მთავარი » სხვადასხვა

უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები თბილისში

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.09.2012 | 4,350 ნახვა

თბილისის მერიის ინიციატივით, პუშკინის ქუჩაზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა ნაგებობებისთვის ძველებური იერსახე მიეცა. არქეოლოგიური გათხრები მუშაობის პროცესში ძველი ქალაქის არსებობის კვალი აღმოჩნდა. სამომავლოდ პუშკინის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია მიიღებს მუზეუმის იერსახეს ღია ცის ქვეშ, სადაც იქნება გამოფენები, ექსპოზიციები თბილისის წარსულისა.

უახლესი აღმოჩენების შესახებ “ამბიონს” არქეოლოგი, ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი მერაბ ძნელაძე ესაუბრა:
“მოგეხსენებათ, გვყავდა ასეთი ცნობილი არქიტექტორი ყავლაშვილი, რომლის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით აშენდა ბარათაშვილის ქუჩაზე დღეს არსებული გალავანი, კოშკები.

წელს პუშკინის ქუჩაზე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ქალაქის მერიამ გადაწყვიტა, შენობებისთვის მიეცა ძველებური იერსახე. ეს ნაგებობები საკმაოდ ძველია, საუკუნეებზე უფრო ძველი და მას სჭირდებოდა სერიოზული გამაგრებითი სამუშაოები. სამუშაო პროცესში აუცილებელი გახდა ფუნდამენტების გამაგრება, რამაც ძველ ფენებთან შეხება გამოიწვია. ვიცით, რომ თბილისი საკმაოდ ძველი ქალაქია და როგორც დედაქალაქი 1 500 წლისაა, ხოლო როგორც დასახლება -დაახლოებით 6000 წლის წინანდელი. დედაქალაქი მეფე ვახტანგ გორგასლისა და მისი ძის -დაჩის დროს გახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ თბილისი ძველია, განსაკუთრებით ძველ უბნებში, სადაც არ უნდა ჩაატარონ მიწის სამუშაოები, როგორც ამბობენ, ბარი რა ადგილზეც არ უნდა დაარტყა, ყველგან გამოჩნდება წარსული ცხოვრების კვალი. გათხრები თბილისში ამ შემთხვევაშიც სწორედ ძველი ცხოვრების კვალი აღმოჩნდა და დაფიქსირდა ძველი თბილისის ციხე-სიმაგრის გალავანი და კოშკები. როგორც ჩანს, თავის დროზე დაშენება მოხდა ძველ ნაგებობებზე, რაც სარესტავრაციო სამუშაოებმა აჩვენა. კედლის შიდა ნაწილი მიიჩნევა ქალაქად. შუა საუკუნეებში ქალაქის გალავნით შემოზღუდვა ტრადიცია იყო. თუ სამეფო რეზიდენცია მოითხოვდა შემოღობვასა და აკროპოლისის შექმნას, მეფე ან ხელისუფალი დაცული იქნებოდა. შუა საუკუნეების დასაწყისში ქალაქი ხდება დაცული, ავლებენ გალავანს. სწორედ ამ გალავანთან გვაქვს საქმე.

აღმოჩენილი გალავნის მონაკვეთი დაახლოებით 110 მეტრი სიგრძისაა. აქვეა საკმაოდ ძლიერი ხუთი კოშკი, მათგან სამი მასიური, დიდი ზომისაა, დაახლოებით 13-14 მეტრი. კედლები – 3-4 მეტრი სიგანის. რაც შეეხება გალავნის კოშკის არსებობის თარიღს, შესაძლოა ეს საკამათო არ იყოს, მაგრამ აშკარად ჩანს ცხოვრების რამდენიმე ფენა და გასაკვირიც არაა, რადგან თბილისი უამრავჯერ დაინგრა და აღდგა, გამჭრიახი თვალით კარგად შეიმჩნევა გალავნის კოშკების განსხვავებული წყობები. გალავნის აღმოჩენილი მონაკვეთი კარგად ფიქსირდება ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს გამოქვეყნებულ რუკაზე. რუკა დაყრდნობილია წინა პერიოდის, როსტომის დროინდელ გალავანზე. ცნობილია, რომ როსტომ მეფემ გაამაგრა თბილისი და ახალი გალავანი შემოავლო.

აღა-მაჰმად-ხანმა გადაწვა ქალაქი, სახლები მიანგრ-მოანგრია, მაგრამ თბილისის გალავანი არ დაუნგრევია. როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, გააუქმა სამეფო, ავტოკეფალია, რომელიც საქართველოს პირველი საუკუნეებიდან გააჩნდა. მერაბ ძნელაძე ამ პერიოდიდან რუსეთი მიიჩნევდა, რომ საქართველი მხოლოდ გუბერნია იყო. თბილისისის ციხე-სიმაგრეს, რომლის ყურებაც კი გარკვეული სულიერი სიძლიერით აღავსებს ადამიანს, გალავანი შემოაცალეს, დაშალეს და დაიყვანეს იმ დონეზე, რა დონეზეც ახლაა. ამას, რა თქმა უნდა, ერთი წელი არ მოსდომებია, საკმაოდ სერიოზული დრო სჭირდებოდა. თბილისი გადაასწორეს, თვით თბილისის ციხე, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. მისი ნაწილის აღდგენა საბჭოთა კავშირის პერიოდში მოხდა. ნელ-ნელა დაიპყრეს იმერეთი, სამეგრელო, გურია, თუკი რაიმე მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო, ყველაფერი შემუსრეს.

უახლესი აღმოჩენა ძალიან საინტერესოა, პირდაპირ გაოცებას იწვევს, იმდენად კარგი და მომხიბლავი სანახაობაა. მოსახლეობა სიხარულით შეხვდა ასეთი ძეგლის მიწიდან გათავისუფლებას.

ბარათაშვილის ქუჩაზე რაც ყავლაშვილის დროს აშენდა, შეუერთდება აღმოჩენილ ციხე-სიმაგრის ნაშთებს. ეს ვიზუალურადაც და ისტორიულად დიდი საქმე იქნება. სერიოზული მიდგომაა ამ საკითხთან. სამომავლოდ პუშკინის სკვერი და მიმდებარე ტერიტორია გახდება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, სადაც მოეწყობა გამოფენები, ექსპოზიციები ჩვენი დედაქალაქის წარსულისა”.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი