მთავარი » კულტურა

უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენები თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.10.2011 6 კომენტარი | 27,174 ნახვა

თბილისში მეტეხის ხიდთან, ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ციხის გალავანი აღმოაჩინეს, რომელიც ვახტანგ გორგასლის პერიოდს განეკუთვნება. იქვე მიაკვლიეს სასახლის უფრო ძველ ფენებსაც, რაც ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ ხანას მოიცავს. ასევე ნაპოვნია I-II საუკუნის რომაული აბანო, IV საუკუნის მარანი და სხვადასხვა დროის სამარხები.

არქეოლოგიური გათხრაეს აღმოჩენები ამტკიცებს მოსაზრებას, რომ დღევანდელი აბანოთუბნის ტერიტორიაზე საკმაოდ მაღალი დონის ციხე-ქალაქი ვახტანგ გორგასლის მეფობამდე, ბევრად უფრო ადრე არსებობდა.

როდის და ვისი ინიციატივით დაიწყო ეს არქეოლოგიური კვლევები? ამ და სხვა მრავალ თემაზე “ამბიონს” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, ეროვნული მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი მერაბ ძნელაძე ესაუბრება:

“თბილისის წმიდა 40 სებასტიელ მოწამეთა ეკლესიის კვლევა 1998 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა კურთხევით დაიწყო. ექსპედიცია ძეგლთა დაცვის, საპატრიარქოსა და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ერთობლივი ინიციატივით შედგა. ამ საქმეს, ორგანიზებას უწევდა მამა ბესარიონ მენაბდე და მამა ზურაბ ანთაძე.

თავიდან ვმუშაობდით მცირე შემოწირულობებით, რაც სრულფასოვანი შესწავლის საშუალებას არ იძლეოდა, ამიტომაც გაგრძელდა ამდენი წელი. გარდა ამისა, გვქონდა როგორც მატერიალური, ასევე მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგრამ, საბედნიეროდ, გაუგებრობა დღეს მოგვარებულია. მთელი ეს ფართობი ეკუთვნის საპატრიარქოს, მონასტერს და კვლევასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია.

ჩვენდა სასიხარულოდ, ამჟამად, ქალაქის მერიის ხელშეწყობით არქეოლოგიური კვლევა გრძელდება.
2011 წელი, ფაქტობრივად, დამაგვირგვინებელია მრავალწლიანი შრომისა, რადგან წელს საკმაოდ ღირშესანიშნავი ძეგლები წარმოჩინდა.

აბანოთუბანი, უფრო ზუსტად, თბილისის წმიდა 40 სებასტიელ მოწამეთა მონასტრის ტერიტორია, თბილისის დედა ციხის ქვედა ნაწილს წარმოადგენს. ეს ის ადგილია, სადაც, სავარაუდოდ, თავდაპირველად მეფის რეზიდენცია გახლდათ.
კვლევებისა და ისტორიული წყაროების შეჯერების შედეგად ირკვევა, რომ წმიდა 40 სებასტიელ მოწამეთა ეკლესია უნდა აგებულიყო თბილისის დამაარსებლის-ვახტანგ გორგასლის მიერ. მკვლევრები ასეთ დასკვნას სხვადასხვა დაკვირვებებითა და მოსაზრებებით ამტკიცებენ. გარდა ამისა, ამ არქეოლოგიური სამუშაოების დროს აღმოვაჩინეთ თავდაპირველი თბილისის დედაქალაქობის დროინდელი ვახტანგისა და მისი ძის ეპოქის ციხესიმაგრის გალავნის აღმოსავლეთი ნაწილი, ასევე დაფიქსირდა კარიბჭეც, ანუ ქალაქის შემოსასვლელი. ამავე დროს, კვლევისას მიაგნეს უფრო ძველი გალავნის ნაშთს, რომელიც, სავარაუდოდ, დედაქალაქობამდელ პერიოდსმიეკუთვნება.

საინტერესო დეტალია ისიც, რომ დაფიქსირდა სამშენებლო ფენები, რაც მთელი 2000 წლის განმავლობაში ამ ადგილზე არსებობდა. კარგად ჩანს სხვადასხვა ნაგებობების კვალი, ბევრი შენობა ერთმანეთზე გადადიოდა, ინგრეოდა, ადგილი სწორდებოდა და ახალი შენდებოდა. შემდეგი დიდი აღმოჩენა ამავე ტერიტორიაზე არის ანტიკური ხანის I-II საუკუნის აბანო, რომელიც დაახლოებით 7 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა, ეს აბანო რომაული სამშენებლო ტექნიკის მაღალი დონითაა შესრულებული. ცნობილი რომაული აბანოებისგან განსხვავებით მას არ სჭირდებოდა წყლის გამაცხელებელი სათავსო, რადგან ბუნებრივად ცხელი გოგირდოვანი წყლები მოდიოდა, რომლითაც აუზები ივსებოდა. ეს აბანო ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. უკვე დაფიქსირებული და გაწმენდილია სამი განყოფილება, მიმდინარეობს გათხრები, რომაული სტილის აბანოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შემოსასვლელი, გასახდელი და მოსასვენებელი ოთახები, ველოდებით სხვა აღმოჩენებსაც. ყოველივე ეს ძალზედ მნიშვნელოვანი სიახლეა დედაქალაქისთვის.

არქეოლოგიური გათხრაასევე მკვეთრად გამოიკვეთა მეოთხე საუკუნის მარნის ნაშთი თავისი საკმაო ტევადობის ქვევრებით, რაც მიანიშნებს, რომ ამ ადგილას ძლიერი დასახლება და ღვინის დიდი საჭიროება ყოფილა.

უფრო ზედა ერთ-ერთ დონეზე კარგად ფიქსირდება IX-XI საუკუნეების სასახლის ნაშთები ქვის ფილებით მოპირკეთებული იატაკი, რომელიც უთუოდ მაღალი ფენის წარმომადგენელს ეკუთვნოდა. ასეთი დიდი დარბაზები უბრალო მოსახლეობას ვერ ექნებოდა.

აღმოჩენები ამტკიცებს, რომ ამ ტერიტორიაზე კარგად გამაგრებული პუნქტი იყო, რასაც ქართული ისტორიოგრაფიული წყაროებიც ადასტურებს. გარდა ამისა, არსებობს IV საუკუნის რომაული ე.წ. კასტორიუსის რუკა, სადაც კარგად არის მონიშნული “ფილადო” თბილისი, როგორც ძლიერი გამაგრებული პუნქტი. ამ აბანოს აღმოჩენა და სხვადასხვა კვლევის შედეგები რომ შევაჯამოთ, შეიძლება ვთქვათ, რომ უკვე I საუკუნეში დღევანდელი თბილისის ტერიტორია წარმოადგენდა დედაქალაქ მცხეთის აღმოსავლეთ კარიბჭეს. რაც შეეხება თბილისის დაარსების ისტორიასა და ლეგენდას,რჩება, რადგან თბილისი როგორც დედაქალაქი დაარსდა ვახტანგ გორგასლის ეპოქაში. თუმცა ამ ტერიტორიაზე გაცილებით ადრე, I-II საუკუნეებიდან მოყოლებული საკმაოდ განვითარებული დასახლებული პუნქტები არსებობდა”.

ვერიკო ჩიხლაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): “ამ ტერიტორიაზე სავაჭრო სატრანზიტო გზის არსებობაზე ამფორის აღმოჩენა მიგვანიშნებს. ძალიან ბევრი ამფორაა ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში, სადაც ზღვით გადმოჰქონდათ, მაგრამ თბილისში ეს ამფორის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა. იგი რომაული ტიპისაა, თავად მცხეთაშიც კი, რომელიც ამ პერიოდში უკვე დედაქალაქია. I-III საუკუნეებში ამფორა სრული სახით აღმოჩენილი არ, არის.

მივაკვლიეთ სამარხებსაც. მარნის გარეთ ერთი ფენით დაბლა ბავშვის სამარხსს მივაკვლიეთ, რომელიც კრამიტებითა და აგურით შედგებოდა. იგი წინა ქრისტიანულ პერიოდს განეკუთვნება. სამარხი შეისწავლეს ანთროპოლოგებმა და დადგინდა, რომ წლინახევრის ბავშვს ეკუთვნის. თარიღდება III საუკუნით. ქრისტიანობის შემდეგ უკვე სხვა ტიპის სამარხები შემოდის, რომლებიც მთლიანად ქვისაა და ქვითვე გადახურული. თითოეულ ფენაში მონეტები გვხვდება დაახლოებით 500 – მდე მონეტა ვიპოვეთ.

ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ქვა ჯვარი, რომელიც დალეწილი იყო. ჯვარზე იკვეთება ასომთავრული წარწერა, საიდანაც მხოლოდ “ესე” იკითხება, რადგან ფრთები მოტეხილი აქვს. ეს ჯვარი დაახლოებით VI-VIIIსაუკუნეებს განეკუთვნება.

აქვეა აღმოჩენილი მეორე სამარხი – აკლდამა, რომელიც ჩვეულებრივ მაღალი წრის ოჯახს ეკუთვნოდა. აკლდამაში დაკრძალული იყო 11-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვი. სამარხი იმდენად გახლდათ გაძარცვული, რომ აკლდამის იატაკი აუყრიათ, უძებნიათ, რაიმე სიმდიდრე არ დარჩენოდათ. თან აკლდამაში ფართობი იყო და როგორც კი თავს ახდიდნენ, ჩონჩხი მტვრად იქცეოდა. შემორჩენილი გახლდათ მხოლოდ თითის ფალანგები. ერთ თითზე ეკეთა ბრინჯაოს ბეჭედი. სამარხის იატაკის დონეზე ვიპოვეთ ჯამები, ერთი ფაიანსის ვაზა და მინის ჭურჭელი. აქ დაგვხვდა სამი თიხის ქილა, რომლებშიც აღაპის ნაშთი იყო: ერთში-ძროხის, მეორეში-ცხვრისა და მესამეში-ხოხობის ძვლები. ჯამები თბილისური კერამიკისგან გახლდათ დამზადებული. ამ პერიოდში თბილისური კერამიკა ძალიან მაღალ დონეს აღწევდა. აკეთებდნენ მოჭიქულ კერამიკას, თბილისურ ფაიანსს, მინის ჭურჭელს და ა.შ.

ასევე აღმოჩენილია სხვადასხვა სახისა და დანიშნულების საყოფაცხოვრებო სამზარეულო და სამეურნეო ნივთები: ჭრაქები, დოქები, ფიალები, უცხოეთიდან შემოტანილი ჩინური ვაზა, სამაჯურები, სხვადასხვა ეპოქის კრამიტები და სხვა“.

დავით დანელია

ფოტო: ბაია ლომსაძე

[nggallery id=54]


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი