, რომლებიც ცხენისწყლის ორივე მხარესაა განლაგებული. ვაზის ამ ჯიშის აღორძინება 90–იან წლებში ბატონ ტარიელ ალავიძეს, ცაგერის რაიონის იმდროინდელ პრეფექტს უკავშირდება.

უსახელოურის ჯიშის ვაზის მოვლა ძალიან შრომატევადია. ვენახები განლაგებულია მთის ციცაბო ფერდობებზე. ახალი განაშენიანებული ვაზი პირველ ნიშანს 3–4 წლის შემდეგ იძლევა, სრულად 5–7 წლიდან იტვირთება. ერთი ძირი ისხამს 800 გრამიდან 1,5 ყურძენს.

სამწუხაროდ, ზოგიერთმა დიდი თუ მცირე ვენახის პატრონმა ვაზის ისეთი ქიმიური პრეპარატებით შეწამვლა დაიწყო, რომელიც ზრდის მსხმოიარობას 5 კილოგრამამდე, რამაც გამოიწვია გარკვეულ ადგილებზე ნიადაგისა და ვაზის გადაგვარების პროცესი.

„ხომლის მარანი“, რომელიც ასხამს „ხვამლის უსახელოურს“, 4 წელია ლეჩხუმში განთქმული მევენახის, მამუდი არჯევანიძის ოჯახთან (სოფ. ოყურეში) თანამშრომლობს . ეს ოჯახი ვენახსა და ნიადაგს ბიო მეთოდებით ამუშავებს.

თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, ბატონი მამუდის ვენახი გამხდარიყო მაგალითი იმ მიმართულებით, რომ მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა. „უსახლოური“ ოქტომბრის ბოლოს იკრიფება, როდესაც შაქრიანობა 24% -დან 26–27% –ს მიაღწევს. ყურძენი დღის 12 საათის შემდეგ იკრიფება, რომ არ შეყვეს დილის ნამი. ყურძენს სპეციალურ, იტალიური ტექნოლოგიით შექმნილი ყურძნისთვის განკუთვნილ ყუთებში ვკრეფთ. ყურძენს და ყურძნის წვენს შეხება არ აქვს რკინასთან. ამ ყუთებით ტრანსპორტირდება მარნამდე, სადაც იმავე დღეს ხდება ყურძნის დამარცვლა, კლერტიდან მოცილება, ქვევრში ჩაწურვა დაჭაჭასთან ერთად დუღილი 5 დღე მიმდინარეობს. შემდეგ ვახდენთ ჭაჭისა და ტკბილის განცალკევებას. ღვინის წვენს განცალკევებიდან დეკემბრის ბოლომდე ვიღებთ 4 -ჯერ და ვაშორებთ ლექს, ბოლო გადაღება აუცილებლად ყინვაში ხდება . დეკემბრის ბოლოს ქვევრებს თიხით ვხურავთ და 6–7 თვის შემდეგ ვხდით.
მარანი ძველი ქართული ტრადიციებითაა აღდგენილი. კერძოდ, ქვევრები დაამზადა ცნობილმა მექვევრემ, ბატონმა ზალიკო ბოჟაძემ (სოფ მაქათუბანი). ქვევრები ჩაფლულია, მდინარის რიყის ქვაა ჩაწყობილი და ირგვლივ კირ–ხსნარია ჩასხმული, არავითარი ცემენტი. მარნის კედლები კირითაა შეთეთრებული,ხის მასალით გაფორმებული, ჭერიც ხისაა, ყოველგვარი საღებავის გარეშე. როგორც ვიცით, კირი ანტისეპტიკია.

ქვევრს ბევრი სასიკეთო თვისება გააჩნია. კერძოდ, თვითონ ქვევრის თიხა შეიცავს ოქროს, რომელიც აგრეთვე ანტისეპტიკია. ქვევრში ღვინის ტემპერატურა შენახვის დადგენილ ზღვარს არ სცილდება. ტემპერატურული რეჟიმის, ბუნებრივი ბალანსისა და ალკოჰოლური დუღილისათვის ოპტიმალური ტემპერატურის თავისთავად არსებობის გამო ღვინის დაყენებისას ყველა ის პროცესი მიმდინარეობს, რასაც ქარხნულ პირობებში სხვადასხვა დანადგარი და ქიმიური დანამატი ესაჭიროება.

ვენახი ყოველი რთველის წინ იკურთხება, მარანი ნაკურთხია. არის ხატების კუთხე და ანთია კანკელი. ჩვენი წინაპრები მარანს მიიჩნევდნენ წმინდა ადგილად. როდესაც ურჯულო ტაძარს დაანგრევდა, ორი საიდუმლო აღესრულებოდა მარანში– ნათლობა და ჯვრისწერა.

უფლის შეწევნით, ჩვენ ვაყენებთ საბარძიმე ღვინოს მეუფე სტეფანეს,მეუფე თადეოზის,მეუფე სერგის, მეუფე ისაიას,იღუმენი ანტონის (ჩაკვეტაძე) ლოცვა-კურთხევით“.

ალეკო ცქიტიშვილი (ღვინის ჟურნალისტი):

“კახეთში გაშენებულ “უსახელოურს” “თელავის მარანი”ყიდის და ყველაზე ძვირი – 165 ლარი ღირს. კონტრეტიკეტზე არ აწერს, რომ კახეთში გაშენებული ყურძნისგანაა დაყენებული.

ყველამ იცის, რომ უსახელოური ლეჩხუმის ჯიშია და მყიდველს ჰგონია, ლეჩხუმის (ოყურეშის) უსახელოურისგან დაყენებულ ღვინოს ყიდულობს.

მართალია, კანონი არ უკრძალავს მწარმოებელს, კახეთში მოიყვანოს ეს ჯიში, მაგრამ ბიზნესეთიკაც ხომ არსებობს?
მომხმარებელი უნდა იყოს ინფორმირებული, თუ სად არის დაკრეფილი ის უსახელოური, რომლისგან დაყენებულ ღვინოშიც იხდის ძალიან ძვირს – 165 ლარს.

მე, პირადად, არა ვარწინააღმდეგი, უსახელოური, როგორც ჯიში, სხვ არეგიონებშიც გავაშენოთ. ამით ჯიშს უფრო შევინარჩუნებთ და გავამრვალებთ, მაგრამ ოყურეშის უსახელოური არის ისტორიულად ცნობილი და არ შეიძლება სხვა რეგიონის ვენახებში დაკრეფილი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს გავუთანაბროთ“.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება მედიაჰოლდინგ "ამბიონის" საავტორო უფლებები

დატოვეთ კომენტარი!

გთხოვთ ყურადღებით შეავსოთ აუცილებელი ველები.

"მოწყალებისა და თანაგრძნობის უნარი, - აი ჭეშმარიტი ბედნიერება, აი, ერთადერთი გზა, ზეცად მიმავალი," - ილია II.