მთავარი » ქრისტიანობა

უფალს მოკრძალებული სულით მოუკლებლივ უნდა მივმართავდეთ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.12.2010 10 კომენტარი | 7,524 ნახვა

“როცა ლოცვის დროს მოვუხმობთ უფალს, მისი სახელი შემუსრავს ყველა ვნებას, ოღონდ ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ ხდება,”- უთქვამს წმ. ბასანოფი დიდსა და იოანე წინასწარმეტყველს. ლოცვის არსი წმ. ეფრემ ასურის თქმით კი “კართა მიღმა რჩება და არ შეიწყნარება ის ლოცვები, უსიყვარულოდ რომ აღევლინება უფლისადმი. რამეთუ მხოლოდ სიყვარული განუღებს კარს ლოცვებს.”

როგორ უნდა ილოცოს მორწმუნე ადამიანმა და როგორ შეებრძოლოს ლოცვისას გონებაგაფანტულობის ცოდვას? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე მღვიმევის მონასტრის მოძღვარი – მამა გიორგი წერეთელი გვესაუბრება.

მამა გიორგი: “სამოთხეში მყოფმა ადამმა და ევამ სწორედ ის ერთი ხის ნაყოფი ჭამეს, რომლის მიღებაც მათთვის ღვთისგან ნებადართული არ გახლდათ. რომ დავუკვირდეთ, მათ ცოდვაში ჩავარდნის მხოლოდ ერთი პროცენტი ჰქონდათ, დანარჩენი გზა კი ცხონებისაკენ იყო მიმართული. დღეს ყველაფერი პირიქითაა. მხოლოდ ერთი პროცენტია ცხონებისთვის დარჩენილი, ადამიანის სული დაცემისაკენ არის მიდრეკილი. ამიტომ უნდა ვილოცოთ მოუკლებლივ, რადგან ბოროტი ადამიანისგან ლოცვითა და მარხვით განვალს.

არსებობს სადიდებელი, სავედრებელი და სამადლობელი ლოცვები, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა აღასრულოს, რათა მისი ლოცვა სწორად შესრულდეს და ეგოისტურ ლოცვას არ დაემსგავსოს. არ შეიძლება დღეში 7-ჯერ მარტო შვილისთვის ლოცულობდე და უფალი არ განადიდო, პირდაპირ სავედრებელ ლოცვაზე გადახვიდე და სამადლობელი ლოცვაც არაფრად ჩააგდო.

ყველა ლოცვას თავისი ავტორი ჰყავს. უნდა დავფიქრდეთ, რომ ბასილი დიდის, მაკარი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა თუ ყველა სხვა წმიდანის ლოცვა მათი სულის ამოძახილია. ეს ლოცვები გარკვეული მდგომარეობიდან გამომდინარე აღმოთქვეს და დაწერეს. ჩვენ მათ სულიერ მდგომარეობას ადვილად ვერ მივაღწევთ. ამიტომ ხშირად ლოცვა გაუგებარი ხდება და გონებაც გვეფანტება. ლოცვას მარხვითაც სჭირდება ღირსეულად განმზადება, რათა შენთვის გასაგები და სასარგებლო გახდეს.

ლოცვის ტექსტი ზოგჯერ ბიბლიური სიუჟეტებიდანაა შექმნილი, როცა პარალელურად ბიბლიას კითხულობ, ლოცვის არსი შენთვის გასაგები ხდება და მხურვალედ ლოცულობ. ლოცვისას შეიძლება გაუცნობიერებლად ხატების წინაშე მუხლმოდრეკილი იდგე, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, ისე დაასრულო ლოცვის წაკითვა, ვერ გააცნობიერო.

როგორ წარმოვიდგინოთ ლოცვისას უფალი?

ეს ძალიან რთული საკითხია, შეიძლება, ვერც გიპასუხოთ. არ არსებობს უფალი ფანატიკურად წარმოვიდგინოთ, დავხუჭოთ თვალები, აღვაპყროთ ხელები და შევიდეთ მის სამყაროში. ასე ხიბლში ჩავარდნის საფრთხის წინაშე დავდგებით. პირველ რიგში, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ყველგანმყოფია, ჩვენი გულისა და გონების მხილველი. საკმარისია დავუფიქრდეთ, რომ მასთან შედარებით ჩვენ ვართ მიწის მტვერისგან შექმნილები, მივხვდებით, რამხელა პატივი გვაქვს: ჩვენი ბაგეები მეტყველებს, ვხედავთ, გვესმის, ვმოძრაობთ. მგონი გვმართებს, ცოტა თავმდაბლურად ვილოცოთ.

როგორ შევებრძოლოთ იმ აზრებს, რომელიც ლოცვის დროს გონებას გვიფანტავს?

მე, პირადად, ჩემს ცხოვრებაში ლოცვა თვალითაც წამიკითხავს, მაგრამ გონება გამფანტვია. მერე ვცადე, მეტყველებით მეკითხა და აუცილებლად აუჩქარებლად, რადგან ადამიანი მართლა უნდა ხვდებოდეს, რომ არა შუშას და საღებავს, არამედ ცოცხალ ღმერთს და მის ხატებას ესაუბრება. წმიდა მამები ამბობენ, როცა ლოცვაზე დადგები, ერთი-ორი წუთი მაინც უნდა გაჩერდე, ხატს შეხედო, დაფიქრდე, ვის უნდა მიმართო, რა შეუძლია მას და ვინ ხარ შენ მასთან შედარებით. უფალს მოკრძალებული სულითა და გულით აუჩქარებლად უნდა მიმართო.

გონებაში შემოდის აზრი ღვთისაგან და აზრი – ბოროტისაგან. გონება ზოგჯერ ცარიელი რჩება. ამ დროს ის ივსება ბოროტისაგან, სიბინძურისგან. აუცილებელია, გონება დატვირთული იყოს ლოცვით, კეთილი საქმეებით. ამ დროს ცოდვის ჩადენისგანაც თავს დაიცავ.

მონასტერში გონებაში ლოცულობენ, თან საქმეს აკეთებენ. მათი გონებაც ცუდის ფიქრისკენ აღარ მიდის. ყველა მოძღვარი უნდა აკონტროლებდეს თავისი მრევლის გონებას, რა მდგომარეობაშია და რა დროს იფანტება. ჩემს მრევლს ხშირად ვეკითხები, სად მიდის მათი ლოცვისას გონება, რაზე ფიქრობენ. ამის მიხედვით ვცდილობთ ვებრძოლოთ გონებრივ აზრებს.

რა შემთხვევაში შეისმენს უფალი ჩვენს ლოცვას და ხშირად, სურვილის შესრულებისთანავე, რატომ ვივიწყებთ ლოცვას?

წმიდა წერილის მიხედვით, ლოცვა მართალთა შეიწირების. მაცხოვარი ამბობს, რაიცა ითხოოთ ლოცვაში, გეყავთ თქვენო. ხოლო თუ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა გექნებათ, შეიძლება მთა გადადგათ მეორე მხარესო. ადამიანმა, პირველ რიგში, მართალი ცხოვრებით უნდა იცხოვროს. უნდა იცოდეს, უფალმა რა მისიისთვის შექმნა და მისი შესრულება მოთმინებით უნდა შეძლოს. როცა ის მართალი ცხოვრებით იცხოვრებს, მისი ლოცვაც შეისმინება. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დამწინდველი იოსები 80 წელს იყო გადაცილებული. უფალმა იოსების ამ პატარა გოგოსთან დაწინდვა იმიტომ დაუშვა, რომ ის მართალი ცხოვრებით ცხოვრობდა. თუ სიცრუით, ბოღმითა და ღვარძლით იცხოვრებ, რამდენიც არ უნდა ილოცო, შენი ლოცვა შეუსმენელი დარჩება. ურჩობით ლოცვა კი ღვთისათვის სათნო არ იქნება და არათუ მადლად ჩაეთვლება ადამიანს, შეიძლება წყევლადაც დაუბრუნდეს. დიდი მნიშვნელობა აქვს მორჩილებას, ადამიანმა წინამძღვრის მორჩილებით უნდა იცხოვროს.

ლოცვის შეწყვეტა და მიტოვება დაუშვებელია. ეს ჩვენი აღფრთოვანებაა, ხიბლი და ჩვენი მერყევი ხასიათიდან მომდინარეობს. ადამიანები სურვილის ასრულებისთანავე იკარგებიან ტაძრიდან და უფალს ისევ განსაცდელის გამო მოჰყავს ისინი ეკლესიაში. ბრძოლა ყველას აქვს. ადამიანი ლოცვაში ხან გახურდება, ხან განელდება. მან გონებით უნდა იმუშაოს, დასძლიოს სიზარმაცე, აიძულოს საკუთარ თავს, მოთოკოს ხორციელი მიდრეკილებები და სულიერი ღირებულებები გაიძლიეროს.

მამაო, რა განსხვავებაა მუხლმოყრილ და ფეხზე დგომით შესრულებულ ლოცვას შორის?

მუხლმოყრით ლოცვის შესრულება თავმდაბლობის გამოხატვაა. სახარება წმიდა წერილია, წმიდა წერილი კი – ღვთის სიტყვა. მისი მოსმენისას მორწმუნეები იჩოქებოდნენ კვირა დღის გარდა (კვირა აღმატებული, აღდგომის ტოლი დღეა).

სავედრებელი ლოცვისას ადამიანი წმიდანის მეოხებით უფალს ევედრება და ბუნებრივია, ამ მუხლმოდრეკაში თავმდაბლობას, უღირსებას წარმოაჩენს, თავს არ უტოლებს და მუხლმოდრეკით ევედრება უფალს თავისი ცოდვების შენდობისა და სურვილის შესრულებისთვის.

დილისა და ძილად მისვლის ლოცვანის გარდა არის სხვადასხვა ყოველდღიური ლოცვები, რომელთა წაკითხვასაც ნაკლები ყურადღება ეთმობა. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ლოცვების წაკითხვა?

ძალიან ცუდია, რომ მორწმუნეები ამ ლოცვებს ყურადღებას არ აქცევენ. წესით, ქრისტიანი დაწოლისას პირჯვარს იწერდა, სარეცელსაც და ჩასაცმელსაც ადგომისას პირჯვარს გადასწერდა. ამას ის რწმენით აკეთებდა, სწამდა, რომ ჯვრის ძალა დაიფარავდა. ლოცვა საზრდელის მიღების წინ და შემდგომ, საქმის დაწყების წინ და დამთავრების შემდგომ აუცილებელია. ხშირად ადამიანები წუწუნებენ, ვშრომობ და ბარაქას ვერ ვნახულობთო. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს სადიდებელი, სავედრებელი და სამადლობელი ლოცვის თქმა ავიწყდება. ამ დროს კი ყველაფერს იმიტომ ვაკეთებთ, რომ უფალი შეგვეწიოს. ამასთან, ხშირად ხდება მეოთხე მცნების შეუსრულებლობა: “მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისა.” როცა ადამიანი უფალს და ღვთიურ საქმეთა აღსრულებას დროს არ უთმობს, ის უბარაქოდ იცხოვრებს ამ ცხოვრებაში.

ლოცვას იმდენად დიდი ძალა აქვს, რომ ჩვენი ლოცვით გარდაცვლილის სულის ჯოჯოხეთიდან ხსნაც შეგვიძლია?

მეორედ მოსვლამდე ჭირისუფლისა და ეკლესიის ლოცვით შესაძლოა ადამიანი ამოყვანილი იქნას ჯოჯოხეთიდან. ყველაფერს ღვთისმოწყალებასა და კაცთმოყვარებას თუ მიანდობ, თორემ რთულია საუბარი, რა ფენის, წოდების და როგორი ადამიანი ცხონდება. ჩვენ ყველანი ვცდილობთ, რომ ვცხონდეთ. შესაბამისად, ყოველი გაცემული მოწყალება და წარმოთქმული ლოცვა გარდაცვლილთათვის არის შემსუბუქება მათი ტკივილისა, თუ, რა თქმა უნდა, ის ადამიანები ჯოჯოხეთში არიან. ჩვენ ვცოდავთ, რომ სიკვდილზე ხშირად არ ვფიქრობთ. ამ დროს კი უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილი ჩვენს გვერდითაა და შეიძლება ნებისმიერ წამს შევუერთდეთ გარდაცვალებას, რაც ღმერთთან წარდგომას ნიშნავს. განა შეიძლება ღმერთზე უკეთესს ვინმეს ესაუბრო?! ამიტომ უნდა მოვასწროთ ლოცვა, უნდა ვილოცვიდეთ მოუკლებლივ. ღმერთმა აცხოვროს მართალი ცხოვრებით თითოეული ადამიანი, რათა მათი ლოცვა შემენილი იქნას.”

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

10 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.