მთავარი » ეკლესია-მონასტრები

თხოთის (აღაიანის) წმ. ნინოს ეკლესია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2017 | 693 ნახვა

ეკლესია კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორ კილომეტრზე, თხოთის მთაზე მდებარეობს. თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ილია მეორე

ეკლესია იყო ჯვარგუმბათოვანი, რომელიც IX-X საუკუნეების მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. პირვანდელი ეკლესიის შემორჩენილი გვერდები (2-2,5 მ) ნაგებია კარგად გათლილი მოყვითალო-ოქროსფერი კვადრებით, წყობაში ნახმარია მომწვანო ტუფი, გვხვდება აგურიც. გადაკეთებისას ეკლესიისათვის გარედან ჯვრული გეგმა შეუნარჩუნებიათ, მხოლოდ გუმბათის ნაცვლად გადაუხურავთ ცილინდრული კამარით, რომელიც ხუთ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გეგმაში თითქმის უცვლელადაა დატოვებული აფსიდი და დასავლეთ მკლავი. თავდაპირველი ჯვრის ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავები შიგნიდან ამოშენებულია. გარედან აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული ცენტრალური ნაწილი გადახურულია ორფერდა, ხოლო ჩრდილო და სამხრეთ შვერილები – ცალფერდა სახურავით. ეკლესიაში შესასვლელი ჩრდილოეთ მკლავიდანაა, სამხრეთ მკლავში შესასვლელი გაუქმებულია. ამავე მკლავის დასავლეთ მხარეს მდებარე შესასვლელი გვიანდელია. ერთი სარკმელი ნახევარწრიულ აფსიდშია, მეორე – სამხრეთ კედელში. ჩრდილოეთ მკლავში ვიწრო და თაღოვანი დერეფანია. სამხრეთისაში კი ნიშია ჩამოსაჯდომი შვერილით.

საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მოხატულობის ნაშთი შემორჩენილია საკურთხევლის სარკმლის წირთხლებშიც და სატრიუმფო თაღის სამხრეთ კაპიტელთან. სტილისტური ნიშნებით მხატვრობა თარიღდება X საუკუნის დასასრულითა და XI საუკუნის პირველი მეოთხედით.

ილია მეორე

გარედან ეკლესიის მასები მკაფიოდ გამოხატავენ ჯვარს. აღმოსავლეთ მკლავის ფასადზე სარკმელი თაღოვანი სათაურითაა შემკული, მის ზემოთ თავდაპირველი ეკლესიის ქვებიდან შედგენილია ჯვარი. სამხრეთის ფასადის სარკმელი მორთულია თაღოვანი რელიეფური სათაურით, ხოლო შესასვლელი რელიეფური კომპოზიციის ტიმპანით. ამ შესასვლელს XVI საუკუნეში აგურით ნაგები თაღოვანი მინაშენი – კონტრფორსი მიადგეს. სამხრეთ ფასადზე X-XI საუკუნეების სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა. დასავლეთ ფასადზეც მოგვიანებით მძლავრი კონტრფორსი მიუშენებიათ. აგურის კბილანა ლავგარდანი გვიანდელია.

ფოტო: ლაშა ზუბიაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის"- წმ. ისააკ ასური.