მთავარი » ქრისტიანობა

“უპირველესად ღმერთს მიაგე პატივი, შემდეგ იზრუნე სხვა დანარჩენ საქმეებზე…”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2022 | 1,131 ნახვა

წმიდა იოანე ოქროპირი : “ვერ გამართლდებიან, ვინც ჩვენთან თავს იმართლებენ და ამბობენ, რომ მათ ხელს უშლის აუცილებელი საჭიროება ოჯახურ საქმეთა მოგვარებისა, რადგან ეკლესიაში მოსვლა კვირაში ერთხელ ევალებათ და მაშინაც არ სურთ მიწიერ საზრუნავს მოსწყდნენ. ეს სახარებიდანაც ნათლად ჩანს: საქორწინე ლხინზე მიწვეულებმა უარი სთქვეს პატიჟზე ამგვარი მიზეზების გამო: ერთმა ხარები იყიდა, მეორემ – აგარაკი, მესამემ ცოლი შეირთო და ამის გამო ვერ მოიცალეს, მაგრამ ამისდა მიუხედავად ისინი დაისაჯნენ (ლუკა 14, 18-28). ყველა ეს საქმე აუცილებელია, მაგრამ მათით ვერ გავმართლდებით, რადგან ისინი ამაონი არიან ღვთის წინაშე. უპირველესად ღმერთს მიაგე პატივი, ხოლო შემდეგ იზრუნე სხვა დანარჩენ საქმეებზე. რომელი მსახური იზრუნებს უწინ საკუთარ სახლზე, სანამ ბატონის ბრძანებას არ შეასრულებს?

უცნაურია, რომ ასეთ მოწიწებასა და მორჩილებას ვიჩენთ იმის მიმართ, ვინც მხოლოდ სახელით იწოდება ბატონად, ხოლო ჭეშმარიტ მეუფეს, რომელიც არა მარტო ჩვენი, არამედ ზეციურ ძალთა მბრძანებელიცაა, იმ პატივს არ მივაგებთ, როგორსაც ვიჩენთ ჩვენისთანა მონების მიმართ. რომ შეგვეძლოს იმ ადამიანთა სინდისში ჩახედვა, ვინც ეკლესიაში არ დადის, დავინახავთ, თუ რამდენი ჭრილობა და ეკალია მათ სულში. როგორც დაუმუშავებელი მიწა უხეშდება და ბუჩქებით იფარება, ასევე საღმრთო სწავლებას მოკლებულ სულშიც აღმოცენდება ეკლები და მანკიერი სურვილები. თუკი ჩვენ, ვინც ყოველდღიურად ვუსმენთ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, ძლივს ვახერხებთ შურის, გესლის ამოგლეჯას გულიდან და საღმრთო წერილიდან განუწყვეტლივ ვუგალობთ ჩვენს ვნებებს – მძვინვარე მხეცებს, რათა როგორმე დავაცხროთ ისინი, მაშინ განა შესაძლებელია, ხსნის რაიმე იმედი ჰქონდეთ მათ, ვინც არასდროს არ უსმენს ღვთაებრივ სიბრძნეს და ამგვარი მკურნალობით არ სარგებლობს? ნეტავი შემეძლოს მეჩვენებინა მათი სულები თქვენთვის. დაინახავდით, თუ რარიგ ბინძური, შეგინებული, მოშლილი, დამცირებული და უიმედონი არიან ისინი! როგორც მტვერითა და ჭუჭყით იფარება კაცის სხეული, თუ იგი აბანოთი არ სარგებლობს, ასევე საშინელი ცოდვის სიბინძურეში ეხვევა სულიც, თუკი უგულებელსყოფს სულიერ სწავლებას. სულიერი განბანა ხდება ეკლესიაში, სადაც სულიწმიდის სითბოთი არა მარტო განიწმინდება, არამედ ფერსაც კი იცვლის იგი: „უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო“ (ესაია 1, 18) – ბრძანებს უფალი…

… რაოდენ დიდი იქნებოდა ჩვენი სულიერი სიხარული, რამდენ სარგებელს მიიღებდა სული და იდიდებოდა ღმერთი, თუ ყოველი შეკრების ჟამს ეკლესიას ხალხით სავსეს ვიხილავდით! მეზღვაურები ყველაფერს აკეთებენ, რათა გადაცურონ ზღვა და მსწრაფლ მიაღწიონ ნავსადგურს, ჩვენ კი – განუწყვეტლივ ზღვას მიცემულნი – ცხოვრებისეულ ტალღათა მორევში გამუდმებით ვიძირებით, ხოლო ეკლესიაში წელიწადში ერთი-ორჯერ თუ მივალთ. იქნებ თქვენ არ იცით, რომ ღმერთმა ისევე დააფუძნა ქალაქებში ეკლესიები, როგორც ზღვის ნაპირას – ნავსაყუდელნი, რათა ცხოვრების ქარიშხალს გამორიდებულნი მოვიდეთ აქ და იდუმალი სიჩუმითა და სიმშვიდით დავტკბეთ. ჭეშმარიტად, აქ არც მძვინვარე ტალღების გვეშინია და არც ავაზაკთა თავდასხმისა, არც ქარიშხლისა და საზარელი მხეცებისა, რამეთუ ეს ნავსაყუდელი ყოველივე ამისგან დაცულია. იგი მყუდრო სავანეა სულისა. ამაში თავადაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ: თუკი ამ დროს რომელიმე თქვენგანი საკუთარ სინდისში ჩაიხედავს, იგი უდიდეს სიმშვიდეს დაინახავს მასში. მას არც მრისხანება ეუფლება, არც ავხორცობა აღაგზნებს, არც შური იპყრობს, არც სიამაყით ზვაობს, არც ამპარტავნება ჭამს, რადგან ყველა ეს მხეცი მოთვინიერებულია; საღმრთო წერილი თითოეულის სულში აღწევს, როგორც ღვთაებრივი გამოცხადება და ამ უგუნურ ვნებებს აძინებს. რა საბრალონი არიან ისინი, ვისაც ამგვარი სიბრძნის შეძენის შესაძლებლობა აქვს და ამისდა მიუხედავად იშვიათად მოდიან ეკლესიაში – რომელიც დედაა ყოველთა. სხვა რა საქმე შეგიძლია დამისახელო ამაზე აუცილებელი? რომელი შეკრებაა ამაზე მეტად სასარგებლო? რა გაბრკოლებს, რომ აქ მოხვიდე? ამ მშვენიერ საკრებულოში არყოფნას შენ ალბათ სიღარიბეს დააბრალებ, მაგრამ ეს უსაფუძვლო მიზეზია. კვირაში შვიდი დღეა; ეს შვიდი დღე ღმერთმა ჩვენთან გაიყო ისე, რომ თავისთვის ბევრი არ აიღო და არც ჩვენ მოგვცა ცოტა. თანაბრად კი არ გაყო, არამედ შენ ექვსი დღე დაგითმო, თვითონ ერთი დაიტოვა. შენ კი ამ დღესაც არ გსურს თავი შეიკავო ამსოფლიური საზრუნავისაგან. მკრეხელურად იქცევი, რადგან ეს დღე საღვთო წერილის მოსასმენად არის კურთხეული და დადგინებული, ხოლო შენ მას ცხოვრებისეულ საქმეებისათვის იყენებ! აღარაფერს ვამბობ მთელი დღის შესახებ. ამ დღეს ისე მოიქეცი, როგორც მოიქცა სახარებისეული ქვრივი მოწყალების გაღების დროს: მან ორი გროში გაიღო და უდიდესი წყალობა მიიღო ღვთისაგან. ასევე შენც, ღმერთს ორი საათი მაინც დაუთმე დღეგრძელობას შეიძენ. ხოლო თუ ესოდენ მცირე მსხვერპლის გაღებაც არ გინდა და მაინც მიწიერ საზრუნავს მისცემიხარ, მაშინ მრავალი წლის ნაშრომიც წყალში ჩაგეყრება. უფალი განრისხდება და გაგიქარწყლებს მთელი ცხოვრების მანძილზე დაგროვებულ სიმდიდრეს, თუკი მას უგულებელს-ვყოფთ. „მიიხილეთ მრავალთა ზედა და იქმნეს მცირედნი და შეხმულ იქმნეს სახიდმი და მივჰბერე მათ, ამისთვის იტყვის უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მათ წილ, რომელ სახლი ჩემი არს ოხერ, ხოლო თქუენ სდევთ თითოეული სახლისადმი თვისისა“ (ანგია 1, 9) – ასე დაემუქრა ღმერთი იუდეველებს, როდესაც მათ ტაძარზე ზრუნვა შეწყვიტეს. თუ წელიწადში მხოლოდ ერთი-ორჯერ მოდიხართ ჩვენთან, მაშინ რის შესწავლას მოასწრებთ? რაზე გესაუბროთ – სულზე, სხეულზე, უკვდავებაზე, ცათა სასუფეველზე, საშინელ სამსჯავროზე, გეენიაზე, ღვთის მრავალმოწყალებაზე, სინანულზე, ნათლობაზე, ცოდვათა შენდობაზე, შეწყალებაზე, ზეციერსა და მიწიერ არსებებზე, ადამიანურ ბუნებაზე, ანგელოზებზე, დემონთა სივერაგეზე, ეშმაკის მანქანებაზე, ზნეობაზე, დოგმატებზე, მართალ სარწმუნოებაზე და უწმინდურ მწვალებლობებზე? ქრისტიანმა ყოველივე ეს და უფრო მეტიც უნდა იცოდეს და შეეძლოს ყველა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ხოლო თქვენ აქედან მცირედიც კი არ გეცოდინებათ, თუ წელიწადში ერთხელ, გავლით ან ჩვეულებისამებრ დღესასწაულის გამო შეიკრიბებით და არა კეთილგონიერი განწყობით. თქვენ არა თუ უბრალო ხელოვნების შესწავლა გსურთ, არამედ ყველა მეცნიერებათა შორის უმნიშვნელოვანესისა – თუ როგორ შეიძლება სათნო ვეყოთ ღმერთს და ზეციური მადლი მოვიპოვოთ. ნუთუ თქვენ გგონიათ, რომ ეს ასე იოლია და ამის მიღწევა მხოლოდ ერთი ან ორი მოსვლით შეიძლება? ეს ხომ უგუნურებაა! თავად მაცხოვარი ბრძანებს, რომ ეს მეცნიერება უდიდეს ყურადღებას მოითხოვს: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათე 11, 29). ასევე გვაუწყებს წინასწარმეტყველი: „მოვედით შვილნო, ისმინეთ ჩემი, შიში უფლისაჲ გასწაო თქვენ“ (ფს. 33, 12). და კიდევ: „მოიცალეთ და გულისხმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“ (ფს. 45, 10). როგორც ხედავთ, ამ სიბრძნის მოსაპოვებლად მრავალი მეცადინეობაა საჭირო.”




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი