მთავარი » ახალი ამბები

უცნობი ეკლესია ფიტარეთთან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2018 | 351 ნახვა

 ავკვეთის წმ. გიორგის ეკლესია  - გორის მუნიციპალიტეტი ფიტარეთის მონასტრის მახლობლად დღემდე უცნობი სამონასტრო კომპლექსი გამოვლინდა. აღმოჩენის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ცნობა კომპანია RMG გან მიიღო, რომლის სპეციალისტებმაც არქიტექტურულ ობიექტს ბნელი ხევის ტერიტორიაზე სამთო მინაკუთვნის ფართობიდან 1200 მეტრის დაშორებით, გეოლოგიური-სამძებრო სამუშაოებისას ტყეში მიაგნეს.

სააგენტოს ხელოვნებათმცოდნეების, ისტორიკოსებისა და არქიტექტორების ჯგუფი ადგილზე ვითარებას იმ მკვიდრ მცხოვრებლებთან ერთად გაეცნენ, რომელთაც ნამონასტრალის შესახებ ინფორმაცია შესაძლებელი იყო ჰქონოდათ.
დღევანდელი მონაცემებით, ნამონასტრალი ფიტარეთის მონასტრის (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, რომელიც ტყით დაფარული ქედის თხემზეა განლაგებული. ამ მონასტრის შესახებ ცნობები არ მოიპოვება არც ისტორიულ წყაროებსა და არც სამეცნიერო ლიტერატურაში. გაირკვა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მისი სახელი უცნობი იყო.
სპეციალისტების შეფასებით, მონასტერი ძლიერაა დანგრეული, გარშემო მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები. სამშენებლო ნაშთები ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.
სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მონასტრის უძველესი ნაგებობა VIII-IX საუკუნეების დარბაზული ეკლესია უნდა ყოფილიყო. 8,40 მ სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის ზომის ეკლესია კლდის ნამტვრევი ქვითაა ნაგები. მის გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა.
ეკლესიის კედლებში ჩაშენებულია VI საუკუნის ქვაჯვარათა ორნამენტირებული ფრაგმენტები, ერთ-ერთ მათგანზე ნიამორის რელიეფური გამოსახულებაცაა; კედლებში ასევე ჩადგმულია ბრტყელი ფილები, რომელიც სავარაუდოდ საფლავის ქვებს უნდა წარმოადგენდნენ. მათზე წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია გამოკვეთილი. ეკლესიის სამხრეთ კედელში გაჭრილ კარს ნათალი ქვის გრძელი არქიტრავი ფარავს. ეკლესია ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული, კედლებს აბოლოებდა ნათალი ქვის კბილანებიანი კარნიზები, რაც შენობის ადრეულობის ერთ-ერთი ნიშანია.

სავარაუდოდ XIII საუკუნეში, ეკლესიას სამხრეთიდან მიშენებული აქვს ნათალი ქვით ნაგები კარიბჭე, რომლის სტრუქტურას ორკალთა გადახურვა აქვს. აღმოსავლეთ ეკლესიის კედლებზე მლოცველთა სხვადასხვა პერიოდის მინაწერებია ამოკაწრული.
ეკლესიის ირგვლივ შეინიშნება გალავნის ნანგრევები და სენაკების კვალი.
ვინაიდან ნამონასტრალი სამეცნიერო კუთხით სრულიად შეუსწავლელია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უპირველეს ამოცანათა რიგში ახლადგამოვლენილი ნაგებობებისა და მიდამოს არქეოლოგიურ და სახელოვნებათმცოდნეო კვლევას უზრუნველყოფს. სამეცნიერო შესწავლის შემდეგ კი უწყება სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციაზე იზრუნებს. მანამდე კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს გამოვლენილი ობიექტისთვის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცედურები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.