მთავარი » ქრისტიანობა

“უფალი სუფევს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.02.2019 | 199 ნახვა

გვესაუბრება დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

თავად ღმერთის მეუფებისა და სიდიადის ხარისხზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მისი მეუფების არეალისა და პირობების განსაზღვრა – აუცილებელი. ამგვარ მიმართულებათა განსაზღვრით მასთან კავშირის დამყარებას მოვახერხებთ. თუკი არ ვიცით სადამდე და როგორ ვრცელდება მიწიერი მეფის ძალაუფლება, მაშინ ვერასოდეს გავხდებით იმ სამეფოს ღირსეული მოქალაქეები; ვერ დავიცავთ იმ კანონებს, რომლებიც მეფის ერთგულების გამოხატულებად უნდა იქცეს.

ღმერთი რასაც ქმნის, თავისი ბუნების ნაწილიდან როდი ქმნის, არამედ ყველაფერს განსხვავებული ბუნებისას ქმნის. ხოლო რასაც ბუნებისაგან განსხვავებულს ქმნის, იმაზე მისი მეუფებაც ვრცელდება. ჯერ ანგელოზთა სამყარო შექმნა, შემდეგ _ ხილული სამყარო ხუთ დღეში და გარკვეული სილამაზე და წესრიგი მიანიჭა. საბოლოოდ, მეექვსე დღეს შექმნა ადამიანი. ხოლო დღესა მეშვიდესა განისვენა. ეს იმას ნიშნავს, რომ მან ამ სამყაროზე ფიქრი და ზრუნვა კი არ შეწყვიტა, არამედ შემოქმედებითობა.

ამიტომ პირველი, რითაც უფლის მეუფება მოესწავება, სწორედ მისგან ქმნილი ეს ხილული სამყაროა, თავისი საოცარი ჰარმონიითა და წესრიგით. უდიდესი ზეციური მნათობები თუ ბუნებაში არსებული არსებები, საგნები და მოვლენები შემოქმედისადმი უსიტყვო მორჩილებაზე მიანიშნებენ: “უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა; შეიმოსა უფალმა ძალი და გარე შეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რაითა არა შეიძრას” (ფს.92:1).

ამგვარი უსიტყვო მორჩილება ცალმხრივად დამახასიათებლია არასულიერი არსებებისთვის, მაგრამ საინტერესოა, რაში გამოიხატება ღმერთის მეუფება სულიერ არსებებთან – ანგელოზებთან და ადამიანებთან მიმართებაში? ,,უფალი სუფევს”, უფალი მეფობს, სად მეუფებს უფალი, რას გულისხმობს ეს სიტყვები? მის მეუფებას ხილული სახე არ გააჩნია. თითქოს მისი მეუფება დაფარულია. მაგრამ მისი მეუფება ხომ ყველგან ვრცელდება. “ყოველგან არის და ყოველსავე აღავსებს”. არ არის ადგილი, სადაც უფლის მეუფება არ ვრცელდებოდეს. უბრალოდ, დაფარულია ჩვენი თვალისთვის. მისი მეუფება მთელს მისმიერ ქმნილს სამყაროზე ვრცელდება და განსაკუთრებით – ადამიანზე. მაშინ რა ვქნათ, როგორ განვჭვრიტოთ მისი მეუფება? მხოლოდ და მხოლოდ იმ წესრიგით და ჰარმონიით რომელიც სამყაროშია? მართალია, ამით ზებუნებრივი ძალის აღიარებამდე მივდივართ, მაგრამ ეს იმას არ მოასწავებს, რომ ერთადერთი გზაა ღმერთის მეუფედ აღიარებისა. ადამიანი არა მარტო გონებით, არამედ მთელი არსებით უნდა განიცდიდეს სიდიადეს. ხოლო ადამიანის სულის ძალთა ცენტრი გულია. გულს კი გონების ანალიზის ნაყოფზე მეტი საფუძველი სჭირდება, რათა უფალი განადიდოს.

სწორედ გულის მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს მაცხოვარი: “ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ” (მათ.5:8). ამრიგად, ყოველი ადამიანი როდია უფლის ხილვის ღირსი, არამედ – გულით წმიდა.

მაგალითად, მისი ხილვის ღირსი გახდა წმიდა ისაია წინასწარმეტყველი, რომელმაც უფლის სიდიადის ხილვისას შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა: ,,წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქუეყანა დიდებითა შენითა” (ეს.6:3). ეს იმას ნიშნავს, რომ მან იხილა უფლის დიდება და მის მიერ ქმნილი ზეციური იერარქია და მათგან განდიდებული უფალი. ამ უდიდესი მეუფების მხილველი წმიდა ისაია თავისი სიტყვებით გამოთქვამს სადიდებელს.

ასევე, გვერდს ვერ ავუვლით წმიდა პავლე მოციქულს, რომელიც მესამე ცამდე აღტაცების ღირსი შეიქმნა და იქ განცდილი და ნანახი შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: “რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა” (1კორ.2:9).

წმიდა წერილიდან კიდევ ერთი მაგალითი მოვიშველიოთ. მაცხოვრის ფერისცვალების ღირსი სამი მოციქული შეიქმნა. მის მეუფებას ისიც ემატება, რომ წმიდა მოსე სჯულისმდებელი და წმიდა ილია წინასწარმეტყველი გვერდს უმშვენებენ პირ-გაბრწყინებულ და სპეტაკით მოსილ უფალს. პეტრე მოციქული კი შემდეგი სიტყვებით გამოთქვამს უფლის ნათლის მარადიულ ჭვრეტის სურვილს: “უფალო, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი. და თუ გნებავს, ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა” (მათ.17:4).

აღნიშნული მაგალითები იმაზე მიანიშნებს, რომ უფლის დიდების ჭვრეტა რჩეულთა ხვედრია, თუმცა რჩეულთათვისაც არ არის მისაწვდომი სრული სისავსით ღმერთის სრულყოფილება. არც ერთ მათგანს უშუალოდ ღმერთის არსება არ უხილავს, რადგან წმიდა წერილში მაცხოვარი გვასწავლის: “ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდშობილმა ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა” (იოან.1:18). თითოეულმა მათგანმა თავისი სულიერი დამტევნელობისამებრ მიიღო საღვთო ჩვენება. მაგრამ რა სახითაც მათ ზებუნებრივი სიდიადე იხილეს, ესეც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რათა ის განეცადათ, რაც განიცადეს – უდიდესი სულიერი სიხარული, ამაღლებული განწყობილება, მარადიულობის განცდა და ლმობიერება. ისინი უნებურად წარმოთქვამენ უფლის ასამაღლებელ სიტყვას და თავიანთი შესაძლებლობის ფარგლებში განადიდებენ უფალს.

ამრიგად, საღვთო ბუნება ადამიანისთვის თვალით უხილავია, გონებით მიუწვდომელი, ხოლო გულით მიმღები, მაგრამ რას ვიღებთ – უფალს თუ მის მადლს? კიდევ ერთი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ იმას კი არ უნდა ველტვოდეთ, რომ მისი არსება და ბუნება ვიხილოთ, – ეს მიუღწეველია, – უნდა ვეცადოთ მისგან მოსული ენერგია და მადლი მივიღოთ.
ამიტომ მისი მეუფება უპირველესად ამ ენერგიით ვრცელდება. ის კი იქ არის, სადაც სიწმინდეა და სადაც ითხოვენ მას. აი, ამგვარად ხდება შემოქმედთან – სამყაროს გამგებელთან ურთიერთობა. ამიტომ ისიც მორწმუნედ იწოდება, ვინც ცდისეული და დაკვირვებითი ანალიზის შედეგად მიდის ღმერთის მეუფების აღიარებამდე, მაგრამ ეს რწმენის გამოხატულების დაკნინებული ფორმაა. ხოლო ნამდვილი რწმენა უფლის მეუფების საკუთარ თავში შეგრძნებაა, რაც უფლის მადლის მიღებით არის შესაძლებელი. მეფის მეფობის დასტური კია მისი მეფობა, მაგრამ მისი სიყვარულის საბაბი – მასთან ცოცხალი ურთიერთობა.
საინტერესოა, ვრცელდება უფლის მეუფება დედამიწაზე. სად შეიძლება რომ განჭვრიტოს ადამიანმა უფლის მეუფების მაგალითები? პირველი ეს არის წმიდა ეკლესია და მასში აღსრულებული ღვთისმსახურებები და განსაკუთრებით საიდუმლოებები. ყოველი საიდუმლო უფლის უხილავი მოქმედებაა, რაც იმ ადამიანებზე აისახება, ვინც შეგნებულად მონაწილეობს მათში. ამგვარი ადამიანები უნდა გახდნენ ნათელნი ამა სოფლისანი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საღვთო ლიტურგია, რადგან მასში ცათა სასუფეველი რეალური და მოსაწვდომი ხდება. იქ ყოველივე უფლის სისავსითა და მადლითაა განმსჭვალული. ამიტომაც არის ტაძარი აგრერიგად გაწყობილი და გამშვენებული, რომ იქ მყოფი მორწმუნე მთლიანად უფლის მეუფებით აღივსოს.

იგივეა უფალიც – მართალია შვილივით თავისი ბუნებიდან არ აღმოცენდება, მაგრამ თავისი მსგავსი ბუნება ხომ მიანიჭა მას – ვქმნათ ხატებისამებრ და მსგავსებისამებრ, რითაც მისი მეუფება ადამიანშიც განევრცო. მან სული შთაჰბერა მას.

აქედან გამომდინარე, უფლის მეუფება ყველგან და ყველაფერზე ვრცელდება და თითქოს იგი განაგებს კიდეც ყოველივეს. მაგრამ არა. ციური არსებები – ანგელოზები და ადამიანები თავის ხატად შექმნა (დაბ.1:26), რაც იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი ნება მიანიჭა მათ. ამიტომ, სადაც მათი ნება ვრცელდება, იქ შეიძლება უფლის მეუფება ვერ გავრცელდეს. უფალმა თავად დაუდო ზღვარი საკუთარ მეუფებას, შექმნა რა თავისუფალი და გონიერი არსებები.

რამ განაპირობა ამგვარ არსებათა შექმნა, ვისაც არა მარტო მისი მეუფების შეზღუდვა შეუძლია, არამედ მისი ქმნილი სამყაროს გარდასახვა? ალბათ გვმართებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

ღმერთის ამგვარი განგებულება ადამიანებსა და ანგელოზებთან მიმართებით ყველაზე დიდი მონაპოვარია, რაც მათ ყველა ცოცხალ არსებებთან მიმართებაში განასხვავებს. თუ არ იქნებოდა თავისუფალი არჩევანი, მაშინ იძულებით და აუცილებლობით აღსრულებული ქმედება სიკეთედ ვერ აღიქმება. ამიტომ უფალმა თავისი მეუფება შეზღუდა, რათა ამ შეზღუდვის ხარჯზე გონიერ არსებათა მხრიდან თავისუფალი ნებელობით მისადმი ლტოლვა აღმოცენებულიყო. ამგვარი ლტოლვის შედეგად კი, როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი აღნიშნავს: “ქმნილი არსებები მადლით იმათ იქცევიან, რასაც ღმერთი ბუნებით წარმოადგენს”. ხოლო თუკი ღმერთი მათ თავისუფლებას თავისკენ სწრაფვით შეზღუდავდა, მაშინ მის ადამიანზე მეუფებას აუცილებლობის სახე მიეცემოდა. ამიტომ ადამიანი მთლიანად თავისუფალია თავის ყველანაირ არჩევანში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლის მეუფების შეზღუდვა მისგან გონიერ არსებათა მიმართ სიყვარულს ნიშნავს, რადგან ღმერთმა მათთვის თავისთან ერთობა განამზადა.

საბოლოოდ, წმიდა სვიმონ ახალ ღვთისმეტყველი მოვიშველიოთ, რომელიც ამბობს: “ქრისტეს მეუფება მხოლოდ მათთან მიდის, ვისაც გაცნობიერებული აქვს, თუ რაში მდგომარეობს იგი. როდესაც მოვა და მათზე გამეფდება, მაშინ ანგელოზთა დარნი ხდებიან ისინი”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.