მთავარი » სხვადასხვა

თუშეთი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.08.2012 4 კომენტარი | 11,176 ნახვა

თუშეთი – საქართველოს ულამაზესი მხარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება დაღესტანი, დასავლეთით – ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით – ჩეჩნეთი, სამხრეთით -კახეთი.

“სამწუხაროდ, ხშირად თუშეთს მთათუშეთსაც უწოდებენ, რაც არამართებულია. თუშეთი მთიანი რეგიონია და “ბარის თუშეთი” არ არსებობს. დართლო თუშეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თუშები ზამთარში საცხოვრისად ბარში ჩამოდიან. ისინი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე რამდენიმე სოფელში სახლდებიან. თუშები გვხვდებიან შირაქშიც – დედოფლის წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ალბათ, თუშეთთან მიმართებაში ტერმინის “მთათუშეთის” მოხსენიებაც აქედან მომდინარეობს, მაგრამ ეს ისტორიულად გამართლებული არაა და ვცდილობთ, საზოგადოებაში დავამკვიდროთ აზრი, რომ თუშეთი ერთადერთი და მთლიანი ტერიტორიაა,” – აღნიშნა “ამბიონთან” საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, რომელსაც საქართველოს ამ უნიკალური რეგიონის შესახებ ვესაუბრეთ:

გზა თუშეთისკენ

მანძილი თუშეთის ადმისტრაციული ცენტრ სოფელ ომალოდან ახმეტამდე 100 კმ-ია, ხოლო თბილისამდე გომბორის უღელტეხილის გავლით 200 კმ-მდეა, დრო საშუალოდ 5-6 საათია საჭირო თბილისიდან ომალომდე, მოძრაობა შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით, საავტომობილო გზა გახსნილია ძირითადად მაისის ბოლოდან სექტემბრის თვის ბოლომდე.

საინტერესოა თუშეთისკენ მიმავალი ერთადერთი საავტომობილო გზა, რომელიც იწყება კახეთიდან მდ. სტორის ხეობის გავლით და ადის კავკასიონზე. 2 950 მ-ის სიმაღლეზე მდებარე ეს ტერიტორია აბანოს სახელწოდებითაა ცნობილი და კავკასიონზე ეს ყველაზე მაღალი ადგილია, სადაც საკმაოდ რთული საავტომობილო გზა გადის. ეს გზა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში თავისუფლდება თოვლისაგან და ამ დროს შეიძლება გადაადგილება. გარდა ამისა, თუშეთში მისვლა შესაძლებელია ხევსურეთის, ფშავის, პანკისის ხეობის, კახეთის გავლითაც. ყველა ეს გზა თავისი სილამაზითა და ექსტრემალურობით ამ რეგიონს დამატებით ხიბლს მატებს. გარდა საავტობილო გზებისა, ბევრი ტურისტი თუშეთში ბილიკებითაც ჩადის.

თუშეთის თემები

თუშეთი, რომელიც შედის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში 896 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. მდ.ალაზანი არსებული მონაცემების თანახმად, მე-19 საუკუნეში ის 64 სოფელს აერთიანებდა. თუშეთში ძირითადად 4 თემია, რომელიც თავისებურ ხეობებს მოიცავს. ეს გახლავთ გომეწრის ხეობა, სადაც მდინარე თუშეთის ალაზანი გაედინება; პირიქითა თუშეთის ხეობა, სადაც ასეთივე სახელის მქონე მდინარის ხეობაა წარმოდგენილი. ასევე არის ჭანჭახოვანის ხეობა, სადაც ხისოს ალაზანია და გვხვდება ჩაღმა თუშეთის ხეობა, სადაც დასახლებულია მთავარი პუნქტები: ომალო, დიკლო, შენაქო… ასევე გვხვდება მე-5 თემიც – წოვათის ხეობა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დასახლება ნაკლებადაა და თუშეთში ჩასული ტურისტიც ამ ხეობაში ნაკლებად ახერხებს მისვლას, წოვათას ხეობა თავისი მდებარეობით, კოშკებით, ციხეებით, აკლდამებით ნასახლარებით გამორჩეულია. თემი მოიცავს ნასოფლარებს: ეთელთა, ინდურთა, მოზართა, საგირთა, წარო.

თუშეთის სოფლები

დღეს თუშეთის თითქმის ყველა ისტორიულ სოფელში სასტუმრო ფუნქციონირებს და ამ მხარეში ბევრი ვიზიტორიც ჩადის.
თუშეთში არის რამდენიმე გამორჩეული სოფელი და ადგილი, რომელიც ქართველებსა თუ უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებულად იზიდავს. ამ მხრივ უნდა გამოვყოთ სოფელი ომალო, რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს, გაყოფილია ორ ნაწილად.

სოფელი ომალო

ქვედა ომალო უმთავრესად ზამთრის საცხოვრებელია (თუშეთში მოსახლეობა სეზონურად სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობს). ისინი ე.წ. ბოსლებში ცხოვრობენ და შინაური ცხოველებიც აქვე ჰყავთ. კესელოს ციხე ზედა ომალოში კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები კარგადაა შემორჩენილი. აქ გვხვდება ტიპური თუშური საცხოვრებელი სახლები, მე-19 საუკუნით დათარიღებული ბაზილიკური ეკლესია, რამდენიმე კოშკი… უნიკალური მდებარეობით გამორჩეულია კესელოს ციხე. ამ ადგილიდან თითქმის მთელი თუშეთის უნიკალური ნაწილი იკითხება. სწორედ ამ ადგილზე ეწყობა თუშეთში გამართული ძირითადი ღონისძიებები. სასიხარულოა, რომ დაზიანებული კოშკებიც უმთავრესად აღდგენილია.

როდესაც თუშურ არქიტექტურაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ სოფელი დართლო, კვავლო… პირიქითას ხეობას თითქმის ყველა სოფელში კოშკებია შემორჩენილი და ისინი ძალიან კარგადაა შეხამებული ბუნებასთან, არქიტექტურასთან. უნიკალურია გომეწრის ხეობაში მდებარე სოფელი დოჭუ. აქ სახლები ფიქალითაა დახურული და ესეც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს სოფელს. გამორჩეული სოფელია შენაქო, ის თავის სახელს ამართლებს კიდეც. არქიტექტურით, ორნამენტებიანი სახლებით ყურადღებას იქცევს სოფელი დიკლო. დიკლოსთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე, რომელსაც თუშეთის ისტორიაში თავისი ადგილი უჭირავს.

ეკლესია-მონასტრები თუშეთში

თუშეთი არც დღეს და არც ისტორიულ წარსულში იყო მოკლებული ეკლესია-მონასტრებს. ამ რეგიონში მდებარე ტაძრები გარემოსთანაც კარგადაა შეხამებული. პირველ რიგში, აღსანიშნავია ალავერდის ეპარქიაში მოქმედი ტაძარი – შენაქოს სამების ეკლესია.

შენაქოს სამების ეკლესია

ასევე, სოფელ დართლოს სიახლოვეს მდებარე დართლოს ეკლესია. ეს ტაძარი 1985 წელს, ძლიერი ზვავის შედეგად დაზიანდა და დაინგრა. აქ მხატვრობა ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამჟამად ეკლესიის რესტავრაცია მიმდინარეობს და ალბათ მალე მოქმედიც გახდება. რამდენიმე ეკლესია გვხვდება გომეწრის ხეობაშიც… ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს ლაშარის სალოცავიც… თუშეთის ხეობებში უძველესი დროიდან ყოველწლიურად იმართება ხალხური დღესასწაულები – ლაშარობა და ათენგენობა. ეს დღესასწაულები თავის მხრივ, სხვადასხვა ღონისძიებას აერთიანებს და მას უამრავი ადამიანი სტუმრობს.

თუშეთი დღეს

ბოლო პერიოდში წოვათა ხეობასთან ერთად, პირიქითა თუშეთის, გომეწრის, ჭანჭახოვანისა და ჩაღმა თუშეთის ხეობებში მდგომარეობა შედარებით გამოცოცხლებულია. ამ რეგიონში 2 000 წლიდან გამუდმებით ვცდილობდით შესვლას, მაგრამ რადგან ეს ტერიტორია რუსეთის მიერ რამდენჯერმე გახლდათ დაბომბილი, შესაძლებელი იყო, აქ ბომბის ნარჩენები ყოფილიყო და მიმოსვლაზე რეკომენდაციას არ გვაძლევდნენ. ამასთან, აქ მცირე საომარი მოქმედებები კვლავ მიმდინარეობდა, ჩეჩენი ბოევიკები გადაადგილდებოდნენ… იმ დროს თავის ისტორიულ სოფელში ასვლას ბევრი ვერ ახერხებდა.

თუშეთში თსუ-ს გეოგრაფიული ექსპედიცია 2003 წელს განვახორციელეთ და 1 კვირის განმავლობაში გარდა ერთი ჰოლანდიური ჯგუფისა, რომელიც ომალოში შეგვხვდა, სხვა ტურისტი არ გვინახავს. აღსანიშვანია, რომ ამ წლებში თუშეთში ეუთოს მისიის შველმფრენები დაფრინავდა და საჰაერო გზით მიმოსვლაც შესაძლებელი გახლდათ. ექსპედიციის წევრებს თუშეთის ეროვნული პარკის დაგეგმარებაშიც გვაქვს მონაწილეობა მიღებული.

ადგილობრივი მოსახლეობა თუშეთში

ზამთარში მოსახლეობა თუშეთის მხოლოდ 6 სოფელში რჩება. 30-35 სოფელს მოსახლეობა მხოლოდ ზაფხულში სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ თუშეთში 64 სოფელი იყო, აქ ნასახლარებისა და ნასოფლარების რაოდენობა სხვა რეგიონებთან შედარებით ნაკლებად მასშტაბურია. ამასთან, დაიწყო თუშეთის სოფლების აღორძინებაც, რაც შეიძლება ითქვას, ეროვნული პარკის დამსახურებაა. ბოლო პერიოდში, წოვათაშიც კი, სადაც ყველაზე მეტი ნასახლარია, სახლების რესტავრაცია აქტიურად მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში აქ ალბათ უფრო ნაკლები მიტოვებული სახლი შეგვხვდება.

თუში მამაკაცის ტრადიციული დასაქმების სფერო მომთაბარეობითი მეცხვარეობაა, რამაც მათში გამოკვეთილი თვისებების – სულიერი წონასწორობის, ტოლერანტობის, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულებას შეუწყო ხელი. თუშური ცხვარი რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.

თუში მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გადაეცემოდა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის დამზადების ტექნოლოგიური საიდუმლოებანი. თუშური ცხვრის ყველი “გუდის ყველის” სახელითაა ცნობილი. ყველის საგემოვნო თვისებების საბოლოო სრულყოფა სპეციალურად დამუშავებულ ცხვრის ტყავში, “გუდაში” ხდება.

თითოეული ადამიანი, რომელიც თუშეთთანაა დაკავშირებული, სადაც მათი მამა-პაპური ფუძე მდებარეობს, უნდა ეცადოს, აღადგინოს მიტოვებული ნასახლარი. უცხოელი ტურისტები ყველა სოფელსა თუ ნასოფლარში გადაადგილდებიან… გომეწრის ხეობაში ერთ-ერთი სასტუმრო კოშკშია მოწყობილი და ბევრი ტურისტი უკვე იმ კოშკში ღამისთევაზეა ორიენტირებული… სხვა ტერიტორიაზე მსგავსი სასტუმროების მოწყობაზე ადგილობრივებმაც უნდა იზრუნონ…

რატომ უნდა ვესტუმროთ თუშეთს?

თუშეთი ძალიან საინტერესო რეგიონია თავისი კულტურული მემკვიდრეობით, გამორჩეულია ბუნების ძეგლებითაც, არის მჟავე წყლები, ჩანჩქერები… სოფელი შენაქო აქ შესაძლოა მდ. ალაზნის გამოყენება სპორტული დაშვებისთვის და ამ მხრივ დაინტერესება რამდენიმე ადამიანმა უკვე გამოიჩინა. ამასთან, თავისი სირთულით, ექსტრემით საინტერესოა თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზაც… რეგიონში გზის გაკვლევა შესაძლებელია საინფორმაციო დაფებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ახლადგაკეთებული საინფორმაციო დაფა დაზიანებულია, გატეხილია და აღარ ფუნქციონირებს.

გამორჩეულია თუში ხალხი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით. სასიამოვნოა თუშ მწყემსთან ურთიერთობა, ის თავის მცირე საგზალსაც კი აუცილებლად გიწილადებს და დიდ პატივს გცემს.

თუშეთში მისასვლელი გზის სირთულისა და სეზონურობის მიუხედავად, აქ წასვლის სურვილი არავის უნდა დაეკარგოს.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი