მთავარი » ქრისტიანობა

უფლის შობის იკონოგრაფიული ანალიზი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.08.2015 | 5,230 ნახვა

სიტყვა იკონოგრაფია – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გამოსახულების ასახვას, აღწერას. იკონოგრაფია ხელოვნებაში გამოსახული თემებისა და მათი სიღრმისეული საზრისის – სიმბოლური არსის შესწავლაა. ატენი, შობაიკონოგრაფიული ანალიზისას მთავარია, რა არის გამოსახული და მერე თუ რა შინაარსი ჩადო მასში შემქმნელმა.

იკონოგრაფია, როგორც მეცნიერული დისციპლინა, რომელიც ქრისტიანული და არა მარტო ქრისტიანული სახვითი ხელოვნების გამოსახულებათა სისტემატიზაციასა და აღწერას მოიცავს, შეისწავლის წმინდა გამოსახულების როგორც გარეგან სახეს, მის სპეციფიურ თავისებურებებს, ისე მის შინაარს, მის სიღრმით შრეებში დაფარულ ღვთაებრივ საიდუმლოს. იკონოგრაფიას საეკლესიო ხელოვნების ანბანსაც უწოდებენ (ნიკოდიმ კონდაკოვი – იკონოგრაფიის, როგორც მეცნიერების ერთ – ერთი ფუძემდებელი).

ქრისტიანული ხელოვნების ასახვის საგანია მიღმური საუფლო, ზესთასოფელი, რომლის გადმოცემა ხილული სამყაროს კანონებით შეუძლებელია. მისი გადმოცემა შესაძლოა მხოლოდ მინიშნებით, სიმბოლოებით, ალეგორიებით. როგორც წმ. იოანე დამასკელი აღნიშნავს, „ხილული ხატის საშუალებით აზრი მიემართება უფლის უხილავი დიდებისკენ“, მაგრამ გამოსახულებათა მყარი, გარკვეულწილად უცვლელი კომპონენტები, რომელთა სახვითი არსი შეესაბამება უფლის სამყოფელის უცველობასა და მარადიულობას.

იკონოგრაფიული კანონის ცნება თავის თავში შეიცავს კანონს პროპორციების, ფერის, კომპოზიციის შესახებ, მხატვრის შემოქმედებითი თავისუფლება კი მიმართულია ფორმათა გამომსახველობის დახვეწაში. მყარი იკონოგრაფიული კანონების ჩამოყალიბება ძირითადად, მე- 9 საუკუნიდან ხდება, მას შემდეგ, რაც ორი საუკუნის ბრძოლის შემდეგ ბიზანტიაში საბოლოოდ გაიმარჯვეს ხატთაყვანისმცემლებმა. მომდევნო ხანაში ახალი იკონოგრაფიული სქემები იქმნება, მაგრამ უფრო იშვიათად, თავშეკავებულად. იკონოგრაფიული გამოსახულებების წერილობითი წყაროები ძირითადად არის ახალი აღთქმა და კერძოდ, სახარება.
ქრისტიანულ ხელოვნებაში, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებებთან ერთად, ასევე ხშირად გამოისახება „ათორმეტი “ დღესასწაულის ანუ საუფლო ციკლის სცენები. წინამდებარე ნაშრომში სწორედ ქრისტეს ბავშობის ერთი კონკრეტული სცენა – უფლის შობა იქნება განხილული.

უფლის შობის უმნიშვნელოვანეს დღესასწაულს ლიტერატურულ საფუძლად სახარება (მათე 2, 1-11, ლუკა 2, 6-16), იაკობის პირველსახარებისა (პროტოევანგელე) და სხვა აპოკრიფების ტექსტები უდევს.
„1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას. 7. მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. 8. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას. 10. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს. 11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“. (მათე, 2) .

შობის იკონოგრაფიული კომპოზიცია, რომელიც ადრექრისტიანული ხანის სარკოფაგებზე, მონცის ამპულებსა თუ რელიქვარიუმებზე გვხვდება, უფლის შობის ისტორიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დროსა და ადგილზე მომხდარ მოვლენებს აერთიანებს. გვხვდება შობის იკონოგრაფიული სქემის მოკლე და გავრცობილი რედაქციები. ყოველივე ამის ფონზე განვიხილავ „ უფლის შობის“ სამ კონკრეტულ ხატს: ატენი, შობა VII საუკუნის ატენის სიონის შობის ფრესკა, XII საუკუნის ყინწვისის შობა და XII საუკუნის სინის მთის შობის ხატი. ეს სამი ფრესკა შემთხვევით არ შემირჩევია, ორივე ატენი და ყინწვისი არის ქართული ტაძრები და მსურს ერთი ადრეული და მეორე უფრო მოგვიანო ხანის ფრესკები შევუდარო ისევ მე – 12 საუკუნის შობის ფრესკას, ოღონდ არაქართულს, რათა დავინახოთ თუ რა განსხვავება და მსგავსებაა მათ შორის კომპოზიცურად.

ატენის სიონი VII საუკუნით თარიღდება, ტაძარი მცხეთის ჯვრის არქიტექტურას იმეორებს, წარმოადგენს ტეტრაკონქს. საკურთხევლის აფსიდის კონქში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით ხელში, ორივე მხარეს მოწიწების პოზაში დგანან მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი. ამ კომპოზიციის ქვემოთ წარმოდგენილია მთელი ტანით თორმეტ მოციქულთა ჯგუფი, ორად გაყოფილი, შუაში მოთავსებული მედალიონით, რომელშიც ჯვარი ჩანს. ბემის თაღის კეხზე მედალიონში გამოსახულია ქრისტე „ ყოვლის მპყრობელის“ სახით. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავში წარმოდგენილია „ ათორმეტ“ დღესასწაულთა ციკლი მკაცრი თანმიმდევრობით : შობა უფლისა, ნათლისღება, მირქმა, ფერისცვალება, ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმს შესვლა, საიდუმლო სერობა, ჯვარცმა, ჯოჯოხეთს წარტყვევნა, თომას დარწმუნება, ქრისტეს ამაღლება და სული წმიდის მოფენა, ხოლო ტაძრის სამხრეთი მკლავი მთლიანად უჭირავს თოთხმეტ კომპოზიციას ღვთისმშობლის აპოკრიფული „ ცხოვრებიდან“.

ატენის სიონში უფლის შობა როგორც ვახსენეთ, გამოსახულია ჩრდილოეთ სამხ. მკლავში. ეს კომპოზიცია საკმაოდ რთული და მრავალფიგურიანია. მთის ფონზე გამოსახულია მჯდომარე ღვთისმშობელი, მობრუნებული მოგვებისკენ, რომელნიც ძღვენს მიართმევენ; მარჯვენა ხელი მას მაყურებლისკენ აქვს მიმართული, მარცხენათი კი ბაგაში მწოლიარე ჩვილს სიყვარულით ეხება. ღვთისმშობელს მუქი მეწამული ფერის მაფორიუმი მოსავს და შარავანდედი ამკობს. ჩვილი ბაგაში წევს და შარავანდედი მოსავს. ჩვილს ხარი დაჰყურებს. ახალშობილს მოგვები ძღვენს მიართმევენ, ისინი წარმოდგენილები არიან მდიდარი აღმოსავლური ტანისამოსით, მათგან ორი ხანში შესული ადამიანია, ერთი უწვერული ახალგაზრდა. მათი სახეები მოცემულია ძველი იკონოგრაფიული ტრადიციის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ პირველწყაროზე, მათესა და ლუკას სახარებიდან, მხოლოდ მათეს სახარებაშია საუბარი მოგვების თაყვანისცემაზე „1. ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს, 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათე 2. 1-2).

რაც შეეხება მოგვების ძღვენს, რომელიც მათ მიართვეს ახალშობილს, ამის დასტურს პირველწყაროში ვპოულოთ, რადგან როგორც წესი იკონოგრაფიული გამოსახვის საფუძველი სწორედაც რომ პირველწყაროებში არის მოსაძიებელი და ვპოულობთ კიდევაც. „11. როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური“.(მათე, 2 11) სამივე საჩუქარს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია და მიანიშნებს იმ საჩუქრებზე, რაც უფალმა თავისი სიკვდილით კაცობრიობას მოუტანა. წმ. მამის გრიგოლ პალამას (XIVს) მიხედვით, მური – უფლის სიკვდილია, გუნდრუკი -კაცთა მოდგმის ღვთაებრივი ცხოვრებით დასაჩუქრება, ხოლო ოქრო – კაცთათვის მარადიული სასუფევლის დამკვიდრება. ატენი, შობა ამ კომპოზიციაში ასევე ვხედავთ იოსებს, მას მარჯვენა ხელი მწუხარების ნიშნად სახეზე მიუდვია და თავი ჩაუქინდრავს. იგი გამოსახულია მოგვებსა და ღვთისმშობელს შორის. იოსების პარალელურად წარმოდგენილია ჩვილის განბანვის სცენა. ფიგურები საკმაოდ დაზიანებულია და ძნელია ითქვას, არის თუ არა სრულად გადმოცემული ეს სცენა. მთელი ამ კომპოზიციის ზევით გამოსახულნი არიან ოთხი ფრთიანი ანგელოზები. ანგელოზები პირველწყაროშიც გვხვდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპოზიცია მიჰყვება თხრობა „13. და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: 14. „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“. შობის ეს კომპოზიაცია მთლიანად მშვიდ, ნათელ, ღია ტონალობაშია გამოსახული.

ყინწვისში „ქრისტეს შობის“ კომპოზიცია გამოსახულია სამხრეთ კედელზე ”ხარების“ ქვემოთ. სახარებისეული კომპოზიცია საკმაოდ რთულია, შეიძლება ითქვას, რომ მთელი კომპოზიცია სამ მთავარ შრედ არის დაყოფილი და რამდენიმე ფიგურისგან შედგება: მწოლიარე ღვთისმშობელი, რომელსაც ღია ცისფერი და მეწამული ფერის მაფორიუმი მოსავს, მას ერთი ხელი ბაგესთან მიუტანია და მეორე ხელით კი განბანვის ეპიზოდზე მიანიშნებს, მის გვერდით ვხედავთ ბაგაში მყოფ შარავანდმოსილ ჩვილს, მას დაჰყურებს ხარი და ვირი. ღვთისმშობლის ქვევით გამოსახულია ორი დედა, რომლებიც ჩვილს განბანენ, ერთ მათგანს ხელით კალთაში მჯდომი ჩვილი უჭირავს, მეორე ხელი ჩაშვებული აქვს ემბაზში, თითქოს წყალს სინჯავს; მეორე დედა კი დოქით წყალს უსხამს. კუთხეში წინა რიგზე გამოსახულია „დადუმებული“ იოსებ „მართალი“ . კომპოზიციის მეორე ნაწილი უჭირავს მწყემსთა და ანგელოზთა დასს, რომელიც უფალს განადიდებს. გამოსახულნი არიან ანგელოზები სამი მარცხნივ და ორი მარჯვნივ.

XII საუკუნით თარიღდება სინის მთის შობის ხატი. ამ ხატზე გადმოცემულია შობის გავრცობილი რედაქცია. სინის მთის ხატზე გამოსახულია უფლის შობის სცენა, ეს გამოსახულება მრავალფიგურიანი კომპოზიციისგან შედგება. კომპოზიციის ძირითადი ფიგურები არიან ღვთისმშობელი და მაცხოვარი. ღვთისმშობელი წამოწოლილ პოზაშია გადმოცემული, მას მუქი მეწამული ფერის მაფორიუმი მოსავს, მის გვერდით ვხედავთ ბაგაში მწოლიარე ჩვილ იესოს, რომელსაც შარავანდედი მოსავს და მას ხარი და ვირი დასცქერის. ყრმა იესოს მზის სხივები ეცემა. ღვთისმშობლისა და იესოს ზემოთ ოთხი ანგელოზია გამოსახული, მათგან ერთი დახრილია და ხელით მოგვებისკენ მიუთითებს. აქვე გადმოცემულია სამი მოგვი, რომელიც თაყვანს სცემენ და მიართმევენ უფალს ოქროს, გუნდრუკსა და მურს, აქაც ატენის ფრესკის მსგასად, ორი ხანში შესული და ერთი ახალგაზრდა მოგვია გამოცემული. ამ გამოსახულებაზე ვხედავთ სხვა სცენებსაც. მთავარი კომპოზიციის დაბლა გამოსახულნი არიან ცხვრები და თხები. აქვე ვხედავთ ჩვილის განბანვის ეპიზოდს, სადაც ორი ქალი მონაწილეობს: შარავანდმოსილი სალომე და მეორე ქალს, რომელიც დოქიდან წყალს ასხამს იესოს, ჩვილი კი ემბაზის ტიპის წყლის ჭურჭელში ზის. ამ ფრესკაზე გამოსახულია ანგელოზი სალამურით ხელში, მწყემსი და ჩამომჯდარი იაკობი, რომელიც ჩაფიქრებულია. მთელი ეს კომპოზიცია მთიან ლანდშაფტის ფონზეა გადმოცემული. აღსანიშნავია, რომ ყველა ძირითადი ფიგურის სახე მუქ ფერებშია წარმოდგენილი. ამ ხატზე ვხედავთ რვაქიმიან ვარსკვლავს, რომელსაც სიმბოლური დატვირთვა აქვს და მის არსებობას პირველწყაროც ადასტურებს. „ 2. და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას“ (მათე 2. 1-2). რვა ქიმიანი ვარსკვლავი ქრისტიანულ ხელოვნებაში სულიერი აღორძინების ციფრია. იესო ქრისტეს მერვე დღეს დაარქვეს სახელი, მერვე დღეს მოხდა მისი წინადაცვეთაც.

აქ წარმოდგენილი სამი შობის ხატი შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები. სამივე ფრესკას შორის არის ქრონოლოგიური განსხვავება, მაგრამ მათ შორის არის კომპოზიციური მსგავსება და განსხვავებაც. ჯერ მსგავსებაზე შევჩერდები, სამივეგან შემდეგი სიუჟეტები არის ასახული, ესენია : 1.თავჩაქინდრული იოსები, 2. სამი მოგვი, 3. განბანვის სცენა, 4. მწემსები, 5. ანგელოზთა დასი, 6. ცხოველები ბაგაში მყოფ ჩვილთან.

ამ სამ კომპოზიციას შორის არის განსხვავებები: 1. ფერთა შეხამება, რადგან ატენის ფრესკაზე ფერები მშვიდი, ღია ტონალობისაა და დაახლოებით ექვსი ფერი განირჩევა, ყინწვისის ფრესკაზე კი ოთხი, მაშინ როცა სინის ხატი ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. 2. ღვთისმშობლის პოზა და მოსასხამის ფერები განსხვავებულია. ატენის ფრესკაზე ღვთისმშობელი თავით ოდნავ მიბრუნებულია და მეწამული და ღია ცისფერის მაფორიუმი მოსავს. ყინწვისის კომპოზიციაზე კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისმშობელი ზედა ტანით მარცხნივ არის მიბრუნებული და მასაც ორი ფერის მეწამული და უფრო კაშკაშა ცისფერი ფერის მაფორიუმი მოსავს. აღსანიშნავია, რომ ყინწვისის ფრესკაზე კარგად განირჩევა სხეულის ნაკვთები და ის, რომ ღვთისმშობელი ზედა ტანით ოდნავ მიბრუნებულია ამ კომპოზიციას დინამიურობას ჰმატებს. სინის ფრესკაზეც, ყინწვისის მსგავსად ღვთისმშობელი მარცხნივ არის მიბრუნებული, მაგრამ აქ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ტანითაა მიბრუნებული. მას მუქი ფერის მაფორიუმი მოსავს, ამ ფიგურაზე სხეულის ნაკვთების გარჩევა თითქმის შეუძლებელია. 3. ბაგაში მყოფი ჩვილი ატენის ფრესკაზეც და ყინწვისშიც მარცხნივ არის გამოსახული და ორივეგან ღვთისმშობელი ჩვილს ხელით ეხება, ატენში მარცხენა ხელით, სინის ხატზე მარჯვენა ხელით ეხება. 4. ამ სამ ფრესკას განასხვავებს კომპოზიციის მთლიანი ფონიც, თუ ატენისა და ყინწვისის ფრესკაზე თითქმის არ არის მთის, ბუნების ლანდშაფტი და უფრო ხელოვნურია, ამ მხრივ სინის ხატი უფრო თავისუფალია, უფრო ბუნებრივი, მხატვარი ცდილობს კომპოზიცია მიაახლოვოს რეალურთან. აქ უფრო მეტი ცხოველები გხვდებიან. 5. რაც შეეხება, ღვთისმშობლის ფიგურის მასშტაბს ატენის ფრესკაზე ის საშუალო სიდიდის ფორმითაა გადმოცემული, ყინწვისში მასზე ცოტათი უფრო დიდი, ხოლო სინის ხატზე ღვთისმშობლის ფიგურა უფრო პატარა ზომისაა და უფრო მეტყველი.

ამრიგად, დავინახეთ თუ რამდენი გარეგნული მსგავსება და განსხვავებაა ამ ფრესკებს შორის, მაგრამ უფლის შობის სიმბოლური საზრისი მაინც უცვლელი რჩება. ღმერთი განკაცდა ადამიანთა ცოდვის გამოხსნისათვის, მან ადამიანური ბუნება მიიღო და გახდა ადამიანთა უახლოესი ნათესავი. როგორც ვნახეთ, საუკუნეების მიუხედავად, შობის კომპოზიციაში ძირითადი სცენები უცვლელია და შესაბამისი საღვთისმეტყველო საზრისის მატარებელია, რათა რაც შეიძლება ნათლად და გასაგებად გადმოსცეს მისი არსი.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საკითხავი მასალა. ავტორი: ნინო ჭიჭინაძე
2. http://library.church.ge/index.php?option=com_content&id=251:2010-12-29-16-09-40&catid=43:2010-03-11-12-03-54&Itemid(საიტზეშესვლისდრო) 22.02.2015.
3. „იკონოგრაფიის საფუძვლები“ ტექსტი შედგენილია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნინო ჩიხლაძის მიერ.
4. შალვა ამირანაშვილი „ ქართული ხელოვნების ისტორია “ გვ. 189-190
5. სიმბოლოები ქრისტიანულ ხეოვნებაში http://tornikeeristavi.blogspot.com/2014/06/2.html საიტზე შესვლის დრო (28.02.2015).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი