მთავარი » ქრისტიანობა

“უაღსარებო, უზიარებელ, ულოცველ ადამიანს წილი არა აქვს ქრისტესთან”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2018 | 2,382 ნახვა

ხშირად ადამიანებისგან გვესმის, რომ აღსარების და ეკლესიაში სიარულის გარეშეც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან და მათ საჭიროებას ვერ ხედავენ. რამდენად სწორია ასეთი მიდგომა? მამა საბა ნატროშვილი გვესაუბრება წმ. ექვთიმე ათონელის სახელობის საეკლესიო სამართლის ინსტიტუტის წევრი, იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი – სქემმღვდელმონაზონი საბა (ნატროშვილი):

– რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა ცალსახად არასწორია. ასეთ ადამიანებს არ აქვთ სწორი ცოდნა ღმერთზე, წმინდა წერილსა და მართლმადიდებლური სარწმუნოების დოქტრინაზე. წარმოუდგენელია პიროვნება ოდნავ მაინც ერკვეოდეს ამ საკითხებში და მან ვერ დაინახოს, არ იგრძნოს ეკლესიის საჭიროება, მისი აუცილებლობა… ტაძარი ხომ ღვთის სახლად იწოდება. სწორედ ეკლესიაში მოქმედებს სულიწმიდა თავისი სისრულით. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში, თანამედროვე ეკლესიის წინასახედ ვხედავთ მოძრავ კარავს საკურთხევლით, სადაც დაბრძანებული იყო კიდობანი. მისი გაკეთება უბრძანა ღმერთმა მოსეს, რათა იქ გამოცხადებოდა ებრაელი ერის წინამძღოლს და მოსეს პირით ემცნო ხალხისთვის საკუთარი ნება. ,,მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.“ (გამოსვლათა; 25.22).

– ახალ აღთქმაში კი, მაცხოვარი ეკლესიას და მასში გაერთიანებულ ქრისტიანებს საკუთარ მისტიკურ სხეულად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ დაამარცხებენ მას. ეკლესია ჰგავს ცოდვიანი წუთისოფლის მღვრიე ოკეანეში მცურავ ხომალდს, რომლის მესაჭეც თავად უფალია. აქ აღესრულება ის საიდუმლოებები, რომელში მონაწილეობის მიღებაც ყველა ქრისტიანის მოვალეობაა. ქრისტიანობა არ გახლავთ მხოლოდ მორალურ-ზნეობრივი სწავლება. მას უდიდესი მისტიკური მხარე აქვს. უფალი ამბობს, ის, ვინც ეზიარება ცხოველსმყოფელ საიდუმლოებებს, დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს, ქრისტიანი იღებს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს. შესაბამისად, ამ საიდუმლოში მონაწილეობით იგი საკუთარ თავს ღვთის ცოცხალ ტაძრად, მის სამკვიდრებელად აქცევს. უაღსარებო, უზიარებელ, ულოცველ ადამიანს კი წილი არა აქვს ქრისტესთან. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეკლესიურ ცხოვრებას შეუძლია მიიყვანოს პიროვნება ჭეშმარიტებამდე.

აღსარების გარეშე ადამიანს შეუძლია შინაგანი სიმშვიდის მოპოვება?

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ აღსარებას ვაბარებთ არა სიმშვიდის მოსაპოვებლად, არამედ ღმერთთან შესარიგებლად. ცოდვის ჩადენით გამოწვეული დარღვეული კავშირის აღსადგენად. ყოველი ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. შესაბამისად, ცოდვა არაბუნებრივი მდგომარეობაა და მის სულზე აისახება, როგორც მტანჯველი უცხო სხეული, რომელსაც სანამ არ მოიცილებს, მანამდე ვერ იპოვის შვებას და მოსვენებას. ჩვენში ჩადებულია შინაგანი ხმა- სინდისი, რომელიც დაუნდობლად გვამხილებს. ვინც არ უნდა მოვატყუოთ, როგორი ნიღაბიც არ უნდა მოვირგოთ და შევძლოთ სხვათა წინაშე საკუთარი თავის მხოლოდ დადებითი კუთხით წარმოჩენა, სინდისს და ღმერთს ვერ მოვატყუებთ. უმჯობესია ადამიანმა სძლიოს საკუთარ პატივმოყვარეობას, ღვთის წინაშე აღიაროს თავისი შეცდომები და შენდობა ითხოვოს. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ხელი მუდამ გამოწვდილია დაცემულის კვლავ ფეხზე წამოსაყენებლად. სასულიერო პირს აქვს მაცხოვრისგან ბოძებული შეკვრისა და გახნის ძალაუფლება. შესაბამისად, აღსარების დროს ნათქვამი ყველა ცოდვა უკვალოდ განქარდება და მოგვეტევება.

რა შემთხვევაში უჩნდება ადამიანს ტაძარში სიარულის მოთხოვნილება ?

ღმერთს ყველა სხვადასხვა გზით მიჰყავს თავისამდე. ზოგი ცოდვილი ცხოვრების შემდეგ ხვდება, რომ აუცილებელია მონანიება, ზოგიც ავადმყოფობის, ან რაიმე განსაცდელის დროს სთხოვს უფალს შემწეობას. ბევრი კი მინიჭებული სიკეთეებისთვის მადლობის გამოსახატად იწყებს ტაძარში სიარულს. ყველა შემთხვევაში შედეგი ერთია – პიროვნება პოულობს ღმერთს და ეძლევა საშუალება პირადი, ცოცხალი ურთიერთობა იქონიოს შემოქმედთან. როგორც ცნობილია, საკვების გარეშე ადამიანი დიდ ხანს ვერ ცოცხლობს. მშიერი გარეული ცხოველებიც ათეულობით კილომეტრს გადიან საჭმლის ძიებაში, მაგრამ ხორციელზე მეტად, პიროვნებას სულიერი საზრდო – მადლი ესაჭიროება, რომლის ამოუწურავი მარაგიც ეკლესიაში გახლავთ დავანებული. მადლის მიღებით სულიერად ვპურდებით, სწორდება ჩვენში არსებული ნაკლულევანებები, უხილავად გარდაიქმნება თითოეულის შინაგანი სამყარო. ეს ტრანსფორმაცია განსაკუთრებით ტაძარში ახლად მოსულ, დამწყებ მრევლს ეტყობა ხოლმე. შეუძლებელია ღმერთი შეეხოს ადამიანის სულს და იგი არ აღივსოს სითბოთი, სიკეთით, სიყვარულითა და მიმტევებლობით. აქედან გამომდინარე, პიროვნება გრძნობს საკუთარ სულიერ ზრდას, განვითარებას და ხვდება, რომ როგორც ნასხლევს არ შეუძლია ვაზისგან დამოუკიდებლად სიცოცხლის შენარჩუნება, ასევე მასაც არ ძალუძს უღმერთოდ ცხოვრება… უჩნდება მოთხოვნილება უფრო მეტად წარემატოს ქრისტესთან ურთიერთობაში, მეტი მადლი მოიხვეჭოს და ამ გზით მივიდეს სასუფევლის კარამდე.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.