ინფორმაცია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ – ბერი იოანე ჯალაღონია

🚩 ცოტა ხნის წინ სოციალურ და ტელემედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი იოანე (ერისკაცობაში – ლევან ლუკას ძე) ჯალაღონია არასრულწოვანზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სოციალური ქსელით გაგზავნილი ფოტოების საფუძველზე აშანტაჟებდა მას.
🚩 როგორც ირკვევა, ბერი იოანე საზოგადოებაში თვითნებურად თავს მღვდელ-მონაზვნად წარმოაჩენს, ასევე თვითნებურად აღასრულებს მღვდელმოქმედებას, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და შეჰყავს შეცდომაში. ბოლო დროს ბერ იოანეზე რამდენიმე საჩივარი შემოვიდა საქართველოს საპატრიარქოშიც, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
🚩 გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოანე ჯალაღონია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) 2016 წელს აღკვეცა ბერად და იგი ნამდვილად ირიცხებოდა ეპარქიის სამონაზვნო დასში. თუმცა მოგვიანებით საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, მღვდელმთავართან შეუთანხმებლად მონასტრის თვითნებურად დატოვების, დაუმორჩლებლობისა და ეპარქიაში შფოთის შემოტანისთვის არაერთხელ მიეცა მკაცრი გაფრთხილება, ბოლოს კი, საეკლესიო წესდებათა დარღვევისთვის, აეკრძალა წმინდა ზიარების მიღება. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დატოვა ეპარქია, თვითნებურად ატარებდა მღვდელმოქმედებას და აგრძელებდა მორწმუნეების დაბრკოლებას.
❌ ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ბერ იოანე ჯალაღონიას ნებისმიერი მსგავსი (საღვთისმსახურო) ქმედება არის თვითნებური, დამაბრკოლებელი და შეცდომაში შეჰყავს მორწმუნე საზოგადოების ნაწილი
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.