მთავარი » სხვადასხვა

“უფლის დახმარებით ბევრი განსაცდელი გადაგვილახავს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.07.2012 2 კომენტარი | 3,194 ნახვა

ალბერტი (ბერდია) და ქალბატონი ზაირა 53 წელია, რაც ერთად ცხოვრობენ, თუმცა ჯვარი ათი წლის წინ, 2002 წელს დაიწერეს.
რაზე უნდა იყოს დამყარებული ქრისტიანული ოჯახი და როგორ დაიწყეს ეკლესიური ცხოვრება? ამ თემაზე “ამბიონს” ალბერტ (ბერდია) და ზაირა ჯანუაშვილები ესაუბრნენ:

ქრისტიანული ოჯახი ბერდია: “მთაწმინდაზე, იტალიურ ეზოში გავიზარდე. მომნათლა მეზობელმა, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობდა. პატარაობიდანვე ტაძარში დავყავდი. ისეთ პერიოდში ვცხოვრობდით, გვეშინოდა გვეთქვა, რომ ეკლესიაში დავდიოდით.

მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვქონდა ხატების კუთხე. ამ ბოლო დროს მარხვაც დავიწყეთ ოთხშაბათსა და პარასკევს. დილა-საღამოს ლოცვებსაც ვკითხულობთ.

ამჟამად დიდ დიღომში ვცხოვრობთ, ჩვენი სახლიდან კარგად ჩანს წმიდა ნიკოლოზის ეკლესია. მე და ჩემი მეუღლე ჩავედით ეკლესიაში, მახსოვს კვირა დღე იყო და ზიარება მიმდინარეობდა. ყველამ მიიღო ზიარება, ჩვენ შუაში ვიდექით ჩვენთვის, მორიდებულად. დაგვინახა მამა მერაბმა და გვითხრა, მასთან მივსულიყავით. ვუთხარით, რომ აღსარება ჩაბარებული არ გვქონდა, მაშინ მამაომ ჩვენი აღსარება მიიღო და გვაზიარა. ეს ჩვენთვის მოულოდნელი იყო. იმ დღიდან მოყოლებული თითქმის არც ერთი წირვა-ლოცვა არ გაგვიცდენია, შეძლებისდაგვარად დავდივართ ეკლესიაში.”

ზაირა: “თუმცა იმ დღეს მე გამოვთქვი სურვილი, რომ წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში ჩავსულიყავით. სულ სხვანაირი გარემოა. ეკლესიამ მიგვიღო. მამა მერაბმაც რაღაც შეიცნო. ასე გვითხრა: მე ვისაც ვეტყვი, წინააღმდეგობა არ უნდა გამიწიოსო.
ზიარებაზე ვოცნებობდი. ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა გავმხდარიყავი ამ ბედნიერების ღირსი. ეს ნამდვილად დაუჯერებელი დღე იყო. თუმცა ბევრ რამეს ისე ვერ ვასრულებთ, როგორც საჭიროა. ოჯახურ პირობებში ცოტა რთულია.”

როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს მოძღვართან?

ბერდია: “იმ დღიდან, რაც გვაზიარა, მაშინვე მივიღეთ, რადგან მისი თვალებიდან ძალიან დიდი სითბო იგრძნობოდა. სულ მინდოდა დაახლოება, რადგან მოძღვარმა და სულიერმა შვილმა უნდა იმეგობრონ. მაგრამ მერიდებოდა. თუმცა ნელ-ნელა დავახლოვდით მამა მერაბთან. სანამ ცოცხალი ვიქნები, ჩემს მოძღვარს არ დავკარგავ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე პატარაა, მაინც მამასავით არის”.
ზაირა: “ძალიან ახლოს ვერ ვარ, ცოტა მერიდება. ლოცვებში აუცილებლად ვიხსენიებთ, არის ასეთი ლოცვა მოძღვრისადმი. იმისაც მეხარბებოდა, რომ ამბობდნენ, მოძღვარი მყავსო. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ნელ-ნელა დავუმეგობრდები ჩემს მოძღვარს”.

რა შეიცვალა მას შემდეგ თქვენს ცხოვრებაში, რაც სულიერი მოძღვარი გაიჩინეთ?

ბერდია: “უფრო მეტი რწმენა მოგვეცა. როდესაც მამა მერაბი ქადაგებს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მე მესაუბრება, მასწავლის და მარიგებს. ძალიან თბილად მივიღეთ იგი და მანაც უფრო მეტად დამაახლოვა ეკლესიას. მამაო ყველას ცნობს და ჩვენც შეგვიცნო, რომ პირველად ვიყავით”.

ზაირა: “როდესაც ეკლესიაში ვერ ჩავდივარ, ვგრძნობ, რომ რაღაცას ვაშავებ”.

განსაცდელების დაძლევაში რამდენად გეხმარებათ რწმენა?

ბერდია: “ღვთის ძალიან დიდი იმედი მაქვს. უფლის დახმარებით ბევრი განსაცდელი გადაგვილახავს. ღმერთი ჩვენთან არის და არ მიგვატოვებს. უფლის იმედი მაქვს ყოველთვის, სულ ვლოცულობ”.

ზაირა: “ჩვენ ცუდი პერიოდი გამოვიარეთ. ეკლესიაში ვიპარებოდით”.

რაზე უნდა იყოს დაფუძნებული ქრისტიანული ოჯახი?

ბერდია: “სიყვარულსა და ნდობაზე. გაცნობიდან 2 წელიწადი გვიყვარდა ერთმანეთი. 53 წელია უკვე ერთად ვართ. 1958 წელს შევხვდი ჩემს მეუღლეს და იქიდან მოვდივართ. თუმცა ჯვარი ათი წლის წინ დავიწერეთ”.

თუ გყავთ ნათლული და როგორი ნათლია ბრძანდებით?

ბერდია: “4 ნათლული მყავს. სამწუხაროდ, დღეს სატელეფონო მოკითხვებით შემოვიფარგლებით.”

წმიდა ადგილების მოსალოცად თუ დადიხართ?

ბერდია: “ამ ეტაპზე ვეღარ დავდივარ. ბაგრატის ტაძარში, ვარძიაში ნამყოფი ვარ, ასევე, ბოდბეში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ისე ეკლესიურად ვერ ვუყურებდი ამას, როგორც საჭირო იყო. ექსკურსიაზე დავდიოდი, ეკლესიაში შევიდოდი და სანთელს ვანთებდი. არც ერთი ლოცვა არ ვიცოდი. ახლა რომ წავიდე, ალბათ, მუხლებზე დავიჩოქებდი უფლის წინაშე. ღმერთის უნდა იწამო, გულში ჩაიდო, რომ უფალი არსებობს. ყველაფერი უფლის შექმნილია.”

თქვენი რჩევა ახალგაზრდებს ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით…

ბერდია: “პირველ რიგში, ახალგაზრდობამ ღმერთის უნდა იწამოს. უნდა უყვარდეთ ერთმანეთი. ათი მცნების დაცვა აუცილებელია. ცალკე სიყვარული, ან მხოლოდ რწმენა არაფერია. სიყვარული რწმენასთან ერთად ქმნის ისეთ ოჯახს, როგორიც ჩვენია”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი