მთავარი » საზოგადოება

,,თურქი მესხები”-სტალინის მიერ თურქებად შერაცხული ქართველები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.09.2010 13 კომენტარი | 9,528 ნახვა

თურქი მესხებიმესხეთში, ახალციხის მახლობლად, სოფელ კლდეში თითქმის ერთი წელია, რაც 78 წლის რეიზ მუთიაძე გადმოსახლდა და თავის პატარა შვილთან, გიორგისთან ერთად ორსართულიან, ნახევრად აშენებულ სახლში დამკვიდრდა. 12 წლის იყო, როცა მისი ოჯახი შუა აზიაში გადაასახლეს: “აქედან რომ გადაგვასახლეს, მოსწავლე ვიყავი, ქართულ სკოლაში ვსწავლობდი…” თითქოს ცხოვრება აქ გაჩერდა და მხოლოდ ახლა, 66 წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ 12 წლის გიორგისთან ერთად გრძელდება.

სუფთა და მოვლილი ეზო, სახლის წინ გაყვანილი არხი, მწკრივად განლაგებული ბოსტანი, თითქმის უკვე დამწიფებული ლობიო, სიმინდი, პომიდორი, წიწაკა და კომბოსტო, ახლად ამოსული მწვანე ბალახით მოფენილი მიწა, – ეს ყოველივე რეიზ მუთიაძისა და მისი შვილის თითქმის ერთწლიანი შრომის ნაყოფია, რაც დანახვისთანავე პატივისცემითა და სიყვარულით განგაწყობს მამა-შვილის მიმართ. მეზობლების თქმით, ასეთ ლამაზ ეზოს იშვიათად თუ შეხვდებით სოფელში.

რეიზ მუთიაძესთან მისვლა რომ დავაპირეთ, შუამდგომლობა მეზობელს ვთხოვეთ. ვფიქრობდით, იქნებ მოულოდნელად, წინასწარი შეთანხმების გარეშე თავს დამდგარი სტუმრებისათვის ინტერვიუზე უარი ეთქვა ოჯახის უფროსს… თუმცა ვცდებოდით. ამას მაშინვე მივხვდით, როგორც კი მამა-შვილის სათნო, მომღიმარი სახეები დავინახეთ და უბრალო მისალმებაშიც კი ჩვენდამი უსაზღვრო მადლიერება ვიგრძენით. სიხარულით მიიღეს ჩვენი თხოვნა და მაშინვე თავიანთ ეზოში შეგვიპატიჟეს. ბატონმა რეიზმა საგულდაგულოდ დაგვათვალიერებინა ყოველი კუთხე-კუნჭული, საკუთარ ბოსტანში მოყვანილი პომიდორი, რეჰანი და წიწაკაც მოგვართვა და თავისი განვლილი ცხოვრების მოყოლაზეც დაუზარლად დაგვთანხმდა.

რეიზ მუთიაძის წინაპრები მესხები იყვნენ. ისინი XVII საუკუნემდე ისევე, როგორც დანარჩენი ქართველები, მართლმადიდებელი ქრისტიანები გახლდნენ: “ადრე ჩემი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, შემდეგ იძულებით გამუსულმანდნენ. მამაჩემის დედას ციცანაი ერქვა, ქართული სახელი. მამა ფერსადან იყო, გვარად კორკოტაძე. მამაჩემის ძმა, მისი შვილები და შვილიშვილები დღემდე ასე არიან… ახლა კი ჩემი გიორგი მართლმადიდებლად მოინათლა”.

გიორგის ნამდვილი სახელი მუსტაფაა. სამშობლოში დაბრუნებულმა ყმაწვილმა ქართული ენა თავისი სურვილით შეისწავლა, საკუთარი ნებითვე მიაკითხა მამა ლუკას და მართლმადიდებლად მონათვლა სთხოვა. დღეს გიორგი თავს ქართველად თვლის, მშვენივრად მეტყველებს მშობლიურ ენაზე და რაც მთავარია, არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელი. რეიზ მუთიაძის თქმით, შვილი ყველაფერში ეხმარება. ყოველ დღე გიორგი მამასთან ერთად ხან თივას აგროვებს, ხან ფოცხავს და ბაღის დამუშავებაშიც შეძლებისდაგვარად მონაწილეობს: “აქ 2009 წლის 28 სექტემბერს ჩამოვედით. ჩემი ნამდვილი სახელია მუსტაფა. 15 მაისს მოვინათლე და მას შემდეგ გიორგი გავხდი.

ქართული სოფელში ვისწავლე, მანამადე თათრულად ვსაუბრობდი. აქამდე ახალციხეში რუსულ სკოლაში დავდიოდი, ახლა კი სწავლა ქართულ სკოლაში უნდა გავაგრძელო.

მინდოდა, ქრისტიანი ვყოფილიყავი, ამიტომ მივედი მამა ლუკასთან, ვთხოვე და მომნათლა კიდეც. აქაური ნათლიები მყავს. მესხეთში ყოფნა ძალიან მომწონს”.

მეზობლების თქმით, სოფელში თურქ-მესხების ორი ოჯახი ჩამოსახლდა. ერთი ოჯახის წევრები თავს თათრებად მიიჩნევენ და თათრულად საუბრობენ, არც ერთ მეზობელთან კარგი ურთიერთობა არ აქვთ და ყველას მიმართ აგრესიულები არიან. რეიზ მუთიაძის ოჯახი კი მთელ სოფელს უყვარს: “კეთილი ხალხია. თავს ქართველებად თვლიან. ოჯახის უფროსი თავად ამბობს, რომ მამა გვარად კორკოტაძე იყო. დედა ქართველი ჰყავდა. ის ახალციხიდან გახლდათ, რაბათიდან, შემდეგ კი შურდოში გათხოვებულა. რეიზი მშრომელი კაცია, თავის მიწას უვლის. აქაურებს პატივს გვცემს. თუ დახმარება დაგვჭირდა, ყოველთვის დაუზარლად გვიდგას გვერდში. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მეზობელი სამწყემსად წასულა, გიორგის თავისი სურვილით ჩაულაგებია საჭმელ-სასმელი და თან გაჰყოლია”.

რეიზ მუთიაძეს კარგად ახსოვს, როგორ გადაასახლეს სამშობლოდან მისი ოჯახი. იმ საზარელი დღეების თვითმხილველნი ახლაც ცხოვრობენ სოფელში, მიუხედავად ასაკისა, დაწვრილებით იგონებენ წარსულს და გულისტკივილით ამბობენ: “ვაჟკაცური შესახედაობის ხალხი იყო. ერთმანეთის გატანა და გვერდში დგომა იცოდნენ. დიდი ოჯახები ჰქონდათ. ერთ ოჯახში 25 სული ცხოვრობდა. ერთად იყვნენ მშობლები, შვილები, რძლები, შვილიშვილები. ჩია ადამიანებს არ ჰგავდნენ. მაღლები გახლდნენ. ქალები ისე იცვამდნენ, რომ სახეს ძლივს დაინახავდით. თავდაუბურავს ვერავის იხილავდით. კაცები კი, როგორც მამაკაცს შეჰფერის, ისე იმოსებოდნენ. მიწური სახლები ჰქონდათ, მიწით გადახურული და წვიმა არ ჩადიოდა, ფანჯრები კი – ბანიდან ამოშენებული”.

სოფიო სამსონიძე, 74 წლის: “თურქი მესხები გვარად ბლიაძეები, გოგოლაძეები… გახლდნენ. მათ ყოველთვის უნდოდათ, რომ ქართველი ქალი მოეყვანათ ცოლად, მაგრამ ქართველები სარწმუნოების გამო ამის წინააღმდეგნი იყვნენ. ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდნენ, ქართულად საუბრობდნენ, ისე – თათრულად. ბებია-ბაბუასაგან არაერთხელ მსმენია თურქების შემოსევის შესახებ, რომელიც ჯავახეთის მხარეს, სოფელ მუსხში მოხდა. ქართველობა გაწყვიტეს. თურმე ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა დედისათვის შვილი კალთაში ჩაუკლავთ. თუ მუსულმანობას არ მიიღებდა ქართველი, მაშინვე სიცოცხლეს ასალმებდნენ”.

მესხები ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია. ისტორიული საქართველოს მოწინავე მხარე, მესხეთი (სამხრეთ-დასავლეთი საქართველო), გვიანდელი სამცხე-საათაბაგო, ხანგრძლივი და გამანადგურებელი ბრძოლების შემდეგ ოსმალო თურქებმა XVI საუკუნის მეორე ნახევარში მიიტაცეს და მას “გურჯისტანის ვილაიეთი“, სხვანაირად “ახალციხის საფაშო” უწოდეს.

მესხები 1578 წლიდან ორნახევარი საუკუნის განმავლობაში თურქეთის უღელქვეშ იმყოფებოდნენ. თურქები მათ “გურჯი ოღლის” (“ქართველის შვილს”) უწოდებდნენ. დაპყრობილ ტერიტორიებზე მიწაზე საკუთრების უფლება ჰქონდა მხოლოდ სამხედრო ვალდებულს, რომელიც აუცილებლად მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო. ამიტომ მოსახლეობა იძულებული ხდებოდა, მაჰმადიანობა მიეღო. ამავე დროს, ვატიკანის მისიონერები თურქეთის ხელისუფალთა ნებართვით მესხეთის მოსახლეობის ნაწილს კათოლიკეებად ნათლავდნენ. მათ “ფერენგს” უწოდებდნენ (“ფრანგი”, რადგან მათ კათოლიკობა ფრანგებისაგან მიიღეს). ისლამიზაციის შედეგად მესხები ქართულ ენას ივიწყებდნენ, რადგან სავალდებულო სალაპარაკო ენად თურქული ითვლებოდა. ქრისტიანული კულტურა თანდათანობით ადგილს უთმობდა მაჰმადიანურს: “ღორის დაკვლის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ. თუ ვინმე ამას გააკეთებდა, მეზობლობიდან კვეთდნენ და მასთან ურთიერთობას წყვეტდნენ. მაგალითად, მამაჩემი ხშირად კლავდა ღორს, თუმცა მხოლოდ შუაღამისას, როცა ყველას ეძინა, რომ გარშემომყოფთ არ გაეგოთ და მეზობლებთან ურთიერთობა არ გაფუჭებოდა”, – ამბობს სოფიო სამსონიძე. მესხებს ყურძნის მოვლაც აეკრძალათ, რადგან ყურანი ღვინის სმას კრძალავდა.

1829 წელს კი რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად მესხეთის ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთის იმპერიას უერთდება. ქართველთა დევნა უკვე რუსებმა დაიწყეს. ქართველ მაჰმადიანებს განსაკუთრებით ავიწროებდნენ, რელიგიურ და ეკონომიკურ წინააღმდეგობებს უქმნიდნენ.

ყველაზე დიდი ზიანი მესხთა ქართულ ცნობიერებას საბჭოთა ხელისუფლებამ მიაყენა. ჯერ იყო და ისინი, ეთნიკური ქართველები 1923 წელს “აზერბაიჯანელებად” ჩაწერეს, მასობრივად გადაუკეთეს ქართული გვარები აზერბაიჯანულად და მესხეთი აზერბაიჯანის კულტურულ ავტონომიად გადააქციეს. შემდეგ კი სტალინის ბრძანებით, 1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში მკაცრად გასაიდუმლოებული ოპერაცია განახორციელა: მესხეთის რამდენიმე ასეული სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ათეულობით ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სატვირთო მატარებელში შეყარეს და შუა აზიის გზას გაუყენეს. ეს სასტიკი განაჩენი გამართლებულ იქნა ბრალდებით, რომლის თანახმადაც თურქი მესხები ანტისაბჭოთა მიზნებით თანამშრომლობდნენ თურქეთთან – სსრკ-ს ერთ-ერთ მოწინააღმდეგესთან II მსოფლიო ომში. პარადოქსია, რომ დეპორტაციამდე 40 000 თურქი მესხი საბჭოთა არმიას შეუერთდა და ისინი მთელი II მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანიისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

გადასახლებულთ ნება ეძლეოდათ პირადი ან სხვა ნივთები წაეღოთ, ოღონდ ოჯახზე არაუმეტეს 1,5 ტონისა. მათი მთელი დარჩენილი ქონება, საყოფაცხოვრებო ინვენტარი და სამეურნეო სავარგულები ადგილობრივი კომისიების მიერ აღიწერებოდა და სახელისუფლებო ორგანოებს გადაეცემოდა: “რომ გადაგვასახლეს, ზამთარი იდგა. დიდი თოვლი იყო. ქალები და ბავშვები ტიროდნენ. თავზე სამხედროები გვადგნენ და გვაჩქარებდნენ, რომ დროზე დაგვეტოვებინა სახლები. 3 საათში უნდა დაგვეცალა ბინები. ხალხმა მხოლოდ პატარა ჩემოდნების აღება მოასწრო, დანარჩენი ყველაფერი იქვე დარჩათ. 13 ოჯახი ერთად შეგვყარეს პატარა ვაგონში და კარი ჩაგვიკეტეს. ჯარისკაცი მცველად დაგვიყენეს. სად უნდა წავსულიყავით?!

ერთი თვე ვიმგზავრეთ. საშინელ მდგომარეობაში ვიყავით. უამრავი ტილი გვეხვეოდა. ზოგმა ვერც გადაიტანა ასეთი პირობები და გზაშივე მოკვდა.

ტაშკენტში წაგვიყვანეს, სადაც 30-35 წელი ვცხოვრობდით. რომ ჩავედით, იქაც მაღალი თოვლი იყო. ფული შეგვატანინეს და სახლები მოგვცეს. სახლიც არ იყო, ბოსელს უფრო ჰგავდა. კარიც კი არ გააჩნდა. მის ნაცვლად ფარდა გვქონდა ჩამოფარებული. ნელ-ნელა მიწის დამუშავება დავიწყეთ, დავბარეთ, დავთესეთ, მოვიყვანეთ მოსავალი და შედარებით პირობებიც გაგვიუმჯობესდა. შემდეგ ყარაჩაი-ჩერქეზეთში ჩავედით. იქ ცარიელი სახლი იყო, ძველი კარვების ადგილი. გერმანელების წასვლის შემდეგ 480 სახლი გათავისუფლდა, სადაც სულ ჩვენი ხალხი ჩასახლდა. ახლაც იქ არიან”, – იხსენებს რეიზ მუთიაძე.

სოფიო სამსონიძე: “არავინ არაფერი იცოდა. უცებ გავრცელდა ხმა, რომ ხელმძღვანელობა კრებას იწვევდა. ქართველი თუ თურქ-მესხი – ყველა განურჩევლად სოფლის ცენტრში შეიყარა. იქ გამოცხადდა მთავრობის დადგენილება, რომ თურქ-მესხი და ქართველი ერთმანეთისაგან უნდა გარჩეულიყო.

კრების დამთავრება და სამხედრო მანქანების გამოჩენა ერთი იყო. ყოველი თურქ-მესხის სახლს თითო მანქანა მიადგა. სამხედროები აჩქარებდნენ. ოჯახის წევრებს დასძახოდნენ, რომ რასაც მოასწრებდნენ, ის წაეღოთ. გზაში ბევრი დახოცილა. ჩვენ გაოგნებულები და დაბნეულები ვიყავით, გვეშინოდა კიდეც და თან გვიკვირდა, ასე უცებ, მოულოდნელად რა დაგვატყდა თავს, ვერ გაგვეგო. გადასახლებულებს სახლში თითქმის უკლებლად დარჩათ პროდუქტი, წვრილფეხი, ცხვარი, ძროხა. ისინი უცხოეთიდან დიდხანს გვიგზავნიდნენ წერილებს. გვწერდნენ, რომ ენატრებოდათ აქაურობა, ჩვენებური მიწა, წყალი, ჰაერი…

შემდგომში თურქ-მესხების დაცარიელებულ სახლებში იმერეთიდან ჩამოსახლებული ხალხი შეასახლეს”.

დეპორტირებული მესხები 12 წლის განმავლობაში კომენდანტის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდნენ. ეს შეზღუდვა მხოლოდ სტალინის გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ, 1956 წელს მოეხსნათ. მათ შეეძლოთ წასულიყვნენ სადაც კი უნდოდათ, მაგრამ არა – საქართველოში. 1957 წელს მესხეთიდან დეპორტირებულებმა სამშობლოში დაბრუნებისათვის დაიწყეს ბრძოლა. ლატიფშა ბარათაშვილის ხელმძღვანელობით ლიდერები მაშინდელი საბჭოეთის დედაქალაქში ჩავიდნენ და სამშობლოში დაბრუნება ითხოვეს. პასუხად კი ასეთი “რჩევა” მიიღეს: “თქვენ აზერბაიჯანელები ხართ, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანში შეგიძლიათ დაბრუნდეთ”.

1980-იანი წლების ბოლოს თურქი მესხები კიდევ ერთხელ გახდნენ მასობრივი დევნის მსხვერპლნი, ამჯერად უზბეკეთში. ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შემდეგ 16 000-ზე მეტი ლტოლვილი რუსეთში გაიგზავნა, 44 000 – 48 000 მესხი აზერბაიჯანში გადასახლდა. მათ ლტოლვილის ოფიციალური სტატუსი მიიღეს.

1989 წლის 23 მაისს ფერგანის დაბლობზე, სადაც კომპაქტურად იყვნენ ჩასახლებული მესხები, მათი სისხლიანი დარბევა მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. მესხების უმრავლესობა რუსეთის სიღრმეში გადაიყვანეს, ნაწილიც აზერბაიჯანში გაიქცა, საქართველოში კვლავ არ უშვებდნენ და მათი აღმსარებლობის გამო ახალი ტერმინი “თურქ-მესხები” მოიგონეს.

ამჟამად ისინი ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირღიზეთში, კრასნოდარში, უკრაინაში, ამერიკასა და რუსეთში არიან გაბნეულნი. ყველაზე მეტი, დაახლოებით 80 000 ადამიანი, აზერბაიჯანში ცხოვრობს. კრასნოდარის მხარეში 1989 წლიდან ფაქტიურად 15 000 თურქ-მესხი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 4 000-ს აქვს მოქალაქეობა. 1997 წლიდან მათ აიძულებდნენ ყოველი 45 დღის განმავლობაში საცხოვრებელ ადგილზე ხელახალი რეგისტრაცია გაევლოთ, რაშიც ერთ სულზე 188 რუბლი უნდა გადაეხადათ. 1999 წლის დადგენილების მიხედვით, მესხების რეგისტრაცია საცხოვრებელ ადგილზე ხდებოდა 8 თვის ვადით. შემდგომი დადგენილების საფუძველზე კი ვადა კიდევ 5 თვით გაუგრძელეს. 2001 წელს რეგისტრაციის ვადა ამოიწურა და დაიწყო მასიური საპასპორტო შემოწმებები. რეგისტრაციის გარეშე მცხოვრებ პირებს პოლიცია აჯარიმებდა. 2002 წლის დადგენილების მიხედვით, ადგილობრივი ჩაწერის უქონლობის შემთხვევაში, ხდებოდა პირების დეპორტაცია. 2004 წლიდან კი დაიწყო კრასნოდარის მხარიდან მაჰმადიანი მესხების აშშ-ში გადასახლების პროცესი. ამ პროგრამის მეშვეობით 5 000 ადამიანი გადასახლდა ფილადელფიაში, ატლანტაში, კენტსა და ამერიკის 60-ზე მეტ ქალაქში. 2007 წლისათვის აშშ-ში გადასახლებულ იქნა დაახლოებით 11 000 თურქ-მესხი.

რეიზ მუთიაძე იმ თურქ-მესხთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება მოახერხეს. დღეს ის თავის ვაჟთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სახლს სახურავი არ აქვს და წვიმის დროს ოთახებში წყალი ჩადის. არ გააჩნიათ პასპორტი, რადგან არ აძლევენ. არც პენსიას იღებენ და არც რაიმე სახის დახმარებას: “რაც მომყავს, იმის იმედზე ვართ, რომ მოსავლის ნაწილი გავყიდოთ და რაც საჭიროა საარსებოდ, ის პროდუქტი ვიყიდოთ. ჩემი შვილები ახლაც ყარაჩაი-ჩერქეზეთში არიან. მინდა, რომ ისინიც ჩამოვიდნენ და საქართველოში ბავშვებთან ერთად ვიცხოვრო, მაგრამ როგორ?! არც ვიზებია, არც რუსეთი უშვებს მათ”, – ამბობს რეიზ მუთიაძე. თუმცა ასეთი დაბრკოლებების მიუხედავად, ის არ ნანობს საქართველოში ჩამოსვლას და თავს ბედნიერ ადამიანად თვლის, რადგან ამდენი ჭირ-ვარამის შემდეგ ნატვრა აუხდა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდა.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

13 კომენტარი »

  • ნინა says:

    ძალიან კარგი და საინტერესო სტატიაა. არ ვიცოდი ამდენი გაჭირვება თუ გადაიტანეს და ასეთ გასაჭირში თუ იყვნენ ეს ადამიანები, არადა მათ ხომ არაფერი დაუშავებიათ??და დღემდე არავინ არ ზრუნავს ამ ხალხზე და მათ უფლებებს არავინ იცავს.
    ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენ მაინც დაინტერესდით ამ ხალხის ამბით.

  • თეონა says:

    ძალიან კარგი და საინტერესო სტატია თათი.საკმაოდ ბევრი ინფორმაცია გაქვს ლაკონურად გადმოცემული.
    ყოველივე ამის შემდეგ როგორ შეიძლება ვინმემ ინატროს კომუნისტური წყობა ან აქოს და ადიდოს სტალინი!!!!
    ამ ხალხმა რა დააშავა:(
    იქნებ როგორმე მივაწვდინოთ თბილისის მერიას მათ შესახებ ინფორმაცია და დაეხმარონ ამ ხალხს.

  • ნინა says:

    თეონა ძალიან კარგი აზრი გაგიჩნდა. იქნებ რამით მართლა დავეხმაროთ ამ დატანჯულ ხალხს.პესნსიაც კი არ აქვთ და არანაირი დახმარება.გული დამეწვა,რით უნდა იარსებონ ?და მაინც ბედნიერები არიან

  • ანზორი says:

    დიდი მადლობა სტატიისთვის… დახმარება კი ნამდვილათ არ აწყენთ, მე თვითონ ვმუშაობ არასამთავრობო (საქველმოქმედო) ორგანიზაციაში “საქართველოს მესხთა ახალგაზრდული კავშირი”, ორი კვირის წინ ახალციხეში, აბასთუმანში და გორში
    მცხოვრებ მესხებს დავეხმარეთ, თითო ოჯახს გადავეცით ერთი ტომარა ფქვილი და ერთი კუბი შეშა, თუმცა ეს ზღვაში წვეთია… თუ ვუნმეს აქვს სურვილი დაეხმაროს ამ ხალხს გამოგვეხმაურეთ (898 613 350) და ერთად დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად… პატივისცემით მესხი ანზორი მატანოვი-მატანიძე.

  • ანზორი says:

    კარგი ინება ხშირად დაიბეჭდოს ასეთი სტატიები, რომ მიხვდეს ხალხი არ არის ეს ხალხი
    “თურქი-მესხი” ისინი არიან მესხები…

  • ნათია says:

    ძალიან დადებითი და მისასალმებელი ფაქტია, რომ ამ უდიდეს ტრაგედია გამოვლილ ხალხს ეხმარებით, ჩვენ რით შეგვიძლია დახმარება? იქნებ ფონდ “იავნანას” მიმართოთ და ერთი აქცია საქრთველოში დაბრუნებული რეპრესირებული მესხებისათვის მიეძღვნათ, და ის თანხა გადანაწილებულიყო.

  • ანზორი AHALძIHELI says:

    KAღთULAD MINDA DABEჩHDVA Aღ GAMODIშ HO Aღ DAMEHMAღEBIთ???

  • ანზორი AHALძIHELI says:

    კარგი ინება ხშირად დაიბეჭდოს ასეთი სტატიები,

  • ქეთინო says:

    რატომარ რჩება კომენტარი?

  • ქეთინო says:

    ძალიან სამწუხაროა მაგრამ ფაქტია ოსმალებმა ყველაფერი გააკეთეს ქართველების გადასაჯიშებლად.ბევრი მეგობარი მყავს მესხი.მათგან ვიცი, რომ რჯულ-და ცნობიერებაშეცვლილი მესხები ძალიან ერჩოდნენ ქრისტიან მესხებს და ძალიან ავიწროვებდნენ!
    და კიდევ-მესხეთზე პრეტენზია დღემდე აქვს აზერბაიჯანს.ბერიას ე.წ. თურქი მესხები რომ არ გაესახლებინა, დღეს, დარწმუნებული ვარ,მესხეთში მეორე აზერბაიჯნული(და არა სომხური) ყარაბახი,გნებავთ სამხრეთ ოსეთი გვექნებოდა.
    შეიძლება უცნაურად გეჩვენოთ, მაგრამ სხვა გამოტვინებული ბოლშევიკებისგან განსხვავებით(მაგ.ორჯონიკიძე) ბერია ძალიან მფარველობდა საინგილოს.მისი გარდაცვალების შემდეგ აზერბაიჯნის ხელისუფლებამ ზაქათლის რაიონში თითქმის ყველა ქართული სკოლა დაკეტა,უკრძალავდა( და დღესაც ავიწროვებს) ქართული სახელების დარქმევას მაჰმადიან ჰერებს-ინგილოებს.იმ სოფლებში, სადაც ქართული სკოლები დახურეს,მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ და აღარც სურთ ამ თემაზე საუბარი, რომ ისინი ეთნიკური ქართველები არიან!

  • ლალი says:

    დიდი მადლობა ამ სტატიისთვის..

  • სოსო says:

    სტალინის ბრალი არ არის მათი გათურქება ან გადასახლება. ლავრენტი ბერიის ბრალია ყველაფერი, მისი ჯიში გაუქმდეს

  • ზურა says:

    ქართველი მარტო მართლმადიდებელია. უნდათ ქართველობა? გადმოვიდნენ მერე მართლმადიდებლობაზე, თუ ეხლაც ვინმე მოსჭრის თავს??? რაც შეეხება სტალინს მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ისიც დაუმატონ რომ გამაჰმადიანებული თურქი-მესხები მართლმადიდებელ ქართველებს არ თვლიდნენ თავისებად და იყო შემთხვევები როცა ნეფე პატარაძალს პირველ ღამეს უვარდებოდნენ. ასე რომ არც ეგეთი ანგელოზები მყვანან.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი