მთავარი » ხატები და ფრესკები

უბისის ფრესკები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.08.2011 3 კომენტარი | 16,764 ნახვა

დასავლეთ საქართველოში, სოფელ უბისის მისადგომთან შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები. უბისააქ დგას ძველი დარბაზული ეკლესია, კოშკი-გოდოლი და თაღოვანი კარიბჭე, იქვეა უფრო გვიანდელი სამრეკლო. აღმოსავლეთის ფასადის პირდაპირ აღმართული კოშკი-გოდოლის სამხრეთ კედლის წარწერა გვამცნობს, რომ მონასტერი და კოშკი 1141 წელს აუშენებიათ.
ტაძრის უძველესი და ძირითადი ნაწილი ერთნავიანი, ერთაფსიდიანი დარბაზული ტიპის ეკლესიაა. თავდაპირველად ეკლესიას ორი მინაშენი ჰქონდა: სამხრეთისა და დასავლეთის გადაუხურავი კაბიბჭეები. ეკლესიაში შემორჩენილი საკურთხევლის დაბალი კანკელი, არქაული ფორმების მიუხედავად, ეკლესიის თანადროული უნდა იყოს. კოშკი მესვეტის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი.

უბისის ეკლესიაში თაღისა და კედლების უმეტესი ფართობი ფერწერას უკავია, რაც ქართული კედლის მხატვრობის ტრადიციებიდან გაომდინარეობს. მთლიანობაში ფერწერა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ, ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვან დაზიანებას, კარგადაა შემონახული.

უბისის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, რომლის შემოქმედებასაც XIV საუკუნის პირველი ნახევრის მონუმენტური ფერწერის განვითარების ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ეკლესიის კედლის მხატვრობა თავისი გენეტიკური შემადგენლობით ერთდროულია, მხატვრულად – ერთიანი. სამხრეთ მინაშენში ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია გვიანი მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს ასახავენ. ეს მოხატულობა XVI საუკუნეზე ადრინდელი არ უნდა იყოს.

მაცხოვარი, უბისაუბისის ძირითადი მოხატულობა საკმაოდ თავისებური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეეწყო დარბაზული ტიპის ეკლესიას გუმბათური მოხატულობის სქემა. კათოლიკონი გადახურულია ცილინდრული თაღით, რომელიც ორ საბჯენ კამარას ეყრდნობა და ამით გამოიყოფა სამი არე. კამარებს შორის მოქცეულ თაღის ზედა ნაწილში მოხატულია გუმბათისათვის განკუთვნილი კომპოზიცია – მახარებელთა ოთხ სიმბოლოს შორის კი – მაცხოვრის მკერდზევითა გამოსახულება. საყრდენ თაღებზე გამოსახულია წინასწარმეტყველთა და ქრისტეს წინაპართა მედალიონები, რომლებიც გუმბათოვანი ტაძრის მოხატულობის სქემაში გუმბათის ყელსა და საყრდენ კამარებზეც გვხვდებიან. თაღის ზედა ნაწილის აღმოსავლეთ არეში გამოსახულია ქრისტე “ძველი დღითაი”, დასავლეთის არეში კი – “ნათლისღების” კომპოზიცია, რომელიც ნაწილობრივ სამხრეთკალთაზეც გადადის. კათოლიკონის ზედა ნაწილის მოხატულობა ორ რეგისტრად წარმოაჩენს რელიგიურ სიუჟეტებს “ღვთისმშობლის ხარებიდან” – “მიძინების ჩათვლით”.

მოხატულობის მთელი მეორე რეგისტრი დაკავებული აქვს წმ. გიორგის ცხოვრების ციკლს, ვის სახელსაც ატარებს უბისის ეკლესია. საკურთხევლის აბსიდის მოხატულობა თავისი შინაარსით, სტილითა და ხელის მანერით, ერთიან ქმნილებას წარმოადგენს და როგორც ამას “საიდუმლო სერობის” კომპოზიციის წარწერა გვაუწყებს, ფერმწერ დამიანეს ეკუთვნის.

საკურთხევლის აფსიდის კონქი შეფენილია “ვედრების” რთული კომპოზიციით. საიდუმლო სერობაცენტრში მშვიდ პოზაში გამოხატულია “საყდარსა ზედა მჯდომი” ქრისტე, მკერდთან მიტანილი მაკურთხეველი მარჯვენით, მარცხნივ დგას ღვთისშობელი, ანგელოსთა დასითურთ, მარჯვნივ კი წინამორბედი ანგელოზებითურთ. ვედრების კომპოზიციის თავზე გამოსახულია “საიდუმლო სერობა”, მარჯვნივ და მარცხნივ კი -“მოციქულთა ზიარება სისხლითა და ხორცით უფლისა.”

მეორე რეგისტრში, ორივე მხარეს მთელი სიმაღლით გამოხატულია ოთხ-ოთხი მღვდელმთავრის გამოსახულება ხელში გაშლილი გრაგნილებით, თითო დიაკვნის თანხლებით.

კონქის მთელი კომპოზიცია მთლიანად თბილ, მსუყე ტონებშია გადაწყვეტილი. ფიგურები მოხდენილი და ჰარმონიულია, პროპორციები კი – დაგრძელებული და დახვეწილი.

დამიანეს მხატვრულ ოსტატობაზე მსჯელობისთვის დოკუმენტური მნიშვნელობა აქვს “საიდუმლო სერობის” კომპოზიციას. ოვალური მაგდის ცენტრში ზის ქრისტე. მაგიდა, სერობათავი ოდნავ დაუხრია იოანე მოციქულისკენ, რომლის მხარზეც ხელი უდევს მოციქულთა ჯდომის პოზაში, ხელებისა და თავების მოძრაობაში შეინიშნება მხატვრის თავისებური მისწრაფება, ფსიქოლოგიურად გაიაზროს სიუჟეტი. კომპოზიციის მარჯვენა მხარეს გამოსახულ იუდას ენერგიულად გაუწვდია ხელი მაგიდის შუაგულისკენ.
“სერობის” კომპოზიციას არქიტექტურული პეიზაჟი ამშვენებს. პერსპექტივაში გამოსახული გრძელი კედელი კოშკისმაგვარი კარიბჭეებითა და აქეთ-იქით ჩამოშვებული ფარდის კიდეებით მთელ კომპოზიციას სიღრმეს ანიჭებს.

ძეგლის კედლის ფერწერაში ხატვის ორი მანერა შეიმჩნევა, რაც ორი ოსტატის ხელს მოწმობს. მეორე მანერით შესრულებული ნახატი – დამიანეს მოწაფის ნახელავად უნდა მივიჩნიოთ.

უბისის მოხატულობის მხატვრულ-ისტორიული ანალიზი და მისი შესრულების ტექნიკა მიგვანიშნებს, რომ ეს ძეგლი XIII-XIV საუკუნეების ადგილობრივი მხატვრული ტრადიციების ისტორიული განვითარების გარკვეულ ეტაპს წარმოადგენს.

დამიანეს ფერწერა გაბედული მანერით, ლაღი, ოსტატური, მეტყველი, მსუყე მონასმით გამოირჩევა, რაც მის ნახატებს “იმპრესიონისტულ” იერს ანიჭებს. მისი შემოქმედება ქართული მონუმენტური ფერწერის ტრადიციებზეა შექმნილი და ქართულ ნიადაგში აქვს გადგმული ფესვი და არა კონსტანტინოპოლურ ხელოვნებაში. მისი ხელწერა ელინისტურ ხელოვნებსაც ეხმაურება.

დამიაანეს მიერ შესრულებული უბისის მოხატულობა დღესაც დიდ ინტერესს იწვევს მნახველთა შორის და მას თვალსაჩინო ადგილი უჭირავს შუა საუკუნეების ქარული კულტურის განვითარების ისტორიაში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი